ჯერ უცნობია, როდის მოუწევს ვანო მერაბიშვილის პროკურატურაში მისვლა

ჯერ უცნობია, როდის მოუწევს ვანო მერაბიშვილის პროკურატურაში მისვლა

როდის მოუწევს ახსნა-განმარტების მიცემა მთავარი პროკურატურისთვის ვანო მერაბიშვილს, ჯერ უცნობია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ყოფილი შს მინისტრი და პრემიერი პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარებული არ არის.

საკითხზე ყოფილ პრემიერს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. საუბარს ერიდებიან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებიც. ერთადერთი, ვინც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მერაბიშვილზე გაკეთებულ განცხადებაზე მედიასთან მცირე შეფასება გააკეთა, დეპუტატი გიორგი ვაშაძეა. მან შსს-ს განცხადებას "პოლიტიკური თამაში" უწოდა.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში მერაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში იმყოფებოდა.

შსს მთავარ პროკურატურას შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ კანონდარღვევის ფაქტზე გამოძიებისთვის მასალებს უგზავნის. ამის შესახებ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დღეს განაცხადა. მისივე ცნობით, საქმე ეხება 2006-2008 წელში ვანო მერაბიშვილის მხრიდან განხორციელებულ უკანონობას. კერძოდ, გიორგობიანის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის 2006 წლის 13 მარტის ბრძანებით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი დათა ახალაია და გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე დროებით გათავისუფლდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან, რადგან საზოგადოებაში არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მათი დარჩენით ხელი შეეშლებოდა სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლოს საქმეზე მიმდინარე გამოძიებას.

გიორგობიანის თქმით, სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შს მინისტრის ბრძანება დათა ახალაიასა და სანოძისთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე ატარებდა მოჩვენებით, თვალთმაქცურ ხასიათს და გამოცემული იყო მხოლოდ იმ მიზნით, რომ დაკმაყოფილებული ყოფილიყო საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნა ამ პირების თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.

"სინამდვილეში ახალაია და სანოძე თითქმის 2 წლის განმავლობაში სრული მოცულობით და შეუზღუდავად ხელმძღვანელობდნენ შესაბამის დეპარტამენტებს. მათ ხელი მუწვდებოდათ სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციებთან და დოკუმენტებთან. ისინი გეგმავდნენ და ხელმძღვანელობდნენ ოპერატიულ საგამოძიებო, აგენტურულ და სხვა ხასიათის სპეციალურ ღონისძიებებს", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოში შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გამოსცა ბრძანება დათა ახალაიასა და სანოძის შეჩერებული სამსახურებრივი უფლებამოსილების აღდგენის თაობაზე.

"შესაბამისად საქართველოში შს მინისტრის მიერ წლების განმავლობაში დაშვებული და წახალისებული იყო სამინისტროს ორი უმნიშვნელოვანესი დეპარტამენტის არაფორმალური მმართველობა, რაც შესაძლოა, უპრეცედენტო შემთხვევაა ცივილიზებული ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურებრივი ფუნქციონირების ისტორიაში", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

მისი თქმით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ამ ფაქტებში ნათლად იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. შემოწმებული მასალები რეაგირებისთვის მისი თქმით, დღესვე გადაეგზავნება საქართველოს მთავარ პროკურატურას.

დათა ახალაიამ და ვასილ სანოძემ თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გააკეთეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ