ყოფილი მოდელი თეონა ჩარკვიანი კოდუების ცნობილი ოჯახის რძალია, კერძოდ კი გიორგი კოდუას მეუღლე გახლავთ, შესაბამისად, მისი დედამთილი სამკერვალო ფაბრიკის მფლობელი ლაურა ღაჭავაა, მაზლის ცოლი კი - ტელეჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი. თეონას ქმართან ურთიერთობასა და ოჯახზე ვესაუბრეთ.
- თეონა, გვიამბე, როგორ ხარ, როგორ ცხოვრობ?
- კარგად ვარ. იანვარში გავემგზავრე სასწავლებლად ამერიკაში და ეს იყო ჩემი გაუჩინარების მიზეზი, ცოტა ხნის წინ დავბრუნდი საქართველოში, ფაქტობრივად, ორთვე-ნახევარი ვიყავი წასული.
- რას სწავლობდი?
- ინგლისურ ენას, ამასთანავე სტაჟირებას გავდიოდი ერთ-ერთ ტეხასურ კომპანიაში, უქმად არც ერთი დღე არ გამიტარებია. მოგეხსენებათ, ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესსამართლის ფაკულტეტზე ვსწავლობ, ძალიან მინდა, ჩემი პროფესიით ვიმუშაო და აქტიური ვიყო საქმეში.
- ამერიკაში მარტო იყავი წასული? არ გაგიჭირდა ოჯახის წევრების - ქმრის, შვილის დატოვება?
- კი, მარტო ვიყავი, რა თქმა უნდა, მიჭირდა, მაგრამ საქმეში ვიყავი თავიდან ბოლომდე ჩართული და ეს ცოტა მიმსუბუქებდა. ამერიკელები ძალიან შრომისმოყვარეები არიან, დილით ადრე დგებიან და მთელი დღე თავდაუზოგავად შრომობენ, მეც მათ რეჟიმში ჩავჯექი და თბილისშიც მათი ტემპით ვცხოვრობ (იღიმება).
- ამ ორი თვის განმავლობაში გიორგი შენ სანახავად არ ჩამოსულა?
- ვერ მოახერხა, რადგან თბილისში არ იყო, რამდენჯერმე დააპირა ჩამოსვლა, მაგრამ ხელი შეეშალა, ცოტა ხანში კი მეც დავბრუნდი (იღიმება).
- შენს ოჯახურ ცხოვრებაზე გვიამბე...
- ვცხოვრობთ ისე, როგორც ჩვეულებრივი, ქართული ტრადიციული ოჯახი. დროს ვუთმობ გიორგის, შვილს - ლულუს და ოჯახის დანარჩენ წევრებს.
- ლულუ რამდენი წლისაა, ვის ჰგავს?
- სამი წლის და შვიდი თვისაა, უფრო გიორგის ჰგავს, თუმცა ჩემიც აქვს რაღაც. ძალიან ნიჭიერი ბავშვია, დაგვყავს სიმღერაზე, ახლახან კონცერტები ჰქონდა, აქტიურია, ამ მხრივ ლაურა ბებოს ჰგავს. სხვათა შორის, ლულუ ბებია-ბაბუასთან იზრდება, იქ ცხოვრობს, ბებო ძალიან ყურადღებიანია, არ გამოეპარება არაფერი, როდის უნდა წავიდეს ბავშვი ექიმთან, სიმღერაზე და ა.შ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მარტო ბებიის კი არა, დედის ფუნქციებიც შეთავსებული აქვს.
- თქვენთან რომ არ არის ბავშვი, არ განიცდის მშობლების ნაკლებობას?
- არა, ჩვენც თითქმის სულ ლაურასთან ვცხოვრობთ, მიუხედავად იმისა, რომ ცალკე სახლი გვაქვს. იმის გამო, რომ მეც და გიორგიც დაკავებულები ვართ, ბავშვი ბებიასთან იზრდება. კარგად მოგეხსენებათ, რომ ლაურაც ძალიან საქმიანი და დაკავებული ქალია, მაგრამ მაინც ახერხებს და ასწრებს ლულუსთვის ყურადღების მიქცევას.
- გასაგებია, რომ ლაურა კარგი ბებიაა, მაგრამ როგორი დედამთილია?..
- არაჩვეულებრივი, ვმეგობრობთ, როდესაც რაიმე გადაწყვეტილება უნდა მივიღო, ვურეკავ და რჩევას ვეკითხები, მას ხომ ჩემზე მეტი გამოცდილება აქვს და უკეთ იცის, რა და როგორ აჯობებს.
- ოჯახში არის მომენტი, როდესაც კამათის დროს დედამთილები შვილის პოზიციებს იცავენ და რძალს ამტყუნებენ, ლაურა როგორია ასეთ სიტუაციაში?
- მე და გიორგის აქამდე არ გვიჩხუბია, რაზე შეიძლება ვიკამათოთ, ისიც არ ვიცი, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, ლაურა იმ ტიპის ქალებს არ მიეკუთვნება, რომ შვილი დაიცვას, როცა მტყუანია. როცა ვსაუბრობთ და ვთქვათ, მე და გიორგის განსხვავებული აზრები გვაქვს, ლაურა ყოველთვის ამბობს, თეო მართალიაო.
- როგორი ურთიერთობა გაქვთ რძლებს, ნანუკას ვგულისხმობ, ერთად თუ დადიხართ გასართობად, თუ საუბრობთ თბილისურ ამბებზე, ჭორებზე...
- რომ გითხრა, თავისუფალ დროს სულ ერთად ვატარებთ-მეთქი, ტყუილი იქნება, რადგან ორივე დაკავებულები ვართ, ისე კი, კარგი ურთიერთობა გვაქვს. მაგალითად, გუშინ მის დაბადების დღეზე ვიყავით და კარგად მოვილხინეთ.
- დღესასწაულებზე, ან თუნდაც ჩვეულებრივ დღეებში შენსა და შენი მაზლის ოჯახს თუ გაქვთ ერთად შეკრების ტრადიცია?
- კი, ხშირად ვიკრიბებით ლაურასთან, თუნდაც ჩვეულებრივ დღეებში და აზრებს ვუზიარებთ ერთმანეთს.
- შენ და გიორგი ოთხი წელია ერთად ხართ, რა შეიცვალა ამ პერიოდში?
- შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი შეცვლილა. გიორგი თბილი ადამიანია და ერთმანეთს კარგად ვეწყობით. თვითონ გიორგია კარგი ადამიანი, კარგი გაზრდილია და ეს ბევრს ნიშნავს. როდესაც ადამიანი კარგად იზრდება, მას ეს დადებითი თვისებები პირად ცხოვრებაშიც მოსდევს და ასეა ჩემი მეუღლის შემთხვევაშიც.
- ერთმანეთს სიურპრიზებითა და რომანტიკული ვახშმებით თუ ანებივრებთ?
- კი, გიორგი ყოველთვის ცდილობს მასიამოვნოს და იმას აკეთებს, რაც იცის, რომ გამიხარდება. მეც ანალოგიურად ვცდილობ ის გავაკეთო, რაც გიორგის მოეწონება. კიდევ ვამბობ, რომ გიორგი კარგი ადამიანია, მეც მაქსიმალურად ვცდილობ ვასიამოვნო.
- ნანუკამ მეუღლეს ტელეეკრანიდან მიულოცა დაბადების დღე, შენ თუ გაგიკეთებია მსგავსი რამ?
- ძალიან მომწონს, როცა სხვა თამამ ნაბიჯს დგამს, მაგრამ მე არ შემიძლია ამის გაკეთება, მომწონს ნანუკა რასაც აკეთებს, მაგრამ მე იმავეს ვერ გავაკეთებ და რა ვქნა?! (იღიმება)
- თეონა, სამზარეულოში ტრიალი თუ გეხერხება?
- კი, კარგი ნამცხვრები გამომდის, არ მიყვარს მძიმე საჭმელები, გიორგიც ასეა, ამიტომ ძირითადად სალათებს ვაკეთებ და ჩემს მეუღლეს ძალიან მოსწონს.
- გართობისა და დასვენებისთვის თუ გრჩებათ დრო, თუ ახერხებთ თავისუფალი დროის ერთად გატარებას?
- ჩვენ ვისვენებთ მაშინ, როცა მე, გიორგი, ლულუ, ლაურა და ჩემი მამამთილი ოჯახში ერთად ვართ და ვსაუბრობთ, თორემ ისე არასდროს ხდება, რომ სადმე გავიდეთ და გავერთოთ. გიორგი იმდენად დაკავებულია, რომ ხანდახან მასთან ლაპარაკსაც ვერ ვახერხებ. ყოფილა შემთხვევა, რაღაცის თქმა მნდომებია და ვერ მომისწრია იმიტომ, რომ გადარბენაზეა.
- დღის განმავლობაში ერთმანეთს თუ ეკონტაქტებით?
- მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც საყვარელ ადამიანებს ხშირად აწუხებენ ზარებით. ხან შეხვედრაზეა, ხან დაკავებულია და ვერ მელაპარაკება, ამიტომ მესიჯს ვუგზავნი ხოლმე. ერთმანეთის ადგილმდებარეობის შესახებ მაინც გვაქვს ინფორმაცია.
- ეჭვიანი ხარ?
- მე შეიძლება ცოტათი ეჭვიანი ვიყო, გიორგიმ კი საერთოდ არ იცის, ეს გრძნობა რა არის.
- როდესაც წყვილის ცხოვრებაში ჩნდება ბავშვი, კაცები ხშირად უყურადღებობის გამო წუწუნებენ, გიორგის თუ ჰქონდა ეს მომენტი?
- არა, ჩვენ შორის არსებული ასაკობრივი სხვაობა მსგავს პრობლემებს თავიდან გვაცილებს. გიორგი რომ უფრო პატარა ყოფილიყო, შეიძლებოდა ჰქონოდა მსგავსი გართულებები, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
- მიუხედავად იმისა, რომ ამდენი კარგი რამ გვითხარი შენი მეუღლისა და ოჯახის შესახებ, თბილისში აქტიურად ლაპარაკობენ შენი და გიორგის დაშორებაზე. როგორ ფიქრობ, რა გახდა ამ ხმების გავრცელების მიზეზი?
- ჩემი მაზლიშვილი გიორგი კოდუა (ერეკლე კოდუას უფროსი ვაჟი - ავტ.) დაშორდა მეუღლეს და ეს გახდა ამ ჭორების გავრცელების მიზეზი. ერთნაირმა გვარ-სახელმა ხალხი დააბნია. ბევრი მეკითხებოდა ამის შესახებ, მაგრამ ერთად რომ გვხედავდნენ, გაოცებულები გვიყურებდნენ. მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, რომ მე და გიორგი ერთად ვართ, ღმერთმა დაგვიფაროს მსგავსი ფაქტისგან.
- არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ძალიან კარგად გამოიყურები და კარგი ნამზეური გაქვს, სად გაირუჯე?
- ამერიკაში ძალიან ცხელოდა და იქ გავირუჯე, თუმცა თბილისში რომ ჩამოვედი, აქაც კარგი ამინდები დამხვდა და აქაც ვეფიცხები მზეს, ცოტა ხანში ბათუმში ვაპირებ წასვლას და იქაც დავამატებ რუჯს, ძალიან მიყვარს ნამზეური.
- ამერიკაში ალბათ მოიარე მაღაზიები და კარგად იშოპინგე...
- რა თქმა უნდა, შევიარე მაღაზიებში მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ ბოლო დროს ლაურას შეკერილი ნაწარმით ვიმოსები, მოგეხსენებათ, ჩემს დედამთილს სამკერვალო ფაბრიკა აქვს. ჩემსა და ლულუს ჩაცმულობაზე ძირითადად ლაურა ზრუნავს და ის გვიკერავს სამოსს.
- გიორგის თუ აქვს რაიმე გართულება შენს ჩაცმულობასთან დაკავშირებით?
- არანაირი გართულება არ აქვს. მოსწონს, როდესაც მაღალქუსლიანები მაცვია. სამხატვრო აკადემია დაამთავრა და განსხვავებული ხედვა აქვს, ამიტომ მის გემოვნებას ბოლომდე ვენდობი. ყოველთვის ვიცვამ ისე, როგორც გიორგის მოსწონს.
- როდესაც მასთან ერთად რაიმე შეხვედრაზე მიდიხარ, სამოსს გიორგი ხომ არ გირჩევს?
- კი, ხშირად ყოფილა ასეთი შემთხვევა. ასევე ხშირად მანებივრებს სამოსით, დამოუკიდებლადაც ყიდულობს.
- შეიძლება ითქვას, რომ შენს ჩაცმულობაზე დედამთილი და ქმარი ზრუნავენ?
- კი ასეა (იცინის).
- დასასრულ, გვითხარი, მოდელობას თავი საბოლოოდ დაანებე?
- შეიძლება ასეც ითქვას, მაგრამ ამის მიზეზი ვინმეს, მით უმეტეს გიორგის წინააღმდეგობა არ ყოფილა, მას არ აქვს ასეთ რაღაცებზე გართულება. ვსწავლობ და მირჩევნია ამას მოვახმარო მთელი ენერგია, ვიდრე მოდელობას.
ციცი ომანიძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)