ვინ არის იგივე "სტეპანიჩი", იგივე "ლევონი"...

ვინ არის იგივე "სტეპანიჩი", იგივე "ლევონი"...

ლევან თუმანიშვილი, იგივე "სტეპანიჩი", იგივე "ლევონი", ვანო მერაბიშვილის ბიძა (დედის ძმა) გახლავთ. ცოტა ხნის წინ "სტეპანიჩი" დაიჭირეს. ეს ფაქტი მეხის გავარდნასავით იყო უდეში (ვანოს მშობლიური სოფელი), რადგან, როგორც "კვირის პალიტრას" ადიგენის რაიონის რეინჯერებმა განუცხადეს, ახალციხეს თავისი იმპერატორი ჰყავდა, რომლის გარეშეც ქეიფი არ იმართებოდა, მიცვალებული არ იკრძალებოდა, ქალი არ მშობიარობდა და ჩიტიც კი არ დაფრინავდა ცაში.

"სტეპანიჩი" შპს "ტაოს" მფლობელი გახლდათ, რომლის საქმიანობაც ხეტყის მოპოვება, პურის ცხობა, სამშენებლო და სხვა სამუშაოები იყო. სამართალდამცავების ინფორმაციით, 2007 წლიდან დღემდე "ტაოს" მიერ უკანონოდ გაიჩეხა და განადგურდა ტყის დიდი მასივები ადიგენში. სქემა კი ასეთი იყო: ხეტყის შესყიდვა ვითომ ლიცენზიის მქონე ადგილობრივი მოსახლეობისგან ხდებოდა. სინამდვილეში, ისინი აზრზეც არ იყვნენ, რა ხეტყე იყიდა მათგან "სტეპანიჩმა". მეტიც, 33 დაკითხულიდან არც ერთს არასოდეს მიუყიდია ხეტყე შპს "ტაოსთვის". რაც მთავარია, გამოძიების ვერსიით შესყიდვის დოკუმენტებზე ხელმოწერები გაყალბებული იყო.

როგორც კი თუმანიშვილმა რეინჯერების მოწმის სახით დაკითხვის ამბავი შეიტყო, მათზე ზეწოლა და მუქარა დაიწყო.

"სტეპანიჩმა" მითხრა, პოლიციასთან თანამშრომლობა ბოზობაა, იცოდე, შენს შვილს სკოლაში ბოზის შვილს დაუძახებენო. რატომ უნდა იყოს ჩემი შვილი ბოზის შვილი?" - ასეთია ერთ-ერთი რეინჯერის, ვეფხია ბაქრაძის განცხადება. ზეწოლის ფაქტები გამოვლინდა სხვა მოწმეებზეც. 15 დეკემბერს "სტეპანიჩი" წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. 16 დეკემბერს კი "სიმულაცია გაითამაშა" (ასე შეაფასეს სამართალდამცავებმა მისი საქციელი) - გულყრა დაემართა, რის შემდეგაც სასწრაფოდ თბილისში გადაიყვანეს. იქ კი დეტალური გამოკვლევა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ ახალგაზრდა სპორტსმენს არ ექნება ისეთი ჯანმრთელი გული, როგორიც ლევან თუმანიშვილს თავის ასაკში. ამის შემდეგ საღ-სალამათი და რატომღაც კარგ გუნებაზე მყოფი "სტეპანიჩი" ისევ ახალციხეში გადააბრძანეს. მალევე მისი გამხიარულების მიზეზიც გაირკვა - სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და "სტეპანიჩი" 18 დეკემბერს გირაოთი გაათავისუფლეს.

გივი პაპუაშვილი (სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პროკურორი):

- დაკითხული პირები აცხადებენ, რომ არავითარი ხეტყე არ მიუყიდიათ "ტაოსთვის". შესაბამისად, დოკუმენტებზე არ არის მათი ხელმოწერა. დავკითხეთ შპს "ტაოს" ხელმძღვანელობა და ბუღალტერიც. ჩატარდება ექსპერტიზა, რომელიც დაადასტურებს დოკუმენტების სიყალბეს. ამ ეტაპზე კი, როდესაც 33 კაცი გაიძახის, არ არის ჩემი ხელმოწერა და ხეტყე არ გამიყიდიაო, გამოძიებას არანაირი საფუძველი არა აქვს, არ გაიზიაროს მოწმეთა ჩვენება. მიუხედავად ამისა, ექსპერტიზა ჩატარდება და მტკიცებულებაც დაიდება!

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ