დავით ბაქრაძე - "გამორიცხული არაა, ვანო მერაბიშვილი ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს"

დავით ბაქრაძე - "გამორიცხული არაა, ვანო მერაბიშვილი ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს"

უმცირესობის წევრი დავით ბაქრაძე არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ვანო მერაბიშვილი იყოს. ამის შესახებ ბაქრაძემ გაზეთ "ვერსიასთან" ისაუბრა.

"რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატს - ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, თუმცა ვანო მერაბიშვილი პარტიის გენმდივანია და გამორიცხული არაა, სწორედ ის იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი, როგორც, მინიმუმ, 4-5 სხვა ადამიანი, მათ შორის ახალი სახეც. კონკრეტულ გვარზე საუბარი ახლა უბრალოდ შეუძლებელია", - განაცხადა ბაქრაძემ.

პარლამენტის წევრი უარყოფს გავრცელებულ ხმებს "ნაციონალური მოძრაობის" სახელის შეცვლის შესახებ.

"არ ვადასტურებ ჭორს პარტიის სახელის შეცვლის თაობაზე - წინააღმდეგი ვიქნებოდი, ეს თემა განხილვაზე რომ დამდგარიყო, თუმცა არ დამდგარა. ჩვენი სახელი უკვე ბრენდად ჩამოყალიბდა... არ ვადასტურებ ამ შეთქმულების თეორიებსა და აჟიოტაჟს აპრილში "მეორედ მოსვლასთან" დაკავშირებით. უახლოესი არჩევნები იქნება მხოლოდ საპრეზიდენტო და ის 2013 წლის ოქტომბერში ჩატარდება... ვადამდელი არჩევნები იმიტომ არ ჩატარდება, რომ ქვეყანა კონსტიტუციური ციკლიდან არ ამაოვარდეს. როცა ოპოზიცია გამუდმებით ვადამდელ არჩევნებს ითხოვდა, მაშინაც ამას ვამბობდი და კვლავ მხარს ვუჭერ ნებისმიერი არჩევნების კონსტიტუციურ ვადაში ჩატარებას, რადგან ვადამდელი არჩევნები ქვეყნისთვის ცუდია", - აღნიშნა ბაქრაძემ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა