ვანო მერაბიშვილი იმედოვნებს, რომ დასაქმების სამინისტროს პროექტზე შეკითხვებს დაუსვამენ

ვანო მერაბიშვილი იმედოვნებს, რომ დასაქმების სამინისტროს პროექტზე შეკითხვებს დაუსვამენ

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი იმედოვნებს, რომ ხელისუფლებას ეყოფა სითამამე და დასაქმების სამინისტროს პროექტთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები პირადად მას დაუსვამენ შეკითხვებს. ამის შესახებ მერაბიშვილის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხელისუფლებას მოუწოდებს თავი დაანებოს რიგითი საჯარო მოხელეების დაკითხვებზე ტარებას.

"გასული წლის ივლისში, ჩემი ინიციატივით შეიქმნა დასაქმების მინისტრის თანამდებობა, რომლის მიზანიც უნდა ყოფილიყო საქართველოში უმუშევრობის პრობლემასთან ბრძოლა. თუმცა სამწუხაროდ, ამ წამოწყებას ახალი მთავრობის მიერ გაგრძელება არ მოჰყოლია. ნაცვლად იმისა, რომ განევითარებინათ ეს პროექტი და ხელი შეეწყოთ ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის აღმოფხვრისთვის, დღევანდელმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით საკუთარი უმოქმედობის გადასაფარად გადაწყვიტა სხვა გზით წასულიყო. უკანასკნელი დღეების განმავლობაში დაკითხვებზე იბარებენ აღნიშნული სააგენტოს ყოფილ დირექტორს, რამაზ სულამანიძეს და მის რიგით თანამშრომლებს, რომლებმაც უამრავი დრო და ენერგია მოახმარეს ამ პროექტის განხორციელებას.

მე მოვუწოდებ ხელისუფლებას თავი დაანებოს რიგითი საჯარო მოხელეების დაკითხვებზე ტარებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული პროექტი იყო პირადად ჩემი იდეა და სრულიად ინფორმირებული ვარ მის განხორციელებაზე. იმედი მაქვს, ხელისუფლებას ეყოფა სითამამე და ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები პირადად მე დამისვამენ შეკითხვებს", - ნათქვამია მერაბიშვილის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა