ბექა ხოფერია "ქართულ ოცნებაში" წავიდა, თიკა ჯამბურია ნაციონალებს უმღერის

ბექა ხოფერია "ქართულ ოცნებაში" წავიდა, თიკა ჯამბურია ნაციონალებს უმღერის

"ქართულ ოცნებას" ყოველ კვირა უერთდებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. მათ რიგებში აღმოჩნდა ბექა ხოფერიაც. მკითხველს შევახსენებ, რომ ბექა თიკა ჯამბურიას ყოფილი ქმარი გახლავთ. თიკა თითქმის არასოდეს გამოდიოდა "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კონცერტებზე. ამის მიზეზებზე კულუარულად საუბრობდნენ. ამბობდნენ, რომ ნოემბრის ცნობილი ოპოზიციური მიტინგების დროს, ერთ-ერთ დღეს თიკა აქციაზე დაინახეს, მაგრამ მომღერალი ამას პირველ სკოლაში სწავლით ხსნიდა. ამჯერად, როგორც ჩანს, თიკაზე გული მოუბრუნდათ და მომღერლების სიაში ჩასვეს. გულმობრუნებულთა შორის არის ნინი შერმადინიც, რომელიც ოპოზიციური განცხადებებით ბადრი პატარკაციშვილის "იმედის" დახურვის დროს გამოირჩეოდა.

ციხეში გადაღებული სასტიკი ვიდეოების გამოქვეყნების შემდეგ, როდესაც თიკამ "ფეისბუქის" საკუთარ კედელზე უკმაყოფილება გამოთქვა, ერთ-ერთმა მეგობარმა პრეზიდენტისთვის ჰიმნის სიმღერა შეახსენა. მოგვიანებით კი მომღერალმა სტატუსი წაშალა.

მოგეხსენებათ, ბექა და თიკა ერთმანეთს დაშორდნენ. მათ საერთო შვილი - ნინა ჰყავთ. ცოტა ხნის წინ "რეიტინგში" გამოქვეყნებულ ინტერვიუში ბექა ამბობდა, რომ შეყვარებულია. ამბობდნენ, რომ თიკაც არ არის მარტო და რეპერი მასტერი უყვარს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ჭორი იყო.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ბექას დავურეკე, თუმცა დაოჯახებამდე საუბარი "ქართული ოცნებით" დავიწყე.

- ბექა, "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანდი, რატომ უჭერ მხარს ბიძინა ივანიშვილს?

- დიდი ხანია, რაც მის შვილებთან ვმეგობრობ და მიმაჩნია, რომ ისინი ოჯახის სახეები, კარგად აღზრდილი ბიჭები და ვაჟკაცები არიან. ბატონ ბიძინას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ დიდ პატივს ვცემ, რომ ასეთი ვაჟკაცი ბიჭები გაზარდა.

- რა როლი გაკისრია "ქართულ ოცნებაში"?

- ახალგაზრდულ ორგანიზაციაში ვარ გაწევრიანებული და აქტიურად ჩავერთე წინასაარჩევნო მარათონში. მიმაჩნია, რომ რითიც შემეძლება, უნდა დავეხმარო და ჩემი წვლილი შევიტანო.

- შენი უფროსი ძმა აქამდე არც თუ ისე შორს იყო პოლიტიკური პროცესებისგან. ის თუ არის ჩართული ოცნების წინასაარჩევნო აქციებში?

- ჯერჯერობით არა, მაგრამ ახლო მომავალში არ გამოვრიცხავ.

- შიშის მომეტი არ გქონია, რომ ამის გამო შეიძლება, შენზე ზეწოლა განახორციელონ?

- არ მქონია, რადგან დიდი ხანია ოპოზიციაში ვარ. პროტესტი აქამდე ღიად არ გამომიხატავს, მაგრამ ახლა ვთვლი, რომ აქ უნდა ვიყო, ქართველი ხალხის გვერდით.

- რა იწვევს შენში პროტესტის გრძნობას?

- ბევრი რამ და პირველ რიგში, ძალადობა. აქციების დარბევა, დევნილების გამოყრა და უსახლკაროდ დატოვება.

- შეიძლება მომავალში პოლიტიკური გზა აირჩიო?

- არ გამოვრიცხავ, მაგრამ არც ასეთი ამბიციური ვიქნები. რასაც დამავალებენ, პირნათლად შევასრულებ

- ბექა, შენი ყოფილი მეუღლე, თიკა, "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კონცერტებზე გამოდის.

- ამაზე თიკასთან არ მისაუბრია. რომ არ მოგატყუოთ, არც ვარ ჩახედული. ამ მომენტში ძალიან დაკავებული ვარ და კონცერტების საყურებლად დრო არ მაქვს. თიკასთან მხოლოდ ჩემი შვილი მაკავშირებს. თუ ვნახულობ, მარტო იმ შემთხვევაში, როცა ბავშვი უნდა ვნახო. ვმეგობრობთ და პოლიტიკაზე არ ვსაუბრობთ. არც ჩემი გადაწყვეტილება გამიცნია.

- ამბობენ, რომ მეორედ დაოჯახებას აპირებ.

- იმ გოგონას სახელსა და გვარს არ დავასახელებ, მაგრამ დაოჯახებას ახლო მომავალში ნამდვილად ვაპირებ. როდესაც პოლიტიკური მარათონი ჩაივლის და ყველაფერი კარგად იქნება, მაგაზეც ვიზრუნებ. ვადასტურებ, რომ შეყვარებული ვარ, მყავს მეორე ნახევარი და ახლო მომავალში ოჯახის შექმნაზეც ვიზრუნებ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება