ცოტა ხნის წინ კრისტი ყიფშიძე ქალიშვილთან ერთად ეგვიპტიდან დაბრუნდა. მოდელმა დასვენება მეგობართან, მოდის კრიტიკოს დალი ჩიტალაძესა და მის მეუღლესთან ერთად მოიწყო. თბილისში დაბრუნებულმა კი მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა.
დედა-შვილს შინ ვესტუმრეთ და ეგვიპტურ ვოიაჟთან ერთად ბევრ საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ.
- კრისტი, სოციალურ ქსელზე ვისაუბროთ, შენ დიდი ხნის "ფეისბუქელი" ხარ...
- (იღიმება) მართლაც ასეა. მე რომ "ფეისბუქის" პროფილი გავხსენი, ქართველი მეგობრები არ მყავდა. მერე ნელ-ნელა ჩემს მეგობრებს გავუკეთე, ოჯახის წევრებს.
- იშვიათად ჩნდება შენს კედელზე პოსტი...
- სტატუსებს არ ვწერ. საჯაროდ აზრების გამოხატვა არ მიყვარს. არც ვინმეს მისამართით რაღაცის თქმა. თუ ვინმესთვის რამე მაქვს სათქმელი, მირჩევნია პირადში მივწერო. სხვათა შორის, მე შემიძლია "ფეისბუქით" ვიმკითხავო. დავათვალიერებ ფოტოებს, მეგობრებს, საერთო მეგობრებს, პოსტებს, კომენტარებს და გამოვიცნობ რა ადამიანია. ამ საიტით ბევრი ადამიანი გავიცანი, ისეთი, რომელსაც ადრე ვიცნობდი და არ მცნობია. კაი ტიპი რომ მეგონა ვიღაც, ისეთი მდაბიო ფრაზა წამიკითხავს, გავოგნებულვარ. ტელეფონშიც მაქვს "ფეისბუქი".
- ნატაშკას დედამ უყიდა "აიფონი" თუ მამამ?
- დედამ. ნატაშკას ისეთი დედა ჰყავს, ყველაფერს უსრულებს. იმიტომ, რომ იმსახურებს. კარგად სწავლობს, ინგლისურზე დადის, ბებიას ეხმარება.
ნატაშკა:
- ეგვიპტეშიც წამიყვანა დედამ აპრილში. აქ რომ ყველას გვციოდა, მაშინ წავედით. აქ გამათბობელი ჩავრთეთო, ბებო გვირეკავდა და ჩვენ იქ ვირუჯებოდით. პირველად ვიყავი საზღვარგარეთ. მომეწონა სასტუმრო. უზარმაზარი იყო, მაგრამ მალე ავითვისე. მეორე დილითვე ვიცოდი სად რა იყო.
კრისტი:
- ნატაშკა უფრო იყო ჩემი დედა ვიდრე მე - მისი. სად იყო მასაჟი, სად უნდა გვევახშმა, ყველაფერში ნატაშკამ გაგვარკვია.
ნატაშკა:
- სასტუმროს მომსახურე პერსონალი მომეწონა, ძალიან თბილები და მეგობრულები არიან. ზოგს ინგლისურად ველაპარაკებოდი, ზოგს - რუსულად. პირამიდები მომეწონა კიდევ, სფინქსი. ერთი ციდა ვჩანდი სფინქსთან. 20 მეტრზე ახლოს არ გვიშვებდნენ ამ ქანდაკებასთან. ტუტანხამონის ოქროს ნიღაბი ვნახეთ. გიდმა მითხრა, ცხვირი და ტუჩები ტუტანხამონს მიგიგავსო. ეგვიპტელს ჰგავხარო, მეუბნებოდნენ...
კრისტი:
- ყოველდღე სხვადასხვანაირად ალაგებდნენ ოთახს და ნატალია ელოდებოდა, რა სიურპრიზი დახვდებოდა.
ნატაშკა:
- კრისტის საწოლზე სათამაშოები ეყარა. მომსახურე პერსონალს ის ჩემი საწოლი ეგონა და სულ ბავშვურად რთავდნენ, შოკოლადებს ულაგებდნენ. მე ყვავილებს მიწყობდნენ ხოლმე.
კრისტი:
- დათუნია მყავდა წაყვანილი, ჩემი საყვარელი სათამაშოა და აქაც სულ საწოლში მიდევს. ამან შეაცდინა ალბათ დამლაგებელი (იცინიან).
- რით ერთობოდით იქ?
ნატაშკა:
- ჩემით ერთობოდნენ. პაროდიებს ვაკეთებდი. დედაჩემის პაროდია შემიძლია გავაკეთო, მამაჩემის. იოგას გაკვეთილებზე დავდიოდი იქ, არაბულ ცეკვაზე, აუზზე. ძალიან ლამაზი შეზლონგები იყო, ფოტოებიც გადავიღეთ.