რატომ გაემგზავრა ზურა დოიჯაშვილი რუსეთში

რატომ გაემგზავრა ზურა დოიჯაშვილი რუსეთში

შეიძლება პარადოქსია, მაგრამ საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ზურა დოიჯაშვილი რუსეთში ცხოვრობს და ამბობს, რომ სწორედ ამ ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ "ამოისუნთქა"... 49 წლის მუსიკოსი ოპტიმისტურ განწყობილებას ინარჩუნებს და საკუთარ მსმენელს ახლო მომავალში ბევრ სიახლეს ჰპირდება.

- სამი შვილი და ერთი შვილიშვილი - ანდრია მყავს. მართალია, სხვა ქვეყანაში, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პროფესიით ვმუშაობ და საქმის კეთების საშუალება მომეცა. ცოტა ხნის წინ, საქართველოდან რუსეთში კონცერტზე ჩამოვედი. კარგი სამუშაო შემომთავაზეს და ცხადია, დავრჩი... ვფიქრობ, მუსიკოსი უსაქმოდ არ უნდა იჯდეს. მას უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ საკუთარი ხელოვნება სხვებს გაუზიაროს. ვფიქრობ, ამ ქვეყანაში ქართულ საქმეს ვაკეთებ. რესტორანში ვმღერი და საკმაოდ ბევრი მსმენელი მყავს.

- სად დაიწყო თქვენი ცხოვრების გზა?

- თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, ვერცხლის ქუჩაზე დავიბადე. მართლაც, კარგი ბავშვობა მქონდა. დაახლოებით ექვსი წლიდან, როგორც კი ქუჩაში გამოვედი, ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე. ისინი დღემდე ჩემ გვერდით არიან. მახსოვს, ფორტეპიანოზე დაკვრის შესასწავლად პედაგოგთან ჩუმად დავდიოდი. არ მინდოდა, ეს ამბავი ბიჭებს გაეგოთ (იცინის). დროთა განმავლობაში მუსიკა შემიყვარდა და საკმაოდ კარგ მელომანად ჩამოვყალიბდი. არ მეგონა, თუ ეს ჩემს პროფესიად იქცეოდა. ბევრი კარგი რამ ვნახე ცხოვრებაში და ბევრი ცუდი ამბის შემსწრეც გავხდი. ცხოვრება მართლაც რომ ბრძოლაა და წლების მატებასთან ერთად ვაცნობიერებ - ამქვეყნად სიკეთეზე უკეთესს, ვერაფერს გააკეთებ.

- სცენაზე როგორ აღმოჩნდით?

- კაკო ვარშალომიძესთან ერთად რუსთაველზე, ე.წ. კავშირგაბმულობის კლუბში ვუკრავდი და ჩემთვის ვერთობოდი. მერე ამ ყველაფერს შევეშვი და მუშაობა პროფესიით დავიწყე - სამშენებლო ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. რაღაც პერიოდის შემდეგ, კაკომ თამაზ სიჭინავას ანსამბლის - "პირამიდა" ვოკალისტად ჩემი თავი შესთავაზა; ვმონაწილეობდი საქართველოში იურმალის ფესტივალის ტურში და მაყურებელთა სიმპათია დავიმსახურე, შემდეგ კი მე, ეკა კვალიაშვილი და მერაბ სეფაშვილი "რეროსთან" ერთად, გასტროლზე წავედით. აი, ასე დაიწყო ჩემი სასცენო კარიერა...

- დამახასიათებელი ხმის ტემბრი გაქვთ. ეს დაგეხმარათ თუ არა, რომ სხვებისგან გამორჩეული მომღერალი ყოფილიყავით?

- ვფიქრობ, მაღალ ნოტს აიღებ თუ დაბალს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, მიმბაძველი არ იყო და ნამღერში ყოველთვის რაღაც ახალი შეიტანო. პირადად მე, ისეთი სიმღერაც მიმღერია, რომელიც არ მომწონდა. არ მინდა, თავის ქებაში ჩამეთვალოს, მაგრამ დიაპაზონი მაქვს და სიმღერა ვიცი. პროფესიონალიზმი გამოცდილებიდან მოდის, რაც ნამდვილად არ მაკლია.

- სიმღერებსაც წერთ?

- დიახ. მაქვს ბევრი საკუთარი სიმღერა, რომლებსაც ხალხი მალე მოისმენს.

- როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე?

- ჩემი მეუღლე ჩემი პირველი სიყვარულია. ბორჯომში სახლი გვაქვს. ყოველ წელს იქ ვისვენებდი. ერთხელ ქეთი სანატორიუმში დასასვენებლად ჩამოვიდა და იქ გავიცანი. მერე რაღაც პერიოდი ერთმანეთი არ გვინახავს, ექვსი წლის შემდეგ კი ისევ შევხვდი და ორ კვირაში ხელი მოვაწერეთ კიდეც. 20 წელია, ოჯახი გვაქვს.

- თქვენს ცხოვრებაში მეგობრებს რა ადგილი უკავიათ?

- ჩემთვის უპირველესი, ოჯახი და მეგობრებია. უმეგობროდ უბრალოდ, ვერ ვიცხოვრებ. სხვათა შორის, მეგობრებში გამიმართლა და სიმართლე გითხრათ, მათგან ღალატის შემთხვევა არ მქონია. ადრე ვამბობდი, - ადამიანს მხოლოდ 2-3 მეგობარი უნდა ჰყავდეს-მეთქი, მაგრამ ახლა ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. რაც უფრო მეტი მეგობარი გყავს, მით უფრო მდიდარი და ძლიერი ხარ. მეგობრობა სიყვარულზე უნდა იყოს დამყარებული და არა - მატერიალურ ინტერესებზე.

- ცხოვრებაში რთული პერიოდებიც გექნებოდათ...

- ჩემი ცხოვრების რთული პერიოდი ჩემი ქვეყნის რთულ პერიოდს ემთხვევა და მოიცავს. 20 წელია, ვერ ამოვისუნთქეთ. ზოგჯერ მგონია, იმ ვირთხებს ვემსგავსებით, რომლებიც რკინის ყუთში არიან გამომწყვდეული და შიმშილისგან დაოსებულები, ერთმანეთს ჭამენ... ძალიან მინდა, ეს დაძაბულობა დასრულდეს. ღმერთმა სიყვარულისთვის შეგვქმნა, დანარჩენი ყველაფერი კი დროებითია. ყოველთვის "მაღლა" ვერ იქნები. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ აღმართს დაღმართი მოჰყვება და დაღმართზე ჩამოსულს ღირსება უნდა შეგრჩეს. ჩემი ქვეყანა არავისზე ნაკლებად არ მიყვარს; დაე, ნებისმიერი ადამიანი შემეჯიბროს, ნებისმიერი გაგებით! პოლიტიკა არ მაინტერესებს, მაგრამ უსამართლობას თუ დავინახავ, ხმას ავიმაღლებ, რადგან ეს ყველაფერი ძალიან მაწუხებს და მტკივა. რაც შეეხება პირად გაჭირვებას, ბოლო ოთხი წელი მართლა ძალიან გვიჭირდა, თუმცა, ეს არავისთვის შემიჩივლია. ისე ვიყავი გადართული ყოფითი პრობლემების მოგვარებაზე, რომ კარგა ხანს მუსიკისთვის ვერც კი მოვიცალე. მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვედი, ამოვისუნთქე როგორც პროფესიული, ისე ფინანსური თვალსაზრისითაც... მეგობრობის თემას დავუბრუნდები და ვიტყვი, რომ დღეს ჩემი ფიზიკური არსებობაც კი მათი დამსახურებაა - მქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლის მოგვარებაშიც სწორედ ისინი დამეხმარნენ. დღესაც მეგობრების დახმარებით ვაგრძელებ წარმატებულ საქმიანობას.

- ე.წ. "ქუჩის ინსტიტუტი" თუ გაიარეთ თავის დროზე?

- ეს მართლაც, საჭირო და აუცილებელი რამ არის. ადამიანს სწორედ ქუჩაში გიყალიბდება საკუთარი შესაძლებლობების რწმენა და რაც მთავარია, მეგობრობის ფასს იგებ. ქართველებს თავისუფალი მენტალიტეტი გვაქვს და ვინც და როგორც არ უნდა აგვიკრძალოს, არის რაღაცები, რაც არ შეიცვლება.

- თბილისური ურთიერთობები თუ შეიცვალა?

- ადრე უფროსი თაობის წარმომადგენლებს უფრო მეტად სცემდნენ პატივს. ქუჩაში სიგარეტს იშვიათად ვეწეოდით და მაშინაც, თუ ასაკით უფროსს დავინახვდით, ვმალავდით. უბნელი გოგონა ქუჩაში ამაყად და თავისუფლად დადიოდა, რადგან იცოდა, ზედმეტს არავინ არაფერს აკადრებდა. თუკი თანატოლთან კონფლიქტი გვქონდა და ის გოგონასთან ერთად გამოჩნდებოდა, გამორიცხული იყო, მისთვის რაიმე გვეთქვა - იყო ასეთი "დაუწერელი კანონები", რომლებიც ახლა ნაკლებადაა. დღეს ახალგაზრდობა ცოტა არ იყოს, აგრესიული გახდა. თუმცა, ეს მათი ბრალი არ არის. ეს ყველაფერი ალბათ, დრომ და არასწორმა პოლიტიკამ მოიტანა.

- თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს იდეალური ქალი?

- იდეალური ადამიანი არსებობს?! თუ ქალი კარიერაში წარმატებულია, შეიძლება, ვერ ასწრებდეს სადილის მომზადებას და ეს ნორმალურია. ვფიქრობ, მთავარი სიყვარულია! როცა გიყვარს, თავისთავად, მეუღლეზეც იზრუნებ... 20 წელია, მე და ჩემი მეუღლე ერთად ვართ. მას არ სჭირდება დირექტივები, წინასწარ გაფრთხილება და დარეკვა, რომ სადილი უნდა მოამზადოს და ა.შ. ეს ბუნებრივად ხდება! ყველა ქალს თავისებური სილამაზე აქვს. ერთსაც დავამატებ: ყველაზე ლამაზი ქალი მაინც, ქართველი ქალია!..

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება