ნონა გაფრინდაშვილი: "ცინიზმია, როცა ცხვრის ტყავში გახვეული ბოკერია, ზღულაძე და ჩიორა სხვისკენ იშვერენ თითს"

ნონა გაფრინდაშვილი: "ცინიზმია, როცა ცხვრის ტყავში გახვეული ბოკერია, ზღულაძე და ჩიორა სხვისკენ იშვერენ თითს"

ქართულ სპორტსა და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე თვალსაზრისს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში, სახალხო კრების თავმჯდომარე ნონა გაფრინდაშვილი გამოხატავს:

- კოალიცია "ქართული ოცნების" წევრებისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრები რაიონებში უდიდეს ინტერესს იწვევდა, რაც ნიშნავდა, რომ "ქართულ ოცნებას" გამარჯვების დიდი შანსი ჰქონდა. თუმცა, არ მჯეროდა, რომ ეს ძალადობრივი ხელისუფლება არჩევნების გზით რაიმეს დათმობდა, დიდი გაყალბებისა და ვითარების გართულების მოლოდინში ვიყავი. ის, რაც მოხდა, ჩემთვის ძალზე მოულოდნელი იყო, ხალხის ნებამ გაიმარჯვა! თუმცა ვერავინ დამაჯერებს, რომ ამ ვითარებაში "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამომრჩეველთა ხმების 40 პროცენტი აიღო, ამიტომ იბრძვიან დღემდე ასე გააფთრებით თითოეული სადეპუტატო მანდატისთვის. ცესკოს ხელშეწყობით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ "ქართულ ოცნებას" ახალ პარლამენტში ხმების 2/3, საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰქონდეს. წინ საკმაოდ რთული პერიოდი გველის და ვიმედოვნებ, კოალიცია წარმატებით გადალახავს იმ პრობლემებს, რაც პარლამენტში შეექმნება. და კიდევ - ველი, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნის შემდეგ ყველა დამნაშავე დაისჯება, საკადრისი მიეზღვება ყველას, ვისაც სისხლში აქვს ხელები გასვრილი. ქვეყნის აღმავლობა სამართლიანობის აღდგენით უნდა დაიწყოს.

- გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა ქვეყანა დატოვა...

- ეს არც ისე ურიგო გამოსავალია, მაგრამ ვინც პარლამენტში მოხვდა, ისინი არსად წავლენ. მით უმეტეს, რომ ნაცმოძრაობის სიით ბევრი ისეთი გახდა დეპუტატი, რომელთა ქმედებაც, ჩემი აზრით, კანონის ჩარჩოებს ნამდვილად სცილდებოდა და გისოსებს მიღმა უნდა ისხდნენ. ამ ათასჯერ დაჩეხილ-გადაწერილი კონსტიტუციის პირობებში კი ეს პროცესი, შესაძლოა, გაჭიანურდეს.

- ვიდრე პარლამენტი შეიკრიბება, ახალი მთავრობა შეიქმნება, ქვეყანაში გარდამავალი პერიოდია და საბოტაჟის ნიშნებიც შეიმჩნევა. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

- ყოფილი მმართველი გუნდის წარმომადგენლების, ჯერ კიდევ ოფიციალური პირების ნებისმიერი ამგვარი საქციელი უფრო გააძლიერებს პროტესტს საზოგადოებაში. თუ საჭირო იქნება, ხალხი ქუჩაშიც გამოვა, ხალხი, რომელმაც უკვე გააკეთა თავისი არჩევანი. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის უმრავლესობის განწყობას ამ წვრილ-წვრილი საბოტაჟით ვერ შეარყევენ, ვერც პარლამენტის მუშაობას შეაფერხებენ. მოძალადე და გამყალბებელმა ძალამ ახლა დემოკრატის მანტია მოირგო! ცინიზმია, როცა ბოკერია, ზღულაძე და ჩიორა უეცრად ცხვრის ტყავში გაეხვივნენ და სხვისკენ იშვერენ თითს.

- როგორ შეაფასებთ ამჟამად ოლიმპიურ კომიტეტში შექმნილ ვითარებას? ცნობილია, რომ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის სესია გადაიდო...

- მივესალმები იმას, რაც მოხდა. ფაქტია, რომ სპორტული ფედერაციების პრეზიდენტების აბსოლუტური უმრავლესობის არჩევა პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა. იმისათვის, რომ ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობის არჩევნები ობიექტურად, სამართლიანად წარიმართოს, ჯერ ფედერაციებში უნდა ჩატარდეს არჩევნები, რომელშიც გარედან აღარავინ ჩაერევა... ამ წინადადებით ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი არჩილ გოგელია გამოვიდა, მას ოლიმპიური ჩემპიონები შოთა ხაბარელი, ლერი ხაბელოვი და გელა კეტაშვილი დაეთანხმნენ. სამივე ღირსეული პიროვნებაა, რომელთაც ქართული სპორტის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით. ლერი ხაბელოვი პატარკაციშვილის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობისას, ვიცე-პრეზიდენტი იყო და მასთან ერთად აქტიურად ვებრძოდი იმ უსამართლობას, ცილისწამებას, რაც პატარკაციშვილის წინააღმდეგ ააგორეს და რითაც ქართულ სპორტსაც დიდი დარტყმა მიაყენეს.

- თქვენ თუ დათანხმდებით რომელიმე ხელმძღვანელ პოსტს ოლიმპიურ კომიტეტში?

- არა. კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობა შემომთავაზა, რაზეც უარი ვთქვი. რეალისტი ვარ და მივიჩნევ, რომ ჩემს ასაკში სხვა ცხოვრებით უნდა ვცხოვრობდე, პოლიტიკურ პროცესებშიც იმიტომ ჩავერთე, რომ სააკაშვილის რეჟიმმა სხვა გამოსავალი არ დამიტოვა. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი უკვე ვიყავი და უკან დაბრუნებას აღარ ვაპირებ.

- აპირებს თუ არა სახალხო კრება უფრო აქტიურ თანამშრომლობას პარლამენტში გამარჯვებულ ძალასთან?

- ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ სამოქალაქო საზოგადოება ძლიერი უნდა იყოს, სახალხო კრება კი მეტი არაფერია, თუ არა საზოგადოებრივი მოძრაობა. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას, დავაკვირდებით ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს და ჩვენს აზრს ყოველთვის დაუფარავად ვიტყვით.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა