ვანო მერაბიშვილი: "ოქრუაშვილს უკვე ყველაფერი ნათქვამი აქვს"

ვანო მერაბიშვილი: "ოქრუაშვილს უკვე ყველაფერი ნათქვამი აქვს"

"შუშის შენობაში ყოფნა სჯობდა, მაგრამ ახლაც არა მაქვს ცუდი კაბინეტი. მესამედ ვარ ოპოზიციაში და ეს ჩემთვის უჩვეულო მდგომარეობა არ არის", - მეუბნება "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, რომელსაც "ნაციონალების" ცენტრალურ ოფისში შევხვდი.

- აქამდე ქართული მედიისთვის ვერ იცლიდით. რით იყო ეს განპირობებული?

- უცხოელებისთვის იმიტომ ვიცლიდი, რომ ქართული რეფორმის რეკლამირებას ვეწეოდი. ქართულ პრესასთან ნებისმიერი შეხვედრა რაღაც დეტალებზე საუბარს იწვევდა, რასაც ვერ გავახმაურებდი.

დღევანდელი ხელისუფლებისაგან განსხვავებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არასოდეს ვაკეთებდი ამა თუ იმ მოვლენის შეფასებას. არც ერთი დანაშაულის შეფასება არ გამიკეთებია იმიტომ, რომ ვგრძნობდი, ეს შეიძლებოდა აღქმულიყო ზეწოლად ან გავლენის მოხდენად გადაწყვეტილების მიღებაზე. იმავეს ვურჩევ დღევანდელ ხელისუფლებას.

მთავარი პროკურორი და იუსტიციის მინისტრი არ ტოვებენ არც ერთ საქმეს, რომ შეფასება არ გააკეთონ. მათი ნებისმიერი გამონათქვამი გავლენას ახდენს გამომძიებლებზე. თანაც ეს საქმეები ძალიან მოუმზადებელია. გუნავას საქმე ხომ უკვე ანეკდოტად იქცა.

- იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ გვარამია-ხეთაგურის საქმეს მტკიცებულებების მხრივ არ გაუჭირდებაო.

- წულუკიანი ყველა საქმეზე ამბობს, მტკიცებულებები გვაქვსო, ყველაზე ნაკლები მტკიცებულება კი თქვენ მიერ ხსენებულ საქმეზე უნდა ჰქონდეთ.

- გასულ პოლიტიკურ წელს როგორ შეაფასებთ?

- მთავარი ამ წელიწადში ის მოხდა, რომ საქართველოში პირველად მმართველმა პარტიამ ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები და მისი შედეგი აღიარა. მთავრობამ და პრეზიდენტმა ნებაყოფლობით გადასცეს თავისი უფლებამოსილების 80% სხვა პოლიტიკურ ძალას. პრეზიდენტს აქვს უფლება, დანიშნოს და მოხსნას მთავარი პროკურორი, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრები, მაგრამ პრეზიდენტმა ხელი არ შეუშალა ამ სამინისტროებს. ამის სანაცვლოდ მივიღეთ, რომ ყველა ორგანო, რომელსაც პირადად არ აკონტროლებს ივანიშვილი, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. ესაა ადგილობრივი თვითმმართველობები, რომლებიც ზეწოლას განიცდიან. თვითმმართველობის წევრებს დევნიან და დაკითხვებზე დაჰყავთ. ამის ნათელი მაგალითია კასპის "პატარა ბიძინა", ოლეგ იაძე. რადგან თვითმმართველობები არ არის ივანიშვილის პირადი კონტროლის ქვეშ, ყოველდღე ესხმიან მათ თავს. გარდაბანში ასეთმა დაძაბულმა ფსიქოლოგიურმა განწყობამ თვითმმართველობის ერთ-ერთი წარმომადგენელი შეიწირა. არ დარჩენილა საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი, ვისზეც ზეწოლა არ განხორციელებულა.

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ღმერთი და ჭეშმარიტების ეტალონია. ამ კაცს ვერ წარმოუდგენია საქართველოში ოპოზიციის არსებობა. ივანიშვილმა ტელეეთერში თქვა, რომ საზოგადოებრივ არხს შეუერთებდა მე-9 არხს, მერე კი განაცხადა, კარგი იქნება, თუ დავით დვალი უჩივლებს "რუსთავი 2"-ის დღევანდელ მფლობელებს და წაართმევს ტელეკომპანიასო. ივანიშვილი ვერ აკონტროლებს სასამართლოებს და რამდენიმე დღის წინ მოსამართლის თანაშემწეზე ზეწოლა მოხდა პოლიციის თანამშრომლის მხრიდან. ასევე იყო შეტევა გენერალურ შტაბზე, უშიშროების საბჭოზე.

ივანიშვილს სურს, რომ საქართველოში არ არსებობდეს არც ერთი ოპოზიციური პარტია, არც თავისუფალი მედია, არც სასამართლო, არც თვითმმართველობები.

არჩევნების შემდეგ ივანიშვილის ძალას კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება გადავეცით და მივიღეთ სრულიად საწინააღმდეგო რეაქცია. უნდათ, რომ პრეზიდენტის დაცვის სამსახური მთავრობაში გადაიტანონ. ამას ივანიშვილი იმიტომ აკეთებს, რომ ვერ აკონტროლებს ამ სამსახურს. ხელისუფლებას ვურჩევ, ის ვალდებულებები შეასრულოს, რაც იკისრა.

ხელისუფლებამ დაგეგმა, რომ მომავალ წელს ბიუჯეტი 600 მლნ-ით გაიზარდოს და სინამდვილეში ზოგიერთი პროექტი, რომელიც იყო წინა ბიუჯეტში, შეამცირეს. ასევე შემცირდა პრეზიდენტის ხარჯები და უშიშროების საბჭოს ბიუჯეტი. ბიუჯეტის 100% მიმართეს სოციალური დაპირებების შესრულებისთვის, მაგრამ არც ერთის სრულად შესრულება არ ჩანს. ამიტომაც მესმის ივანიშვილის. მას უნდა, ვერავინ დააფიქსიროს, რომ პირობებს არ ასრულებს. მან იმდენად არარეალური დაპირებები გასცა, საკუთარი დაპირებების მძევლად იქცა.

- ბრძანეთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" განსხვავებულ რეჟიმში დაიწყებს მუშაობას. რას გეგმავთ კონკრეტულად?

- გარდა იმისა, რომ ხელისუფლების კონსტრუქციულ კრიტიკას გავაგრძელებთ, რეაგირებას მოვახდენთ ყველა უკანონო დაკავებაზე. თუ იქნება "რუსთავი 2"-ში შეღწევის მცდელობა და ამისათვის ქიბარ ხალვაშს თუ დვალს გამოიყენებენ, საზოგადოებას ამ ტელეკომპანიის დაცვისკენ მოვუწოდებთ. თუ შეეცდებიან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გაკონტროლებას, შევქმნით დიდ სახალხო კოალიციას და ხელისუფლებას ამის გაკეთების საშუალებას არ მივცემთ. ენერგიას, რომელიც უნდა მიგვემართა კონსტრუქციული საპარლამენტო ურთიერთობისათვის, მივმართავთ უსამართლობასთან ბრძოლისკენ. ჩვენ სხვა რეჟიმზე გვიწევს გადასვლა, რადგან ამის გაკეთებას გვაიძულებენ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა