მაია ფანჯიკიძე - ბეთქილ შუკვანზე ლადო ვარძელაშვილისა და გია უდესიანის მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა

მაია ფანჯიკიძე - ბეთქილ შუკვანზე ლადო ვარძელაშვილისა და გია უდესიანის მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა

"ქართული ოცნება" სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ლონდონის ოლიმპიადაში მონაწილე ქართველ ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანზე ზეწოლასა და უყურადღებობაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ 2 აგვისტოს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" მხარდაჭერის გამო, ბეთქილ შუკვანზე ლადო ვარძელაშვილისა და მისი მოადგილის, გია უდესიანის მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა.

ფანჯიკიძის განცხადებით, შუკვანზე ზეწოლა ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციის გამგზავრებისთანავე დაიწყო, ის თვითმფრინავშიც გაგრძელდა.

მისი თქმით, შუკვანს ეუბნებოდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მხარი არ დაეჭირა და უცენზურო სიტყვებითაც მიმართავდნენ.

ფანჯიკიძის თქმით, შუკვანმა ოლიმპიადაზე პირველი შეჯიბრი მოიგო, მეორე შეჯიბრი კი წააგო, რის შემდეგაც ძიუდოისტმა მიიჩნია, რომ მსაჯები უსამართლოდ მოექცნენ. "ქართული ოცნების" პრესსპიკერის ინფორმაციით, ძიუდოისტმა რეაგირებისთვის ქართულ დელეგაციას მიმართა, თუმცა დახმარება ვერ მიიღო.

ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ შუკვანს ქართული დელეგაციის წევრები იმიტომ არ დაეხმარნენ, რომ ის ღიად აცხადებს ბიძინა ივანიშვილისადმი მხარდაჭერას.

"ქართული ოცნების" პრესსპიკერის თქმით, შუკვანს ოლიმპიური სოფლიდან გამოპარვაც კი დასჭირდა, რადგან მასთან შეხვედრას ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გია უდესიანი 10 კაცთან ერთად ითხოვდა. თუმცა შუკვანმა შეხვედრას თავი აარიდა და ფანჯრიდან გადახტა. საქართველოში კი ხორვატი მეგობრის დახმარებით დაბრუნდა.

ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ბეთქილ შუკვანის ასპარეზობა ქართულ ტელევიზიებს არ გადმოუციათ მაშინ, როდესაც ყველა ქართველი მონაწილის შეჯიბრი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

"ეს ფაქტი არის კლასიკური ნიმუში იმისა, რომ ამ ქვეყანაში სპორტსმენები იყოფიან ხელისუფლების და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებად და ეს დაპირისპირება ხელისუფლებას სპორტსმენებში ხელოვნურად შეაქვს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

ფანჯიკიძის თქმით, ისინი ბეთქილ შუკვანისათვის ადვოკატის აყვანას და ყველაფრის გარკვევას აპირებენ.

პრესკონფერენციას თავად ბეთქილ შუკვანიც ესწრებოდა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა