რა ჩაიფიქრა ახალი წლის ღამეს ნიკა წულუკიძემ

რა ჩაიფიქრა ახალი წლის ღამეს ნიკა წულუკიძემ

"დაუსრულებელი წინადადების" წლის პირველი სტუმარი თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძეა. ამბობს, რომ კარგი ფეხი აქვს და მეკვლედაც ხშირად ეპატიჟებიან. ახალი წლის დღესასწაულს ყოველთვის ოჯახში ხვდება. რა აღიზიანებს ყველაზე მეტად, როგორია სიყვარულის მისეული ფორმულა, რა ვერ ისწავლა დღემდე და რას უფრთხილდება ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- 1986 წლის 25 პრილი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...გინეკოლოგი. სახლში თეთრი ხალათები მქონდა და ექიმობანას ვთამაშობდი. კიდევ მინდოდა, ბაზარში მემუშავა. ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ბავშვობაში მაშინ იყო, როცა მამამ საბურთალოს ბაზარში წამიყვანა და ცოტა ხნით ბოსტნეულის გამყიდველად "ვიმუშავე". მახსოვს, მამამ კიტრი, პომიდორი მიყიდა, დახლზე დამიწყო, მე კი დახლს უკან დამაყენა. ავიჩემე, - გინდა თუ არა, მწვანილი და წყალიც მომიტანე, მწვანილი უნდა დავნამო და ისე გავყიდო-მეთქი.

- ჩემს პროფესიულ არჩევანზე გავლენა მოახდინა...

- ...სპექტაკლმა "საპოვნელა". წარმოდგენა მარჯანიშვილის თეატრში, 1994 წელს ვნახე. ამ სპექტაკლში სოფიკო ჭიაურელი მონაწილეობდა. მაშინ ვიფიქრე, - არ ვიცი, რა გზით, რა ფორმით, მაგრამ ამ სფეროში უნდა მოვხვდე-მეთქი. თეატრისადმი სიყვარული თანდათან უფრო მიძლიერდებოდა და მიძლიერდებოდა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილიაო.

- ჩემზე გავლენა იქონია...

- ...ლონდონმა, ამ ქალაქის ცხოვრების რიტმმა. ქუჩაში რომ მივდიოდი, ხალხი ისე სწრაფად მოძრაობდა, მეგონა, - ახლა გადამთელავენ-მეთქი. მათ ჯერ ავყვებოდი, ავყვებოდი, მერე გვერდით მივდგებოდი და სულს მოვითქვამდი ხოლმე. ჩემზე გავლენა იქონია ვაჟა-ფშაველამ.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ყველა საყვარელი ადამიანი ჯანმრთელად და კარგად მყავს.

- როცა მარტო ვარ...

- ...მოწყენილი გახლავართ.

- ძილის წინ ყოველთვის...

- ...ვფიქრობ. გურამ დოჩანაშვილს გენიალურად აქვს ნათქვამი: დაწოლიდან დაძინებამდე არის პერიოდი, როცა საკუთარ თავთან მარტო რჩებიო. მარტო დარჩენილს შენი ფიქრების არ უნდა შეგეშინდეს.

- ვიბნევი, როცა...

- ...მატყუებენ.

- ჩემი წონასწორობიდან გამოყვანა შეუძლია...

- ...უზრდელობას.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...მსახიობი.

- მეზარება...

- ...დიეტები. ეჰ!!!

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...წონაში 20 კილოგრამით ნაკლები.

- მაღიზიანებს...

- ...ყველაფერზე კომპეტენტური აზრის მქონე ადამიანები.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...ვხედავ, რომ ნანობს.

- არასდროს დამავიწყდება...

- ...ჩემი გარდაცვლილი მეგობრები

- ვერაფრით ვისწავლე...

- ...ჭკუა. მოხერხებული ვარ, მაგრამ ეშმაკი - არა. მინდა, ცოტა სიეშმაკეც მქონდეს.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...თავიდან ვიმეორებ.

- ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ...

- ...სამჯერ მაინც ვაკაკუნებ.

- ბოლოს მესიზმრა...

- ...გენიალური რაღაც შემომთავაზეს, მაგრამ რა, ამას არ ვიტყვი.

- ძალიან მჯერა...

- ...უწმინდესისა და უნეტარესის.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...იმედით ვივსები. ვცდილობ, პროცესი ისე წარვმართო, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იყოს.

- არავისთან ვსაუბრობ...

- ...ხელფასზე. არადა, ცნობისმოყვარე ადამიანები მეკითხებიან: ხელფასი რამდენი გაქვს? ამაში რა მიეცი? რა ღირდა? - რა მივეცი და, ფული.

- სიყვარული ეს...

- ...ტყუილია. სიყვარულის ჩემეული ფორმულა ასეთია. სიყვარული სიკეთეა, სიკეთე ნიჭია, ნიჭი პოზიციაა, პოზიცია მდგომარეობაა, მდგომარეობა ქმედებაა, ქმედება გონიერებაა, გონიერება გამოცდილებაა, გამოცდილება დროა და დრო - წარმავალია. ე.ი. გამოდის, რომ სიყვარულიც წარმავალია. ეს არის წამიერი ლტოლვა და მთელი ცხოვრება მისი შენარჩუნებისთვის გიწევს ბრძოლა. საერთოდ, ადამიანი მოსაბეზრებელი არ უნდა გახდე.

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...ცხოვრებას იოლად ვუყურებ (ღიღინებს). "აქეთ გორასა, წიხლსა ვკრავ, იქით გორასა, ძვრას ვუზამ, ადიდებულსა მდინარეს, დავაყენებ და ყლაპს ვუზამ". შეყვარებული იშვიათად ვარ, მოხიბლული - მთელი ცხოვრება.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...მოხუცები არიან. ხანდაზმულ ადამიანებზე ვგიჟდები.

- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ჯანსაღმა იუმორმა, რომელიც ძალიან დეფიციტურია. პროვინციულმა იუმორმა წაგვლეკა.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...იშვიათად მივდივარ. უსიამოვნო სიურპრიზები არაფერში მჭირდება. მიზანსწრაფული ვარ, მაგრამ დინჯი.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მსიამოვნებს. ვგიჟდები, ქება ისე მომწონს. იმერლები რომ ამბობენ, - ხომ არაფერია ეს ხაჭაპური, მაგრამ რომ ჭამ, გსიამოვნებსო. ჰოდა, ხომ არაფერია ქებაც, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს ისევე, როგორც ყველა ადამიანს.

- მეშინია...

- ...არ დადგეს ის დრო, როცა ვიქნები უფუნქციო.

- ხშირად მსაყვედურობენ..

- ...მოუცლელობის გამო.

- არ მჩვევია...

- ...ღალატი.

- ვუფრთხილდები...

- ...ყველას და ყველაფერს - ჩემი სადარბაზოდან დაწყებული, ქვეყნით დამთავრებული.

- ვერავინ მაიძულებს გავაკეთო....

- ...ის, რაც არ მინდა.

- არ მრცხვენია...

- ...წარსულის.

- ვერ დავიჯერებ...

- ...რომ ბოროტი კეთილს მოერევა.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ცნობიერებას, ეროვნებას ვერ შემაცვლევინებენ. ბოლომდე ასეთი ქართველი დავრჩები!

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...ცხოვრების სიყვარულით.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ბავშვობაში ბებია მეუბნებოდა, - რასაც გააკეთებ, კარგად უნდა გააკეთო ან ხელი საერთოდ არ უნდა მოჰკიდოო. ბრეხტიც ხომ ამბობს "კავკასიური ცარცის წრეში": "რასაც ვაკეთებ, ლაზათიანად ვაკეთებ".

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...მერე მოვიფიქრებდი, რას გავაკეთებდი.

- ჩვევად მაქვს, ყოველ ახალ წელს...

- ...ოჯახის წევრებთან ერთად შევხვდე.

- ახალი წლის ღამეს ჩავიფიქრე...

- ...იყოს მშვიდობა და ყველა ადამიანს ჯანმრთელობა ჰქონდეს.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- გვიყვარდეს, გვიყვარდეს, გვიყვარდეს ერთმანეთი.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები