- რა ხდება?
- მო..ს თელასის მაფია.
- რამდენიმე დღეა უკვე და…რატომ არ ახმაურებენ?
- არ ვიცი.
- დაიჭირეს მთელი უფროსობა.
- რა, სად, როდის?
- პარასკევს.
ბოლო დღეებში "თელასში" განვითარებული მოვლენები ”ფეისბუქზე” ერთ-ერთ წამყვან თემად იქცა. თუმცა, იქ ბევრი თემა აგორებულა, ხალხს ენა მოუქავებია და.. გამქრალა. ამჯერად, ასე არ მოხდა. ეს კი რამდენიმე გარემოების საეჭვო დამთხვევამ გამოიწვია, რომელთა შეჯერება, გარკვეული ვარაუდების საფუძველს იძლევა.
გარემოება - 1. როგორც "ამბები.გე"-სთვის სარწმუნო წყაროდან გახდა ცნობილი, გასულ პარასკევს ქართველმა სამართალდამცველებმა მართლაც დააკავეს "თელასის" მენეჯმენტში მომუშავე რამდენიმე თანამდებობის პირი. იმავე წყაროს ინფორმაციით, ამჟამად ყველანი გათავისუფლებულნი არიან.
გარემოება - 2. ორშაბათ საღამოს ცნობილი გახდა, რომ "თელასის" გენერალურ დირექტორს, იური პიმონოვს უფლებამოსილება შეუწყდა. "თელასის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პიმონოვს სამეთვალყურეო საბჭომ მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი შრომისა და კომპანიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, რის შედეგადაც გაუმჯობესდა კომპანიის მუშაობისა და აბონენტთა მომსახურების ხარისხი. რაც შეეხება გათავისუფლების მიზეზს, ჩვეულებრივი "კადრების როტაცია" სახელდება. აცხადებენ, რომ იური პიმონოვი კვლავ გააგრძელებს "ინტერ რაო ეეს-ში" მუშაობას.
გარემოება - 3. ჩვენი ხელისუფლება კვლავ განაგრძობს სხვადასხვა სახის ვაუჩერებით მოსახლეობის გულის მოგებას. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა მოსახლეობისათვის 20-ლარიანი ვაუჩერების გადაცემის თაობაზე გააკეთა განცხადება, ეს კი სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელსაც ხარჯი ისედაც არ აკლია, 25 მლნ ლარი დაუჯდება.
იქნებ "ძაღლის თავიც" სწორედ აქ მარხია. არადა "თელასი" და მისი გენერალური დირექტორი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ ხელისუფლების მსგავს ინიციატივებს, ამჯერად კი დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია. აქედან გამომდინარე, იური პიმონოვის გათავისუფლებაც, "ინტერ რაო ეეს-ის" მიერ საკუთარი კადრის უსიამოვნებისაგან "გარიდება" ხომ არ არის, ვიდრე, უბრალოდ, "გეგმიური როტაცია?"
დავით შალიკაშვილი