შორენა ბეგაშვილი - გზა არშემდგარი დედოფლობიდან "იღბლიან ბორბლამდე"

შორენა ბეგაშვილი - გზა არშემდგარი დედოფლობიდან "იღბლიან ბორბლამდე"

შორენა ბეგაშვილი ეკრანზე, პირველად თამუნა ამონაშვილის კლიპში "მერე რა" გამოჩნდა. მომავალი სექსსიმბოლო ამ შემთხვევაში, მოკრძალებულ იმიჯს დასჯერდა და პოლიციელი გოგონა განასახიერა, რომელიც ერთ-ერთ სპეცოპერაციაზე საკუთარ შეყვარებულს დააკავებს. პოპულარობა უკვე ჟურნალ "პლეიბოიში" გადაღებულმა სურათებმა მოუტანა. შიშველი და სექსუალური შორენა მალე მოექცა პრესის ყურადღების ცენტრში და ინტერვიუები გულახდილად ჩამოარიგა.

მისი კარიერა ელვის სისწრაფით განვითარდა და მოულოდნელად შორენამ "საზოგადოებრივ არხზე", ერთ-ერთ სერიალში დაიდო ბინა. მართალია, სერიალი დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, მაგრამ ყურადღება მისმა უცნაურმა სახელმა კუკიმ და ნახევრად შიშველმა გმირმა მიიქცია. სხვათა შორის, დღემდე ვერავინ ხვდება, რატომ დაარქვეს შორენას გმირს კუკი.

სერიალი დაიხურა, მაგრამ უკვე ქმარს გაცილებული შორენა მორიგი სკანდალით გამოჩნდა საზოგადოების წინაშე. ახალჯვარდაწერილი დავით ბაგრატიონისა და შორენას რომანზე მალე მთელი საქართველო ალაპარაკდა. სამწუხაროდ, დედოფალი ვერ გახდა, მაგრამ გადაცემა "სიმართლის დროში" მივიდა და დავით ბაგრატიონი ძალადობაში ამხილა.

ამას მოჰყვა ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "ღამე შორენასთან", სადაც წინასწარ დააანონსეს, რომ ერის სექსუალურ განათლებას ასეთი ტიპის გადაცემა სჭირდება. პირველ ეთერში მხოლოდ მუსიკალური კლიპები შემოგვთავაზეს, შემდეგ გადაცემებში კი ხან შორენას მასაჟს გვაჩვენებდნენ, ხანაც იმას, თუ როგორ მიირთმევდა სექსუალურ საცვლებში გამოწყობილი წამყვანი ნაყინში ამოვლებულ მარწყვს.

მოკლედ, მასობრივი "შორენიზაცია" არ შედგა და სამახსოვროდ მხოლოდ ნიკა გრიგოლიას მიერ შესრულებული შორენას პაროდია და სახალისო ფრაზა დაგვრჩა: "სექსი ლათინური სიტყვაა და ქართულად გათხოვებას ნიშნავს".

მალე შორენა ფილმებშიც მიიწვიეს. ავთო ვარსიმაშვილის ფილმი "და ყველაფერი კარგად იქნება" მაყურებლების უმეტესობამ იმიტომ ნახა, რომ იქ შიშველი შორენა ეგულებოდათ.

სატელევიზიო პაუზის პარალელურად, მისი პირადი ცხოვრების გარშემო ატეხილი აურზაური არ დაწყნარდა და ამჯერად მისი და მოსკოველი ბიზნესმენის მამუკა ფიფიას რომანზე ალაპარაკდა ხალხი. ამ ადამიანმა შორენას პირადი დაცვაც დაუქირავა და გადაწყვიტა, საყვარელი ქალისთვის ვაკეში პენტჰაუსიც შეეძინა. შეარჩიეს კიდეც, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს ამბავი პრესამ შეიტყო და ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა, წყვილმა ბინის შეძენა გადაიფიქრა.

მალე გაირკვა, რომ შორენას შეყვარებული ცოლთან გაყრილი არ იყო და უფრო მეტიც, საყვარელ ქალს მეუღლის კაპიტალით ანებივრებდა.

მერე მაია ასათიანმა დააანონსა, რომ "პროფილში" განსხვავებულ შორენას ვიხილავდით. სექსუალურმა და ამჯერად უკვე ვარსკვლავმა ბავშვობის მძიმე წლები გაიხსენა. როგორ იპარავდა ღამე მანქანის ნაწილებს და რა მძიმე გზა განვლო შთამბეჭდავ კარიერამდე. თუმცა იმავე "პროფილში" მაიამ ბოლომდე ვერ გაარკვია, რა ზომა მკერდი ჰქონდა შორენას. "ორი და რაღაც" - უპასუხა წამყვანს, მაგრამ ეს "რაღაც", მაიასთვის ბოლომდე ამოუხსნელი დარჩა.

ბევრი დაიწერა მსახიობის პლასტიკურ ოპერაციებზეც, რასაც შორენა ყოველთვის უარყოფდა და შურიანი ქართველი ქალების მორიგ ფანტაზიას მიაწერდა.

ახლა შვილთან ერთად ცხოვრობს და "რუსთავი 2"-ზე, დუტასთან ერთად გადაცემა "იღბლიანი ბორბალი" მიჰყავს. პრესას ინტერვიუებით ძველებურად აღარ ანებივრებს. ფიქრობს, რომ პრესით უკვე ყველაფერი თქვა და სათქმელს ახლა, ალბათ გადაცემაში ამბობს. ძირითადად დუტას ხუმრობებზე იღიმება და ყოველ გადაცემაში ახალი სამოსით იწონებს თავს. ჰო, კიდევ, ძლიერი სქესის სტუმრებს აბნევს...

დაბოლოს, გთავაზობთ საინტერესო ამონარიდებს შორენა ბეგაშვილის მიერ სხვადასხვა დროს "რეიტინგისთვის" მიცემული ინტერვიუებიდან:

"ყველაზე ცუდად სკოლის პერიოდი მახსენდება. კარგად ვსწავლობდი, მაგრამ მაშინ, როდესაც საქართველოში შუქი და გათბობა არ იყო. მახსოვს, ჩემი სკოლის ჩამტვრეული შუშები და შეშის ღუმელი. სიცივის გამო სკოლაში მთელი დღე შარფშემოხვეული ვიჯექი და თავი ყველაზე მახინჯი მეგონა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს სილამაზის კონკურსი ჩატარდა და ამ კონკურსანტებს შორის აღმოვჩნდი. პირველ წელს პირველი ადგილი ავიღე, მეორედ კი "მის რუსთავი" გავხდი".

"ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შემეძლოს, არაფერს არ შევცვლიდი. აუცილებლად ისევ მსახიობი ვიქნებოდი, მაგრამ მსახიობობას როცა მოვრჩები, მწერლობას ან დიზაინერობას ავირჩევ".

"მე და ჩემი მეუღლე კლასელები ვიყავით, ერთმანეთი მეექვსე კლასიდან გვიყვარდა, მაგრამ ჩუმად მაშინ გავიპარეთ, როდესაც მეორე კურსზე ვიყავი. თეატრალურიდან ძალიან დაღლილი გამოვედი, რეპეტიციის შემდეგ თვალებს ძლივს ვახელდი და ჩემი მეუღლე მეგობრებთან ერთად მანქანით გარეთ დამხვდა, მეც ჩავჯექი, ჯერ ყველამ ერთად ვისადილეთ, შემდეგ ვისეირნეთ და ბოლოს ბორჯომში როგორ აღმოვჩნდი, უკვე აღარ ვიცი".

"როდესაც საჭმელების კეთება უნდა მესწავლა, მაშინ მე კიკალას სტუდიაში ვიხლართებოდი. კვერცხსაც კი ისე საშინლად ვწვავ, რომ ჩემი შვილი არ ჭამს. საჭმელების მომზადება საერთოდ არ ვიცი, ამიტომ ჩემს სახლთან რომ სუპერმარკეტია, იქიდან მომაქვს მზა საჭმელები".

"ბევრ სისულელეს მიგონებენ, დღის განმავლობაში უამრავ ადამიანთან მიწევს შეხვედრა, მაგალითად, ბოლო დროს ლევან ხურციასთან ერთად რეკლამაში ზედიზედ ორჯერ გადამიღეს, რის შემდეგაც ყველა ჩემი მეგობარი მირეკავდა და მეკითხებოდა, შენ და ლევანს მართლა გიყვართ ერთმანეთიო?.."

"მსახიობები კარგი ტელეწამყვანები ხდებიან, შეიძლება, დღეს სულელი, შტერი გოგოს როლი მქონდეს, ხვალ - სერიოზული, ზეგ კი - კოსმონავტის, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მე კოსმოსიდან მოვფრინდი, ან შტერი ვარ".

"ამბობენ, შორენამ გაიხადა და იმიტომ არის პოპულარულიო. ყველას ვურჩევ, როგორც საჭიროდ ჩათვლიან, ისე მოიქცნენ. მე კი არა, ბოლოს და ბოლოს, კაცები იხდიან და ჩემი უკანა ნაწილი უკვირთ? ლამაზი მაინც მაქვს"...

"არის მომენტები, როცა არაფერი არ გინდა და იმის სურვილიც არ გაქვს, გიცნონ, მაგრამ ამას თავისი პლუსიც აქვს. ერთხელ სუპერმარკეტში ქალმა გამაჩერა და მეუბნება, ჩემს შვილს შორენა დავარქვი, იმიტომ, რომ ძალიან მომწონხარო. კარგი რაღაცებიც ხშირად ხდება და ამიტომ ღირს ამ საქმის გაგრძელება".

მარიამ ლაღიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება