რატომ უნდა გამოვიძიოთ აგვისტოს ომის დეტალები

რატომ უნდა გამოვიძიოთ აგვისტოს ომის დეტალები

ბოლო დროს აქტუალური გახდა 2008 წლის აგვისტოს ომის გამომწვევი მიზეზების გამოძიების განახლების საკითხი, რასაც პრეზიდენტი სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მათი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ ამ საქმის ხელახალი გამოძიება ავნებს საქართველოს დამოუკიდებლობას და საბოლოოდ დაგვაკარგვინებს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს.

"ნაციონალების" განცხადებით, როდესაც პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აგვისტოს ომის გამომწვევი მიზეზებისა და პერიპეტიების ხელახალი გამოძიების ინიციატივით გამოდის, ამით რუსეთს კოჭს უგორებს და სურს აგრესორ ქვეყნად რუსეთის ნაცვლად საქართველო წარმოაჩინოს.

2008 წლის აგვისტოს ომის გამომწვევი მიზეზების ობიექტურ გამოძიებას ჩვენ ომის დასრულების დღიდან მოვითხოვთ. მაშინ სააკაშვილსა და ივანიშვილს ჯერ კიდევ ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ. ჩვენ დიდად არ გვაინტერესებს, გამოძიების შემდეგ რას იტყვიან რუსეთში, ევროპაში თუ ამერიკაში. მთავარია, ომში დაღუპული 170 სამხედროს, ასევე შსს-ს თანამშრომლებისა და რიგითი მოქალაქეების შვილებმა, ბოლოს და ბოლოს, გაიგონ, მათი მშობლების დაღუპვა მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და სამხედრო მეთაურობის შეცდომების ბრალი ხომ არ არის.

"ნაციონალებს" იმაზე უნდათ აქცენტის გადატანა, რომ ხელახალი გამოძიების (უფრო სწორად კი შეჩერებული გამოძიების განახლების) ინიციატორებს თითქოს აგრესორ ქვეყნად საქართველოს დასახელება სურთ.

არა, ბატონებო, არავინ კამათობს, რომ რუსეთი აგრესორია და მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი. გამოძიების განახლების მიზანი იმის დადგენაა, შეგვეძლო თუ არა 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება, რომ არ მიგვეღო ისეთი საშვილიშვილო პრობლემა, რასაც ტერიტორიების სამუდამოდ ჩამოჭრის უდიდესი საფრთხე ჰქვია.

აგვისტოს ომის გამომწვევი მიზეზების ობიექტური გამოძიების განახლებისადმი "ნაციონალების" თავგანწირული წინააღმდეგობა ძალაუნებურად ბადებს ეჭვს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის გუნდს ეშინიათ სიმართლის დადგენა, რასაც შეიძლება მათი პასუხისგების საკითხის დასმა მოჰყვეს.

კითხვა კი მაშინდელ პოლიტიკურ ხელისუფლებასთან, ისევე როგორც სამხედრო მეთაურობასთან, საკმარისზე მეტია:

- ომის შემდგომ პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდი აცხადებდა, რომ არ ელოდნენ რუსეთის ჩართვას ომში. რატომ არ გაითვალისწინა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ომამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, 2008 წლის 9 ივლისს (იმ დღეს თბილისს აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი სტუმრობდა) რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის გამაფრთხილებელი განცხადება იმის შესახებ, რომ ცხინვალის თავზე მართლაც რუსული საბრძოლო თვითმფრინავები ბარაჟირებდნენ და ამით მოსკოვმა შეაჩერა თბილისის ჩაფიქრებული თავდასხმა ცხინვალზე? ეს იყო რუსეთის პირველი ოფიციალური აღიარება (დაწყებული 1992 წლიდან, როცა რუსული ავიაცია ინკოგნიტოდ ბომბავდა ქართულ მიწებს), რომ სუვერენული საქართველოს საჰაერო სივრცე მისმა საბრძოლო თვითმფრინავებმა შეგნებულად დაარღვიეს ოფიციალური თბილისის გასაფრთხილებლად.

ნუთუ მარტო ეს არ კმაროდა იმის გასაანალიზებლად, რომ ცხინვალის რეგიონში ან აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში რუსეთის შეიარაღებული ძალები აუცილებლად (ან ძალიან დიდი ალბათობით) ჩაებმებოდნენ ომში და, ბუნებრივია, არა ჩვენს სასარგებლოდ?

- 2008 წლის 7 აგვისტოს მიწურულს ცხინვალისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების მიმართულებით ქართული არტილერიის ინტენსიურმა ცეცხლმა (რაც უშუალოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანება იყო) ომის პირველივე წუთებიდან საქართველოს წააგებინა საინფორმაციო ომი. ქართული ტელევიზიების მიერ გადაღებული და ფართოდ ტირაჟირებული ამ საარტილერიო ზალპების ვიდეოფირები რუსეთის მასმედიამ ღამის ცხინვალის ვიდეოფირს მიაბა და დაიწყო მსოფლიოს დარწმუნება, რომ საქართველოს ინტენსიურმა საარტილერიო ცეცხლმა "მშვიდობიან" და მძინარე ცხინვალში 1500 მშვიდობიანი მოსახლე იმსხვერპლა (შემდგომ დღეებში ეს ციფრი 2500-მდეც გაიზარდა). ვიზუალური ეფექტი და რაც მთავარია, შედეგიანი ინფორმაციული დარტყმა მიღებულ იქნა, მიუხედავად იმისა, რომ იმ ღამით ქართული არტილერიის ზალპები მარტო ცხინვალისკენ არ იყო მიმართული და "გრადების" მსხვრევად-ფუგასურ რაკეტებს არ შეეძლოთ შენობებში და მით უმეტეს, სარდაფებში მყოფი (ის, ვინც დარჩა ცხინვალიდან მოსახლეობის წინასწარი ევაკუაციის შემდეგ) ხალხის დაშავება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე