თამრიკო ჭოხონელიძე: "მე ქალი დავკარგე ჩემში და ამას არავის ვაპატიებ"

თამრიკო ჭოხონელიძე: "მე ქალი დავკარგე ჩემში და ამას არავის ვაპატიებ"

ქართულ შოუბიზნესში არსებულ კლანებზე, დაბლოკილ კონცერტებსა და კიდევ ბევრ მტკივნეულ საკითხზე დღეს ბევრს ლაპარაკობენ ხელოვნების მოღვაწენი. რატომ ცდილობდნენ თამრიკო ჭოხონელიძის კონცერტისთვის ხელის შეშლას, რატომ თქვა უარი მაჟორიტარობაზე და უქმნის თუ არა უხერხულობას ყოფილი მეუღლის ნაციონალობა? ამ და სხვა საინტერესო შეკითხვებზე დღეს ჩვენი რესპონდენტი გულწრფელად უპასუხებს. ის პირველად ჰყვება ისტორიას, რომელიც ნიკა მემანიშვილსა და ნიკა რურუას უკავშირდება. მუკისოსს შინ ვესტუმრეთ და მისი ორი წლის საოცრად მუსიკალური შვილიშვილიც გავიცანით. ინტერვიუს დაწყებამდე პატარა ელენემ, ფაქტობრივად, სოლოკონცერტი გამართა ბებიის დახმარებით. გვიმღერა რუსულად, ქართულად, გვიცეკვა ბოშური. ერთი სიტყვით, კარგად გაგვამხიარულა.

- თამრიკო, თვალშისაცემია შენი დაკლებული კილოგრამები. როგორ მოახერხე ეს?

- ჯერ სად ხართ (იღიმება). ერთი ამდენი კიდევ დასაკლები მაქვს, ეფექტი რომ მოვახდინო. მივხვდი, რომ დადგა დრო, საკუთარ თავს მოვუარო და პატივი ვცე. მე ყველაზე დიდი პატრონი ვარ ჩემი შვილებისა და შვილიშვილის და მივხვდი, რომ კარგად უნდა ვიყო. არ ვიყავი კარგად, ჯანმრთელობა შემერყა, მაგრამ მხოლოდ ეს არ ყოფილა მიზეზი. გავაცნობიერე, რომ ქალი ვარ და სხვაგვარადაა საჭირო თავის მოვლა. ესთეტიკური მხარე რატომღაც გვერდზე მქონდა გადადებული.

- რამ მიგიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე?

- გაგიკვირდება და არანაირი სიახლე არ არის ჩემს პირად ცხოვრებაში.

- არადა, თვალები სხვაგვარად გიბრწყინავს...

- (ეღიმება) არა, მართლა თამამად შემიძლია გითხრა, რომ არაფერი არ არის ამ მხრივ ახალი, თუმცა დადგა პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, როცა, უბრალოდ, ქალად ვიგრძენი თავი. ალბათ უცნაურია ასეთი ფრაზის მოსმენა ქალისგან, რომელსაც არ ჰყავს მეგობარი მამაკაცი, მაგრამ ასეა... იყო პერიოდი, როცა ძალიან კარგად ვგრძნობდი საკუთარ სქესს და ბედნიერიც ვიყავი ამ მხრივ, მაგრამ მერე ამ თვალსაზრისით ძალიან ბნელი პერიოდი დამიდგა ცხოვრებაში, რომელმაც, პირველ რიგში, ჩემს გარეგნობაზე, ჩემს ნერვულ მდგომარეობაზე იმოქმედა, ჩემში შემოიპარა ის, რაც ჩემი არ იყო. შეიძლება ვარ პრინციპული, ზოგჯერ მკაცრიც, მაგრამ აგრესიული არასდროს ვყოფილვარ. ამ გადასახედიდან, როცა ვუყურებ ჩემს სატელევიზიო გამოსვლებს, ვიხსენებ ყოველდღიურ ურთიერთობებს ჩემთვის ძვირფას ადამიანებთან, ვფიქრობ, რომ აგრესიის ნიშნები იყო ჩემში.

- რომელ სატელევიზიო გამოსვლებს გულისხმობ?

- პოლიტიკური განცხადებები არასდროს გამიკეთებია. ეს არ არის ის სფერო, რომელშიც მე კომპეტენტური ვარ და ძალას ვგრძნობ. როცა საქმე ჩემს სფეროს ეხებოდა, ყოველთვის ძალიან პრინციპული ვიყავი. როცა ამ სფეროში იყო რაიმე სავალალო, რაზეც საჭირო იყო განგაშის ატეხა, რა თქმა უნდა, ამის ერთ-ერთი მოთავე ვიყავი და ცეცხლს ვენთებოდი. ახლაც მზად ვარ ამ ყველაფრისთვის, თუმცა თამრიკო ჭოხონელიძეს აგრესია არ უხდება და ეს იმ ბნელმა პერიოდმა გამოიწვია, როცა მე დავკარგე ჩემში ქალი, რასაც არასდროს არ ვაპატიებ არავის! და ვინ არის ის "არავინ", ჩვენმა მკითხველმა განსაჯოს.

- დეპრესიაც გქონდა?

- დეპრესიის დასაწყისი იყო და მადლობა უფალს, რომ სწორედ ამ დროს გამომაფხიზლა, როგორც ჩანს, სილა გამაწნა. ავდექი, ჩავიცვი და წავედი ექიმთან. ექიმთან არა, ექიმებთან. აღმომიჩინეს ის პრობლემა, რის გამოც ყველაზე მეტად ვიყავი დათრგუნული. ეს იყო ჩემი წონა. ძალიან მალე მოგვარდა ეს პრობლემა, ერთ თვეში ათი კილოგრამი დავიკელი და ახლაც კლების პროცესში ვარ. ამ ყველაფერმა სტიმული მომცა, განწყობა შემეცვალა და ის თვალები, რომელსაც წეღან ხაზი გაუსვი, მხოლოდ იმის გამოვლინებაა, რომ სარკეში ძველ თამრიკოს ვხედავ.

- როგორ დაიკელი წონაში?

- კვების რაციონიდან ამოღებული მაქვს ცომეული და შაქარი. ეფექტურია თვრამეტსაათიანი შიმშილი, საღამოს ექვსი საათიდან დღის თორმეტ საათამდე, მხოლოდ წყალი შეგიძლიათ დალიოთ, არანაირი ხილი და მაწონი. 3-4 დღეში შედეგი გარანტირებულია.

- თამრიკო, დღეს რას საქმიანობ?

- მაქვს სტუდია, სადაც ვამეცადინებ ბავშვებს და თეატრალურ უნივერსიტეტში მუსიკალური განყოფილების სახელოსნოს ვხელმძღვანელობ. ძალიან საინტერესოა სტუდენტებთან მუშაობა და ახლაც დღეებს ვითვლი, როდის შევხვდები მათ. გარდა ამისა ვიწყებ არჩილ კერესელიძის ნაწარმოებების მოძიებას და განახლებას, ისევე, როგორც გავაკეთე რეზო ლაღიძის შემოქმედებასთან მიმართებით. ჩვენი შვილების თაობა საერთოდ არ იცნობს არჩილ კერესელიძეს, არადა ძალიან დიდი კომპოზიტორია, უდიდესი მასშტაბის და მე ამას დავამტკიცებ, ისევე როგორც...

- ისევე როგორც დაამტკიცე რეზო ლაღიძის შემთხვევაში.

- დიდი მადლობა ამ შეფასებისთვის. არჩილ კერესელიძე კიდევ უფრო საინტერესოა ჩემთვის, ვინაიდან რეზო ლაღიძეს "თბილისოთი" მაინც იცნობს ჩვენი შვილების თაობა. ვნახოთ, თუ გამაჟღერებინეს, გავაჟღერებ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი პრობლემა შემექმნა რეზო ლაღიძის კონცერტამდე.

- რას გულისხმობ?

- ბევრს გზა მხოლოდ იმიტომ აქვს ხსნილი ქართულ შოუბიზნესში, რომ მათი სიტყვები მალამოდ ედება დღევანდელ ხელისუფლებას. და რადგან მე თუნდაც ჩემს სფეროში განსხვავებული აზრი მქონდა, ადრევე მიმიჩნიეს მტრად. ნიკა ნიკვაშვილის და კიდევ ერთი ჭეშმარიტი ქართველის, უნიჭიერესი გოგა გომიაშვილის (რომლის გარდაცვალებიდან უკვე 40 დღე შესრულდა) წყალობით, როგორღაც დაიძრა ეს პროექტი და ფინალამდე მივიდა. კონცერტამდე ორი კვირით ადრე მირეკავს ნიკა მემანიშვილი, რომელიც ჩემ გვერდით უნდა მდგარიყო სცენაზე და მის ორკესტრს აკომპანირება გაეწია ჩემთვის, და მეუბნება, რომ კონცერტი იშლება, რადგან კონცერტის წინა დღეს ბატონი ნიკა რურუა პარიზში მაგზავნის ჩემი ორკესტრითო. ეს იყო შოკი. ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე, აღარ ვაპირებდი არაფრის გაკეთებას.

- კონცერტის თარიღის გადაწევაზე არ გიფიქრია?

- არა, მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი კონცერტის ჩაშლის შეგნებული მცდელობა. თუ რატომ, ალბათ ამ კითხვას ოდესმე გაეცემა პასუხი. ხორვატიაში დავურეკე დათო დოიაშვილს, რომელიც ჩემი კონცერტის რეჟისორი გახლდათ, "მაკბეტი" ჰქონდა წაღებული და ძალიან ბევრ ნომინაციაში გაიმარჯვა ამ სპექტაკლმა. დათო არ დაესწრო დაჯილდოების ცერემონიალს, რადგან შევატყობინე, რომ კონცერტს აღარასდროს ჩავატარებდი და თბილისში დაბრუნდა. მიხვდა, რომ ცუდი სიტუაცია იყო, ჩამოვიდა და გამომაფხიზლა. მიმახვედრა, რომ ბრძოლა იყო საჭირო და არა ხელის ჩაქნევა. ეს ამბავი არასდროს საჯაროდ არ მომიყოლია. ახლაც რომ ვყვები, ძალიან განვიცდი. ნიკა ნიკვაშვილმა, რომელიც ამ პროექტზე ჩემთან ერთად მუშაობდა, დაიჩემა, უნდა წახვიდე ნიკა რურუასთან და სიმართლე გაიგოო. ვაღიარებ, იმ დროს დანახვა არ მინდოდა არც ნიკა რურუასი და არც სხვა ვინმესი, მაგრამ დავუჯერე და მივედი ნიკასთან. არ დამავიწყდება მისი გაკვირვებული სახე. იქით მკითხა, მე როდის ვაგზავნი ნიკა მემანიშვილს ორკესტრთან ერთად სადმეო. პირდაპირ მითხრა, პარიზში არავინ მიდის და შენი კონცერტი აუცილებლად ჩატარდებაო. კონცერტი გაიმართა ნიკასთან და მის ორკესტრთან ერთად. მემანიშვილისგან მივიღე ასეთი შინაარსის სატელეფონო მესიჯი, - ოდესმე ვიტყვი, რა მოხდა სინამდვილეშიო. კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს ნიკა მემანიშვილთან პეტრე გრუზინსკის საღამოსთან დაკავშირებით. აქვე ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ პეტრე გრუზინსკის დაბადების დღე არავის გახსენებია, ვიდრე მე არ ვთქვი ჩემს საღამოზე, რომ მას 90 წელი შეუსრულდა და ამ თარიღის აღნიშვნა იყო საჭირო. ამ საღამოს შემდეგ სახელმწიფომ გამართა კონცერტი, რომელზეც სრულდებოდა პეტრე გრუზინსკის ლექსებზე შექმნილი სიმღერები. გამოდის ტელევიზიით ნიკა მემანიშვილი და ასეთ რამეს ამბობს: "ამ კონცერტში მონაწილეობს უკლებლივ ყველა ის მომღერალი, ვისაც ქართული სიმღერისთვის არ უღალატია". ამ კონცერტში არ მონაწილეობდნენ მაია ჯაბუა, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ირმა სოხაძე, ეკა კვალიაშვილი და თამრიკო ჭოხონელიძე. დადგა დრო, ხმა ამოვიღო ამ ყველაფერზე. თქვენი ჟურნალის საშუალებით მინდა ვკითხო ნიკა მემანიშვილს, ცოტა უხერხული ხომ არ არის ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება საზოგადოების წინაშე იმ ხალხის მიმართ, ვისაც მართლა არასდროს უღალატია ქართული სიმღერისთვის? ძალიან ბევრი რამ მოხდა ამ შვიდი წლის განმავლობაში ისეთი, რამაც მე გამაოგნა. ეს ის ქვეყანაა, სადაც ჩვენ არ გვაქვს უფლება სიმართლე ვთქვათ?! ეს ის ქვეყანაა, სადაც ჩვენ არ გვაქვს განგაშის ატეხის უფლება?! ეს ის დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც სიტყვა არ გეთქმის და საპირისპირო მოსაზრების გამო მტრად მიგიჩნევენ?! მაშინ რატომ უკვირთ მავანთ და მავანთ, რომ დღეს მე განსხვავებულ აზრზე ვდგავარ და სხვა პოზიცია მიჭირავს? მომისპეს სფერო, რომელიც სათაყვანო და ძალიან ძვირფასია ჩემთვის.

- თამრიკო, მომღერლების დაბლოკვაზე, პოლიტიკური ნიშნით შერჩევაზე და ამ ნიშნითვე კონცერტებზე მოპატიჟებაზე დიდი ხნით ადრე ალაპარაკდნენ ცალკეული მუსიკოსები თუ მომღერლები. ჩვენ არ გვახსოვს თამრიკო ჭოხონელიძის პოლიტიკური განცხადებები. რატომ დუმდი აქამდე?

- პოლიტიკურ განცხადებას არც ახლა ვაკეთებ. ვამბობ, რომ მე, როგორც მოქალაქე, ვარ ცუდად. დიაგნოზი ავადმყოფს ექიმმა უნდა დაუსვას, მკურნალობაც ექიმის პრეროგატივაა. ვიღაცამ, რომელიც ექიმის მისაღებში რიგში დგას, რაც უნდა მელაპარაკოს, შენ ეს გჭირს და ასე უნდა იმკურნალოო, არ დავუჯერებ. ზუსტად იმავე როლში ვარ მეც. პოლიტიკა არ არის ჩემი სპეციალობა. მაგრამ მაშინ, როცა შენს კულტურას თელავენ, იმას, რასაც შენი ქართული ხალხური შემოქმედება ჰქვია, როცა სხვისი მოპოვებული საგანძური დღევანდელი, ხელისუფლების მეხოტბე შოუბიზნესელების საკუთრებად საღდება, დანაშაულია ხმა არ ამოიღო. მით უმეტეს, თუ ამ სფეროს სპეციალისტი ხარ. როცა ვხედავ, ჩემ თვალწინ უტიფრობის ზეიმია, აუცილებლად ავიმაღლებ ხმას და როცა ჩემი შვილი და შვილიშვილი მკითხავს, სად იყავი, როცა ქართული ხელოვნება იღუპებოდაო, თამამად ვიტყვი, რომ ჩუმად არ ვიყავი, ჩემი წილი ხმა ამოვიღე.

- შენი ყოფილი მეუღლე, გია როინიშვილი, კვლავ ნაციონალებ­ის სიით იყრის კენჭს საპარლამენტო არჩევნებში. ეს გარკვეულწილად უხერხულობას არ ქმნის, როცა შენ სხვა პოზიცია გიკავია?

- იმან იუხერხულოს, ვისაც საუხერხულო აქვს.

- ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ სწორედ იმ დროს განუდექი საბოლოოდ გიას, როცა ის პოლიტიკაში წავიდა...

- (მაწყვეტინებს) ეგ მოსაზრება ჩემამდეც მოვიდა. მეუბნებიან, რომ გია სწორედ ამიტომაა ჩემზე ნაწყენი. მინდა შევახსენო მკითხველს და ყველას, ვისაც ეს აინტერესებს, რომ ჩემი ყბადაღებული გამოსვლები ქართული ხელოვნების დასაცავად, ფოლკლორის დასაცავად, რომელზეც ზემოთ მოგახსენებდით, 2003 წლიდან დაიწყო. არსებობს ამის რადიოჩანაწერები, პრესაში ინტერვიუები, სატელევიზიო გამოსვლები. მაშინ მე და გია ჯერ კიდევ ერთად ვიყავით. გიამ ძალიან კარგად იცის, რამდენი დაბრკოლება და გულისტკენა მქონდა ამ ყველაფრის გამო. ახლა კი მე ვსვამ კითხვას, როდის მივიდა გია პოლიტიკაში? - 4-5 წლის წინ. ასე რომ, ვინ ვის განუდგა, ვინ როდის წავიდა და ვინ ვის უღალატა, ეს მკითხველმა თავად განსაჯოს!

- დღეს ალბათ გაქვს გიასთან ურთიერთობა, გქონია პოლიტიკაზე საუბარი? რჩევა თუ მიგიცია?

- გვქონია, მაგრამ გიას აქვს საუბრის ის მანერა, რაც ზოგადად ნაციონალებს ახასიათებთ - ორ ხმაში საუბარი. ჩვენ ორ ხმაში ვსაუბრობდით. ის თავისას მიმტკიცებდა და მე - ჩემსას. მივხვდი, რომ ეს იმ დებატებს ემსგავსებოდა, როცა ძირითადად ხმას, რომლის ლაპარაკის ჯერიც არის, პარალელურად ზევიდან ეფინება მეორე ხმა და არც ერთის პოზიცია არ გვესმის. გადავწყვიტე, აღარ მელაპარაკა გიასთან პოლიტიკაზე, იმიტომ, რომ ჩვენ შორის მთავარი სალაპარაკო თემა გაცილებით მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო. ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი ის ფაქტი, რომ მე და გია ოფიციალურად ცოლ-ქმარი აღარ ვართ, ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობა, მყარად ფეხზე დგომა, პირველ რიგში მისი შვილებისთვის და ჩემთვისაც. ძნელად ვივიწყებ იმას, რაც ჩემთვის ძვირფასი და კარგი იყო, ამიტომ შინაგანად გიას გვერდში დგომის ინსტინქტი მაქვს. როცა გიას დედა ჰყავდა მძიმედ, ღმერთმა ნათელში ამყოფოს ის ქალბატონი, ბევრს უკვირდა, რომ ამ დროს მე გიას გვერდში ვიდექი. მაშინაც, როცა ავად ჰყავდა დედა და მაშინაც, როცა გარდაიცვალა, ვეცადე გიასთვის ეს განსაცდელი გადამეტანინებინა. დედისერთაა და ვიცოდი, ძალიან რთული იქნებოდა ეს მისთვის. 40 დღის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთეთ მთელმა ოჯახმა იმისთვის, რომ მას თავი მარტო არ ეგრძნო. ორმოცდამეორე დღეს, როცა ეიფორია დამთავრდა და ყველა სახლებში წავიდა, გიაც გაქრა. დღეს არათუ კონტაქტი არ აქვს ჩემთან, ჩემს ტელეფონის ზარსაც აღარ პასუხობს. მინდა ვუთხრა გიას, დამშვიდდეს, ჩემი ტელეფონიდან ზოგჯერ მისი შვილები რეკავენ, როცა ანგარიშზე თანხა არ აქვთ. შოკში ვარ, რა არის იმაზე დიდი და მნიშვნელოვანი ამ ცხოვრებაში, ვიდრე საერთო შვილები, საერთო საქმის ერთად გადაწყვეტა, როცა უკვე შვილიშვილი გყავს, ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის კეთდება, რომ მე მისგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან ვურთიერთობ. ის, რომ სხვაგვარ პოზიციაზე მყოფი ადამიანებიც მისი თანამოძმეები არიან, ჩვენ ერთი სისხლი და ხორცი ვართ, არც გიას და არც მის გუნდს კარგად გააზრებული არ აქვთ. ეს რომ ერთ კონკრეტულ ოჯახს ეხებოდეს, კიდევ შეეგუებოდა ადამიანი, მაგრამ უბედურება იცით რა არის? ეს ვითარება საქართველოს მოდელია. განსხვავებული აზრის გამო ოჯახები დაინგრა, და-ძმა, მამა-შვილი გადაემტერა ერთმანეთს. აი, ეს არის ის, რასაც ვერ ვაპატიებ დღევანდელ ხელისუფლებას. ეს შუღლი და ზიზღი მათ დანერგეს, მათ გააკეთეს, უპატიებელი შეცდომა დაუშვეს შთამომავლობის წინაშე. ახლა ზნედაცემულობის, არაადამიანურობის, დაუნდობლობის დიდი გავლენა შეიმჩნევა და ამას, ძირითადად, ჩემი შვილების თაობა ემსხვერპლა. სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ყველაფრის აღდგენა და რეაბილიტირება. უნდა გავიხსენოთ, რომ ოდესღაც ერთმანეთი ყველას ძალიან გვიყვარდა!

- იქნებ გიას გულწრფელად სჯერა, რომ ქვეყანა აღმავლობის გზას ადგას?

- ზუსტად ვიცი, რომ სჯერა! ბევრი მისი თანაგუნდელისგან განსხვავებით, რომლებსაც სხვა მიზნები და ზრახვები ამოძრავებთ, გიას გულწრფელად სჯერა, რომ კეთილ საქმეს ემსახურება. ეს მისი პლუსია. გია შეიძლება ცეცხლს შეენთოს, თავისი პოზიციის სისწორეში რომ დაგარწმუნოს და თავადაც გულწრფელად სჯერა ამის. მან თავისი გუნდის და საქმის გამო პროფესიასაც კი უღალატა. სცენაც აღარ ენატრება, რაც ძალიან მაკვირვებს. მიმაჩნია, რომ ის უნიჭიერესი მსახიობია და მისი სახით საუკეთესო კადრი იკარგება როგორც მსახიობის, ისე პედაგოგის. ვერ წარმოიდგენთ, რამდენად ბევრს კარგავენ ახალგაზრდები, როდესაც გიასთან, როგორც პედაგოგთან, ურთიერთობა არ აქვთ.

- თამრიკო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარ კანდიდატად დასახელება შემოგთავაზა, რატომ თქვი უარი?

- ასეთი ფაქტი ნამდვილად იყო. შემომთავაზეს მაჟორიტარობა ჩოხატაურის რაიონში. ასეთი ნდობის გამოხატვა მართლა დიდი პატივია ჩემთვის, მაგრამ მაშინვე ჩავთვალე, რომ ჩემი ადგილი იქ არ იყო. სწორედ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ჩემი საქართველო. ჩემნაირი ადამიანების პარლამენტში მოსვლამ ბევრი რამ გააფუჭა. ვიფიქრე, რომ ერთ-ერთი იმათგანი ვიქნებოდი, რომელსაც იქ მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერის ფუნქცია ექნებოდა. ვფიქრობ, რომ საქართველოს და ბიძინა ივანიშვილს ტვირთად არ უნდა ავკიდებოდი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამ გუნდის პოზიციას არ ვიზიარებ, ან შემდგომში ჩემს სფეროსთან დაკავშირებით თუ რამ დასჭირდებათ, ერთგულ სამსახურს არ გავუწევ.

ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან მირონი მაკავშირებს, ბერას ნათლია ვარ და ვისაც ოდესმე რაიმე უწამია ღმერთის, იცის, რა წმინდა ცნებაა მირონი. ამიტომ, როცა ბერა გადის ხოლმე დიდი აუდიტორიის წინაშე, ხშირად ვარ მასთან. ლოცვა ნათლულთათვის ჩანთაში მიდევს და პირჯვარს ვსახავ ზურგიდან, როგორც ნათლია. მწამს, რომ ჩემი პატარა წილით ვაძლიერებ მას. მეტი არაფერი შემიძლია გავუკეთო, თუმცა კი ძალიან დიდი წილი სიყვარული მოიპოვა ჩემი. კმაყოფილი ვარ, რომ ბერა არის ბიძინა ივანიშვილის დიდი ჯგუფის ერთ-ერთი სახე. ჯანსაღად მოაზროვნე ახალგაზრდაა, თავმდაბალი, მოსიყვარულე და პატრიოტი. ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ძალიან მომეწონოს გარემო, სადაც თუნდაც ბერა ტრიალებს. ესეც რომ არა, მოვინუსხე ბიძინა ივანიშვილის პირველივე გამოსვლებით. ის ამბობდა იმას, რაც არც ერთი პოლიტიკოსისგან არ მომისმენია - ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ! ერთად უნდა ავიხდინოთ ქართული ოცნება! და ეს "ერთად" არ ნიშნავდა მხოლოდ კახი კალაძეს, ირაკლი ალასანიას და მისი გუნდის სხვა წევრებს, ამ "ჩვენში" ის მთელ საქართველოს გულისხმობს. მან თქვა, რომ "ჩვენი მოსვლა არ ნიშნავს სხვის გაგდებას". ის არ არის აგრესიული. არც კი ახსენებდა პრეზიდენტს. ამან გული ამიჩუყა. ის არავის გაგდების, განადგურების ხარჯზე არ აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას. ამან იმედი ჩამისახა, იქნებ ხვალ მართლაც მოდის გუნდი, რომელიც თავის წინამორბედზე, თანამოძმეზე შურს არ იძიებს და მართლა ღირსეულად იღვაწებს თავისი ქვეყნის ნათელი გზისთვის.

- ნათელმირონობის ფონზე რამდენად ხშირად გაქვს ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან?

- არცთუ ხშირად. ჩვენ ერთმანეთს მხოლოდ აქციებზე, შორიდან ვხვდებით. ერთხელ მცხეთაში მის აქციაზე ვიმღერე კიდეც. საერთოდ, ზედმეტი არაფერი მიყვარს.

- მუსიკალურობა ბერას შენ დაანათლე თუ ბოლომდე ვერ დაიბრალებ?

- (ეღიმება) არა, ძალიან მუსიკალურია დედამისი ეკა, კარგად ერკვევა მუსიკაში ბიძინაც. მაშინ, როცა ცოტა ურთიერთობდა ამ ოჯახთან, მე ხშირად ვსტუმრობდი მათ. მახსოვს, ბერა თავის უფროს ძმასთან, უტასთან ერთად თეთრ პერანგში გამოწყობილები შავი ბაფთით ყელზე როგორ მართავდნენ ოჯახურ კონცერტებს ვიოლინოთი ხელში. ცოტა ხნის წინ ვკითხე კიდეც ბერას, თუ გახსოვს ვიოლინოზე დაკვრა-მეთქი. - ახლად გაღვიძებულიც დავუკრავ, მაგრამ დიდი ხანია აღარ დამიკრავსო, - მიპასუხა. ვამაყობ ბერათი და მიხარია, რომ ასეთი კეთილშობილი კაცი მოევლინა საქართველოს. იმდენად ბევრი მაცდუნებელი პირობა აქვს, ფინანსური მხარე, აღიარება თანატოლებში, პოპულარობა, სხვა მის ადგილზე შეიძლებოდა გატუტუცებულიყო, თავში ავარდნოდა, მაგრამ ისეთ ოჯახშია გაზრდილი, ზუსტად ვიცი, მას ეს არ დაემართება.

- თამრიკო, საზოგადოებაში არის დესტაბილიზაციის შიში არჩევნების შემდგომ. შენც თუ გაქვს მსგავსი განცდა და რაში ხედავ გამოსავალს?

- მავანისა და მავანის თვალებში ქაოსსა და დაუოკებლობის სინდრომს ვხედავ. ეიფორიაში და ისტერიკაში ჩავარდნილი ადამიანი რას გააკეთებს, კაცმა არ იცის. ამიტომ არეულობის მეც მეშინია. ერთმა მხარემ მაინც დიდი ძალა და ნიჭი უნდა გამოავლინოს. ერთმანეთს უნდა შევეხიდოთ. არ მინდა, ხვალ და ზეგ ჩემი შვილების გარეთ გასვლის შემეშინდეს, მინდა ყველამ გავიაზროთ, რომ დღეს უფრო დიდი მტერი გვიყურებს და ერთმანეთს არ ვუმტროთ. სულხან-საბას გენიალური იგავი "ძალა ერთობაშია", რომელშიც ისრების გადატეხის სიბრძნეა აღწერილი, იქნებ უფრო მაღალ კლასებში ასწავლონ ბავშვებს, მაშინ, როცა ადამიანის ცნობიერება მზად არის იმისთვის, რომ სწორად აღიქვას. მე მაინც მჯერა, რომ დადგება დრო, როცა მთელი საქართველო ერთ მუშტად შეიკვრება. თქვენი ჟურნალის საშუალებით მინდა ვუთხრა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც მიაჩნია, რომ მე საწინააღმდეგო მხარეს ვდგავარ: მე ისინი ძალიან მიყვარს, ყველა მიყვარხართ, მიუხედავად ყველაფრისა. მოდით, ერთმანეთს ხშირად ვუთხრათ ეს სიტყვები, მე თქვენ მიყვარხართ!

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება