კიანუ რივზი: "მეშინია, უმუშევარი არ დავრჩე"

კიანუ რივზი: "მეშინია, უმუშევარი არ დავრჩე"

"კიანუ" ჰავაურიდან თარგმანში ნიშნავს "გრილ ტალღას მთების ძირში". 46 წლის კიანუ რივზისთვის დადგა დრო, თავისი სახელის მნიშვნელობა გაამართლოს: დღეს ახალ როლებს ირგებს - რეჟისორისა და პროდიუსერის, კინოსა და ცხოვრებაში ცვლილებებზე, ასევე ახალი ტექნოლოგიების დაუნდობლობაზე, მან ახალ ინტერვიუში ისაუბრა.

გულდახურული მსახიობი

მას ხშირად უწოდებენ "იდუმალსა" და "უცნაურს". ეს არა მხოლოდ უნიკალური გარეგნობისა და ბუნებრივი მოკრძალებულობის გამო, კიანუ მართლა არ არის უბრალო თანამოსაუბრე. მგრძნობიარე და ინტელექტუალურია, თუმცა თავის ღირსებებს ხშირად ნიღბავს. ინტერვიუს დროს შეიძლება მოულოდნელად ჩაფიქრდეს და დაავიწყდეს შეკითხვაზე პასუხი. ან თემა შეცვალოს და უცებ დაიწყოს ფილოსოფოსობა კინემატოგრაფის დასასრულის შესახებ. ეს ძირითადად პირად ცხოვრებაზე საუბრისას ხდება.

ადრე არ იყო კიანუ ასეთი გულდახურული, მაგრამ პირადმა დრამებმა, რომლებიც პრესამ გაუხმაურა, გულწრფელობის სურვილი დაუკარგა. მისი კარიერა მაღლა მიდიოდა, როცა თავის ბიოგრაფიაში ყველაზე ტრაგიკული მომენტები გადაიტანა: ჯერ მისი საუკეთესო მეგობარი რივერ ფენიქსი გარდაიცვალა ნარკოტიკების დოზის გადაჭარბებით, უმცროს და კიმს ლეიკემია დაუდგინეს, რივზის ჯერარდაბადებული ბავშვი დედის მუცელშივე მოკვდა, ერთი წლის შემდეგ კი ავტოკატასტროფაში დაიღუპა ბავშვის დედა და კიანუს საცოლე - ჯენიფერ საიმი. მას მერე მეგობარი ქალი აღარ ჰყოლია, სახლიც კი არ ჰქონდა წლების განმავლობაში და მხოლოდ ცოტა ხნის წინ შეიძინა. სასტუმროებში ათევდა ღამეს და მოტოციკლს გიჟივით დაატარებდა. ეს იყო მისი ცხოვრება, სამსახურის გარეთ.

ახლა უკვე რეჟისორობა და პროდიუსერობა დაიწყო. მისი ახალი პროდიუსერული ნამუშევარია "მხარდამხარ" - დოკუმენტური ფილმი იმაზე, თუ როგორ ცვლის ციფრული ტექნოლოგიები კინემატოგრაფს და აძევებს ფირებს. ფილმის გმირებს შორის არიან მარტინ სკორსეზე, ჯეიმს კამერონი, დევიდ ლინჩი, ლარს ფონ ტრიერი და ჯორჯ ლუკასი. ფილმის პრემიერის შემდეგ კიანუ ჰონკონგში გაეშურა, სადაც მისი რეჟისორული დებიუტის გადაღება მიმდინარეობს - ბოევიკისა "ტაი-ცზის ოსტატი".

"ნამდვილ სიყვარულს არ სჭირდება განხილვა"

- ფილმში "მხარდამხარ" ფილმების შექმნის ტექნოლოგიებს განიხილავთ. მეტისმეტად სერიოზული თემა ხომ არ არის მსახიობისთვის?

- კინოში ახალი ერა დგება და ეს ყველას ეხება. ექსპერტები გვპირდებიან, რომ ტექნოლოგიები მხოლოდ ფილმების დეკორაციებს კი არ შექმნიან, არამედ "მსახიობ-კლონებს", რომლებიც ეკრანზე ვარსკვლავებს განასახიერებენ. მე და ჩემი კოლეგები კი შეიძლება საერთოდ უმუშევრები დავრჩეთ.

- გეშინიათ უმუშევრობის?

- რასაკვირველია, თუმცა საქმე ესეც არ არის. ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით იოლია სიყალბეებით გატაცება. მსგავსი ექსპერიმენტები შეიძლება ცუდად დამთავრდეს კაცობრიობისთვის. რა თქმა უნდა, ჩემში ლაპარაკობს ნოსტალგია ძველ კინემატოგრაფზე, მაგრამ ოპტიმიზმს არ ვკარგავ. რეჟისორებიც ხომ მეზღაპრეები არიან, ისინი ამბებს ჰყვებიან. და თუ სჭირდებათ რაღაც მნიშვნელოვანის მიტანა ადამიანებამდე, მოძებნიან ამის გაკეთების საშუალებას - ჩვეული მეთოდებით თუ ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით.

- მოგეწონათ ჟურნალისტის როლში ყოფნა ამ ცნობილ რეჟისორებთან?

- ჩვიდმეტი წლის ასაკში ტორონტოში ტელეშოუსთვის ვაკეთებდი ინტერვიუებს. ჟურნალისტიკა ჩემი პირველი სერიოზული პროფესია იყო. მერე მინდოდა გამომგონებლობა, ფიზიკოსობა, მრბოლელობა და დირიჟორობაც კი. სიმღერას და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას ვცდილობდი. გიტარაზე ახლაც ვუკრავ.

- მსახიობობამდე როგორ მიხვედით?

- დედაჩემი კოსტიუმების მხატვარი იყო. მამინაცვალი - თეატრის რეჟისორი. თუმცა ახლაც მიჭირს გაგება, ვინ ვარ სინამდვილეში. რაღაც მკარნახობს, რომ ჩემი ადგილი კინოშია, მაგრამ კონკრეტულად სად? მსახიობი? კი, აქ გარკვეული გამოცდილება მაქვს. პროდიუსერი? ეს საქმე მომწონს, მაგრამ ამ სფეროში ცოტა მაქვს გამოცდილება. რეჟისორი? აქ მთლად გზის დასაწყისში ვარ. იმედი მაქვს, სხვა რეჟისორები არ შეწყვეტენ ჩემს მიწვევას გადაღებებზე.

- რას იტყვით თქვენს ახალ ფილმზე, რომელიც მომავალ წელს გამოვა ეკრანებზე - "47 რონინი"?

- ეს საბრძოლო და რომანტიკული ფილმია, რეალურ ამბებზე დაფუძნებული, 47 სამურაის ამბავი. მე მეომარს განვასახიერებ, რომელიც პრინცესის სიყვარულისთვის იბრძვის.

- ეს ასახავს თქვენს წარმოდგენას სიყვარულზე?

- ამ თემის გავრცობა არ მსურს. ნამდვილ სიყვარულს არ სჭირდება ფართო განხილვა. ამაში მხოლოდ ორნი მონაწილეობენ.

- ძილის წინ რაზე ფიქრობთ ხო­ლმე?

- ახალ დღეზე.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება