გაშიშვლდება თუ არა ნიკა არაბიძე უცხოური ჟურნალისთვის

გაშიშვლდება თუ არა ნიკა არაბიძე უცხოური ჟურნალისთვის

"კომედი შოუს" მსახიობი - ნიკა არაბიძე "დეტექტორმა" ცოტათი დააბნია: გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება გაუჭირდა, მაგრამ უხერხული სიტუაციებიდან თავის დაღწევა მაინც მოახერხა...

- ნიკა, სიზმრების გჯერათ?

- სიზმარს წელიწადში 3-4-ჯერ ვხედავ. მეუბნებიან, - ეს კარგია, ბედნიერი კაცი ხარო.

- ვთქვათ, მთელი წლის განმავლობაში არაფერი დაგესიზმრათ, მაგრამ წლის ბოლოს ზედიზედ სამჯერ, ერთი და იგივე რამ ნახეთ: ვიღაც კაცი გეუბნებათ, - ჩემი ვალი გაქვსო!

- მთავარია, ცხადში არ გადამეკიდოს და სიზმარში კი მივცემ ფულს.

- ვთქვათ, ის არ გიკონკრეტებთ, რისი ვალი გაქვთ.

- ჰოდა, ეს სიზმარშივე უნდა მითხრას! რაღაც არა მგონია, ვინმეს ვალი მქონდეს, მაგრამ თუ მაინც გავიხსენებ, რომ ვიღაცის რაღაც მმართებს, მაშინვე მივაშავებ, თუ არა და, დავსხდებით, ჭიქა ღვინოს დავლევთ... მოკლედ, მევალეს აუცილებლად გავისტუმრებ.

- რესტორანში მარტო ვახშმობთ...

- (მაწყვეტინებს) რესტორანში მარტო არ შევალ!

- და მაინც: მოგშივდათ, რესტორანში შეხვედით, იქ კი მამაკაცი გიახლოვდებათ და თქვენს მაგიდასთან დაჯდომის ნებართვას ითხოვს. შეხედავთ და მასში სიზმარში ნანახ მევალეს ამოიცნობთ.

- რა უნდა, კაცო, დამანებოს თავი, ჩემ გარდა ვერავინ ნახა?!. ჯერ გამიხარდება - აბა, ადამიანმა რესტორანში მარტო როგორ უნდა ივახშმო? - და დავპატიჟებ, მაგრამ საჭმელს რომ გეახლებით, მერე მეწყინება, მევალე თავზე რომ დამადგა.

- სიზმრის შესახებ უამბობთ?

- აბა, რას ვიზამ?! ოღონდ - პირიქით ვეტყვი: ჩემი ვალი გაქვს და სიზმარში მიბრუნებდი; მაძალებდი, - გინდა თუ არა, ვალი უნდა დაგიბრუნო და ბოდიში, რომ დაგიგვიანეო. ძალიან დიდ თანხას არ დავუსახელებ, კაცს გული რომ არ გაუსკდეს! ამის თქმაც შეიძლება: "ჩემი ვალი გქონია და აქ მაინც დამპატიჟე, შე კაი ადამიანო"...

- მოკლედ, ივახშმეთ, ერთმანეთიც გაიცანით. უცებ ხელს ხელზე ნაზად გადებთ და თვალებში გიყურებთ...

- გააგდე აქედან! მითხარი, რამდენი მაქვს მისი ვალი, რომ მივაშავო და დამანებოს თავი, რა. ბიჭოს!.. როგორი სიამითაც ვივახშმე, ისე ჭამა მაგან საჭმელი! რას მერჩის, რა უნდა?!

- სამსახურში მისულს, ალეკო მალხაზიშვილი მას "კომედი შოუს" ახალ მსახიობად გაცნობთ.

- სამუშაოდ სხვაგან გადავდივარ (იცინის)! ალეკოს ცალკე ოთახში გავიყვან და ვეტყვი: გვატყუებენ, გვატყუებენ, ალექს! ეს ის არ არის, ვინც შენ გგონია-მეთქი!

- იმის ალბათობას არ უშვებთ, რომ ეს ხუმრობა იყო?

- სხვა სახუმარო თემა ვერ ნახა, მაინცდამაინც რომ "მეტაკა" და მოფერება დამიწყო?!

- "ღამის შოუს" სტუდიიდან გირეკავენ და სამსახურს გთავაზობენ.

- "იმედიდან"? იქაც ჩვენი მეგობრები არიან, მაგრამ მიმაჩნია, რომ ახლა "კომედი შოუში" უნდა ვიყო. სხვაგან ვერ გადავალ, აქ უამრავი საქმე მაქვს... ისე, რომ იცოდე, იმ ვიღაც "მევალის" გამო სამსახურში საკითხს დავსვამდი: მე უფრო მნიშვნელოვანი ვარ თუ ვიღაც გაურკვეველი ორიენტაციის მამაკაცი, რომელიც "მეჩალიჩებოდა" და "კომედი შოუშიც" ჩემ გამო მოვიდა, რომ რაღაცები დამმართოს-მეთქი?!.

- ეჭვიანი ცოლი გყავთ?

- ზომიერად. ზოგადად, ერთმანეთს ეჭვიანობის საბაბს არ ვაძლევთ. დილიდან საღამომდე სამსახურში ვარ და ვცდილობ, თავისუფალი დრო ოჯახს დავუთმო.

- წარმოიდგინე, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მეუღლესთან ერთად დგახარ. მოულოდნელად სიმპათიური ქალბატონი გიახლოვდებათ და ავტოგრაფს გთხოვთ...

- ამაში განსაკუთრებული არაფერია. შეიძლება, მეუღლემ ალმაცერად გადმომხედოს და მკითხოს: ის ქალბატონი ვინ იყოო? თუკი მხოლოდ ავტოგრაფით შემოიფარგლება, ექსცესებს ადგილი არ ექნება.

- ქალბატონი პერანგის ღილებს იხსნის და გთხოვთ, ავტოგრაფი მოშიშვლებულ მკერდზე დაუტოვოთ.

- დედააა!.. ახლა რთულ სიტუაციაში ვარ. რა ვქნა - მოვაწერო ხელი თუ არა (ფიქრობს)?.. სავარაუდოდ, არ მოვაწერ.

- რატომ?

- საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ვიღაცას მკერდზე ავტოგრაფს რომ უტოვებ, მგონი, მინიმუმ, უხერხულია. თან, ადამიანს რომ არ იცნობ და ისე აწერ... რომ ვიცნობდე, კიდევ - ჰო...

- განმარტოებით რომ იყოთ?

- მაშინ მივაწერ, კაცო (იცინის)!

- ოჯახისთვის საკვებ პროდუქტებს თქვენ ყიდულობთ?

- ამ საკითხს ძირითადად, ოჯახის წევრები აგვარებენ, მაგრამ თუ შინ რაიმე შემოაკლდათ (მაგალითად, პური), საღამოს მისი მიტანა მე მევალება.

- ვთქვათ, თქვენი ოჯახის წევრები დასასვენებლად წავიდნენ და პროდუქტების საყიდლად წასვლა მარტოს მოგიხდათ. მაღაზიაში შესულს, გარშემო მყოფები უცნაურად გიყურებენ.

- უპირველეს ყოვლისა, ასეთ სიტუაციაში წელს ქვემოთ უნდა დაიხედოთ: ან შიშველი, ან - ტრუსის ამარა ხართ... ალბათ, ძალიან უხერხული მომენტია. შარვლის ჩაცმა რომ დამვიწყებოდეს, მსგავსი ფაქტი არ მახსენდება.

- ვთქვათ, შარვალი ნორმალურად გაცვიათ, მაგრამ მაისური ჩაგიცვამთ უკუღმა.

- ის მაინც მითხარი, იმ მაღაზიაში ვინმეს ვიცნობ?

- თქვენს სახლთან მდებარე მაღაზიაში ხართ და ალბათ, იცნობთ.

- "ჩემთვის" ჩავილაპარაკებ: არ ვიცი, რატომ შემოვიდა მოდაში "მაიკის" უკუღმა ჩაცმა-მეთქი.

- ოდესმე ისე დამთვრალხართ, რომ მეორე დღეს არაფერი გახსოვდათ?

- შეიძლება სტუდენტობის პერიოდში მსგავსი რამ მომხდარა, მაგრამ ახლა ყოველთვის ვცდილობ, ალკოჰოლური სასმლის დონე ვაკონტროლო, ძალიან არ დავთვრე და შესაბამისად, შინ "მისატანი" არ გავხდე... ერთხელ სტუდენტობისას ძალიან მაგრად დავთვერი. ქეიფის მერე მე და ჩემი ძმაკაცები ერთად წამოვედით. ბიჭებს რაღაც დაავიწყდათ და სადარბაზოდან უკან, მასპინძელთან მიბრუნდნენ. მე სიარულის თავი არ მქონდა და ძმაკაცებს კედელზე მიყუდებული ველოდებოდი. თურმე, მეგობრებმა ქეიფი გააგრძელეს, მე კი ყველას დავავიწყდი. მთელი საათი კედელზე საცოდავად "მიდგმული" ვიყავი. მსიამოვნებდა, გრილ ადგილზე თავი რომ მქონდა მიდებული. ჰოდა, ვიყავი ჩემთვის მანამ, ვიდრე ბიჭებს არ გავახსენდი.

- სიმთვრალეში რაიმე თუ დაგიკარგავთ?

- ადამიანს თუ რამე გაქვს დასაკარგი, არ უნდა დათვრე. პირადად მე, მაშინ ვსვამ, როცა ჯიბეში არაფერი მაქვს და შესაბამისად, ვერაფერსაც ვერ ვკარგავ. ისე, უმნიშვნელო რაღაცები დამიკარგავს.

- ვთქვათ, ქეიფის მეორე დღეს აღმოაჩინეთ, რომ წინა ერთი კბილი არ გაქვთ. არადა, ერთ-ერთ გადაცემაში ხართ მიწვეული და გაგვიანდებათ.

- გადაცემაში თუ მიმიწვიეს, ალბათ, იქ სალაპარაკო მაქვს, არა?

- რა თქმა უნდა! თქვენი საქმიანობის სფეროს თუ გავითვალისწინებთ, ხშირად გაღიმებაც მოგიწევთ.

- წამყვანს გავაფრთხილებ, რომ ასე თქვას: "დღეს სტუმრად გვეყოლება ბატონი ნიკა არაბიძე, რომელიც ძალიან ორიგინალურად გვესაუბრება". მოკლედ, შევეცდები მუნჯურად, ჟესტებით ვილაპარაკო.

- ხალხის გაცინებას ჟესტებითაც მოახერხებთ?

- როგორ გამომივა, არ ვიცი - ასეთ დღეში არასოდეს ჩავვარდნილვარ, მაგრამ შევეცდები მაინც... ან სულაც, ვიტყვი, რომ კბილი პროტესტის ნიშნად ამოვიღე.

- რას აპროტესტებთ?

- მაგალითად: ამდენი ხანია, ნატოში შესვლას ველოდებით. ჰოდა, რომ არ შევყავართ, პროტესტის ნიშნად, წინა კბილი ამოვიღე! თუკი ახლა მაინც არ გაგვაწევრებენ, ერთ თვეში წინა კბილებს სულ დავიძრობ-მეთქი! ამ პერიოდის გასვლის შემდეგ რომ მკითხავენ, - რატომ არ დაიძრეო? ვუპასუხებ: "იქიდან" დამირეკეს და მითხრეს, - ცოტა ხანს გვაცადე, გაფიცებ ყველაფერს და ამ საქმეს მოვაგვარებთ, შენი ჭირიმეო.

- და იმწუთას, როცა აღმოაჩენთ, რომ კბილი არ გაქვთ, რას იფიქრებთ?

- ალბათ, სუფრაზე მოუხარშავი ბარკალი იყო, რომელსაც ვეჯაჯგურებოდი და კბილი ბარკალში ჩარჩა-მეთქი.

- სერიალებს უყურებთ?

- ნაკლებად.

- ვთქვათ, ერთ-ერთი ბრაზილიური სერიალის გახმოვანება შემოგთავაზეს. გითხრეს: მთავარ გმირს ყველაზე მეტად, შენი ხმის ტემბრი მოუხდებაო.

- ამ წინადადებას რატომ არ უნდა დავთანხმდე? ხელფასი ხომ მექნება?

- რა თქმა უნდა!.. სერიალში თქვენ მიერ გახმოვანებული პერსონაჟი ისეთი პოპულარული გახდა, რომ დანარჩენ სერიალებზე მუშაობაც მოგანდვეს. მოკლედ, "კომედი შოუსთვის" დრო აღარ გრჩებათ...

- არა მგონია, "კომედი შოუ" სერიალებში გავცვალო. იმდენს გავახმოვანებ, რამდენსაც შევძლებ... ისე, ცნობისათვის, მე ყველაფერს მოვასწრებ. ბოლოს და ბოლოს, კვირაში ერთ დღეს დავამატებ და 8-დღიანი კვირა მექნება!

- უცხოური მოდის ჟურნალიდან გირეკავენ და ფოტოსესიას გთავაზობენ...

- ისეთი "ჩამოსხმული" ტანი მაქვს, ამდენ ხანს რატომ არ დამირეკეს, ეგ მიკვირს, თორემ ოდესმე რომ შემეხმიანებიან, ვიცი (იცინის).

- ჟურნალის წარმომადგენლებს თქვენი გარეგნობა ძალიან მოეწონათ. მიაჩნიათ, რომ თქვენგან კარგი ფოტომოდელი დადგება. უბრალოდ, ცოტა წონაში უნდა დაიკლოთ და ამაზეც თავად იზრუნებენ; მერე კი, როცა მათთვის მისაღებ ფორმაში ჩადგებით, ფოტოსესიისთვის უნდა გაშიშვლდეთ...

- ცოტათი რომ მეცვას, არ შეიძლება? თუ უნდათ, რომ სულ შიშველი ვიყო, ჩემი ბავშვობის სურათებს გავგზავნი, ცხოველის ტყავზე წამოგორებულს რომ მაქვს გადაღებული.

- მოკლედ, რა გადაწყვიტეთ - გაიხდით ჟურნალისთვის თუ არა?

- არ ვიცი, არ ვარ ამისთვის მზად! ხომ შეიძლება, შორტები მაინც მეცვას?

- შორტები - არა, მაგრამ ტრუსი - შეიძლება.

- მხოლოდ ტრუსი?

- კი, ოღონდ - "ტანგა". სამაგიეროდ, ოთხჯერ მეტი ხელფასი გექნებათ, ვიდრე ახლა გაქვთ.

- "ტანგა" - არა!.. ალბათ, არ დავთანხმდები.

- ალბათ?

- ალბათ (იცინის)!

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება