კრიშტიანუ რონალდუ: "ერთადერთი, რაც ქალისგან მჭირდება, საიმედო ზურგია"

კრიშტიანუ რონალდუ: "ერთადერთი, რაც ქალისგან მჭირდება, საიმედო ზურგია"

დღესდღეობით მას ყველაფერი აქვს, რაზეც შეიძლება იოცნებო. მიჩვეულია იყოს არამხოლოდ პირველი, მიჩვეულია იყოს საუკეთესო. კრიშტიანუ რონალდუს ძნელად თუ უწოდებ ბედის ნებიერას, მაგრამ იღბალი გაბედულებს და შეუპოვრებს სწყალობს, ამ ყველაფრის ნაკლებობას კი პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ნამდვილად არ განიცდის. სასახლე პორტუგალიის დედაქალაქში, პლანეტის ყველაზე სექსუალური ფეხბურთელის ტიტული, ულამაზესი ქალები - რონალდუ ყველგან გამარჯვებას არის ჩვეული...

გმირი კუნძულ მადეირადან

კრიშტიანუს მამას - ჟოზე დინის ავეირუს პატარა თანამდებობა ეკავა ბავშვთა საფეხბურთო კლუბ "მერცხლებში": გუნდის საფეხბურთო აღჭურვილობით უზრუნველყოფაზე იყო პასუხისმგებელი. იმავდროულად, ფეხბურთი თავადაც ფანატიკურად უყვარდა და ბურთსაც აგორებდა ადგილობრივ სამოყვარულო გუნდში. უფროს შვილ ჰუგოში ჟოზეს ნამდვილად არ გაუმართლა, რადგან ეს უკანასკნელი ფეხბურთს ყოველთვის ტელევიზორს ამჯობინებდა.

სამაგიეროდ, უმცროსმა ვაჟმა არ გააწბილა მამის იმედები და ბურთთან "ურთიერთობა" პირველი ნაბიჯების გადადგმისთანავე დაიწყო. კრიშტიანუ უკვე ოთხი წლის ასაკში ცდილობდა, პროფესიონალებისთვის მიებაძა და ბურთისთვის ზუსტად დაერტყა, ხუთი წლისამ კი მამისგან ნანატრი საჩუქარი - ჩინებული საფეხბურთო ბურთი მიიღო... სამი წლის შემდეგ რონი საფეხბურთო კლუბ "ნასიონალის" მწვრთნელებმა შეამჩნიეს და ჭაბუკთა გუნდში უხმეს, კიდევ სამი წლის შემდეგ კი რონალდუ კუნძულ მადეირას საუკეთესო მოთამაშე გახდა. ცოტა ხანში ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიწვევა თვით დედაქალაქური "პორტინგისგან" მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ მშობლიურ მადეირასთან განშორება ძალიან უჭირდა, ლისაბონში მაინც გადაბარგდა.

თითქმის როგორც ბექჰემი

"მანჩესტერ იუნაიტედთან" თამაშზე თითქმის მთელი ცხოვრება ოცნებობდა: ბრიტანული ფეხბურთი ყოველთვის უმაღლესი დონისა იყო, თანაც, "მანჩესტერში" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დევიდ ბექჰემიც თამაშობდა... ეს ის დრო იყო, როცა ბექზი არამხოლოდ სპორტული ჰიტაღლუმის ლიდერი, სექსსიმბოლო და მარკეტინგული ვარსკვლავიც გახლდათ. "მანჩესტერთან" მატჩი "სპორტინგმა" 3:1 მოიგო, თუმცა ბრიტანული კლუბის თავკაცი ალექს ფერგიუსონი ამას დიდად არ გაუნაწყენებია და რონალდუს თამაშით მონუსხულმა, ახალგაზრდა პორტუგალიელს მანჩესტერში უხმო.

იმ დროისთვის ბექჰემს უკვე გვარიანად მოჰბეზრებოდა ფერგიუსონის ბრძანებების შესრულება და "მანჩესტერის" დატოვება ჰქონდა განზრახული. მანჩესტერელთა "შვიდიანმა" კლუბი მართლაც დატოვა, მის ნაცვლად კი სერ ალექსმა 7-ნომრიანი მაისური ყველასათვის უცნობ კრიშტიანუ რონალდუს უბოძა. პორტუგალიელის დებიუტი "ბოლტონთან" მატჩში შედგა: დებიუტანტი მოედანზე მეორე ტაიმში იმ დროს შევიდა, როცა "მანჩესტერი" აგებდა, თუმცა რონი მოედანზე გავიდა და... მისი სახით კლუბის ფანებმა ახალი კერპი შეიძინეს!

ითამაშე და იცხოვრე ლამაზად

რონალდუსნაირი ქარიზმატული ფეხბურთელის პოვნა რთული საქმეა. მარტო მისი ფინტები რად ღირს! თუმცა ახალ გუნდში არაერთი პრობლემა შეექმნა: კრიშტიანუს აზრით, მოგებას ნებისმიერი ხერხით უნდა მიაღწიო. ამიტომაც, ეფექტიანად ეცემოდა და ან პენალტს იმსახურებდა, ანაც, ყვითელ ბარათს - სიმულაციისთვის, რის გამოც საკუთარი გულშემატკივრებიც კი სტვენით "ასაჩუქრებდნენ". თუმცა, როგორც კი მორიგ, ულამაზეს გოლს გაიტანდა, ქომაგები ხანგრძლივი ოვაციით აჯილდოებდნენ.

ყველაზე ძვირად ღირებული

"მაღალ საზოგადოებაში" რონალდუ საკმაოდ მალე გაერია. ან კი ვის არ ესიამოვნება, როცა მისთვის ნებისმიერი წვეულების კარი იღება, იქ კი პლანეტის ულამაზესი გოგონები და ასობით პაპარაცი ელის? ჟურნალისტებმა კრიშტიანუს "ახალი ბექჰემი", "ბრიტანული ფეხბურთის ახალი სექსსიმბოლო" შეარქვეს და ეს როლი რონალდუმაც კარგად შეიფერა: მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო, პუბლიკის წინაშე ბრილიანტის საყურეებითა და ისეთი სამოსით ჩნდებოდა, რომელიც "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიას უფრო შეეფერებოდა. მოკლედ, პრესას უხვად აძლევდა საჭორაო თემებს. ამიტომაც წერდა ყვითელი პრესა მის შესახებ: "შესაძლოა, არ გინახავთ, როგორ თამაშობს ფეხბურთს კრიშტიანუ რომალდუ, მაგრამ აუცილებლად შეიტყობთ იმის შესახებ, რომ ფეხის ფრჩხილებზე ლაქს ისვამს"...

"მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული ექვსი წლის შემდეგ რონალდუმ მადრიდის "რეალს" მიაშურა და ფეხბურთის ისტორიაში ეს ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი გახლდათ: სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადეს, რომ "კრიშტიანუს ფეხები" 94 მილიონი დოლარი ღირს! რონი დღემდე "რეალის" ფეხბურთელია და იმავე "შვიდიანით" თამაშობს, რომელიც მადრიდიდან კლუბის ლეგენდის - რაულის წასვლის შემდეგ მიიღო.

ოცნების ქალი

ცნობილი მექალთანის პირველი ცნობილი "შეყვარებული" გახლდათ ბრაზილიელი ფეხბურთელის მარიო ჟარდელის და - ჟორდანა. მას მოჰყვნენ მსახიობი ჯემა ატკინსონი, მსახიობი და მომღერალი ლუსიანა აბრეუ, ტელეწამყვანი კაროლინა პატროჩინიო, მოდელები - ლეტიცია ფილიპი და რაფაელა ფიკო, პერის ჰილტონი და ბოლივუდის ვარსკვლავი ბიპაშა ბასუც კი... თუმცა რუს მოდელ ირინა შეიკთან შეხვედრამდე ქორწილზე რონალდუს არც ერთ მათგანთან არ ულაპარაკია. პრინციპში, დაპირება აუცილებლად დაქორწინებას სულაც არ ნიშნავს. ოფიციალურად, ირინა დღემდე ინარჩუნებს სუპერვარსკვლავი ფეხბურთელის "მეგობარი გოგონას" სტატუსს. ჟურნალისტებმა უკვე მოასწრეს ირინა შეიკისთვის "კრიშტიანუ რონალდუს მუდმივი საცოლე" დაერქმიათ...

შეიკთან

რონალდუსა და ირინას ურთიერთობა ორიოდე წლის წინ Armani-ს რეკლამის გადაღებისას დაიწყო. იმ დროისათვის ფეხბურთელს უკვე ჰყავდა შვილი. თავდაპირველად, კრიშტიანუ ირწმუნებოდა, რომ ვაჟიშვილი სუროგატმა დედამ გაუჩინა, თუმცა მოგვიანებით გამოტყდა, რომ მისი შვილის დედა ამერიკელი ოფიციანტია, რომელსაც მხოლოდ ერთხელ შეხვდა... ირინას დიდად არ ანაღვლებს, რომ ფეხბურთელს ახლა არც ისე კარგი დროება უდგას. "დავქორწინდები თუ არა როდისმე? რა თქმა უნდა. ერთადერთი, რაც ქალისგან მჭირდება, საიმედო ზურგი და ოჯახის შეგრძნებაა", - ამბობს რონალდუ და ამატებს: "ძალიან კარგად ვიცი წარმატების და მთელი ამ ორომტრიალის ფასი. საკმარისად გავერთე და სერიოზული ურთიერთობებისთვის უკვე მზად ვარ"...

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება