"ნაციონალური მოძრაობის" კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილი ოხუნჯი კონფერანსიე იყო"

"ნაციონალური მოძრაობის" კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილი ოხუნჯი კონფერანსიე იყო"

რა იყო 2012 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა, რამ შეუწყო ხელი ქვეყანაში ცვლილებების პროცესს და როგორი პოლიტიკური წელი გვიდევს წინ? ამ საკითხებზე გვესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.

- არა მხოლოდ 2012 წლის, არამედ ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენად 1-ლი ოქტომბრის არჩევნებს მივიჩნევ, იმას, თუ როგორ ნათლად წარმოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები არის მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობა და არა რომელიმე პოლიტიკური ძალა. 2012 წელი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ქართული დემოკრატიის დაბადების წელი, შესაბამისად, ახალშობილი დემოკრატია ხელისუფლებისგანაც და საზოგადოებისგანაც მოითხოვს ფრთხილ და მზრუნველ დამოკიდებულებას.

- ბევრი ვარაუდი გამოითქვა იმის თაობაზე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არაფრის ფასად დათმობდა ძალაუფლებას, თუმცა ვნახეთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა პირველივე დღეს აღიარა მარცხი, რაც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან შეფასდა როგორც დემოკრატიის მაღალი ხარისხი.

- განსხვავებით ჩვენი საზღვარგარეთელი კეთილისმსურველებისგან, ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება გამოიყენებდა მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღებად. ეს რომ არ მოხდა, უპირველესად, სწორედ ქვეყნის მოსახლეობის აქტიურობის შედეგია - 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში, წინა არჩევნებთან შედარებით, მონაწილეობა მიიღო თითქმის ნახევარი მილიონით მეტმა ადამიანმა, რასაც არ ელოდა ნაცმოძრაობა. დაშინებით, შანტაჟით თუ საეჭვო შედეგის სოციალური გამოკვლევებით ყველაფერი კეთდებოდა ნაცმოძრაობისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. მეორე მხრივ, განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ სწორედ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, მათი ლიდერები და დიპლომატიური წარმომადგენლობები. ჩვენ ვნახეთ აშშ-ის ორვე ელჩი - ბასი თუ ნორლანდი - როგორი ჩართული იყვნენ აქ მიმდინარე პროცესებში, ისინი, წინა ელჩებისგან განსხვავებით, ზუსტ ინფორმაციას აწვდიდნენ თავიანთი ქვეყნის მთავრობას. გარდა ამისა, როდესაც ზურაბ ადეიშვილმა ვერ გაიტანა თავისი და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებისგან ვერ მიიღო თანხმობა არჩევნების ჩვეულ, ტოტალურ გაყალბებაზე, ადგა და ქვეყნიდან გაიქცა ერთ-ერთი ციხის უფროსთან ერთად. მას მალევე გაჰყვა ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა. ეს ნიშნავს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ლამის საარჩევნო ურნების გახსნამდე მოახდინა თვითლუსტრაცია, როგორც დამნაშავეთა პარტიამ. ამის დასტური იყო თავდაცვის იმჟამინდელი და ყოფილი მინისტრების - შაშკინისა და კეზერაშვილის - გაუჩინარებაც,

- უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებების გენერატორი ერთი კონკრეტული ადამიანი აღმოჩნდა. პოლიტიკაში სრულიად ახალბედა ბიძინა ივანიშვილმა, შეიძლება ითქვას, შეუძლებელი შეძლო. თქვენი აზრით, რა არის მისი წარმატების საიდუმლო?

- გალაკტიონს თუ დავესესხებით, აქ მთავარია "ნიჭი, ძამიკო, ნიჭი". რასაკვირველია, 2012 წლის ადამიანი საქართველოში ბიძინა ივანიშვილია. აქვე ვიტყვი, რომ ამ წლის არაკაცის წოდებას ნამდვილად იმსახურებს ზურაბ ადეიშვილი. დიახ, ნამდვილად ივანიშვილი გახლდათ გადამწყვეტი ფიგურა ხელისუფლების შეცვლისას, მაგრამ ნათქვამია, მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო. ის მარტო არ ყოფილა ამ ბრძოლაში, მისი კოალიციის შიგნით ჩამოყალიბებულმა ერთობამ აჩვენა თანამშრომლობის საკმაოდ მაღალი პოლიტიკური კულტურა.

- თუმცა ამ გუნდს პრეზიდენტმა ახლახან კვლავ უწოდა მნგრეველთა ბანდა.

- ძალიან ხშირად ამ ხელისუფლებისადმი ბატონი სააკაშვილის გამონათქვამები მახსენებს ქართულ ანდაზას: "ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო". აბა, გადახედოს იმ ადამიანების ათასობით საჩივარს, ვისაც ქონება ან წაართვეს, ანაც გაუნადგურეს. რამდენი რამ დაანგრიეს, რომ შეექმნათ განსაკუთრებული პირობები ნაცმოძრაობის ელიტისთვის და მათი აპოლოგეტებისთვის. არანაირი კანონი მათთვის არ მოქმედებდა. ასე რომ, ნგრევის დიდოსტატები თავიანთ რიგებში მოიკითხონ.

- არჩევნების შემდეგ სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები საკმაოდ ზომიერ განცხადებებს აკეთებდნენ, თუმცა ბოლო ხანს პრეზიდენტის ტერმინოლოგია მნიშვნელოვნად შეიცვალა და ის ისევ აგრესიულია. მას არც სხვა თანაგუნდელები ჩამორჩებიან. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებაში მალე დაბრუნდებიან.

- ბოლო ხანს ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სააკაშვილი ცდილობს, შემოგვთავაზოს "ქართული ოცნების" პლაგიატი ანუ ანტიქართული ოცნება. მის რიტორიკას პროფესიონალი, ალბათ, მანიაკურ-დეპრესიულ ფსიქოზად შეაფასებდა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილი იყო ოხუნჯი კონფერანსიე, რომელიც გააცინებს, აახარხარებს და ტაშსაც დააკვრევინებს დამსწრეთა ნაწილს, მაგრამ "ბისზე" გამოიძახებენ, როგორც ოხუნჯ კონფერანსიეს და არა რომელიმე სახელმწიფო სავარძლის დასაკავებლად. ისე, აზრის გამოთქმის ეს ფორმა - ცოცხალი ტყუილები, არა მხოლოდ სააკაშვილისთვისაა დამახასიათებელი, არამედ მთელი იმ პოლიტიკური შლეიფისთვის, მას რომ მოჰყვება. დღეს პრეზიდენტის მუქარა ხელისუფლებაში დაბრუნებაზე მხოლოდ ფუჭი ტყვიების სროლაა. სასაცილოა კიდევ ერთი რამ: დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკით ნაციონალთა ლიდერები გმობენ ყველაფერს, რასაც თვითონ სჩადიოდნენ, თუმცა ეს მონანიება კი არა, უტიფრობაა..

- ახალ ხელისუფლებას აკრიტიკებენ ძველი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა დაკავებების გამო. "ნაციონალური მოძრაობა" ამბობს, რომ ეს პოლიტიკური დევნაა. გარკვეულწილად ამას იმეორებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც. ხომ არ ჩქარობს ხელისუფლება ამ პროცესში, ანუ ხომ არ ჯობდა, უფრო დასაბუთებული მტკიცებულებებით წაეყენებინათ ამა თუ იმ ადამიანისთვის ბრალი?

- ვერ გავიზიარებ აზრს, რომ ეს ნაჩქარევი ქმედებაა, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, მრავალი ათასი საჩივარია შესული პროკურატურაში. ეს საუკეთესო ლაკმუსია საზოგადოების განწყობისა. მოსახლეობას სურს სამართლიანობის აღდგენა...

- არ გეჩვენებათ, რომ გამოსაძიებელ საქმეებს რიგ შემთხვევაში პოლიტიკური მოტივით ირჩევენ? აშკარაა, რომ პროკურატურისთვის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა წინასაარჩევნოდ მიმდინარე მოვლენები, მაგალითად, ბანკ "ქართუს" საქმე.

- ვფიქრობ, პოლიტიკური მოტივით ჩადენილი დანაშაულები უფრო იოლი გამოსაძიებელია, თანაც არაერთი ადამიანი დაზარალდა წლეულს სწორედ პოლიტიკური დევნის გამო. ახლა ისინი ეძებენ სამართალს. გეთანხმებით, რომ მხოლოდ ამ საქმეების გამოძიებას არ უნდა გადაჰყვნენ, მით უფრო, გვახსოვს დაპირება, რომ გამოძიებული იქნებოდა გახმაურებული დანაშაულები, რომლებიც არანაკლებ აინტერესებს საზოგადოებას. ვიცით, რომ სასამართლო სისტემა ჯერ კიდევ მათი გავლენის ქვეშაა. კოტე კუბლაშვილი ერთადერთი ადამიანია, ვისაც შეუძლია თქვას, რომ არ განიცდიდა ზემოქმედებას და რომ ეს მხოლოდ ოქტომბრის ბოლოდან იგრძნო, რაც სიცრუეა და არ ეკადრება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. ვწუხვარ, რომ ეს მართლაც ნიჭიერი და განათლებული ადამიანი შვიდ წელიწადში მატყუარა მოხელედ იქცა.

- უკვე გამოცხადდა, რომ ელექტროენერგია 3,5 თეთრით გაიაფდება, რაზეც ნაცმოძრაობის გენმდივანმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა: ეს მოჩვენებითი შეღავათი საქართველოს ენერგეტიკისა და ჩვენი მომავლის ხარჯზე ხორციელდებაო და იქვე დასძინა, ჩვენი 1.000-ლარიანი ვაუჩერით უფრო მეტ სარგებელს ნახავდა ხალხიო.

- არ ვიცი, ნერვიულობით თუ იმის გამო, რომ არითმეტიკის გაკვეთილებზე არ უვლია, ბატონ ვანოს გათვლებს ერთი სერიოზული ხინჯი აქვს. ამ ათას ლარს ასე ხშირად რომ იმეორებს, რატომ იმასაც არ ამბობს, რომ ეს თანხა ოთხ წელზე ჰქონდათ გაწერილი და წელიწადში 250 ლარზე იყო ლაპარაკი. 250 ლარს კი 365 დღეზე თუ გავყოფთ, ვნახავთ, რომ დღეში რამდენიმე თეთრზეა ლაპარაკი. უპრიანი იქნება, ბატონმა ვანომ დაითვალოს განვლილი წლების განმავლობაში ტარიფს ჩამოკლებული ეს 3,5 თეთრი რამდენ ლარს შეადგენდა სულ და ვის ჯიბეში წავიდა? არ ვიცი, ამას როგორ დაითვლის, მაგრამ ამ ფულის მისამართი კი ნამდვილად ეცოდინება, რადგან "გონივრული ეჭვი" მაქვს, რომ ტარიფში ასახული ეს თეთრები სწორედ ხელისუფლების წილი უნდა ყოფილიყო.

- ბატონო სოსო, კულუარულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი აგრესიულობა გამოწვეულია იმით, რომ მისგან ახალი ხელისუფლება გადადგომას მოითხოვს.

- ვერაფერს გეტყვით, მე უფრო ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სააკაშვილს ვიღაც უხილავი ხან აღმგზნებ აბებს ასმევს, ხანაც - დამამშვიდებელს. არჩევნების შემდეგ ალბათ, ამ უკანასკნელს ასმევდნენ.

ვფიქრობ, სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები ხელისუფლებაში დაბრუნების თაობაზე, ამ გარემოცვის დასაიმედებლად უფრო კეთდება. ისე კი მიმაჩნია, რომ წინ ძალიან საინტერესო წელი გველის, როდესაც საქართველო შეძლებს და დაიბრუნებს თავის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობასა და ფუნქციებს. საქართველოს მოსახლეობას კი სრულიად არ დააინტერესებს, რომელ საკანში და რამდენ ხანს გაატარებს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი.

- დასასრულ, როგორი იქნება 2013 წელი, უნდა ველოდოთ თუ არა პოლიტიკური პროცესების კიდევ უფრო გამწვავებას?

- ვფიქრობ, "ნაციონალური მოძრაობის" კულუარებში ახლა მიმდინარეობს იმის განხილვა, ხელს აძლევთ თუ არა პოლიტიკური კრიზისი, რისი პირველი ნიშნებიც უკვე ჩანს. ფაქტია, ოპოზიცია მართავს სასამართლო სისტემას, უშიშროების საბჭოს, დედაქალაქის მერიას, სატელევიზიო არხებს და რეგიონული თვითმმართველობების გარკვეულ ნაწილს. ასევე დიპლომატიურ კორპუსს საზღვარგარეთ. ასე რომ, ერთმმართველობაზე ლაპარაკი გაჭირდება. თუმცა მაინც მგონია, რომ ყველაფერი ნელ-ნელა დალაგდება. ახალი ხელისუფლება ნელ-ნელა გამოვა "ნაციონალურ მოძრაობასთან" პოლემიკის რეჟიმიდან და სრულიად ახალ პერსპექტივას დაანახვებს მოსახლეობას.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა