რუსეთის საგარეო უწყება გაერო-ს რეზოლუციას ეხმაურება

რუსეთის საგარეო უწყება გაერო-ს რეზოლუციას ეხმაურება

იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაერო-ს რეზოლუციის ხმის მიცემის პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასატურა, რომ ეს პოლიტიზირებული ინიციატივა დიდი მხარდაჭერით არ სარგებლობს გაერო-ში, წევრი ქვეყნების უმრავლესობამ თავი შეიკავა ხმის მიცემისგან ან არ ესწრებოდნენ საკითხის განხილვას, - ამ განცხადებით ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ.

როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო ჯიუტად ამბობს უარს, სათანადო დასაკვნები გამოიტანოს იმ ფაქტიდან, რომ სხვადასხვა ეროვნების ათასობით ადამიანი საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების აგრესიული პოლიტიკისა და გადაჭარბებული ამბიციების გამო დაზარალდა.

"წინა წლების დარად, რეზოლუცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების გარეშე განიხილებოდა. მათ არ მიეცათ გენერალურ ასამბლეამდე რეგიონში არსებული მდგომარეობის გაცნობის საშუალება. ასეთი დოკუმენტი ხელს ვერ შეუწყობს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რეალური პრობლემების გადაჭრას", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თუ სერიოზულად (და არა პროპაგანდისტული მიზნებით) იქნება საუბრები ლტოლვილთა დაბრუნებაზე, მაშინ ცხადია, დაცული უნდა იქნას საერთაშორისოდ აღიარებული კრიტერიუმები – უსაფრთხოება, კეთილი ნება, ღირსება.

"დღესდღეობით, როგორც გაერო-ს გენერალური მდივნის მოხსენებეშია აღნიშნული, ეს კრიტერიუმები არ არის დაცული. 2008 წლის ოქტომბერში, ჟენევის მოლაპარაკებების დაწყებიდან მოყოლებული, საქართველო ჯიუტად არიდებს თავს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას, რის გარეშეც შეუძლებელია რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობის მიღწევა, მათ შორის ლტოლვილთათვის უსაფრთხოების შექმნის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ შეუძლებელია, ყურადღება არ მიექცეს ბოლო დროს სამხრეთ ოსეთის მიერ საკუთარი საზღვრის მოწყობის მიმართ გადადგმული ნაბიჯების გარეშემო ატეხილ გაბუქებულ ხმაურს, რომელიც რიგი დასავლური სახელმწიფოების ოფიციალური პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ ნატო-ს მხრიდან წამოვიდა. ამ ნაბიჯებზე პასუხისმგებლობის "შაბლონურად" რუსეთისთვის დაკისრებას ცდილობენ.

"მერამდენედ განვმარტავთ, რომ რუსი მესაზღვრეები ამა თუ იმ უფლებამოსილებას სამხრეთ ოსეთის მხარესთან ორმხრივი შეთანხმების მიხედვით ახორციელებენ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვის შეთანხმება 2009 წლის 30 აპრილს შედგა. ამ საზღვრის თაობაზე ნებისმიერი შეკითხვა ქართულმა მხარემ კონკრეტულ სახელმწიფოსთან, ამ შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთთან უნდა შეათანხმოს", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ "ქართული საზოგადოების ცნობიერებაში გარდატეხა მოხდება, რომელიც კონკრეტულ ნაბიჯებში აისახება".

"დღეს, როცა ქართველ მოღვაწეთა ამჟამინდელ კოჰორტას აგრესორის რეპუტაციიდან პოლიტიკური გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა, გვინდა გვქონდეს იმედი, რომ ქართული საზოგადოების ცნობიერებაში გარდატეხა მოხდება, რომელიც კონკრეტულ ნაბიჯებში აისახება და მიმართული იქნება სიტუაციის გრძელვადიან დარეგულირებაში, მათ შორის ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემის მოგვარებაში მეზობელ დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან – აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მოლაპარაკებების გზით", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაერო-ს ზემოაღნიშნულ რეზოლუციას 62-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 16 - წინააღმდეგი იყო.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა