წვიმად გადაქცეული ექსმინისტრის წარსული და პირადი

წვიმად გადაქცეული ექსმინისტრის წარსული და პირადი

გოგა ხაჩიძე საზოგადოებამ პირველად მომღერლის ამპლუაში გაიცნო. ჯგუფი "სახე", რომლის ერთ-ერთი წევრიც ექსმინისტრი გახლდათ, განსაკუთრებულად თინეიჯერებს უყვარდათ. დათო ხუჯაძე, დათო ფორჩხიძე და გოგა ხაჩიძე მაშინდელ შოუბიზნესში ყველაზე პოპულარულ ბიჭებად ითვლებოდნენ, თუმცა გოგონებს განსაკუთრებულად დათო ხუჯაძე მოსწონდათ. "სახის" ნამღერი სიმღერებიდან "შენ რა სექსი ხარ", მგონი, პირველი პოპსიმღერა იყო ქართულ რეალობაში, რომელშიც სიტყვა "სექსი" იყო ნახსენები.

ჯგუფის პროდიუსერი შალვა რამიშვილი გახლდათ, მისი წყალობით ორი დათო და გოგა საზოგადოების თვალში ვარსკვლავური ცხოვრებით ცხოვრობდნენ, თუმცა წლების მერე აღნიშნავდნენ, რომ ეს მხოლოდ შალვას მიერ "შეფუთული" პროექტი იყო.

წლების შემდეგ, როგორც ბევრი სხვა მუსიკალური ჯგუფი, "სახეც" და­იშალა და ჯგუფის წევრებმა სხვადასხვა გზა აირჩიეს. დათო ხუჯაძე პოლიტიკაში წავიდა და ასლან აბაშიძის პარტია "აღორძინების" კვოტით რამდენიმე წუთით დეპუტატის მანტიაც მოირგო, მაგრამ ვარდების რევოლუციამ პოლიტიკოსობა არ აცალა, მალე რუსეთს მიაშურა და მუსიკალური კარიერა გააგრძელა.

დათო ფორჩხიძემ მუსიკის კეთება გააგრძელა, მაგრამ სოლოკარიერაზე უარი თქვა. დღეს მუსიკალური შოუ "ახალი ხმის" ჟიურის წევრია.

ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა გოგა ხაჩიძის გზა მუსიკიდან პოლიტიკამდე. თავდაპირველად "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელობით დაიწყო, მა­ლე მისი შემართება მოიწონეს და პროფესიით ბიოლოგი მომღერალი ჯერ მცხეთა-მთიანეთის, შემდეგ კი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად მოგვევლინა. მერე გუბერნატორობას არ დასჯერდა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად გადაიყვანეს.

საინტერესო პოლიტიკური კარიერის პარალელურად, ასევე საინტერესო გახლდათ პოლიტიკოსის პირადი ცხოვრებაც.

მისი მეუღლე, ჯერ კიდევ მუსიკალური მოღვაწეობის დროს, მაკა აბაშმაძე გახლდათ. მაკას და თეა აბაშმაძე კი შალვა რამიშვილის მეუღლე იყო. ანუ, შალვა და გოგა ქვისლები გახლდნენ. შემდეგ შალვა დაიჭირეს, გოგა ხაჩიძე მას, როგორც ჩანს, ვერ დაეხმარა და შალვამ ბოლომდე მოიხადა სასჯელი. წლების შემდეგ შალვა, რომელიც მუდამ აკრიტიკებდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას, გოგაზე საუბარს ყოველთვის ერიდებოდა. იმ პერიოდში ექსმინისტრი სკანდალურად დაშორდა პირველ მეუღლეს, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს, მათი დაშორების მიზეზი კი, როგორც ამბობენ, "პირველი არხის" ყოფილი რუსულენოვანი წამყვანი ვიქტორია კონოვალოვა გახდა. ვიკა წლების წინ მარჯანიშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხსაცმელების ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობდა. კარგი გარეგნობის წყალობით ის ადვილად იქცევდა ყურადღებას და ერთხელ ჟურნალ "გზის" ბოლო გვერდზეც მოხვდა მისი ფოტო. შემდეგ ვიკა ტელევიზიაში გადაბარგდა, "202"-შიც მუშაობდა ზვიოსთან ერთად და არტებში მონაწილეობდა.

მაშინ იმასაც ამბო­ბდნენ, რომ გოგას პირველი მეუღლე მაკა და ვიქტორია ერ­თდროულად ელოდნენ ბავშვს და მაკას მშობიარობიდან სამ თვეში ვიქტორიამ გოგას შვილი გაუჩინა. მაკასა და გოგას ოჯახი მალევე დაინგრა, ამბობდნენ, რომ ბიოლოგ მუსიკოსს მეუღლემ ღალატი არ აპატია. მართალია, გოგა და მაკა ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდნენ, მაგრამ ვიკასთან ურთიერთობისთვის ოფიციალური სახე არ მიუცია.

წარსულს რომ თვა­ლი გადავავლოთ, ალბათ არაერთი სახე გაგვახსენდება პრეზიდენტისა და მინისტრების ფავორიტებიდან, რომლებმაც სახელმწიფო უწყებაში თუ ქართულ ესტრადაზე მნიშვნელოვანი ადგილები დაიკავეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ვიკამ პოპულარულობისკენ მიმავალ გზას წყნარი ცხოვრება არჩია ან თავად "მიშა მაგარიას" ავტორმა არ ისურვა, რომ მისი საყვარელი ქალი ზედმეტად მოხვედროდა თვალში საზოგადოებას.

სამაგიეროდ გოგა ხაჩიძე მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა. ძველმა მუსიკალურმა გამოცდილებამ შეახსენა თავი და ბერას "ფეისბუქზე" ბრძოლა გამოუცხადა.

"რეპის აგრესიული მიმდინარეობა, ჩლიფინა რეპი" - წერდა ჯერ კიდევ მინისტრის ამპლუაში მყოფი ხაჩიძე, რაზეც რეპერმა სიმღერით უპასუხა, გოგას თავისი მუსიკალური მოღვაწეობა შეახსენა და ჯგუფ "სახის" ძველი, პოპულარული სიმღერის გავლენით "წვიმად გადაქცევა" სთხოვა. ყურადღებით აღფრთოვანებულმა ხაჩიძემ თავზე ქოლგის ქუდი დაიფარა, ფოტო გადაიღო და მოვლენებისთვის რომ ფეხი აეწყო, სასწრაფოდ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა. მას შემდეგ, ყოველ გაწვიმებაზე, გოგა ხაჩიძე დაუღალავად წერს, რომ "წვიმად მოდის".

წინასაარჩევნოდ ხაჩიძეს საკუთარი ოჯახის გამო მოუწია თავის მართლებამ. მის მშობლიურ რაიონში ჩასულ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს გოგას დამ და მამამ ნამდვილი ორთაბრძოლა გამოუცხადეს. საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა ხაჩიძისთვის საკუთარი დის ნახვა ამ მდგომარეობაში და მაშინ მოიბოდიშა კიდეც, რომ მისი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო ოჯახის წევრები ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო სიაში ხაჩიძეს 32-ე ნომრად ყოფნის პატივი ხვდა წილად, გაუმართლა და პარლამენტში მოხვდა. თავი პირველივე სხდომაზე გამოიჩინა და ბიძინა ივანიშვილს მესამე ანეკდოტის მოყოლა სთხოვა. ივანიშვილის კითხვაზე, მართალი იყო თუ არა, რომ მინისტრობის დროს სამინისტროს დერეფნებში ველოსიპედით დადიოდა, ხაჩიძეს კრეატიულობის მორიგი შანსი მიეცა, მეორე დღეს ქუთაისის ქუჩებში ველოსიპედით გაისეირნა და შუშებიან პარლამენტს მიადგა.

წვიმად გადაქცეული მინისტრი ჟურნალისტებს კი სწყალობდა, მაგრამ პირად ცხოვრებაზე საუბარს ყოველთვის ერიდებოდა - ის ლაღია პოლიტიკაში და არც იუმორის გრძნობა ღალატობს. ბოლო ხანს დროის დიდ ნაწილს "ფეისბუქზე" ატარებს, ივანიშვილის მთავრობის კრიტიკით დაკავებული, წერს და აქვეყნებს სხვადასხვა შინაარსის სახალისო სტატუსებს, რის გამოც ხშირად ექცევა პრესისა და საინფორმაციო სააგენტოების ყურადღების ცენტრში. ერთ-ერთ ბოლო სტატუსზე კი სრულიად სოციალურმა ქსელმა იხალისა:

"რამდენიმე დღის წინ, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე კარგი მანქანით მელიქიშვილიდან შევუხვიე 51-ე სკოლასთან და დემონსტრაციულად, ძალიან დიდი ხმით გამისკდა საბურავი, ისეთი ხმა იყო, მთელმა სივრცემ მე შემომხედა. შეგროვდა ხალხი, გადმოვედი მანქანიდან და დინჯად დავიწყე ვულკანიზაციური მოღვაწეობა. ინდოეთში, ქუჩის ფაკირებს რომ შემოეხვევა ხოლმე ხალხი, ეგრე გაკეთდა დიდი წრე, მოიმარჯვეს მობილურები და დაიწყეს გადაღება.

ისეთი ბედნიერი სახეები ჰქონდათ, რომ ცუდი მანქანით ვიყავი, საბურავი გამისკდა და მე თვითონ ვცვლიდი, თვეში ერთხელ მაინც უნდა მოვაწყო ხოლმე მსგავსი ივენთები ქალაქის სხვადასხვა ხალხმრავალ უბანში. ერთი სიტყვით, ღირსეულად გავიზუნზლე, ხელები გამოცდილად გავიზეპე ჭუჭყიანი ჩვრით და მაინც ბედნიერი გავეცალე იქაურობას, იმის გამო, რომ ვინმემ არ მომაძახა: "ჩემი საბურავი ჩეიდევი, ჩემი საბურავიო!" მიყვარხართ, თანამოქალაქეებო!"…

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"