"ნაციონალების მიერ გაკეთებულ ამინდის პროგნოზსაც კი პოლიტიკური დატვირთვა აქვს"

"ნაციონალების მიერ გაკეთებულ ამინდის პროგნოზსაც კი პოლიტიკური დატვირთვა აქვს"

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა ცივი წყალი გადაასხა ჩვენი მოსახლეობის მოლოდინს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება და ხალხიც ამოისუნთქავს. ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საბიუჯეტო კრიზისის ნიშნებია: "2011 წლისაგან განსხვავებით, როდესაც ყველა კვარტალი ზრდის მაჩვენებლით დაიხურა, 2012 წელს ეკონომიკაში პირველი ვარდნა აღინიშნა და მეოთხე კვარტალში 2,3%-იანი კლება მივიღეთ"... ოპოზიცია და მისი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები საბიუჯეტო კრიზისით, ინფრასტრუქტურული პროექტების შემცირებითა და უმუშევრობის ზრდით გვაშინებენ, საზოგადოების ერთ ნაწილს ამისი სჯერა კიდეც. სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი. ბიძინა ივანიშვილმა დავოსის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას თქვა, რომ ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველოს მეცხრე ადგილზე ყოფნა ხელოვნური იყო. "მეცხრე ადგილს, ალბათ, დავკარგავთ, მაგრამ საქართველოში ინვესტიციები შემოვა", - დაგვაიმედა მან და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას საკმაოდ მყარი საფუძველი აქვს, რადგან კერძო საკუთრება იქნება დაცული, ხოლო ბაზარი - კონკურენტუნარიანი. ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი სოსო არჩვაძე ფიქრობს, რომ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ოპტიმიზმი უფრო საფუძვლიანია, ვიდრე ოპოზიციის პესიმიზმი.

- ბატონო სოსო, ოპოზიცია ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაზე ალაპარაკდა...

- ჩემი აზრით, ეს უფრო პოლიტიკურ განცხადებას ჰგავს, რომელიც მომხრეების გამხნევებასა და დაკარგული პოზიციების შენარჩუნებას ისახავს მიზნად. ბოლო თვეებში აღნიშნულ "ვარდნას" კი თავისი ლოგიკური საფუძველი აქვს: ნუ დავივიწყებთ, რომ არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც ქვეყანაში რთული ვითარება იყო, ქვეყანა არჩევნების რეჟიმში იყო გადასული, ხოლო ბიზნესი ელოდა, რა მოხდებოდა. ამიტომ, ასეთი ნაჩქარევი განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს. ჩვენ გვაქვს საკმაო საფუძველი იმის სათქმელად, რომ ქვეყნის ეკონომიკა სულაც არ არის საგანგაშო მდგომარეობაში. მხოლოდ რამდენიმე ფაქტს ჩამოგითვლით: ბოლო ხანს ჩვენს ქვეყანაში სამომხმარებლო საგნებზე ფასები აშკარად შემცირდა, ყველა მონაცემის მიხედვით მოსახლეობაში ფულის მასა კი არ მცირდება, არამედ იმატებს. იზრდება საშუალო ხელფასი, გაიზარდა დეპოზიტების მოცულობაც - ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, დეკემბრიდან იანვრამდე 325 მილიონი ლარით არის გაზრდილი დეპოზიტების მთლიანი მოცულობა. საგარეო-სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 2012 წელს პირველად გადააჭარბა ისტორიულ 10-მილიარდიან განზომილებას და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. ასე რომ, პანიკისა და შიშის საფუძველი არ გვაქვს.

- ესე იგი, ბიძინა ივანიშვილის ოპტიმიზმი საფუძვლიანია?

- ის უზარმაზარი კაპიტალი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, სწორედ კარგ მენეჯმენტს ეფუძნება, ბიძინა ივანიშვილი არ გააკეთებს ზერელე განცხადებებს, მით უმეტეს, საერთაშორისო ასპარეზზე. სავსებით ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ქვეყანაში არის რეზერვი რეინვესტირებისათვის, ეკონომიკაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ბიზნესის განვითარებისათვის. ქვეყნის შიგნით შეიძლება იმდენი რესურსის მობილიზება, რომ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკის განვითარება დაიწყოს. ამის მონაცემებიც გვაქვს და უამრავი მტკიცებულების მოყვანაც შეგვიძლია. ამიტომ პესიმის­ტური განცხადებებისათვის რეალური საფუძველი არ არსებობს. ჩემი პასუხი ამ ვარაუდებზე ასეთია: მოკლევადიანი მონაცემების მიხედვით არ შეიძლება გრძელვადიანი დასკვნების გაკეთება. სულ ცოტა, ორი კვარტალი მაინც უნდა იყოს გასული, რომ ეკონომიკის უკუსვლაზე ვილაპარაკოთ. სხვათა შორის, ამერიკელებს აქვთ ერთი გამონათქვამი: ჩვენი ეკონომიკა ვითარდება ღამით, როცა მთავრობას სძინავსო. მოდი, ჩვენც ასე მივუდგეთ ამ საკითხს და ჩვენი პოლიტიკოსებიც ნუ ჩაერევიან ამ უმნიშვნელოვანეს სფეროში, რომელიც ყველა ნორმალურ ქვეყანაში თავისუფალი კონკურენციის პრინციპებს ეყრდნობა.

- ფიქრობთ, რომ საფრთხე, რომლითაც ოპოზიცია გვაშინებს, არ არსებობს და მათი პროგნოზებიც პოლიტიკური კონიუნქტურის ბრალია?

- რასაკვირველია. მით უმეტეს, რომ მსგავს განცხადებებს აკეთებენ ყოფილი მთავრობის წევრები, მათ შორის, ყოფილი პრემიერი, რომელიც წინა მთავრობის ხერხემლად იყო მიჩნეული, ამჟამად კი წამყვანი ფიგურაა ოპოზიციაში. ის არის გენერალური მდივანი პარტიისა, რომელიც დაბრუნებას აპირებს. ამიტომ მათი ნებისმიერი განცხადება შეიძლება განვიხილოთ, როგორც პოლიტიკური პარტიის პოზიცია. შეიძლება ითქვას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაკეთებული ამინდის პროგნოზიც კი პოლიტიკური დატვირთვის მქონეა.

P.S. ეკონომიკის მაჩვენებლების შესაძლო დაცემის შესახებ მოსაზრებას არ იზიარებენ სტატისტიკის ეროვნულ დეპარტამენტშიც. "საქსტატის" ცნობით, დეკემბერში მთლიანი შიგა პროდუქტი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0,8%-ით არის შემცირებული, თუმცა, მეოთხე კვარტალში ზრდამ 2,5% შეადგინა, ხოლო ეკონომიკის წლიური ზრდა 6,1%-ია. "საქსტატის" ხელმძღვანელის, ზაზა ჭელიძის თქმით, ეკონომიკაში მკვეთრი გაუარესების ტენდენციაზე საუბარი გადაჭარბებულია: ეკონომიკაში ცუდად არც აქამდე ყოფილა საქმე და არც ახლანდელი ვითარება იძლევა ამის თქმის საფუძველს. "დეკემბერში კლების ტენდენცია შეინიშნებოდა და თუ ანალოგიური ვითარება იანვარ-თებერვალშიც შენარჩუნდა, ეს უკვე დამაფიქრებელი იქნება მთავრობისათვის, ჯერჯერობით კი დასკვნების გამოტანა ნაადრევია", - განაცხადა ბატონმა ზაზამ ქართულ მედიასთან საუბრისას.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა