რამდენი იქნება დასუფთავების მოსაკრებელი

რამდენი იქნება დასუფთავების მოსაკრებელი

დასუფთავების გადასახადი დღემდე აქტუალურ თემად რჩება, რადგან საკრებულოში შევიდა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც შესაძლოა კვლავ ზღვრული მოსაკრებელი დაწესდეს. მოსაკრებლის რაოდენობა ერთ სულზე თვეში 3 ლარს, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, 1 მ3 ნარჩენზე 25 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. სწორედ ამას ითვალისწინებს ქალბატონ თინა ხიდაშელის მიერ მომზადებული "საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების პროექტი, რომელმაც საკრებულოშიც ცხარე დებატები გამოიწვია და მოსახლეობაშიც. ამ საკითხის განხილვა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშიას ვთხოვეთ:

- მინდა, მკითხველი დავამშვიდო და ვუთხრა, რომ აქ საუბარია ზედა ზღვარზე, ანუ რაც უნდა მოხდეს, დასუფთავების გადასახადი სამ ლარზე მეტი არ იქნება. თანაც, დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის დადგენა პარლამენტის კომპეტენცია არ არის, ეს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმეა. სწორედ საკრებულომ უნდა დაადგინოს, რამდენი იქნება თბილისში დასუფთავების მოსაკრებელი. ამასთანავე, ჩემთვის გასაგებია, რატომ წამოაყენა ეს ინიციატივა თინა ხიდაშელმა: ქალბატონი თინა თბილისის საკრებულოს წევრი იყო და მსგავს თემებზე ერთად გვიხდებოდა ბრძოლა "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ. ისიც ძალიან კარგია, რომ ეს საკითხი უკვე პარლამენტის დონეზე გადაწყდება, რითაც ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადის უაზრო გაერთიანება. რაც შეეხება მეორე მხარეს, ანუ კონკრეტულად ტარიფს, აქ ორი საკითხი იკვეთება: პირველი - ჯერ ტარიფი დადგენილი არ არის, ამიტომაც, ფიქრი იმაზე, რომ ის შეიძლება 3 ლარი გახდეს, ნაადრევია, პარლამენტი როგორც მოგახსენეთ, ზედა ზღვარს აწესებს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კი ჩვენზეა დამოკიდებული. თუ დააკვირდებით, პროექტში მითითებულია შუალედი - 0-დან 3 ლარამდე, ესე იგი, ტარიფი შეიძლება იყოს 3 ლარი და 5 თეთრიც კი. ქალაქის თვითმმართველობა იმსჯელებს, დაადგენს გარკვეულ ტარიფს და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბრებთ კონკრეტულ ციფრებზე.

- ბატონო ჯაბა, მეორე საკითხი რა არის?

- ჩემი აზრით, ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს ის, რომ თანხა, რომელიც დღეს გამოყოფილია ქალაქის დასუფთავებისათვის, ხელოვნურად არის გაზრდილი: 48 მილიონი ლარი თბილისის ბიუჯეტის შვიდ თუ რვა პროცენტს უტოლდება, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია, ანალოგიური სერვისი შეიძლება გაცილებით იაფად მივიღოთ. მე თქვენს გაზეთთან ადრეც მითქვამს: 21-ე საუკუნეში მსოფლიოს არც ერთ ცივილიზებულ ქალაქში ცოცხიანი მეეზოვეები ქალაქს არ ასუფთავებენ-მეთქი. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, უახლესი ტექნიკის გამოყენება ქალაქის დასუფთავების სისტემასაც გააიაფებს და ამ მომსახურებას გაცილებით ეფექტიანს გახდის. კიდევ ერთ პრობლემას უნდა შევეხო: საბოლოოდ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა ღირს ეს სერვისი. არავინ იცის, თბილისში რამდენი კვების ობიექტი, რამდენი რესტორანი ან რამდენი დაწესებულება და ოფისია, ისინი საკმაო რაოდენობის გადასახადს იხდიან, მოსახლეობაზე აღარაფერს ვიტყვი... სწორედ ამიტომ, ეს სფერო საგულდაგულოდ იყო დახურული "ნაციონალური მოძრაობის" მიერ. მხოლოდ ორიოდე თვის წინ გახდა ცნობილი რამდენი კაცი იყო დასაქმებული დასუფთავების სამსახურში, მანამდე კი ეს სფერო გასაიდუმლოებული იყო. ამიტომაც გვაქვს სავსებით ლოგიკური და ლეგიტიმური კითხვები. კერძოდ - რამდენი ადამიანია დასაქმებული ამ სფეროში? რატომ არ იყენებენ დასუფთავების სამსახურის მუშაკები თანამედროვე ტექნიკას მაშინ, როცა მთელი მსოფლიო თანამედროვე ტექნოლოგიებზეა გადასული? რატომ­ ხდება, რომ თოვლის მოსვლის შემდეგ ტექნიკური მარილი მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებში იყრება, ხოლო შედარებით მოშორებულ უბნებში მოსახლეობას გადაუჭრელი პრობლემები ექმნება და გადაადგილება უჭირს? - ამ პრობლემებს საფუძვლიანი გამოკვლევა და პასუხის გაცემა სჭირდება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ვიდრე საბოლოოდ არ დადგინდება, რა ღირს დედაქალაქში დასუფთავების სერვისი, ვიდრე საკრებულოს მიერ არ დადგინდება ოპტიმალური ზღვარი, მანამდე არავის აქვს უფლება თქვას, რამდენი იქნება დასუფთავების გადასახადი.

- ბატონო ჯაბა, თუ იცით, დაახლოებით რამდენი შეიძლება იყოს დასუფთავების გადასახადი?

- დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ საკრებულოში ჩატარდა ამ სფეროს კვლევა. როგორც მახსოვს, მაშინ ეს თანხა მერყეობდა 1,5-1,7 ლარამდე. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ ეს შუალედი შევინარჩუნოთ, თუმცა საკრებულოს ზოგიერთმა წევრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ დასუფთავების გადასახადი ერთ ლარზე მეტი არ უნდა იყოს.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"