დიანა ღურწკაია: "არ ვიცი, რით ავხსნა პუტინის განსაკუთრებული ყურადღება ჩემ მიმართ"

დიანა ღურწკაია: "არ ვიცი, რით ავხსნა პუტინის განსაკუთრებული ყურადღება ჩემ მიმართ"

საქართველოში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, დიანა ღურწკაიას მისვლამ ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციაზე. მხოლოდ დიანას ერგო პატივი, პუტინს ყველასგან გამოერჩია და გადაეკოცნა. დიანა ღურწკაიას მოსკოვში დავუკავშირდით...

- ძალიან მსურდა, ამის თაობაზე ქართველი ჟურნალისტისთვის ინტერვიუ მიმეცა და ბედად, თქვენც დამიკავშირდით. თავის გასამართლებელი არაფერი მაქვს, უბრალოდ, მინდა გიამბოთ, როგორ მოვხვდი ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციაზე. ვინაიდან ორგანიზაცია "საზოგადოებრივი პალატის" წევრი ვარ, ამიტომაც მიმიწვიეს ღონისძიებაზე. საზოგადოებრივ პალატაში სოციალურ საკითხებზე ვმუშაობ, უნარშეზღუდულ ბავშვებს ვეხმარები.

რაც შეეხება იმას, რომ პუტინი ჩემთან მოვიდა და გადამეხვია, სასაცილო იქნება, ვთქვა, პუტინი დავინახე და მივედი მისალოცად-მეთქი. ინაუგურაციაზე მიწვეულ სტუმრებთან ერთად ვიდექი, როცა რუსეთის პრეზიდენტი თვითონ მომიახლოვდა და გადამკოცნა. სიმართლე გითხრათ, მისგან ამას არ მოველოდი. ისე, მსოფლიოს სხვადასხვა პრეზიდენტთან არაერთხელ მქონია შეხვედრა. მაგალითად, ამას წინათ თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა თავის რეზიდენციაში მიმიწვია და გულთბილად შემხვდა. როდესაც საქართველოში ვიმყოფებოდი, მიხეილ სააკაშვილთანაც მქონდა შეხვედრა, და მანაც ასევე გულთბილად მიმიღო. არ ვიცი, რით ავხსნა პუტინის განსაკუთრებული ყურადღება ჩემ მიმართ და განვმარტო, რაღა მაინცდამაინც მე ჩამომართვა ხელი.

ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო და დავიბენი. სხვათა შორის, პუტინის ინაუგურაციას ქართველებიდან მხოლოდ მე არ ვესწრებოდი. იქ გახლდათ რუსეთში მოღვაწე ქართველი მხატვარი და მოქანდაკე ზურაბ წერეთელიც. კიდევ იყო თუ არა სხვა ქართველი, არ ვიცი, ვერ დავინახავდი.

- ვლადიმირ პუტინის მიერ შენ მიმართ გამოჩენილმა ყურადღებამ საქართველოში ერთგვარი გაღიზიანება გამოიწვია...

- ვისაც რა სურს, ის ილაპარაკოს, ასეთ რაღაცებზე არ ვბრაზდები. ქართველი ხალხი ძალიან მიყვარს და მენატრება, სადაც უნდა ვიყო, საქართველოთი ვცოცხლობ. ჩემს შვილს ქართულ ტრადიციებზე ვზრდი, იცის ქართული ენა და დამყავს ქართული ცეკვების შემსწავლელ წრეზე. თუმცა ჩემი მხრიდან ამის მტკიცება სასაცილო იქნება და ვისაც მართლა ვუყვარვარ და ეჭვი არ მეპარება, რომ ქართველ ხალხს ნამდვილად ვუყვარვარ, ისინი დამიჯერებენ, მომისმენენ და გამიგებენ. ბევრმა მითხრა, რომ არ წასულიყავი პუტინის ინაუგურაციაზე, ამით რა დაშავდებოდაო. შეიძლებოდა, რომ არ წავსულიყავი, მაგრამ ვინაიდან საზოგადოებრივი პალატის წევრი ვარ, ამ საზოგადოებამ დამაკისრა ვალდებულება, ინაუგურაციას დავსწრებოდი. რა ვქნა, აქ ვცხოვრობ და ამ ქვეყანაში ვმოღვაწეობ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი არ მიყვარს. რუსეთის პრეზიდენტი იქნება თუ სხვა ქვეყნის, ყველას მინდა წარვუდგინო საქართველო და ქართველები იმ სილამაზით, როგორებიც ჩვენ, ქართველები ვართ. ყველა მიცნობს, როგორც ქართველს და არა რუსს და მე რომ ვამტკიცო ჩემი ქართველობა, სასაცილო იქნება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მეუღლე რუსი მყავს, ჩემს ოჯახში ქართულია უფრო მეტი, ვიდრე რუსული; ქართულ ენაზე ვსაუბრობთ და ქართულ კერძებს მივირთმევთ.

- შენმა მეუღლემაც ისწავლა ქართული?

- ვასწავლე და თუ ვინმესთვის რამის საიდუმლოდ თქმა მსურს ქართულ ენაზე, აღარ გამომდის, ყველაფერი ესმის. ასე რომ, აღარ ვიცი, გამიხარდეს თუ მეწყინოს, ჩემმა რუსმა მეუღლემ (დიანას მეუღლეა პეტრე კუჩერენკო - ნ.მ.) ქართული ენა რომ ისწავლა.

- როდესაც რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ქეთა თოფურიამ კრემლში გამართულ კონცერტზე იმღერა, ბევრმა ქართველმა გააქილიკა.

- მე არ გამოვსულვარ სახელისუფლებო კონცერტებზე, რაც ქართველმა ხალხმაც კარგად დაინახა. რაც შეეხება ქეთას, ისიც ანალოგიურ მგომარეობაშია, როგორშიც ჩვენ ყველანი, რუსეთში მოღვაწე მომღერლები. ქეთა არის ჯგუფის წევრი და თვითონ არაფერს წყვეტს, რასაც ეტყვიან, ის უნდა გააკეთოს. ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები და არც მაქვს სურვილი, პოლიტიკაში გავერიო. ვერც ვერკვევი. ვიცი ხელოვნება და ამიტომაც ვაკეთებ ჩემს საქმეს. ვინაიდან საზოგადოებრივი პალატის წევრი ვარ, შემოთავაზებებზე უარის თქმის საშუალება არ მაქვს. იცით, რატომ გავხდი საზოგადოებრივი პალატის წევრი? როდესაც მითხრეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს უნდა მიხედოო, გულმა არ მომითმინა და უარი ვერ ვთქვი. თვითონ მაქვს ეს სიმძიმე გამოვლილი, ბავშვობა უსინათლოთა სკოლა-ინტერნატში გავატარე და ვიცი, როგორი ტკბილია მცირე დახმარებაც კი. სხვათა შორის, დიდი გეგმები მაქვს თბილისის უსინათლო ბავშვთა სკოლა-ინტერნატთან დაკავშირებით, რომელიც დავამთავრე, მინდა დავეხმარო და ვუპატრონო ამ ბავშვებს.

- საქარველოში ჩამოსვლას როდის გეგმავ?

- 16 მაისს ჩამოვდივარ (ინტერვიუ ჩაწერილია 10 მაისს - ნ.მ.) კიდევ ერთი სიმღერა რომ ჩავწერო არაჩვეულებრივ ქართველ მომღერალ დავით კენჭიაშვილთან ერთად. სხვათა შორის, ბავშვის ჩამოყვანასაც ვაპირებდი, მაგრამ ზაფხულისთვის გადავდე მისი ჩამოყვანა. ჩემი ბიჭი, კონსტანტინე უკვე დიდია, ივლისში ხუთი წლის გახდება. გარდა ამისა, ჩემი დიდი ოცნებაა საქართველოში შოუკონცერტის გამართვა. ვნახოთ, იმედი მაქვს, უფლის ნებით, განვახორციელებ.

იხილეთ ვიდეო: ინაუგურაციის შემდეგ პუტინმა ათასობით სტუმრიდან მხოლოდ დიანა ღურწკაია გადაკოცნა

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება