ამერიკელ მილიონერს, ტომას ჰარტმენს, ქართული წარმოშობის სტრიპტიზის მოცეკვავის, სოფო კანდელაკის ცემისთვის, სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მილიონერმა კანდელაკი ”როლექსის” მარკის ოქროს საათით სცემა, რის შემდეგაც სოფო კანდელაკს სახეზე 16 ნაკერი დაადეს.
ინციდენტი აპრილში, მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთი იტალიური რესტორნის წინ მოხდა. ტომას ჰარტმენის ადვოკატები სასამართლო პროცესზე ირწმუნებოდნენ, რომ კანდელაკი მილიონერის გაქურდვას ცდილობდა, რის შემდეგაც ჰარტმანმა წონასწორობა დაკარგა და სოფოს "როლექსის" საათი სახეში ურტყა.
”რა მნიშვნელობა აქვს, იყო თუ არა სოფო სტრიპტიზის მოცეკვავე, მეძავი, ან ცდილობდა თუ არა მის გაქურდვას... ამ მამაკაცმა კანდელაკს ფიზიკური შეურაცხყოფა გამიზნულად მიაყენა”, - განაცხადა ადგილობრივი პროკურორის ასისტენტმა ჯენიფერ საიგალმა.
37 წლის კანდელაკმა, რომელიც ინგლისურად გამართულად ვერ საუბრობს, განაცხადა, რომ ის არ აპირებდა ჰარტმენისთვის ფულის მოპარვას, მან მხოლოდ ჰარტმენის ქონებასთან დაკავშირებით იხუმრა, რის შემდეგაც ჰარტმენი უეცრად დაესხა თავს.
ტომას ჰარტმენი მილიონერი უბედური შემთხვევის წყალობით გახდა. ის მშენებლობაზე ჩვეულებრივი მუშა იყო. 2004 წელს მას პოლიციის მანქანა დაეჯახა. პოლიცია მას ცოლის ცემის გამო მისდევდა. ავარიის შემდეგ ჰარტმენს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. 2010 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტომასს კომპენსაციის სახით 16 მლნ დოლარი გადაუხადეს.
როგორც წყარო იუწყება, კანდელაკის ცემისთვის ჰარტმენს 1 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა მისმა ადვოკატებმა სასჯელის 2 თვემდე დაყვანა მოახერხეს.
42 წლის მილიონერი ციხეში ადრეც მჯდარა. 1992 წელს ავტომობილის მოპარვისთვის მან 6-წლიანი სასჯელი მოიხადა. მეორედ, 1989 წელს, მამაკაცის ცემისთვის 2 წელი მიუსაჯეს.
მომზადებულია New York post-ის მიხედვით.