"მაწუხებს ის, რომ  ოჯახი ვერ შევქმენი..." - რაზე წუხდა წლების წინანდელ ინტერვიუში ბაადურ წულაზე, რომელიც 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

"მაწუხებს ის, რომ  ოჯახი ვერ შევქმენი..." - რაზე წუხდა წლების წინანდელ ინტერვიუში ბაადურ წულაზე, რომელიც 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსახიობი და კინორეჟისორი ბაადურ წულაძე, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბაადურ წულაძე ბათუმში 1935 წლის 5 მარტს დაიბადა. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

გადაღებული იყო 50-მდე ფილმში. მისი დებიუტი კინოში მიხეილ კობახიძის ფილმში „ქორწილი“ შედგა, რასაც მოჰყვა ფილმები „გიორგობისთვე“, „ცისკრის ზარები“, „არ დაიდარდო!“, „ფერისცვალება“, „ვერის უბნის მელოდიები“, „პეპელა“, „პირველი მერცხალი“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“, „ფესვები“ და ა.შ.

1969 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია, შესრულებული აქვს ორმოცდაათზე მეტი კინოროლი. მიღებული აქვს პრიზები რიგის სპორტული ფილმების მესამე საკავშირო ფესტივალზე (1970). დსთ-ის და ბალტიისპირეთის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალი „კინოშოკი”, ანაპა (2005) - ჟიურის სპეციალური პრიზი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „თბილისი-თბილისი“.

1961 წლიდან მუშაობდა რეჟისორად კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.

გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც წლების წინ მსახიობმა და რეჟისორმა ჟურნალ "რეიტინგს" მისცა. ინტერვიუში ბაადურ წულაძე საკუთარ ბავშვობასა და მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებზე საუბრობს.

- ბოლო წლების განმავლობაში ეკრანზე არაერთი ახალი ქართული ფილმი გამოვიდა. როგორია თქვენი, როგორც რეჟისორისა და მსახიობის შეფასება?

- ძალიან ცოტა ფილმი ვნახე, მაგრამ რომ გითხრათ, აღფრთოვანებული ვარ-მეთქი, ასე არ არის. არ ვიცი, ჩემი ჩამორჩენილობისა თუ გემოვნების ბრალია, მაგრამ ამ ფილმებს რაღაც აკლია. თანამედროვე სიტყვა რომ ვთქვათ, "დრაივი". მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ამბობს, რომ უწინ ყველაფერი კარგი იყო და ახლა არა, მაგრამ რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ქართულ კინოში ერთდროულად შემოვიდა უშველებელი ნაკადი ახალგაზრდა რეჟისორებისა, რომლებმაც, ფაქტობრივად, თანამედროვე ქართული კინო შექმნეს. მათ დამთავრებული ჰქონდათ მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი, სადაც მსოფლიო დონის რეჟისორები ასწავლიდნენ. იმ მოსკოვიდან ჩამოსულმა რეჟისორების ნაკადმა პროფესია იცოდა. ჩვენ ყველა ვფლობდით პროფესიას, რომელიც ინსტიტუტმა მოგვცა. ვფიქრობ, რომ დღეს ახალგაზრდებმა არ იციან პროფესია და პროფესიონალიზმი აკლიათ.

- პრობლემა პედაგოგებშია?

- არა, ეს არც პედაგოგების ბრალია და არც სტუდენტების, პრობლემა თავად სისტემაშია. არ შეიძლება რეჟისორს, მსხიობს, კომპოზიტორს, მხატვარს, ქირურგსა თუ მათემატიკოსს ერთი და იმავე მეთოდით ასწავლო... მე ჩემს სტუდენტებს ვეუბნები, რომ ჩარჩოებში არ მოექცნენ. მათ არ უნდა ეშინოდეთ შეცდომების. ხელოვნებაში ყველაფერი დაშვებულია, გააკეთე სისულელე, მაგრამ იქაც უნდა ჩანდეს, რომ შემოქმედი ადამიანი ხარ. რეჟისორობა მინდა, მოვემზადები და ჩავაბარებ, ეს მოსაზრება არ არის სწორი.

- თუმცა, ბავშვობაში თქვენ არასოდეს გიფიქრიათ იმ პროფესიაზე, რაც აირჩიეთ...

- არასოდეს! სულ ვკითხულობდი წიგნებს, ბრწყინვალედ ვიცოდი მუსიკა, ჯაზი - რომლის მოსმენაც არ შეიძლებოდა, მაგრამ მე მაინც ვუსმენდი ამერიკის ხმის მეშვეობით.

- ვიცი, ბაბუას უნიკალური ბიბლიოთეკა ჰქონდა...

- კი, ის ბიბლიოთეკა რვა ურმით გაიტანეს და სად წაიღეს არ ვიცი. გურულად ვიტყვი, ერთი ზანდუკი წიგნები დარჩა, რომელსაც ვკითხულობდი. ბაბუა მღვდელი გახლდათ, იმავდროულად ის გიმნაზიაში ქართულ და რუსულ ლიტერატურასა და ენას ასწავლიდა. სოფელ ჭანჭათში პეტერბურგიდან იწერდა წიგნებსა და ჟურნალებს. ჟურნალ "აგანიოკში" მსოფლიო მხატვრების შედევრები იბეჭდებოდა და მათი საშუალებით ფერწერას კარგად ვიცნობდი. ბათუმში მუზეუმი არ იყო და დიდი მხატვრების ნამუშევრებს სხვაგვარად ვერ ნახავდი. რაც შეეხება კინოს, კინომექანიკოსის შეგირდი ვიყავი, მაგრამ თუ ფილმს ჰყავდა რეჟისორი, არ ვიცოდი. როდესაც ჩვენთან ე. წ. "ტრაფეინიე ფილმები" შემოვიდა, ამ ფილმების მხოლოდ სახელწოდება ვიცოდით, რადგან ტიტრებს, სადაც ეწერა ფილმის ავტორი, ოპერატორი, მსახიობი და სხვა ადამიანების გვარ-სახელი, ჭრიდნენ. ფილმები რუსული სუბტიტრებით მიდიოდა. ვინაიდან მე ამ ფილმებს ხშირად ვუშვებდი, ისინი ზეპირად ვიცოდი. აი, სულ ეს იყო ჩემი "ბაგაჟი", როცა "ვგიკში" მიმიღეს. ყველაფერზე ჩემი აზრი მქონდა და ამჟამადაც ძალიან მაინტერესებს ის სტუდენტი, ვისაც თავისი აზრის გამოხატვა შეუძლია. ახლა აიღებენ კამერას, გადაიღებენ რაღაცას, მეგობრებს აჩვენებენ, ისინი შეაქებენ, ეტყვიან :"სიმონ, ეს რა კარგი რაღაც გადაიღე, არ მოუსმინო დურაკებს!" და ისიც თავდაჯერებულია და თავი ფელინი ჰგონია.

- ეს პერიოდი ხომ ყველა ახალგაზრდას აქვს, თავი ფელინები ან ლოურენს ოლივიეები რომ ჰგონიათ...

- პირველ კურსზე ადამიანს თავი რომ გენიოსი ჰგონია, მას ვაპატიებ, მაგრამ მეორე კურსზეც რომ ასე ფიქრობს, მაშინ ის უკვე ფსიქიატრიულ კლინიკაში უნდა წაიყვანო!

- თქვენ არასოდეს გქონიათ ეს განცდა?

- არც მე, არც მათ არ ეგონათ თავი გენიოსები, ვინც ჩემთან ერთად სწავლობდა: მიშა კობახიძე, გიორგი შენგელაია, ოთარ იოსელიანი, საშა რეხვიაშვილი, მერაბ კოკოჩაშვილი... შენ საქმე აკეთე და სხვა იტყვის, ხარ თუ არა გენიოსი. ეს მაყურებელმა უნდა შეაფასოს.

- ბავშვობა ბათუმში გაატარეთ. მამა გადასახლებაში იყო, პროფესიით ბუღალტერი დედა ოცდაოთხ საათს სამსახურში ატარებდა. ვიცი, მამიდა გზრდიდათ და გყავთ და, ის თქვენზე უმცროსია?

- ჩემი და ჩემზე ორწლინახევრით უმცროსია. ლედი ლექსებს კითხულობდა, ბალეტზე, დრამატულ წრეზე და ათასგვარ თვითშემოქმედებით წრეზე დადიოდა. მე კი ამ ყველაფრისგან ძალიან შორს ვიყავი. თვითშემოქმედებას ჭირივით ვერ ვიტანდი. ყველას ეგონა, რომ ის ხელოვნებას გაჰყვებოდა, მაგრამ მან არქიტექტურულზე ჩააბარა, მე კი კინოინსტიტუტში მოვხვდი. ჩემი და ძალიან საქმიანია, მოსკოვში ისწავლა, რომ დაამთავრა, ბინა ერთად ვიქირავეთ და შემდეგ 1976 წელს შემოვედით იმ ბინაში, სადაც ახლა ვცხოვრობ. მანამდე 15 წელი უბინაოდ ვიყავი. ხან ნათესავებთან ვათენებდი, ხან მეგობრებთან, ხან სარდაფებში. არანაირი პირობები არ მქონდა. ეს ყველაფერი თან სდევს ხელოვნებას. შენ თუ ამ საქმეს ირჩევ, უნდა იცოდე, რომ ეს რთული გზაა.

- თქვენ იცოდით?

- არა, აზრზე არ ვიყავი, სად შევყავი თავი, მაგრამ მეორე დღესვე მივხვდი, რომ ეს "ჩემი" საქმე იყო და ეს კარგად გავითავისე.

- მძიმე ბავშვობის წლები გქონდათ, რამე თუ გენატრებათ იმ დროიდან?

- ბავშვობა სულ მენატრება. ომის შემდგომ წლებში განსაკუთრებით გაჭირვება იყო. საშინელი შიმშილობის პერიოდი დადგა და ერთადერთი გამოსავალი იყო სოფელი.

- თუმცა სოფლადაც ჭირდა...

- კი, მაგრამ იქ იყო მჭადი, ყველი, რძე, ხილი, ბოსტნეული... ათასში ერთხელ თუ დაკლავდა ბებია ქათამს, თორემ ისე ხორცი საერთოდ არ გვქონდა. ერთადერთხელ მახსოვს, რომ კოლმეურნეობაში ძროხა დაკლეს, ბებიამ კანტორაში გამგზავნა და იქიდან ცოტა საქონლის ხორცი გამომატანეს. პური ტალონებზე გაიცემოდა. როცა უნდა მისულიყავი, შენი კუთვნილი პური გერგებოდა, მაგრამ როცა ტალონები გაუქმდა, მაშინ გართულდა. თუ დილით ადრე არ მიხვიდოდი და რიგში არ ჩადგებოდი, უპუროდ დარჩებოდი. პურზე სკოლაში წასვლამდე მგზავნიდნენ. ორი რიგი იყო - ქალების და კაცების. პურის გამყიდველი მამას ნაცნობი იყო, მაგრამ მასთან ხომ უნდა მიმეღწია. გავძვრებოდი, გამოვძვრებოდი, მაწვებოდნენ, მაგრამ რაღაცნაირად წინ გასვლას მაინც ვახერხებდი (იღიმის).

- მიუხედავად ამისა, ვატყობ, ის დრო მაინც თბილად გახსენდებათ...

- სხვაგვარად შეუძლებელია. დედას ვუყვარდი, მამას ვუყვარდი, მამიდას! კი, სათამაშოები არ მქონდა, სულ დაკერილი შარვლითა და დაკემსილი წინდებით დავდიოდი, მაგრამ ვიყავი სუფთა და მოვლილი. მიუხედავად ყველაფრისა, ბედნიერი გახლდით.

- რამდენი წლის იყავით, მამა რომ გადაასახლეს?

- ორწლინახევრის. ჩემი და მერე დაიბადა. უფრო სწორად, ლედი გამოძიების დროს დაიბადა. მამას გამომძიებელმა უთხრა, რომ ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც მამა ვერასოდეს ნახავდა. საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. მამამ ათი წელი გაატარა ციმბირში. დედამ მე და ჩემი და რუსულ სკოლაში მიგვაბარა, როცა მამა "ლაგერობანას" დაამთავრებდა და იქვე დასახლდებოდა, ჩვენ მასთან უნდა წავსულიყავით. თუმცა, დიდი "ჩალიჩის" შემდეგ, მამა საქართველოში გამოუშვეს. თავიდან ბათუმში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა, რადგან საზღვართან იყო ახლოს, მაგრამ ბოლოს რაღაცნაირად ესეც შეძლო. რა ვიცი, რაც ჩვენ გაჭირვება გადაგვიტანია, მაგრამ ამ ყველაფერმა ხალხი უფრო მეტად შეკრა. ახლა სხვა განწყობაა. ვერ გეტყვით კარგია თუ ცუდი, რომ დღეს ყველა მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს. შეიძლება, მე ჩამორჩენილი ვარ, მაგრამ ვიყო, ამგვარ ჩამორჩენილობაში ცუდს არაფერს ვხედავ. ასეა, ყველას თავისი აზრი აქვს, ყველამ ყველაფერი თავს უნდა დააბრალოს. არასოდეს დამიბრალებია რამე სხვისთვის.

- პირადი თემაა, მაგრამ მაინც გკითხავთ, ოჯახი რომ არ შექმენით, ამასაც თავს აბრალებთ თუ სხვებივით ბედისწერაზე საუბრობთ?

- მხოლოდ საკუთარ თავს. რა ბედი?! შენს თავს ყოველთვის თავად უნდა მიხედო. აზრზე არ ხართ, რა სისტემაში ვცხოვრობდით. კატეგორიულ უარს ვაცხადებდი პარტიის წევრობაზე, არ მიშვებდნენ საზღვარგარეთ - "ნევიეზდნოი" ვიყავი და ამ სიტყვას არც ერთ ენაზე ანალოგი არ აქვს. არ ვიყავი თბილისში ჩაწერილი, ბინა არ მქონდა, მაგრამ მყავდა გენიალური მეგობრები, უანგარო მეგობრობა ვიცოდით და ეს დიდი პლუსი იყო.

- თუმცა ამ წლების განმავლობაში იქნებოდნენ ადამიანები, ვის მიმართაც გრძნობა გქონდათ...

- კი, როგორ არა. ოჯახის არშექმნა არ ნიშნავს იმას, რომ დიდი გრძნობა არ ყოფილა. რასაკვირველია, ახლა ვნანობ, მაგრამ "იქ" რომ მივალ, ამ საკითხს მერე გავარკვევ. ერთხელ ერთ ჟურნალისტს ხუმრობით ვუთხარი, ბურიდანის ვირივით ვიყავი-მეთქი. ვერ მიხვდა და დაწერა "პურიტანელი". ბურიდანელ გლეხს ერთი ვირი ჰყავდა. პატრონმა მარჯვნივ და მარცხნივ თივა დაუწყო და თავის გზაზე წავიდა. ვირმა აქეთ-იქით იყურა, იყურა და ამ ფიქრში შიმშილით მოკვდა. შეიძლება ასე იყო ჩემ შემთხვევაშიც. ბურიდანელის ვირივით ვიყავი, ჩემი ბრალი იყო, თუმცა, აქ სხვა უამრავი ფაქტორიცაა. არ ვიყავი თბილისში ჩაწერილი, არ მქონდა შტატი და დაოჯახებაზე როგორ მეფიქრა?! ალბათ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობაც მქონდა. თან სულ გადაღებაზე ვიყავი: რუსეთი, ყაზახეთი, ლატვია, ტაჯიკეთის გარდა ყველგან ჩავდიოდი. ამ საკითხს სულ სამომავლოდ ვდებდი და რა გამოვიდა?! სტუდენტებსაც სულ ვეუბნები, რომ საქმე ხვალისთვის არასოდეს გადადონ. გააკეთე ახლა და თუ ერთხელ გადადე, მერე ამგვარ ყოფას შეეჩვევი.

- არც თქვენი დაა დაოჯახებული?

- არა. დედა ადრე გარდაგვეცვალა. ლედიმ ჩემი და მამაჩემის მოვლა საკუთარ თავზე აიღო. ფაქტობრივად, მან თავი მე და მამას შემოგვწირა.

- წლების განმავლობაში უამრავი გადაღება გქონდათ, საზღვარგარეთ გასვლები. თუ აღმოგიჩენიათ ისეთი ადგილი, სადაც სიამოვნებით დარჩებოდით საცხოვრებლად?

- მიმაჩნია, რომ პრაღა ევროპაში ულამაზესი ქალაქია. კიევიც ძალიან ლამაზია, მაგრამ თბილისი და ბათუმი ყველას მირჩევნია. ჩემთვის სხვა ქვეყანაში ცხოვრება ძნელია. ქალაქი მარტო სახლი ხომ არ არის, მეგობრებსა და ნათესავებს თან ვერ წაიყვან. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კონტაქტური ვარ, სხვაგან ცხოვრებას მაინც ვერ შევძლებდი.

- ცხოვრებაში თქვენი ყველაზე დიდი სინანული რას უკავშირდება?

- ასაკის მატებასთან არავითარი პრობლემა არ მაქვს, თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ, მაგრამ მაწუხებს ის, რომ მიდის ხალხი და ჩემ ირგვლივ წრე სულ უფრო ვიწროვდება. არ იცი უკვე ვის დაურეკო და ვინ მოიკითხო. და ალბათ ის, რომ ოჯახი ვერ შევქმენი. ეს არა მხოლოდ ჩემი ყველაზე დიდი პრობლემაა, არამედ ცოდვაც ჩავიდინე. ახალგაზრდობაში ამაზე სულ არ ვფიქრობდი, ამას ახლა ვხვდები...

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს