ამ ქალაქში არავის გათხოვების და დაშორების ამბავი არ იმალება. მცირე ხნის წინ გავიგე, ანი სირაძე თხოვდებაო და ძალიანაც გამიკვირდა. ანი ჯერ სკოლის მოსწავლეა და სულ რამდენიმე თვის წინ ინტერვიუებში ამბობდა, დაახლოებით ხუთი წელი მაინც არ გავთხოვდებიო. ჩემი ინფორმაციის წყარო კი დაჟინებით მიმტკიცებდა, რომ ანიმ გათხოვება საბოლოოდ გადაწყვიტა.
ბევრი რომ არ მემარჩიელა, ავდექი და ანის დავუკავშირდი. მომღერალმა ჯერ გაიკვირვა, საიდან გაიგეო, მკითხა და მერე დაადასტურა ეს ამბავი. მომიყვა თავისი სიყვარულის ამბავსაც, მაგრამ ბიჭის ვინაობა არაფრით არ გამიმხილა. თუმცა ბუკლიკო დატრიალდა, რომ გამერკვია, რა ერქვა "ჯეოსტარელის" შეყვარებულს. ყველაფერს ახლავე დაწვრილებით მოგიყვებით.
ანის შეყვარებული ლაშა ასათიანი ლონდონში, კემბრიჯის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობს. მამამისი დიპლომატია. ლაშა ოჯახთან ერთად, ლონდონში ექვსი წლიდან ცხოვრობს. ძალიან უნდა, რომ ქართველი გოგონა მოიყვანოს ცოლად. ანი სირაძე "ჯეოსტარში" მოეწონა. მოგვიანებით ინტერნეტში გაიცნო და მისწერა. ანის არც სჯეროდა, რომ შეიძლებოდა ინტერნეტით ვინმე შეჰყვარებოდა, მაგრამ ასე მოხდა.
ახალ წელს, ლაშა თბილისში ჩამოვიდა და ანის სახლში ბეჭდით მიადგა, მაგრამ მომღერალმა უარი უთხრა საჩუქრის მიღებაზე. ანის უნდა, ჯერ სკოლა დაამთავროს და მერე გაჰყვეს ლაშას ლონდონში. ფიქრობს, რომ მისი კარიერისთვის ძალიან კარგი იქნება ინგლისში წასვლა. ლაშა ძალიან მოსწონს, პირველ რიგში ჩაცმის სტილითა და განათლებით. თავისი ასაკი არ აფიქრებს. დარწმუნებულია, რომ ლაშა მას მთელი ცხოვრება საუკეთესო მეგზურობას გაუწევს.
DJ ბუკლე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)