უცხოელი ანალიტიკოსის თვალით დანახული ქართული არჩევნები და ქვეყნის პერსპექტივა

უცხოელი ანალიტიკოსის თვალით დანახული ქართული არჩევნები და ქვეყნის პერსპექტივა

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველო კიდევ ერთხელ მოხვდა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. საერთაშორისო საზოგადოება 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს "დემოკრატიის ტესტს" უწოდებდა. "საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის" თბილისის ოფისის ხელმძღვანელის, ლოურენს შიტსის აზრით, კონკრეტული განცხადებების გაკეთება ჯერჯერობით ნაადრევია, მაგრამ ქართველმა ხალხმა (და არა რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ) გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

- მე ინტერესით ვადევნებდი თვალყურს ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური ძალების პიარ-კამპანიას, მათ შორის, თბილისის აქციებს. უდავოა, რომ კოალიცია "ქართულ ოცნებას" დედაქალაქში საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. შაბათს, 29 სექტემბერს 100 ათასამდე ოპოზიციონერი მხარდამჭერი გამოვიდა, რათა საპარლამენტო არჩევნების წინ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობისა და მისი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის საკუთარი ძალა ეჩვენებინა. ეს მათთვის, იმ დროიდან მოყოლებული, რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, ყველაზე დიდი გამოწვევა იყო.

დედაქალაქის მოსახლეობას ყოველთვის მეტი ინფორმაცია აქვს ხელისუფლებაზე. თბილისის მცხოვრებლები კარგა ხანია, სააკაშვილის მიმართ თავიანთ პოზიციას გამოხატავენ. მათი თქმით, სააკაშვილი აკონტროლებდა პარლამენტს, სასამართლოს და პროკურატურას. სასამართლო სისტემის პრობლემებზე არაერთხელ მომისმენია. ჩემმა აქაურმა ახლობელმა ადვოკატმა მითხრა, რომ ამ სისტემაში ყველაფერს პროკურორი წყვეტს. წლებია უკვე, საქართველოში ვცხოვრობ და პირადად მე ამ კუთხით, არანაირი პრობლემა არ შემქმნია, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ეს კანონის წყალობით კი არ ხდება, უბრალოდ, სააკაშვილი კარგი პიარისტია.

- უცხოურ გამოცემებში დღემდე იწერება, რომ ყველაფრის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის პერსონა ამერიკისთვის მაინც ყველაზე მისაღებია. ეს რამდენად ახლოს არის რეალობასთან?

- სააკაშვილის მმართველობის დროს, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ამერიკის მოკავშირე გახდა და ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრირებაზე იყო ორიენტირებული. თუმცა ამ შემთხვევაში, მხოლოდ მისი სურვილი გადამწყვეტი ვერ იქნება; ძალზე მნიშვნელოვანი, უფრო სწორად - მთავარი ფაქტორებია: მმართველობის სტილი, დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობა, პრესის თავისუფლება. ამ მხრივ ქვეყანაში ჯერ კიდევ პრობლემებია. ეს დამტკიცდა რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ციხის კადრებით. სასაცილოა, როცა ხელისუფლების შედარებით დაბალ ეშელონებზე მყოფი ადამიანები თავდაჯერებით ამბობენ, ამერიკაშიც ასე ხდებაო. ეს იმის ბრალია, რომ ისინი ამერიკაში, რომელიმე საშუალო დონის, დაბალი რეიტინგის მქონე სასწავლებელში კვალიფიკაციის ასამაღლებლად, 6-7-თვიან კურსებს გადიოდნენ და იქ ნანახით განსაზღვრავენ ამერიკულ კანონმდებლობას... დიახ, სააკაშვილის გუნდი პროამერიკულ, ნატოს მომხრე და ანტირუსულ ძალად აღიქმებოდა. ის ვაშინგტონში ბევრისთვის დღემდე გმირია. რაც შეეხება შეკითხვის კონკრეტულ ნაწილს, - ვაშინგტონის საქართველოსთან ურთიერთობა ჯერ კიდევ წლების წინ შეიცვალა - რუსეთთან 2008 წელს მომხდარი ომის შემდეგ, ამერიკა თავს იკავებდა საქართველოს შეიარაღებისგან, არადა, ეს პრეზიდენტ სააკაშვილის უპირველესი პრიორიტეტია ამერიკასთან ურთიერთობებში. ამერიკა აცხადებს, რომ კვლავ უჭერს მხარს საქართველოს ნატოში გაწევრებას, მაგრამ ისიც ნათელია, რომ ვაშინგტონისთვის ეს საკითხი ისეთი მნიშვნელოვანი აღარ არის. ორი ქვეყნის - ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობებზე გავლენა რუსეთთან ამერიკის "გადატვირთვის" პოლიტიკამაც იქონია. შესაძლოა, ამის შესახებ ვაშინგტონში პირდაპირ ძალიან ცოტას საუბრობენ, მაგრამ ასეა. მანამდე ამერიკისთვის, საქართველოს მხარდაჭერის მთავარი ფაქტორი - რუსეთის დასუსტების მცდელობა და კავკასიაზე გავლენის მოპოვება იყო და არა საქართველოს დახმარება. ახლა, როცა ამერიკამ რუსეთის მიმართ პოლიტიკა შეცვალა, საქართველო მისთვის იმდენად საინტერესო და საჭირო აღარ არის, როგორც მანამდე.

1-ლი ოქტომბრის არჩევნებამდე და მის შემდეგაც, ემოციური ქართველი პრეზიდენტი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა, რადგან მას საერთაშორისო საზოგადოების, განსაკუთრებით კი ამერიკის წინაშე მოუხდა დემოკრატიისთვის ერთგულების დამტკიცება, განსაკუთრებით - ციხეებიდან გავრცელებული შემზარავი კადრების შემდეგ.

- თქვენ რა შედეგებს ელოდებოდით?

- რთული შეკითხვაა. ამ კითხვას საკუთარ თავს არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ყველაზე ხშირად ვუსვამდი. როგორც ვნახეთ, "ნაციონალები" პარლამენტში რჩებიან... პოლიტიკური კამპანია ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ხარჯზე მიმდინარეობდა, რასაც ივანიშვილი თავისი დიდი ფინანსური რესურსების დახმარებით იგერიებდა. პოლიტიკისთვის დამახასიათებელია ასეთი მანევრები, მაგრამ როგორც გითხარით, თვალყურს ვადევნებდი ბოლოდროინდელ პროცესებს და ერთადერთი, რაც თვალნათლივ გამოიკვეთა, ის არის, რომ მე და ჩემს კოლეგებს ქართველი ხალხის მიმართ ბევრად მეტი პატივისცემა გაგვიჩნდა... დიახ, დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში ბევრს ლაპარაკობდნენ ივანიშვილის კაპიტალზე, მაგრამ არის ისეთი რაღაც, რასაც კაპიტალით ვერ იყიდი. ეს ღირსებაა. მთავარია, ახლა ეიფორიამ არ მოგადუნოთ და ობიექტურობის განცდა არ დაკარგოთ. ეს თვისება ჭარბად დევს ქართველების ხასიათში...

- თქვენი ინფორმაციით, იყო თუ არა საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა ხელისუფლებაზე?

- დიახ, იყო. არაერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, მათ შორის ამერიკის ახალმა ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადეს, რომ ამ არჩევნებზე "ბევრი რამ იყო დამოკიდებული". მათ მხედველობაში ჰქონდათ, რომ საქართველოს სამომავლო თანამშრომლობა დასავლეთის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი თანამშრომლობის გაგრძელება თავდაცვისა და სამხედრო სფეროებში დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენად სამართლიანად ჩაივლიდა ეს არჩევნები. ამასთან, კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა სპეციფიკური საკითხები ანუ ის, თუ რას მოიგებდა ან დაკარგავდა საქართველო ამ არჩევნების ჩატარების ხარისხის მიხედვით. საქართველოს გასაგონად ასეთი მესიჯები არაერთი დასავლელი ოფიციალური პირისგან მოვისმინეთ. არჩევნები მასობრივად რომ გაეყალბებინათ ან მთავრობას არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების საპასუხოდ ძალისმიერი მეთოდები რომ გამოეყენებინა, ვაშინგტონში აუცილებლად გამოჩნდებოდნენ ადამიანები, ვინც საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას მოითხოვდა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობა ძალზე მნიშვნელოვანია.

- ვიცი, რომ უცხოელ დამკვირვებლებს ესაუბრეთ. როგორი იყო მათი წინასწარი განწყობა?

- არაერთგვაროვანი. რამდენიმემ განაცხადა, რომ სააკაშვილის გუნდმა ძლიერი დარტყმა მიიღო, როდესაც მთელ მსოფლიოში შოკის მომგვრელი ვიდეოები გავრცელდა, რომელშიც თბილისის ციხეში პატიმრებს სცემდნენ და აუპატიურებდნენ. ამიტომ "ნაციონალები" მხოლოდ ადმინისტრაციული სამსახურების ხმების ხარჯზე თუ მიიღებდნენ მცირე მხარდაჭერას. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც ამტკიცებდა, რომ მთავრობამ მყისიერი რეაგირება მოახდინა, შეცვალა მინისტრთა კაბინეტი, დააპატიმრა ციხის თანამშრომლები... მათთვის ძნელი გასაგებია, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებამ ხალხის რისხვის ჩასაცხრობად გააკეთა და ასეთი მეთოდებით ადამიანების მართვა უნდოდა. სინამდვილეში მისი გამოუცდელი კადრები კანონს დაუპირისპირდნენ... რამდენიმემ კი აღნიშნა, რომ ორ პოლიტიკურ ძალას შორის განსხვავება ძალზე მცირე იყო, თუმცა ეგონათ, რომ უპირატესობა მმართველ პარტიას ექნებოდა.

- კოალიცია "ქართული ოცნების" როლს როგორ ხედავთ ქართულ პოლიტიკაში?

- წინასწარ რამის ვარაუდი ძნელია, თუნდაც იმიტომ, რომ კოალიციაში საკმაოდ მრავალფეროვანი სპექტრია წარმოდგენილი. საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ფიგურების გვერდით არიან ისეთი პოლიტიკოსებიც, რომლებიც სააკაშვილისა და მისი გუნდის სომხურ წარმომავლობაზე მსჯელობდნენ და ამას პოლიტიკურ სარჩულს ურთავდნენ... რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ კურსს, - ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ამერიკასთან ურთიერთობის გაღრმავება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი იქნება, მაგრამ ჯერჯერობით სიფრთხილით ლაპარაკობს რუსეთთან ურთიერთობაზე. ქვეყნის განვითარებისთვის დემოკრატია აუცილებელია, მაგრამ ისიც ვიცით, რომ დემოკრატია არ იჭმება, ამისთვის აუცილებელია ეკონომიკური განვითარება. მან სწორად ააწყო პოლიტიკური მენეჯმენტი, თუმცა ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება ქვეყნისთვის უბრალოდ აუცილებელია. ივანიშვილმა უკვე თქვა, რომ ის საქართველოს ნატოში გაწევრებისა და პროდასავლური ორიენტაციის მომხრეა, თუმცა ქვეყანას რუსეთთან დაბალანსებული პოლიტიკა უნდა ჰქონდეს, რაც ზოგიერთ ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსს ეჭვს უჩენს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველო ამერიკის ახლო მოკავშირე იქნება.

- ალბათ დიდია ვაშინგტონის ინტერესი საქართველოში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით... რას გვეტყვით ამაზე?

- ეს ნამდვილად საინტერესო საკითხი იქნება. კანონის თანახმად, სააკაშვილს უკვე აღარ შეუძლია, პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით იყაროს კენჭი, მაგრამ კონსტიტუციის შეცვლის შემდეგ, ამერიკაში გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლებელი იყო, სააკაშვილი პრემიერად გვეხილა. ეს კანონიერი იქნებოდა, თუმცა ამერიკელი ოფიციალური პირები, სააკაშვილს პირად საუბრებში აფრთხილებდნენ, რომ ამგვარ ნაბიჯს არ მოიწონებდნენ.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა