ვინ ანებივრებს ლელა მებურიშვილს -"ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა..."

ვინ ანებივრებს ლელა მებურიშვილს -"ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა..."

"ეს ადამიანი ბევრისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე, გამოცანად რჩება. სიტყვაძუნწია, მაგრამ "გულახდილობის ბუშტი" თუ გაუსკდა, შეიძლება მისგან თავი დიდი ხნით ვეღარ დააღწიო. საზოგადოებაში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს, რადგან ბუნებით მარტოსულია. ცოტა მეგობარი ჰყავს, მაგრამ მათ ცხოვრების ბოლომდე ინარჩუნებს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ღორის წელში დაბადებულ ქალწულს, ეს კი მსახიობ ლელა მებურიშვილის ზოდიაქოს ნიშანია. ამ ყველაფერთან ერთად, ლელა იმაზეც მოგვითხრობს, თუ როგორ მოირგო პოპულარულ სერიალში კატოს როლი, რას ეუბნებიან ქუჩაში და რატომ უვრცელებენ ჭორებს?

- "ქალწულს ყველაზე მეტად, დროის უყაირათოდ ხარჯვა აღიზიანებს".

- მართალია, დროის ფასი ვიცი! ვცდილობ, ყოველი წუთი ნაყოფიერად გამოვიყენო. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც დროს უაზროდ ხარჯავენ და ეს ძალიან არ მომწონს. მე დრო ძილისთვისაც კი მენანება.

- "საზოგადოებაში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს, რადგან ბუნებით მარტოსულია".

- ამ შემთხვევაში ასტროლოგებს ვერ დავეთანხმები. საზოგადოებაში ბევრ დროს ვატარებ. გადაღლილს შეიძლება, ცოტა ხნით განმარტოება მესიამოვნოს, მაგრამ მარტო ვერ ვიცხოვრებ. დილით, გაღვიძებისთანავე ვიღაცას უნდა დაველაპარაკო. თუ ისე მოხდა, რომ შინ არავინაა, ოჯახის წევრებს ვურეკავ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა ჰაერივით მჭირდება.

- "ის არასდროს აგებს ოცნების კოშკებს".

- რატომაც არა?! ოცნება მიყვარს. ბავშვობაში ძილის წინ საოცარ ადგილებს "მოვინახულებდი" ხოლმე და სამომავლო მიზნებსაც ვსახავდი. ოცნების კოშკების შენება ჩემთვის უცხო ხილი სულაც არ არის (იცინის).

- დღეს რაზე ოცნებობ?

- აუცილებლად უნდა ვთქვა? ოცნება მიყვარს, მასზე ლაპარაკი - არა.

- ეს შენს პირად ცხოვრებას უკავშირდება?

- პირად ცხოვრებასაც და კარიერასაც. წელიწადში ერთხელ აუცილებლად წავიდოდი საინტერესო ადგილის მოსანახულებლად. ზღაპრულ ადგილებში მოგზაურობაზე ვოცნებობ.

- რეალისტი არ ხარ?

- უცნაური ნაზავია - რეალისტი მეოცნებე ვარ. ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალისტი გახლავართ. მადლიერებით ვიღებ იმას, რაც მაქვს და არასდროს ვწუწუნებ. როცა ადამიანს პირველად ვხვდები, მაქსიმალურად ვცდილობ, მასში დადებითი დავინახო; თითქოს ცაში ამყავს, მაგრამ უნაკლო ადამიანი ხომ არ არსებობს და დროთა განმავლობაში, როცა მისი უარყოფითი თვისებებიც იჩენს თავს, იმედგაცრუებული ვრჩები. ვერ ვისწავლე, ადამიანები თავიდანვე რეალურად შევაფასო. როცა კასტინგზე მივდივარ, ვიდრე არ მეტყვიან, - როლზე ხარ დამტკიცებულიო, არ ვიქმნი იმის ილუზიას, რომ აუცილებლად ამიყვანენ. ჩემი ოცნებებიც კი რეალისტურია.

- "მეწვრილმანე და ეგოისტია".

- ხშირად უმნიშვნელო დეტალსაც ვაქცევ ყურადღებას. ეგოისტი არ ვარ. ეგოიზმია ის, მოფერება და მოვლა რომ მსიამოვნებს? ოჯახის წევრებისგან და არა მხოლოდ მათგან, განებივრებული ვარ.

- "ის ხშირად აძლევს სხვებს მისი მოტყუების უფლებას და ნებისმიერ მარცხს ფილოსოფიური სიმშვიდით ხვდება".

- მარცხს მართლაც სიმშვიდით ვხვდები. არასასიამოვნო სიტუაციაშიც გამოსავალს ვეძებ და ვამბობ, - ასე იმიტომ მოხდა, რომ ჭკუა მესწავლა-მეთქი. სხვებს თავის მოტყუების უფლებას ნამდვილად არ ვაძლევ! უბრალოდ შეიძლება, კონკრეტულ ადამიანთან მის საქციელზე კამათი არ დავიწყო, არ ჩავეძიო, რადგან ამაში აზრს ვერ ვხედავ.

- შენზე ბოროტი ტყუილი თუ უთქვამთ?

- საბედნიეროდ, ასეთი რამ არ მახსენდება.

- "ის იშვიათად ავლენს ვინმესთან შეჯიბრებისა და ქიშპობის სურვილს".

- ცხოვრებაში ყველა ადამიანს თავისი ადგილი აქვს. ვერავის ადგილს ვერ დავიკავებ ისევე, როგორც სხვა ვერ დაიკავებს ჩემს კუთვნილ ადგილს. ჰოდა, მითხარით, ვის რაში უნდა გავეჯიბრო?

- ქიშპობა და შენთან გაჯიბრების სურვილი არავისგან გიგრძნია? მსახიობებისთვის ეს უცხო თემა არ არის.

- მიგრძნია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, ამაზე არ ვიფიქრო.

- კატოს როლის მორგების მსურველიც ბევრი იქნებოდა...

- შეიძლება, მაგრამ მე ამის გამო არავინ დამპირისპირებია.

- სერიალის შემოქმედებით ჯგუფთან მუშაობას შეეჩვიე?

- დიდი ხანია, ამ ადამიანებს ვიცნობ და მათთან მუშაობა სასიამოვნოა. ვფიქრობ, ცხოვრებაში ძალიან მიმართლებს: ან წარმატებულ პროექტებში ვხვდები ან შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ვაღწევ წარმატებას...

- როგორ ფიქრობ, ლელა მებურიშვილის განსახიერებული კატო მაყურებელმა უკვე შეიყვარა?

- ქუჩაში ხშირად მაჩერებენ და მეუბნებიან, - გვიყვარხარო. მაყურებლისგან დიდ სითბოს ვგრძნობ, ამას კი მსახიობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

- რის ხარჯზე გახდი წარმატებული - ნიჭიერების, შრომისმოყვარეობის, ფიზიკური მონაცემების თუ...

- (მაწყვეტინებს) ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ლამაზი და ნიჭიერი გოგო ცხოვრობს. საკუთარ თავზე დიდი წამოდგენა არ მაქვს და არ ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი ვარ. დიდი მნიშვნელობა აქვს იღბალს, ტიპაჟს, აურას, რომელიც ადამიანისგან მოდის. ბევრი მსახიობი მაყურებლისთვის ოჯახის წევრივით ხდება. შრომისმოყვარეობა კი ის თვისებაა, რომლის გარეშეც წარმატებას ვერც ერთ პროფესიაში ვერ მიაღწევ.

- საკუთარ გარეგნობაში რაიმეს შეცვლაზე თუ გიფიქრია?

- ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ შეცვლაზე არ ვფიქრობ, უპირატესობას ბუნებრიობას ვანიჭებ - ეს უფრო მეტად მომგებიანი და რაც მთავარია, ხალხისთვისაც მისაღებია.

- "სიტყვაძუნწია, მაგრამ გულახდილობის ბუშტი თუ გაუსკდა, შეიძლება მისგან თავი დიდხანს ვეღარ დააღწიო".

- ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს. "გულახდილობის ბუშტი" მგონი, არასდროს მისკდება.

- ახლობელ ადამიანებთანაც სიტყვაძუნწი ხარ?

- ბავშვობაში ძალიან პირდაპირი და გულახდილი ვიყავი; რასაც ვფიქრობდი, ყველაფერს ვამბობდი. გავიზარდე და ცოტათი შევიცვალე. ტლიკინა ადამიანები ნაკლებად მომწონს. ბევრს არ ვლაპარაკობ, მაგრამ ჩემზე ვერც იმას იტყვი, - სიტყვაძუნწიაო.

- "ფულის შეგროვება უყვარს".

- მფლანგველი არ ვარ, მაგრამ არც სიძუნწე მახასიათებს. ვცდილობ, ფულის სესხება არ დამჭირდეს. როცა ვიცი, საკმარისი თანხა არ მაქვს, ძვირად ღირებულ ნივთებს არ ვიძენ ან განვადების სერვისით ვსარგებლობ. როცა ანგარიშზე თანხა მერიცხება, ბოლო თეთრამდე ნამდვილად არ გამომაქვს. მინდა, ცოტა დანაზოგი მქონდეს.

- "სიყვარულში მზრუნველია. პარტნიორს ძვირად ღირებული ნივთებით ანებივრებს".

- ასტროლოგებს ჩემზე ბევრი რამ სცოდნიათ. საყვარელი ადამიანისთვის არაფერი მენანება. მინდა, ის, ვინც ჩემ გვერდით იქნება, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი იყოს.

- შეყვარებული ხარ?

- არა. სერიალში ხელზე საქორწინო რგოლი მიკეთია. ზოგჯერ მოხსნა მავიწყდება და მეორე დღიდან ქალაქში ახალი ჭორი "იბადება". ყოველ შაბათს სხვადასხვა ბიჭზე "მათხოვებენ". ამას ყურადღებას აღარ ვაქცევ.

- "მიუხედავად იმისა, რომ ფიცხია, დაძაბული სიტუაციიდან ურჩევნია, მშვიდად გავიდეს, ვიდრე მაგიდაზე მუშტი აბრაგუნოს".

- არც კი მახსოვს, ხმას ბოლოს როდის ავუწიე. გარშემო მყოფ ადამიანებს ჩემი გაბრაზებული სახეც კი არ უნახავთ. ამიტომ ამბობენ, - ლელა სულ კარგ ხასიათზეაო. სიფიცხე მახასიათებს, ზოგჯერ ძალიან ვბრაზდები კიდეც, მაგრამ ამას თითქმის არასდროს გამოვხატავ.

- "იშვიათად ცრუობს და ისიც მხოლოდ, თავდაცვის მიზნით".

- ტყუილი მეზიზღება! უმნიშვნელო, უბოროტო ტყუილსაც კი ვერ ვიტან. ყველაზე მშვიდი ცხოვრება იმ ადამიანებს აქვთ, რომლებიც გულწრფელად ცხოვრობენ, რომლებსაც დასამალი არაფერი აქვთ და თამამად ლაპარაკობენ. გულწრფელობა იმდენად დიდ სიმშვიდეს მანიჭებს, რომ თავს ცუდ მდგომარეობაში ვერ ჩავიგდებ.

- "მას ცოტა მეგობარი ჰყავს, მაგრამ მათ ცხოვრების ბოლომდე ინარჩუნებს".

- ყველაზე ახლობელი მეგობრები მართლაც, ცოტანი არიან. ჩვენ ოჯახის წევრებივით ვართ, მათ გარეშე ერთი დღეც ვერ წარმომიდგენია.

- შენი ნამდვილი დაქალები როგორები არიან? სერიალში შენი გმირის დაქალებს ხომ არ ჰგვანან?

- არა, მათგან რადიკალურად განსხვავებულები არიან და უფრო მეტიც - ისინი არავის ჰგვანან.

- "მას არ უყვარს კამათში ჩართვა. მხოლოდ მას ელაპარაკება, ვისაც პატივს სცემს".

- არ მომწონს, როცა ადამიანები საკუთარი აზრის ჭეშმარიტებაში სხვების დარწმუნებას ცდილობენ. ყველას თავისი აზრი და სიმართლე აქვს...

- "სხვის მიერ დაშვებულ შეცდომებზე გამოცდილების მიღების შესანიშნავი უნარი გააჩნია".

- ამ სიტყვებშიც არის სიმართლის მარცვალი: ადამიანებზე დაკვირვება მიყვარს; სხვის შეცდომებზეც მისწავლია და საკუთარზეც.

- ბევრი შეცდომა გაქვს დაშვებული?

- არა.

- "ეს ადამიანი ბევრისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე გამოცანად რჩება".

- (იცინის) ეს არაერთხელ უთქვამთ, მათ შორის - უახლოეს მეგობრებსაც. ბავშვობაში მეუბნებოდნენ: უცხოპლანეტელი ხარო. ყოველთვის რაღაცით გამორჩეული ვიყავი, მაგრამ ამას სპეციალურად არ ვაკეთებდი. რთულია, როცა მასისგან განსხვავებული ხარ. ადამიანი, რომელიც სხვებისგან გამოირჩევა, ბევრს არ მოსწონს.

- ეს თავად თუ გიგრძნია?

- როგორ არ მიგრძნია! ყველა სიგარეტს რომ ეწეოდა, ამბობდნენ: აუ, ახლა ლელა მოვა და გვეტყვის, - არ მოსწიოთო. ვერ ვიტან, როცა გოგო უზრდელობს, უცენზურო სიტყვებს ამბობს. შეიძლება ვიღაცის თვალში ძველმოდური ვარ, მაგრამ იქ, სადაც გოგონები იგინებიან, თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ და არც ვჩერდები.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება