ლია სტურუა - "ფიქრობთ, რომ ძლიერი ვარ?"

ლია სტურუა - "ფიქრობთ, რომ ძლიერი ვარ?"

"და ასე ვცხოვრობ -

თავი, მაგიდაზე დამხობილი,

რომელშიც ტკივილი გუბდება

და ორ თვალს იკეთებს

ესეც შენი შინაგანი ხედვა,

ხერხემალი მარილის სვეტად იქცევა,

სითეთრეშელახული ქაღალდი -

სინათლის წყაროდ,

ხოლო ჩემი ყველა თითის ბოლოში ია იზრდება

მელანთან განუწყვეტელი ურთიერთობის გამო,

მაგრამ ქაღალდს ხომ არ ვეყვარები ან მაგიდას,

ხალხს მომღერალი ურჩევნია,

პირიდან რომ ვარდებს აფრქვევს, მე კი ყელში

ბგერების ძვალი მაქვს გაჩხერილი

და ყრუ-მუნჯს უფრო ვგავარ,

ვიდრე სიტყვის მოყვარულს

ერთადერთი იმედი მაცოცხლებს,

ასე მგონია, ვაჟა-ფშაველას ვუყვარვარ,

რადგან ყვავილის თავგანწირულებას

ვამჩნევ, უპირველესად,

და მერე იისფერობას,

მაგრამ მას ქვაც უყვარს,

რომელსაც მესვრიან,

ამიტომ შუა გზაში გააჩერებს,

ბოროტებას არ ჩაადენინებს", - ეს არის ავტოპორტრეტი, ფურცლის და საკუთარი თავის პირისპირ მარტოდ დარჩენილმა პოეტმა რომ შექმნა, ადამიანების პირისპირ საუბარი კი სხვა ემოციაა, უფრო გაცოცხლებს, გაადამიანურებს... "ყველა სიახლის" სტუმარია პოეტი ქალბატონი, ლია სტურუა.

- ქალბატონო ლია, ერთ ლექსში ამბობთ: "მე იმ დროს ვიგონებ, როცა ფანჯარას გავაღებდი და ოთახი პეიზაჟით აივსებოდა". როგორი იყო თქვენი "ოთახის" პეიზაჟი დღემდე, ვიდრე პირისპირ სასაუბროდ დავსხდებოდით?

- ჩანს, ბავშვობიდან მქონდა მიდრეკილება პოეზიისკენ. ძალიან მიყვარდა კითხვა და ყველაფერს ვრითმავდი. მოგვიანებით, ვხუმრობდი კიდეც, თავისუფალი ლექსის წერა იმიტომ დავიწყე, გაუთავებელ რითმასა და კეთილხმოვანებას შევეწინააღმდეგე-მეთქი. თუმცა კეთილხმოვანებას რას ვერჩი, ძალიან მიყვარს კარგი კონვენციური ლექსი. თავისუფალი ლექსის გამო კი ახალგაზრდობაში ერთმა ცნობილმა მწერალმა ისიც მითხრა, შენი "სტურუიზმებით" ახალგაზრდობას რყვნიო. ერთხანს ლექსებსაც არ მიბეჭდავდნენ. საბჭოთა ცენზურა ტექსტსაც გიცვლიდა. მაგრამ, თუკი ჩემი დისერტაციიდან ამომაღებინეს ფროიდის, ვიქტორ ნოზაძის, ანდრეი ბელისა და სხვათა გვარები, ერთ სიტყვასაც ვერავინ შემაცვლევინებდა ლექსში: შესწორებული შინ მომქონდა, მაგრამ აღარ ვბეჭდავდი. შემიძლია დავიტრაბახო, რომ ამ საკითხშიც და პირად ცხოვრებაშიც ყოველთვის ნონკონფორმისტი ვიყავი. ფიქრობთ, რომ ძლიერი ვარ? ცხოვრებამ მაიძულა, ასეთად ვქცეულიყავი, თუმცა ერთ სონეტში ვწერ: "მე დავიღალე სიძლიერით. მე მინდა დედა, ის ადრინდელი, ძალიან მხნე, ძალიან უხვი. გადამეფარე, მშვენიერო, თეთრი კრუხივით, თვალის კილოდან ამომიღე ნატეხი სევდა"... მაგრამ ასეთ რამეს იშვიათად ვამბობ ხოლმე.

- თქვენთან მოსვლის წინ აღმოვაჩინე, რომ 10 წელიწადი გასულა თქვენი მეუღლის, დიდი მოქანდაკის, ელგუჯა ამაშუკელის გარდაცვალებიდან. 2002 წლის 12 მარტი იყო, არა? იშვიათობაა, ორმა ძალიან ნიჭიერმა შემოქმედმა ჰარმონიულად იცხოვროს ოჯახში...

- ელგუჯა რომ გავიცანი, უკვე სკანდალურად ცნობილი ვიყავი, ანუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში უკვე წაკითხული მქონდა საკუთარი ლექსი - "...რომ ფიროსმანს უყვარდა ცა და არაყი/ და ყველაფერი ფეხებზე ეკიდა" (იცინის). ჩემი პირველი წიგნი კი - "ხეები ქალაქში" მხატვრულად ელგუჯამ გააფორმა. და მართალია, ორი ხელოვანის ერთ ჭერქვეშ ყოფნა მართლა რთულია, - კიდეც ვწერ ერთ-ერთ ლექსში: "ორი დოლაბის ქვეშ შეიძლება გაისრისოს მუსიკა", - ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ადამიანმა უსათუოდ უნდა დაუთმოს ბევრი რაღაც მეორე ადამიანს, რომელიც უყვარს. ქალთა ემანსიპაციის მომხრე როგორ არ ვარ, მაგრამ ფემინიზმი ძალიან არ მომწონს. ქალი უფრო მეტად დამთმობი და რბილი ბუნების უნდა იყოს.

- თქვენ იყავით ასეთი?

- კი, ვიყავი. აუცილებელ საქმეს ოჯახში ყოველთვის ვაკეთებდი, თუმცა სამზარეულოში ფუსფუსი დიდად არ მიყვარდა. ელგუჯა ხუმრობდა, - ლიამ ისეთი ჩაის დასხმა იცის, ვერავინ შეედრებაო. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ელგუჯას ძალიან უყვარდა პოეზია და ჩემს ლექსებს პირველად ყოველთვის მას ვუკითხავდი, ხოლო თვითონ რომ მუშაობდა, მეც იქვე ვიჯექი და ვწერდი. თვითონაც პირველს სწორედ მე მიჩვენებდა დასრულებულ ქანდაკებას... მართალია, მის სიცოცხლეში - არა, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ ბევრი ლექსი დავწერე მასზე. არადა, მიძღვნილი ლექსები არასდროს მიყვარდა, მაგრამ ელგუჯას მერე სხვანაირად არ გამომდის: თითონ მეწერება. ვერ ვიტყვი, რომ დრო მკურნალია. ეგაა, რომ, ალბათ, თავის ხელში აყვანას სწავლობ. მაინცდამაინც არც ტირილი მეხერხება, მით უმეტეს - ხალხში, თუმცა იმ საშინელ დღეებში თავი ვერ შევიკავე. მერე და მერე ნაცნობები მეუბნებოდნენ, - როგორ შეიცვალე, თვალები ჩაგიქრაო. ელგუჯას გარდაცვალების შემდეგ ისეთივე განცდა მაქვს, შექსპირი რომ წერს "ვენეციელ ვაჭარში": თითქოს, რამდენიმე გირვანქა ხორცი მომაჭრეს გულიდან... მაგრამ ცხოვრება გრძელდება - შვილი მყავს, ეკა, ისიც მხატვარი, 15 წლის შვილიშვილი ელენე კი ჩემი სინათლის სხივია, მყავს მეგობრები, ახლობლები და საკუთარ დარდს სხვა ადამიანებს ვერ მოვახვევ. არც ვლაპარაკობ ხმამაღლა და არცაა საჭირო. საამისოდ, საბედნიეროდ, ფურცელი და კალამი არსებობს.

- ბატონ ელგუჯას არ გამოუქანდაკებიხართ?

- არა, არასდროს გამოვუქანდაკებივარ, მაგრამ დავუხატივარ. და რაკი ელგუჯაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად მინდა, გითხრათ: ამას წინათ რომელიღაც პუბლიკაციაში წავიკითხე, ელგუჯა ამაშუკელი აკადემისტი (აკადემიზმი - მიმართულება ხელოვნებაში, რომელიც მოითხოვდა ანტიკური, კლასიკური ნიმუშების ბრმად მიბაძვას და შემოქმედების ურყევი კანონების დამკვიდრებას ცდილობდა - ი.ხ.) იყოო. ელგუჯა აკადემისტი არ ყოფილა. ძალიან ახალგაზრდამ შექმნა "ქართლის დედის" ქანდაკება. მისი იდეა თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანაში განხორციელდა:

ფოლადის ფირფიტები მიაბნიეს ერთმანეთს სპეციალური სამაგრებით და სახეც უშნო გამოვიდა. მართალია, ეს ქანდაკება იყო სიმბოლო, ელგუჯა მაინც ძალიან განიცდიდა და ბევრი იმუშავა მარტომ, სახეც და ტანიც კარგად რომ დაემუშავებინა. მერე, 1997 წელს გამოცვალეს კიდეც, მაგრამ ჟურნალ-გაზეთებში რატომღაც მაინც ძველ ვარიანტს ბეჭდავენ. მახსოვს, კომუნისტების მმართველობის პერიოდში ამ ნამუშევრის გამო სერიოზული პრობლემა შეექმნა ელგუჯას: ვიღაცას ქანდაკებისთვის ისეთი რაკურსით გადაუღია ფოტო, გეგონებოდა, "ქართლის დედა" იმჟამინდელ ლენინის მოედანზე მდგარ ლენინის ძეგლს ხმლით აჭრიდა თავს. კიდევ კარგი 1937 წელი არ იყო, თორემ დახვრეტდნენ (იცინის). ისიც კარგად მახსოვს, წლების წინ, ელგუჯას "ქართლის დედის" შემდეგ სომეხმა მოქანდაკემ, არუთინიანმა გააკეთა ქანდაკება "სომხის დედა", ერევანში, სტალინის ძეგლის ყოფილ კვარცხლბეკზე დადგა და დააწერა გაცილებით ადრინდელი თარიღი. ამან ჯერ კიდევ ელგუჯას სიცოცხლეში სომეხი მხატვრებიც კი აღაშფოთა, - რატომ უნდა გადაეღო ამაშუკელისგან, ახალს ვერ გავაკეთებდითო?

და მაინც, არც თარიღი შეუცვლიათ და, აბა, რამე უთხარი სომეხს იმ ქანდაკებაზე, ან ამერიკელს გაულანძღე "თავისუფლების ქანდაკება"? ჩვენთან კი, ჭიაბერაშვილსა თუ სხვებს ხელწამოსაკრავად აქვთ. რაც უნდა ილაპარაკონ, "ქართლის დედა" მაინც თბილისის და საქართველოს სიმბოლოდ დარჩება, თავისუფლების მოედანზე მდგარი 400-დან ერთ-ერთი "შტამპოვკა" კი, ნაძვის ხის სათამაშოს რომ ჰგავს, - კონკრეტულ ფიგურას ვგულისხმობ, თორემ წმინდა გიორგი ჩემთვისაც ისეთივე ღმერთია, როგორც სხვა ქართველისთვის, - ვერასდროს იქცევა სიმბოლოდ! კიდევ ერთი: მგონი, ჯერ კიდევ ამ ხელისუფლების მოსვლამდე წამოიწყეს კამპანია ცხენოსანი ქანდაკებების წინააღმდეგ. რაც არ იცი, იმაზე ხომ არ უნდა ილაპარაკო! ადრე მართლმადიდებლური ეკლესია კრძალავდა მრგვალ ქანდაკებას. ამიტომაც არ იდგა ჩვენთან ცხენზე ამხედრებული არც ერთი დიდი მეფის ან გმირის ძეგლი, ევროპის ქვეყნებში კი ცხენოსან ქანდაკებას ბევრგან შეხვდებოდი. ჩვენთან მსგავსი არც მერე დაუდგამთ, აკადემიზმი რომ გამეფდა. მოგვიანებით კი, მერაბ ბერძენიშვილმა და ელგუჯა ამაშუკელმა ცხენოსანი ქანდაკებები რომ შექმნეს, ამით შეავსეს ის კულტურული დანაკლისი, რაც საქართველოს ჰქონდა. აბა, ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი ან გიორგი სააკაძე ცხენზე ამხედრებული არ უნდა იდგეს? ახლა თამარ მეფე დადგეს სვანეთში. ბევრს არ მოსწონს, თუმცა მე დარბაზში რომ ვნახე, გამოფენაზე, ძალიან მომეწონა - საინტერესო თანამედროვე ქანდაკებაა, მაგრამ მოუხდა თუ არა სვანეთს, ეგ კი არ ვიცი. ტელევიზორში ისე ცუდად ჩანდა, ახლოდან რომ არ მქონოდა ნანახი, მეც გავლანძღავდი... ერთი კი ცხადია: ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს და, შეძლებისდაგვარად, კარგად. მართალია, პოლიტიკა ისე შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში, გინდა თუ არა, დაგაფიქრებს და შემოქმედებაშიც შემოგეჭრება. მთავარი კი ისაა, რომ სადაც უნდა ცხოვრობდე, რა ენაზეც უნდა ლაპარაკობდე, შენი სამშობლოდან მოდიხარ, იქ გაქვს ფესვები გადგმული და თუ ის ფესვი გადაჭერი, რაგინდ ნიჭიერიც იყო, არაფერი დარჩება შენგან.

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს