უმა თურმანი - "სხვებზე მაღლა დგომა რთულია"

უმა თურმანი - "სხვებზე მაღლა დგომა რთულია"

41 წლის უმა თურმანს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ფილმები, რომლებშიც ის თამაშობდა, ყველას აქვს ნანახი - "სახიფათო კავშირები", "მაკულატურა", "მოკლა ბილი"... ბევრს მიაღწია ხელოვნებაში, თუმცა განაგრძობს პასუხების ძიებას ცხოვრებისეულ საკითხებზე - სიყვარული, ბედნიერება, საკუთარი თავის პოვნა.

- რთული იყო პროფესიული ზრდის პერიოდი?

- ყოველთვის პოზიტიური და ჯანსაღი ცხოვრებისეული პოზიცია მქონდა. არასდროს ვიყენებდი ჩემს პოპულარობას ანგარებისთვის. როგორც ჩემი ფილმების გმირები, გამუდმებით ვცდილობ ვუპასუხო შეკითხვას - როგორია ნამდვილი სიყვარული და როგორ დამეხმარება ის, რომ საკუთარი თავი ვიპოვო.

- და იპოვეთ პასუხები?

- თვით ცხოვრება მთავაზობს პასუხებს. ცხოვრებისეული ცვლილებები ხდება, ჩვენი შვილები იზრდებიან და ჩვენც მათთან ერთად ვიზრდებით.

- თქვენ რაც გითამაშიათ, იმ სცენებს შორის რომლები მიგაჩნიათ საკვანძოდ თქვენს სამუშაოში?

- რა თქმა უნდა, ჯონ ტრავოლტასთან ერთად ცეკვა "მაკულატურაში". თავს ვესტერნის გმირად ვგრძნობდი ჯონ უეინის პარტნიორად და იმედი მაქვს, კინოს ისტორიაში სწორედ ამ ეპიზოდით დავრჩები. მომავალში საკუთარ თავს ვხედავ არა მხოლოდ მსახიობად, არამედ პროდიუსერადაც.

- კიდევ რას ფიქრობთ მომავალზე?

- ბანალურად ჟღერს, მაგრამ ერთადერთი, უცილობელი ფაქტი ნებისმიერ ცხოვრებაში არის ის, რომ სიკვდილისკენ მივდივართ. როცა 18 წლის ვიყავი, ყველა აღტაცებული იყო ჩემი სილამაზით, რომელიც არც ერთ ჩარჩოში არ ჯდებოდა, დღეს მუშაობას ვაგრძელებ, და ჩემი სახე კვლავ ჩემთან არის, ჩემი სიმაღლეც, ჩემი უშველებელი ზომის ფეხიც და ჩემი მოთხოვნებიც, რომელთა შესრულებაც ყოველთვის იოლი როდია. იცით, სხვებზე მაღლა ყოფნა ყოველთვის არ გეხმარება ცხოვრებაში, ყველა გაგებით.

- არის კიდევ ერთი ძალიან ცნობილი სცენა თქვენი მონაწილეობით: კარატეს ორთაბრძოლა ფილმში "მოკლა ბილი". რამდენად რთულია თქვენთვის ცხოვრებისეული ორთაბრძოლები?

- ეკრანზე წიხლებსა და მუშტებს ვისვრი, მაგრამ ცხოვრებაში მსგავსი არაფერი გამიკეთებია. თუ ვისაუბრებთ ქალის ბრძოლაზე საკუთარი უფლებებისთვის, ის იმ გზით მიმდინარეობს, რომ საზოგადოებაში თანდათან თამაშის ახალ წესებს იღებს.

- ცოტა ხნის წინ გადაგიღეს ახალ სურათში. გი დე მოპასანის ნაწარმოების "ლამაზი მეგობრის" მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმში პარტნიორობას უწევთ რობერტ პატინსონს...

- რობერტს ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. სერიოზული და დისციპლინირებული მსახიობია. და კიდევ, რასაკვირველია, ნამდვილად ლამაზი ბიჭია - თუმცა რეალურ ცხოვრებაში კანი ისე ნამდვილად არ უბრწყინავს, როგორც "ბინდში", თვითონ შევამოწმე (იცინის).

- თვითონ წიგნი რამდენად მოგწონდათ?

- "ლამაზი მეგობარი" შესანიშნავი წიგნია, ამიტომ ფილმიც კარგი გამოვიდა. ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან მომეწონა გადაღებები. ისეთი საინტერესო, სახალისო, ცოტა დრამატული როლიც იყო. თანაც, რომელი ქალი იტყვის უარს, რომ კორსეტი მოირგოს?

- რას ფიქრობთ ასაკის შესახებ კინოს სამყაროში?

- ჰოლივუდში ასე ხდება ხოლმე: 18 წლის რომ ხარ, ამბობენ: "ერთი დღის ვარსკვლავია, 20-მდე ვერ გაქაჩავს". მერე, ვთქვათ, 24 წლის ხარ, საზოგადოებრივი აზრი 30-ისკენ სრულ მივიწყებას გიქადის... თუმცა, 41 წლის ვარ და ჯერ კიდევ არ მანებებენ თავს!

- რა ადგილი გაქვთ მსახიობების წრეში?

- სიმართლე გითხრათ, კამერების წინ და კოლეგებს შორის თავისუფლად მხოლოდ ექვსი წლის წინ ვიგრძენი თავი. იცით, ყველა გოგონა, რომელიც მალე გაიზარდა, ხშირად გრძელი და მოუქნელი ხდება, ხომ არის ეს პერიოდი ცხოვრებაში - როცა კომპლექსებით ხარ სავსე, საძაგელი იხვის ჭუკი გგონია თავი. მე ეს პერიოდი 35 წლამდე გამიგრძელდა.

- მოდაზე რას ფიქრობთ?

- ყველაფერში, რაც ეხება გარდერობს, მაკიაჟს, აქსესუარების შერჩევას, ჩემთვის უფრო დიდი ექსპერტები არ არსებობენ, ვიდრე ბრიტანელი სტილისტები და მოდის მიმდევრები არიან. მოდას ვაქცევ ყურადღებას და ვცდილობ, ასე თუ ისე ავუწყო ფეხი. მომწონს, როცა მიფასებენ ამას და გემოვნებიან ადამიანად მასახელებენ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება