სად ცეკვავდა მოტეხილი ფეხით ლიკა ლაბაძე

სად ცეკვავდა მოტეხილი ფეხით ლიკა ლაბაძე

"იღბალი - ეს ცხოვრებისგან ბოძებული შანსების სწორად გამოყენების უნარია. რასაც აკეთებ, ბოლომდე და სიყვარულით უნდა აკეთო, ნაძალადევად გაკეთებული საქმე სრულყოფილი ვერასოდეს იქნება", - ამბობს მსახიობი ლიკა ლაბაძე, რომელმაც წარმატების მიღწევის გზებზე საუბრისას საკუთარი საიდუმლოც გაგვანდო...

- ბავშვობიდან ვცეკვავ. ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ოპერის თეატრში ამოვყავი თავი. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, ნინო ანანიაშვილთან თუ მომიწევდა მუშაობა... ყოველთვის ვიცოდი, რომ ბალეტის გარდა, ბევრი სხვა რამის გაკეთება შემეძლო. ამიტომ, ცეკვის პარალელურად, საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტზე ჩავაბარე. კარგი ვოკალური მონაცემების გამო კონსერვატორიაში ჩაბარებაც მირჩიეს. საამისოდ მომზადება კი დავიწყე, მაგრამ მერე გადავიფიქრე, რადგან მივხვდი, - საოპერო ხელოვნება ჩემი სფერო არ იყო. სიმღერას დღემდე ვაგრძელებ, მაგრამ - არა საოპერო განხრით... ერთი წელი "პირველ სტერეოზე" მუსიკალური გადაცემა მიმყავდა. სწორედ იმ პერიოდში მივხვდი, რომ ტელევიზიაში მუშაობა მომწონდა. როცა საზოგადოებრივ არხზე წამყვანების კასტინგი გამოცხადდა, ბათუმში, გასტროლზე ვიყავით. ქალბატონ ნინოს ვთხოვე, თბილისში გამოვეშვი. მან ამის ნება დამრთო... კასტინგიდან ოთხ დღეში დამირეკეს და მითხრეს, რომ ერთ-ერთ წამყვანად ვიყავი დამტკიცებული. იმ დღიდან ბალეტს გამოვეთხოვე, სტუდიაში ერთსაათიან გაკვეთილებს ვატარებ და საქმიან ქალებს განტვირთვაში ვეხმარები...

- ჯერ არ გინანია, ბალეტს რომ შეეშვი?

- არა. ისეთ გადაწყვეტილებას არასდროს მივიღებ, მერე რომ ვინანო. ეს ნაბიჯი სრულიად გააზრებულად გადავდგი.

- როგორ ფიქრობ, წარმატება შრომისმოყვარეობამ მოგიტანა თუ იღბალმა?

- ერთ ამბავს გავიხსენებ: იაპონიაში ყოფნისას, სოლოს ცეკვის დროს ფეხი გადამიბრუნდა, მაგრამ არ გავჩერებულვარ, მოტეხილი ფეხით ბოლომდე ვიცეკვე. მერე ყველა მეუბნებოდა, - ეს როგორ მოახერხე? არც გეტყობოდა, რომ რაღაც გტკიოდაო. არადა, ტერფი სამ ადგილას მქონდა გატეხილი. ამით რისი თქმა მინდა, იცი? - თუ მოინდომებ, ყველანაირ ტკივილს გაუძლებ; თუ რაღაცას ძალიან მოინდომებ და მიზნის მისაღწევად შრომაც არ დაგეზარება, ყველაფერი აუცილებლად გამოგივა! ვფიქრობ, ადამიანმა ცხოვრებისგან ბოძებული ყველა შანსი ბოლომდე უნდა გამოიყენოს და თავდაუზოგავად იშრომოს. პირადად მე, დიდი მიზნები მაქვს დასახული. ვფიქრობ, რაც აქამდე გავაკეთე, ეს ჩემი შესაძლებლობების მხოლოდ ოცი პროცენტის რეალიზება იყო. საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ აგვისტომდე ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლება.

- ვფიქრობ, დროის ფასი კარგად იცი...

- მე და დრო ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ჩემს ცხოვრებაში ამაოდ არც ერთი წუთი არ გადის. ბოლო პერიოდში ის დროც მენანება, რაც ერთი ფილმის ცქერისთვის არის საჭირო - იმ ორ საათში შეიძლება ბევრი რამ გავიგო, დავწერო, შევისწავლო. ხშირად მიფიქრია, რომ რაღაცის გაკეთება ან შესწავლა დამაგვიანდა, მაგრამ ბოლო დროს მივხვდი, რომ ცხოვრებაში ყველაფერი იმ ეტაპზე ხდება, როცა შენ ამისთვის მზად ხარ. თუნდაც იმ საქმეს, რასაც დღეს ვაკეთებ, 5-6 წლის წინ ისე ვერ გავაკეთებდი, როგორც ამას დღეს ვახერხებ და შედეგიც არასასურველი იქნებოდა.

- ცხოვრებაში მძიმე პერიოდი ხშირად გქონია?

- საერთოდ, ბალერინების ცხოვრებაში იმედგაცრუება ხშირია. თავიდან თითოეულს ჰგონია, რომ საოცნებო "თეთრი გედი" გახდება, მაგრამ ეს ბედნიერება მილიონში მხოლოდ ერთს თუ ხვდება წილად. მეც მივხვდი, რომ მეორე ნინო ანანიაშვილი ვერ ვიქნებოდი, ამიტომაც ვიფიქრე სხვა პროფესიაზეც... მამის გარდაცვალებაზე ლაპარაკს ბავშვობიდან ვერიდებოდი. ექვსი წლის ვიყავი, როცა ის იმ ქვეყნად წავიდა. დედამ ყველაფერი გააკეთა, რომ უმამობა არ მეგრძნო.

- შეყვარებულს დაშორდი. ეს მტკივნეული პერიოდი საქმეზეც აისახა?

- ზოგადად, ძალიან ემოციური ვარ და უსაზღვრო სიყვარული შემიძლია. ზოგჯერ, როცა ყველაფერი ისე კარგად არ სრულდება, როგორც ეს ლამაზ ზღაპრებში ხდება, ამას ცხადია, ძალიან განვიცდი, მაგრამ 2-3 დღის შემდეგ ვცდილობ, ყველაფერი დავივიწყო. მოკლედ, ჩემი პრობლემა და ცუდი განწყობილება საქმეზე არასოდეს აისახება.

- წონასწორობას იოლად კარგავ?

- შეიძლება, რაღაც კონკრეტული ამბის გამო უცებ "ავფეთქდე". ასეთ დროს დედა მარწმუნებს, რომ უნდა დავმშვიდდე და გადაწყვეტილება არა ცხელ გულზე, არამედ რამდენიმე დღის შემდეგ მივიღო... საერთოდ, ყველა თანამშრომელთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ორი ვარიანტია: ან არ ვარ კონფლიქტური, ან მიმართლებს (იცინის). მოკლედ, საერთო ენას ყველასთან ვნახულობ.

- როგორ ფიქრობ, წარმატებული კარიერა კავშირშია წარმატებულ პირად ცხოვრებასთან?

- უმეტეს შემთხვევაში, წარმატებულ ქალებს პირად ცხოვრებაში არ უმართლებთ. სამწუხაროდ, მანდილოსნებს ხშირად უწევთ სიყვარულის გამო მსხვერპლის გაღება. არ ვიცი, მომავალში ჩემს ცხოვრებაში რა და როგორ იქნება, მაგრამ ერთს გეტყვით: თუ საყვარელი ადამიანისგან ვიგრძნობ, რომ ჩემი საქმე არ მოსწონს და არჩევანის წინაშე დამაყენებს, კარიერას ავირჩევ...

- დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ, განტვირთვაში რა გეხმარება?

- ძილი (იცინის). მიყვარს პარასკევი, რადგან ეს ერთადერთი დღეა, როცა შემიძლია, თავს გვიან ღამემდე გართობის უფლება მივცე. ვცდილობ, ქართულ "ჩარჩოებში" არ მოვექცე, რომლის მიხედვითაც, თუ ზედმეტად გაერთობი ან იცეკვებ, ეს უკვე სიცანცარეა...

- როგორ ფიქრობ, იღბლიანი ხარ?

- იღბლიანი მაშინ ხარ, თუ საკუთარ თავს იპოვი. ვფიქრობ, იღბალი იყო ის, რომ ხელოვანი ადამიანების ოჯახში დავიბადე და ამან ბალეტს დამაკავშირა, რომ მერე სხვა პროფესიის დაუფლების სურვილი გამიჩნდა და ა.შ.

- პროექტმა - "ცეკვავენ ვარსკვლავები" შენს ცხოვრებაში რა შეცვალა?

- პირველ რიგში, მივიღე დიდი სიყვარული ხალხისგან. ამ პროექტის საშუალებით ხალხმა ისეთი გამიცნო, როგორიც სინამდვილეში ვარ. "ცეკვავენ ვარსკვლავები" სარკესავით გამჭვირვალე იყო, საკუთარ ემოციებს ვერ დაფარავდი. მიხარია, რომ ხალხმა სწორად შეგვაფასა. მინდა, უფრო მეტი გავაკეთო და ეს სიყვარული გავამართლო.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)