ჯარში გავლილი მუსიკალური სკოლა ანუ "ვეტეროკიდან" ბლუზამდე

ჯარში გავლილი მუსიკალური სკოლა ანუ "ვეტეროკიდან" ბლუზამდე

რუსეთსა და საქართველოს შორის "ცივი" ურთიერთობის მიუხედავად, მოსკოვში იმდენად ბევრი ქართველი ვნახე, რომ ერთხანს თავი ისევ საქართველოში მეგონა... როცა ზურა დოიჯაშვილს შევხვდი, მაშინვე მისი ცნობილი სიმღერა - "მელიქიშვილის გამზირი" გამახსენდა, მერე კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ლექციებიდან გამოსული სტუდენტები ხომ მელიქიშვილის გამზირს მივუყვებოდით და სწორედ ამ სიმღერას ვღიღინებდით...

ზურა მორიდებული რესპონდენტია, კომპლიმენტების დროს თავს დაბლა ხრის და ეღიმება, თბილისის გახსენებისას კი თვალები უწყლიანდება - თითქმის ერთი წელია, აქ ვარ და იქაურობა ძალიან მენატრებაო... რა თქმა უნდა, დავინტერესდი და ვკითხე იმ "ქარის" შესახებ, რომელმაც იგი მოსკოვში "გადმოაგდო".

- არ შემიძლია, თვალები დავხუჭო იმაზე, რაც არ მომწონს, ჰოდა, ოპოზიციაში აღმოვჩნდი და შედეგმაც არ დააყოვნა: ადრე კონცერტებზე თუ მეძახდნენ, მერე და მერე, გვერდზე გამწიეს. ამის გამო ცხადია, მატერიალური პრობლემები შემექმნა. ეს ამბავი თემო თათარაშვილმა რომ გაიგო, მოსკოვში მცხოვრებ ქართველებს სთხოვა, გვერდში დამდგომოდნენ. მანანა თოდაძემ, ქეთა თოფურიამ, ლიკა დოლიძემ და კიდევ ბევრმა, დახმარების ხელი გამომიწოდეს. სულ რომ არ მოველოდი, ისეთი ადამიანებიც დამეხმარნენ. ახლა მივხვდი, ვინ არის ჩემი ნამდვილი მეგობარი და გულშემატკივარი... შარშან, როცა "ივერიელებმა" მოსკოვში ალექსანდრე ბასილაიას საღამოს გამართვა გადაწყვიტეს, მასში მონაწილეობა მეც მთხოვეს. რა თქმა უნდა, ამ წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი და შარშან, აპრილში სამი დღით ჩამოსული, აქამდე შემოვრჩი. აქ შევხვდი ერთ ძველ მეგობარს - ბიზნესმენ გელა ცერცვაძესაც. სწორედ მან შემომთავაზა მოსკოვში დარჩენა. მას რესტორნების ქსელი აქვს, სადაც ცოცხალ მუსიკას უკრავენ. ღმერთი გაახარებს, ცოტა ამოვისუნთქე: ჯერ ერთი, ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ, მეორეც - ოჯახს ვეხმარები და ვალებსაც ვისტუმრებ...

- ახლა იმ დროში გადავინაცვლოთ, როცა თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობდით...

- არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. სოლოლაკში ვარ გაზრდილი. 66-ე რუსული სკოლა დავამთავრე. დედაჩემი რუსული ენის სპეციალისტი იყო და უნდოდა, ეს ენა მეც კარგად მცოდნოდა. ბევრი კარგი მეგობარი მყავდა, ქართველიც და არაქართველიც. პატარაობიდანვე მიზიდავდა მუსიკა. მამის დედა - ევგენია შტეინბერგი-ხარაბაძე მუსიკის მოყვარული გახლდათ და ცდილობდა, შვილიშვილებისთვისაც შეეყვარებინა. მას ყოველ შაბათს ოპერაში დავყავდით. მერე სოლოლაკში, ხელოვნების მუშაკთა სახლში, ფორტეპიანოზე მიმიყვანეს. ფორტეპიანოზე დაკვრამ კი გამიტაცა, მაგრამ ნოტები ვერაფრით შემაყვარეს. საკმარისი იყო, მასწავლებელს ნაწარმოები ერთხელ დაეკრა, რომ სმენით ვიმახსოვრებდი და ნოტების გარეშე ვიმეორებდი... პირველ კლასში დავწერე პიესა, რომელსაც "ვეტეროკ" ("ნიავი") დავარქვი. დედამ ეს "სენსაციური ამბავი" მუსიკის მასწავლებელს გაუმხილა. სხვათა შორის, მასაც მოეწონა და კონცერტზე ჩემივე დაწერილი პიესით გამიყვანა.

- გაგონილი მაქვს, ზურას რომანტიკული სიყვარული აკავშირებს მეუღლესთანო...

- (იღიმის) ჩემი მეუღლე - ქეთინო ვადაჭკორია ფილოლოგია, მაგრამ არ მუშაობს. რაც ტყუპი ქალ-ვაჟი (ნიკა და ნუცა) გაგვიჩნდა, გადაწყვიტა, დრო მხოლოდ შვილებისთვის დაეთმო... ქეთინო ბორჯომში გავიცანი. ჩემს ოჯახს იქ აგარაკი აქვს და ქეთინოც იმ ქალაქში ისვენებდა. მაშინ მეათე კლასში ვიყავი, ქეთინო - მერვეში. მის გამო ისეთ რაღაცებს ვაკეთებდი, რომ დედამისი არანორმალურს მეძახდა. ერთი სული მქონდა, სკოლას როდის დაამთავრებდა, ცოლად რომ მომეყვანა, მაგრამ ერთხელაც, ძალიან მაგრად ვიჩხუბეთ და გულმოსულმა ჯარში წასვლა გადავწყვიტე. მჯეროდა, რომ ჯარიდან ჩამოსულს, ქეთინო "მოთვინიერებული" დამხვდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა: მე გერმანიის სამხედრო ნაწილში ამოვყავი თავი, ქეთინო კი გათხოვდა. ალბათ, ერთმანეთთან ყოფნა გვეწერა, რადგან ათი წლის შემდეგ, როცა ქეთინო სრულიად შემთხვევით, ქუჩაში ვნახე, ჩვენ შორის სიყვარულმა ხელახლა იფეთქა და შევუღლდით. მას პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი - 29 წლის სალომე ჰყავს, რომელიც უსაზღვროდ მიყვარს და ყველგან ვამბობ, რომ სამი შვილის მამა ვარ. სწორედ სალომემ გაგვხადა მე და ქეთინო ბებია-ბაბუა. შვილიშვილი ანდრია სიცოცხლეს მირჩევნია.

- მუსიკას ჯარიდან ჩამოსვლისთანავე დაუბრუნდით?

- სწორედ ჯარში გავიარე დიდი მუსიკალური სკოლა; მოვხვდი იმ ნაწილში, სადაც ორკესტრი იყო. იქ ვისწავლე საქსოფონზე დაკვრა. ხშირად ტარდებოდა ღონისძიებები არა მარტო ქალაქის, არამედ ქვეყნის მასშტაბითაც და როგორც ორკესტრის წევრი, მასში მეც ვმონაწილეობდი. ფაქტობრივად, ჯარში სამხედრო საქმეს კი არა, მუსიკას დავეუფლე, თანაც - პროფესიონალურ დონეზე. ვუკრავდი ჯაზსაც, როკსაც და ბლუზსაც. მოკლედ, ჩემს სტიქიაში ვიყავი. თბილისში დაბრუნებულმა, სწავლა პოლიტექნიკურში გავაგრძელე, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო... 1984 წელს თამაზ სიჭინავამ შექმნა ანსამბლი - "პირამიდა", რომელშიც მეც მიმიღეს. მალე ბუბა კიკაბიძემ ახალგაზრდები შეგვკრიბა და საბჭოთა კავშირის მასშტაბით გასტროლები შემოგვთავაზა. დამწყებ მომღერლებსა და მუსიკოსებს ამ გასტროლებმა საკმაოდ დიდი გამოცდილება შეგვმატა.

- მეგობრები ახსენეთ. მათზეც გვიამბეთ რაიმე...

- მე და მამუკა განუყრელი მეგობრები ვართ. მამუკა მოსკოვში ხშირად ჩამოდის, ერთ-ერთ ქართულ რესტორანში მღერის... ერთხელ ძველმა მეგობარმა - გელა საჩალელმა, რომელიც კარგა ხანია, ამერიკაში ცხოვრობს, თავისთან მიგვიწვია. მთელი ერთი თვე ბრუკლინში ვიყავით. ჩვენი იქ ყოფნა ჩემმა თანაკლასელმა, სიომა ბიორშტეინმა რომ გაიგო, თავი მოიკლა, საქართველოში ისე ნუ დაბრუნდებით, მე რომ არ მნახოთო და ლოს-ანჯელესში, თავისთან დაგვპატიჟა, სამგზავრო ხარჯებიც თავად გაიღო... აბა, უარს როგორ ვეტყოდით? უკვე თვითმფრინავში ვსხედვართ, სადაცაა, უნდა ავფრინდეთ, როცა სტიუარდესამ რაღაც გამოაცხადა. ვერაფერი გავიგეთ, მაგრამ დავინახეთ, ხალხმა სასწრაფოდ დაცალა სალონი. ორიოდე წუთში ჩვენ გარდა, თვითმფრინავში აღარავინ იჯდა... გაკვირვებულები მივაჩერდით ერთმანეთს, მაგრამ ჩასვლა არც გვიფიქრია. მოგვიახლოვდა ბორტგამცილებელი და მიგვახვედრა, ჩადითო. მამუკა გაჯიუტდა, - ბილეთი გვაქვს და რატომ უნდა ჩავიდეთო?! როგორც იქნა, ხელებით და საერთაშორისო სიტყვით - "ბომბა" მიგვახვედრა, რომ ჩვენთვის თვითმფრინავიდან გადასვლა აჯობებდა. თურმე, მფრინავისთვის დაურეკავთ და უთქვამთ, სალონში ბომბია და აფრენისთანავე აფეთქდებაო. იმ პერიოდში 11 სექტემბრის ტერაქტი ახალი მომხდარი იყო და ძალზე ფრთხილობდნენ, არადა, ცრუგანგაშიც ხშირი იყო... აეროპორტში მგზავრების გადანაწილება დაიწყო. მამუკა გადაირია, ახლა ერთმანეთს არ დაგვაშორონო და გადაწყვიტა, თავისი "გამართული" ინგლისურით აეხსნა, - ჩვენ მეგობრები ვართ და ერთად გვინდა გაფრენაო. აეროპორტის თანამშრომლებმა მშვიდად მოუსმინეს, მერე მოგვიბრუნდნენ და გვითხრეს, - შეგიძლიათ სასტუმროში მიბრძანდეთ და ხვალ გაფრინდეთო. თურმე, "ცისფერები" ვეგონეთ და ჩათვალეს, რომ მეგობრები ერთმანეთთან სიახლოვეს ვესწრაფოდით...

მეგობრებიდან, გულისტკივილით მაგონდება ლელა სიხარულიძე. მას შეეძლო, ძმასავით ამოგდგომოდა გვერდში და ჭირსა თუ ლხინში შენ გვერდით ყოფილიყო... ახლა მამუკა ძაგნიძესთან ერთად (იგი არაჩვეულებრივი ბლუზმენია) ვაპირებ სიმღერების ჩაწერას. 25 წელია, სცენაზე ვდგავარ და გული მწყდება, რომ აქამდე ალბომი არ გამომიშვია. ახლა ამ საქმეს აუცილებლად მოვაბამ თავს...

მარინა ბაბუნაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება