ნანუკა ჟორჟოლიანი - ”გგონიათ სკანდალების დაგეგმვა არ შემიძლია? ”რუსთავი 2”-ზე ამის მეტს რას ვაკეთებდი?’’

ნანუკა ჟორჟოლიანი - ”გგონიათ სკანდალების დაგეგმვა არ შემიძლია? ”რუსთავი 2”-ზე ამის მეტს რას ვაკეთებდი?’’

ტელეგადაცემა "ნანუკას შოუ" ახალი სეზონიდან, რომელიც 7 თებერვალს განახლდება, მაყურებელს უამრავ სიურპრიზს ჰპირდება.

ზამთრის არდადეგები კი ტელეწამყვანმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, დუბაიში გაატარა და თბილისში დასვენებული და მზით გარუჯული დაბრუნდა...

- დუბაიში მშობლებთან და შვილთან ერთად ვიყავი. ჩემი მეუღლე, ირაკლი იმიტომ არ გვახლდა, რომ თავისი შვილი - ნონაშკა ლონდონში, დახურულ სკოლაში შეიყვანა. მე კი ეს ერთი კვირა ბავშვურად გავატარე. დედა და მამა მივლიდნენ, მაჭმევდნენ, მასმევდნენ... მე და ირაკლი ერთი კვირით ვაპირებთ სადმე წასვლას და დასვენებას, იმედია, მოვახერხებთ... ახალი ის არის, რომ გავხსენი ბავშვთა გასართობი ცენტრი "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს ცენტრი" და თავიდან ფეხებამდე ამ ცენტრში ვარ გადაშვებული. თან ვნერვიულობ, რომ "ნანუკას შოუს" არაფერი მოვაკლო და ვარ გაწამაწიაში.

- ათი წლის წინ თუ წარმოიდგენდი, რომ ოდესმე ასეთი წარმატებული იქნებოდი?

- ყველაფერი გავაკეთე საიმისოდ, რომ აქამდე მოვსულიყავი. როცა მახსენდება, დილის 5 საათზე გადაცემა "ალიონში" როგორ გავრბოდი, შემდეგ პირველი ხელფასის სიტკბო, რომელიც 50 ლარს შეადგენდა, მსიამოვნებს, მაგრამ მთავარი იღბალია. ცოტა ხნის წინ ჩემმა წყალტუბოელმა მეგობრებმა მაჩუქეს ვიდეოკასეტა, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ დავდივარ 9-10 წლისა წყალტუბოს ქუჩებში, ვაჩერებ გამვლელ-გამომვლელს და ვეკითხები რაღაცებს. ანუ, ჩემთვის ვაკეთებდი რეპორტაჟს (იცინის). პატარაობიდანვე ვიცოდი, ჟურნალისტი რომ გავხდებოდი, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი, ასეთ პოპულარობას თუ მივაღწევდი. თუმცა მიმაჩნია, რომ მთავარი წარმატება ჯერ კიდევ წინ მელის...

- ერთხელ მითხარი, საჯარო პირი ვალდებულია, თავის პირად ცხოვრებაზე ისაუბროსო...

- არ არსებობს ჩემზე ჭორი, მე რომ არ ვიცოდე და ამაზე თუ თვითონ არ ვილაპარაკე, სხვა უამრავ კუდს გამოაბამს. ჟურნალისტებზე გაბრაზებული არ ვარ, უბრალოდ, მწყინს, რომ ზოგჯერ ისეთ რამეს წერენ ჩემზე, რაც არ მომხდარა. თუმცა მათიც მესმის, რადგან ჩვენში, ზოგიერთ ჟურნალ-გაზეთს პიარტექნოლოგიების წარმოება შემოსავლის წყაროდ აქვს ქცეული. მესმის, რომ ამაში ან დამკვეთი იხდის ფულს, ან ის ადამიანი, ვისზეც წერენ, მაგრამ ეს ჩემთვის მიუღებელია. შეიძლება ითქვას, რომ გულახდილი ჟურნალისტი ვარ, შეკითხვას უპასუხოდ არ ვტოვებ, კომენტარზე უარს არ ვამბობ. როდესაც პოპულარული ხარ, უნდა შეეგუო, რომ ილაპარაკებენ, დაწერენ, რომ კუდი გაქვს საცვალში დამალული და ამ ყველაფერს ხომ უნდა უპასუხო. როდესაც "ნანუკას შოუს" მომზადება დავიწყეთ, დათო გოგიჩაიშვილმა ამერიკიდან ჩამოიყვანა სპეციალისტი, რომელიც უნდა დაგვხმარებოდა.

მას ავუხსენი, რომ მაქვს ესა და ეს უარყოფითი მხარე, რომელიც შესაფუთია-მეთქი, ამერიკელი გაგიჟდა, - პირველად ვხედავ წამყვანს, რომელიც თავის უარყოფით მხარეებზე ლაპარაკობს, პროდიუსერები სწორედ იმისთვის მუშაობენ, რომ ეს უარყოფითი მხარეები მაყურებლისთვის შეუმჩნეველი დარჩესო. ვიცოდი, რომ ჩემზე ათას რამეს იტყოდნენ და ამიტომაც მოვითხოვე ამ ყველაფრის წინასწარ ალაგმვა. საერთოდ, ესა თუ ის შოუ ლეღვის ფოთლის პრინციპით გამოდის საჯაროდ და შემდეგ იმოსება, "ნანუკას შოუ" კი პირიქით - შემოსილი, შეფუთული წარვუდგინეთ საზოგადოებას და ნელ-ნელა გავაშიშვლეთ, თანაც ისე, რომ მუცლის ოპერაცია როცა გავიკეთე, ჩემს მაყურებელს ამის შესახებ თვითონვე ვუთხარი და კიდეც ვანახვე. მესმის, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, ოპრა უინფრისეულია და მე არ მომიგონია, მაგრამ მე ვარ ადამიანი, ვინც ეს ყველაფერი პირველმა გააკეთა საქართველოში.

- ახალი სეზონის პირველ გადაცემას ვის ან რას უძღვნი?

- პირველ გადაცემაში ჩემს პირად ცხოვრებაში ჩაგახედებთ. ესეც ოპრაა, ახალი არაფერი მომიგონია... მაყურებელი ნახავს, როგორ იგეგმება "ნანუკას შოუ", როგორ ვერთობი, როგორ დავდივარ საყიდლებზე, როგორ ვცხოვრობ, როგორია ჩემი სახლი, ქმარი, შვილები... სწორედ ამ ყველაფრით ვიწყებ 7 თებერვალს ჩემს შოუს.  

მეუბნებიან, მკაცრი და საზიზღარი უფროსი ხარო. რა ვქნა, ძალიან მომთხოვნი ვარ, რადგან თვითონ ვარ თავდადებული საქმეზე. როდესაც ჩემს მემონტაჟეს ღამის ორ საათამდე გვერდით ვუზივარ, როდესაც, თუ საჭიროა, თვითონ ვალაგებ ოთახს, სხვისგანაც მოვითხოვ, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთოს. ხშირად მეწუწუნებიან, ყველაფერს შენი შესაძლებლობებით საზღვრავო, მაგრამ ასე არ არის. უბრალოდ, საქმეს თუ აკეთებ, ბოლომდე და ხარისხიანად უნდა გააკეთო. მიმაჩნია, რომ საქმეს უნდა მოერგო და არა - საქმე მოირგო. 

- წლის ყველაზე რეიტინგული გადაცემა, ალბათ, ის იყო, ლალი მოროშკინასა და თაკო ფხაკაძეს შორის ინციდენტი რომ მოხდა...

- არა, ყველაზე რეიტინგული იყო "თი-ბი-სი ბანკმა" საჩუქრები რომ გადასცა გაჭირვებულ ადამიანებს. ის ინციდენტი კი საშინელება იყო და ამაზე ლაპარაკი აღარ მსურს. ყველამ კარგად ვიცით, რაც მოხდა, ყველაზე კარგად კი ლალიმ იცის. ცხოვრებაში ყველას ჩვენ-ჩვენი პიარტექნოლოგიები გვაქვს და ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი შოუ პოზიტიური იყოს და ჩემს რესპონდენტებს არ ვაწყენინო, ცუდი არაფერი მოხდეს, თორემ რა, გგონიათ, სკანდალების დაგეგმვა არ შემიძლია? შოუში დაპირისპირებულ მხარეებს ვერ მოვიყვან და ვიღაცას ვიღაცას ვერ დავახვედრებ? "რუსთავი 2"-ზე ამის მეტს რას ვაკეთებდი? სწორედ "კურიერში" ვისწავლე ხმაურიან თემებზე გადაცემის მომზადება. მაგრამ მერე ამაზე უარი ვთქვი და მოვისურვე, მომემზადებინა ისეთი გადაცემა,  რომლითაც მაყურებელი არ დაიძაბება, საღამოს სავარძელში მოკალათდება, პლედს გადაიფარებს და მშვიდად უყურებს. ამიტომაც არის "ნანუკას შოუ" 4-დან 12 წლამდე ბავშვებში ყველაზე რეიტინგული. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები "ბასტიბუბუს" და "ნანუკას შოუს" ერთნაირად უყურებენ.

- ნანუკა, ბევრი გაამხიარულე, როდესაც არტერია და არტილერია ერთმანეთში აურიე...

- ასე თუ გავახარებ ამ ადამიანებს, კიდევ მოვიფიქრებ მათ გასამხიარულებლად რამეს. არადა, მათგან განსხვავებით ნამდვილი არტილერია ნანახი მაქვს. ასე რომ, არტერიის გარჩევა არტილერიისგან ნამდვილად არ მიჭირს. მაშინ ისეთი რამ გადავიტანე, არტილერია კი არა, კიდევ კარგი, ურო არ მქონდა სათქმელი და მის ნაცვლად უროლოგი არ ვთქვი... ერთ რამეს მივხვდი: როდესაც ადამიანი წარმატებას წარმატებაზე აღწევს, უფრო მეტი უსაფრდება. როდესაც ახლობლები მეუბნებოდნენ, ბოღმიანი ადამიანები არსებობენო, მეცინებოდა, რა შუაშია ბოღმა, ჩვენ მათ სათქმელი მივეცით და ამიტომაც ლაპარაკობენ-მეთქი. დიახ, არტილერია ჩემი შეცდომა იყო, მაგრამ უნებლიე. კიდევ კარგი, ნანუკა ნამდვილი არტილერიის წინ მდგარი ახსოვს ხალხს. ამიტომაც მეცინება ამ ყველაფერზე, თორემ ბევრი ისეთი შეცდომა დამიშვია, რომ... ამ ადამიანებს ურჩევნიათ, სწორედ ამ შეცდომებისთვის გამაკრიტიკონ.

- ნანუკა, საზოგადოება პირში ჩალაგამოვლებული დატოვე, როდესაც გადაცემაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე ბავშვთან ერთად მოიწვიე და ბავშვის მამის ვინაობა არ ჰკითხე...

- შეგნებულად არ ვკითხე, ისევე როგორც ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილს არ ვკითხე დიაგნოზი იმ დაავადებისა, რომელიც მას სჭირდა. ეს იმიტომ, რომ რესპონდენტებს ვუფრთხილდები, არ ვარ სკანდალზე ორიენტირებული. არადა, შემეძლო, ნინო კალანდაძისთვის ფოტოებიც კი დამეხვედრებინა, ჩემმა ჩიტმა ხომ ყველაფერი იცის! მიმაჩნია, რომ სადამდეც მიგიშვებენ, იქამდე უნდა მიხვიდე, იმის იქით თუ  ცხვირს შეყოფ, ამაზრზენია. 

- ახალ სეზონში რა სიურპრიზს ჰპირდები მაყურებელს?

- ერთ-ერთ გადაცემაში სტუდიაში ნამდვილ თვითმფრინავს ნახავთ. რას საჭიროა სტუდიაში თვითმფრინავი? საჭიროა (იცინის)! ასევე შემოგთვაზებთ ია ფარულავას მიერ დუბაიში ჩატარებულ ექსპერიმენტებს. ძალზე საინტერესო ექსპერიმენტზე დაგვთანხმდა ფინანსთა მინისტრიც. ასე რომ, მაყურებელს ბევრი ინტრიგა ელის. გადაცემაში მოვიწვევ ვერა ქობალიასაც... იცით, ყველაზე მეტად რა მიხარია? როდესაც რესპონდენტი მეკითხება, ეს საიდან გაიგე, სად წაიკითხეო. არადა, ჩემი ჩიტი ხომ ოქროსია და ყველგან დაფრინავს...

- მეუღლემ წელსაც მოგიმზადა სიურპრიზი?

- რა ვიცი, ჯერჯერობით ფაეტონით და არღნით არ მომდგომია სამსახურში (იცინის). 7 თებერვლის გადაცემისთვის, რომელიც ჩვენს ოჯახზეა, მე და ირაკლის ცალ-ცალკე ბლიცინტერვიუ ჩამოგვართვეს, მე ირაკლიზე მეკითხებიან, ირაკლის - ჩემზე. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მე და ირაკლი ერთმანეთისგან განვსხვავდებით და ირაკლი მეტად ადამიანურია. როდესაც პირველ საჩუქარზე გვკითხეს, ვთქვი, რომ ეს იყო  ბეჭედი, რომელიც თურქეთში ჩავუტანე. ირაკლიმ კი ამ კითხვაზე ასე უპასუხა: პირველად ნანუკამ კოცნა მაჩუქაო. ირაკლის პასუხის შემდეგ შემრცხვა, რადგან მივხვდი, რომ მისთვის ღირებული სხვა მატერიებია და არა რაღაც ნივთები. საერთოდ, ყველა ურთიერთობა ბერდება და ამას უნდა შეეგუო. როდესაც მივხვდები, რომ ჩვენი ურთიერთობა ბერდება, პირველი მე ვიტყვი ხმამაღლა. მიუხედავად იმისა, რომ 5 წელიწადია ერთად ვცხოვრობთ, ჯერ ახალფეხადგმული ბავშვის სტადიაში ვართ, და ეს ყველაფერი ირაკლს დამსახურებაა. ირაკლი რომ არ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში, სატელევიზიო კარიერა კი მექნებოდა, მაგრამ ვიქნებოდი ცისარტყელას ფერების გარეშე...

- შენს ქალიშვილს, მარიამ გეგუჩაძეს როგორი ურთიერთობა აქვს ირაკლისთან?

- მარიამი და ირაკლი მეგობრობენ, ახლაც ერთად ისვენებენ  გუდაურში. მარიამს თუ რამე სურს, ირაკლის უნდა ათხოვნინოს ჩემთვის, მერე ამის გამო მე და ირაკლი ვჩხუბობთ - "ნუ ერევი, ბავშვი ჩემია", "არა, ჩემია" და ასე შემდეგ. და კიდევ - მე და ირაკლის ძალიან მაგარი საბა გვყავს. 

- შენმა მაზლმა, გიორგი კოდუამ, ბოლო ხანს ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა... ეს ირაკლის ან შენ საქმიანობაში ხელს არ გიშლით?

- ყველას გვყავს დედმამიშვილი და ყველას ჩვენ-ჩვენი პრობლემები გვაქვს. ჩემი ძმის გამო ისეთი რამ გადავიტანე, რომ ამ ყველაფერს შეეძლო ჩემთვისაც შეექმნა პრობლემა, მაგრამ არ ჩავერიე. ირაკლიც არ ჩაერია გიას საქმეში და სწორადაც მოიქცა. გიას თავისი გზა აქვს და წარმატებას ვუსურვებ!

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები