ფრენა რომ შესძლებოდა, ასე სწრაფად მაინც ვერ აივლიდა კიბეს. სამ საფეხურს ახტებოდა ერთდროულად. გული საშინლად უცემდა. ხელში თეთრი კონვერტი ეჭირა და მასზე მისთვის უძვირფასესი მეგობრის სახელი ეწერა, გამომგზავნის გრაფაში. ეგონა, დაკარგა. ფიქრობდა, რომ გაქრა ის საოცარი მეგობრობა, რაც მათ შორის იყო. თავიდან ცდილობდა კიდეც, ამ მოულოდნელი სიჩუმის მიზეზი ამოეცნო, მაგრამ ნელ-ნელა იმდენად ჩაითრია ყოველდღიურმა წვრილმანებმა, რომ ფიქრს მოეშვა. რაც მოხდა - მოხდა; რაღა მნიშვნელობა აქვს მიზეზებს? თანაც, წარმატებები ყოველთვის უვსებს ადამიანს რაღაც დანაკლისს. არადა, როგორი საოცარი დამოკიდებულება იყო მათ შორის, რამდენს საუბრობდნენ და როგორ უყვარდათ ერთმანეთის აზრის მოსმენა?! მათ წაშალეს ზღვარი ორ სქესს შორის და მეგობრობდნენ: მამაკაცი და ქალი!
ახლა გახსნის კონვერტს და ბარათში ამოკითხული ყოველი სიტყვა უძვირფასესი გახდება. ახლა ნამდვილად სჭირდებოდა ამ ქალის ფაქიზი სული. სხვას ვის გაახარებს უფრო მეტად, თავისი მიღწევებით? მუდმივად იბრძვის და უფასდება კიდეც! პატივსაცემია და პატივცემული, სანდომიანი... ემოციები მისგან შორს არის. მყარი, გონიერი და ხანდახან დაუნდობელიცაა. უნდა გამოტყდეს და მოსწონს თავისი თავი! რატომაც არა? იცოდა, რა სურდა და იცის, რომ მიიღო! ახლა გახსნის ბარათს და წაიკითხავს მეგობრის შეფასებებს, რომელიც ერთად აღებულ ყველა საქებარ ფრაზას აღემატება მნიშვნელობით.
"გამარჯობა, ძვირფასო! დიდზე დიდი ხანია, ერთურთი არ გვინახავს. რამდენი რამ შეიცვალა ჩვენს ცხოვრებასა და ჩვენშიც. რა გითხრა? შენი წარმატების ამბავი გავიგე. მიხარია, ძალიან მიხარია, რომ შენი გზა იპოვე. პირველად უნდა გითხრა ჩემი გაქრობის მიზეზი. ცოტა კი მიმძიმს. გახსოვს ალბათ, რამდენს ვლაპარაკობდით და ასე გაგვყავდა დრო. რამდენ რამეს მძენდი და მეც გაძლევდი. ასეთები ვიყავით, მაგრამ ამბობდი, - მასუსტებ, შენთან საუბარი ადამიანური თვისებებისა და ემოციების იმ წერტილიდან გადამხრის ხოლმე, რომელზეც მინდა მყარად ვიდგე; იმ მიღწევებისთვის, რაც მიზნად მაქვს დასახული, სენტიმენტები არ გამოდგება და შენთან გატარებული წუთების შემდეგ ადამიანურ სისუსტეებში ვუტყდები ხოლმე საკუთარ თავსო. მეც არ დაგღალე, აღარაფერი მითქვამს. მით უმეტეს, ამტკიცებდი, რომ ვეღარაფერი შემცვლისო. ჩავთვალე, რომ ხელს გიშლიდი, ავდექი და გაგეცალე. ნელ-ნელა, უმტკივნეულოდ. მე კი გამიჭირდა ძალიან, მაგრამ შენი მიზნისკენ სავალ გზაზე წინაღობა არ უნდა ვყოფილიყავი.
ნუ გამიწყრები, თავადაც ხომ ხვდები, რომ შენთვის ასე ჯობდა. შენი დღევანდელი მდგომარეობა ამტკიცებს, რომ ჩემმა გადაწყვეტილებამ გაამართლა. გახსოვს, როგორ ვგრძნობდი შენს აფორიაქებას? ვგრძნობდი, როცა გიჭირდა, როცა ღელავდი და ადგილს ვერ პოულობდი, გული მიჩქარდებოდა და აუხსნელი თრთოლა მიპყრობდა. მოგძებნიდი და გკითხავდი - რა მოხდა, რა გაგჭირვებია-მეთქი? მერეც, როცა წავედი, დიდი ხნის მანძილზე ვგრძნობდი ამ თრთოლას. მიჭირდა და მაინც არ მოვდიოდი. ნელ-ნელა შენთან ეს აუხსნელი კავშირიც დავკარგე. ვიცოდი, უთუოდ მიაღწევდი მიზანს და გახდებოდი ის, ვინც გინდოდა, რომ ყოფილიყავი - პატივსაცემი და პატივცემული. შენმა სიმტკიცემ მიგიყვანა ამ წერტილამდე.
ვიცოდი, რომ მე, როგორც მეგობარს, უთუოდ მომიწევდა ამ სიტყვების თქმა. ახლა მე შენ ასეთს გხედავ: ჯერ ტვინი ისაზღვრება ლითონის ფირფიტებით, შემდეგ - გული. ნელ-ნელა ერთი მთლიანი ლითონის ნაჭერი ხდები.
მაგრამ განა ეს არის მთავარი?! მთავარია, რკინის ჯებირებს მიღმა რად რჩები! რა ემოციები ეხლება შიგნიდან ამ უხეშ სარტყელს! ამიტომ, მე გთხოვ: ნუ ინებებ, ჯავშნის მიღმაც ლითონი იყო! მოვა ვულკანი, გაალღობს რკინას და დარჩება სული. ნუ ინებებ, ვულკანის შემდეგ სულ არაფერი დარჩეს! გესმის?! ეს უნდა მეთქვა, რადგან მეგობარი ვარ! გკოცნი, მუდამ შენი"...
დიდხანს იჯდა სავარძელში. თავის აწევის ეშინოდა. ეგონა, მის თვალებს წააწყდებოდა სიბნელეში.
ემელიანე