გია კორკოტაშვილი: "იმედია, საბოლოოდ, საქართველოს "ნაკრებიც" ჩამოყალიბდება"

გია კორკოტაშვილი: "იმედია, საბოლოოდ, საქართველოს "ნაკრებიც" ჩამოყალიბდება"

"საზოგადოება სამართლის აღსრულებას ელოდება..." - ამბობს გია კორკოტაშვილი. გადაცემა "კორკოტას დილას" წამყვანი, რადიო "საქართველოს ხმაზე" ახალი გადაცემის გაკეთებას აპირებს. როგორც თავად ამბობს, გადაცემას "გაჭირვებულ საქართველოს" დაარქმევს და იმ ადამიანებს მოიწვევს, რომლებიც სააკაშვილის გუნდის მმართველობის დროს უსამართლობის მსხვერპლნი გახდნენ...

- ბატონო გია, ფიქრობთ, რომ ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც სააკაშვილის გუნდის მმართველობის დროს უსამართლოდ დაისაჯა ან დაზარალდა?

- აბა, რა. ძალიან ბევრია. მერწმუნეთ, 80% სულ ტყუილად იჯდა ციხეში, ძალიან ბევრს უსამართლოდ წაართვეს ქონება, აჰყარეს პატივი, ღირსება. ეს ხალხი სამართლის აღსრულებას ელოდება... ამას ალბათ დრო უნდა, მაგრამ ქართველები სულსწრაფები ვართ, გვინდა, რომ ყველაფერი მალე გაკეთდეს. თანაც, ეს "ნაციონალები" ცეცხლზე ნავთს ასხამენ. ამ ხალხმა 10 წლის განმავლობაში ითავნება, უამრავი ადამიანი უკანონოდ დააპატიმრა, ქონება წაართვა, ახლა პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ლაპარაკობს. როგორ არ რცხვენიათ?! ვანო მერაბიშვილი ლამის წმინდანად და საქართველოს აღმშენებლად გამოიყვანეს. მერაბიშვილმა სასამართლოზე თქვა, - მე ქურდებს დავუპირისპირდიო. ამ კაცს ხალხი იდიოტი ხომ არ ჰგონია?! ყველას კარგად გვახსოვს გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ვაზაგაშვილის საქმეები, ასევე - 26 მაისი. ისიც ყველამ იცის, რომ ნიკუშა კვინტრაძე ცემით მოკლეს და მაღაზიის თავზე შეაგდეს. ე.ი. ბატონი ექსმინისტრი კრიმინალური საქმიანობისთვის სხვებს სჯიდა, თავისიანებს კი ყველაფრის უფლებას აძლევდა... ჩვენ, საზოგადოება დამნაშავე მაღალჩინოსნების კანონის შესაბამისად დასჯას ვითხოვთ. კარგია, რომ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილმა გაიმარჯვა, მაგრამ ცუდია, რომ მისი გუნდი საქართველოს "ნაკრებს" არ წარმოადგენს...

- რას გულისხმობთ?

- მადლიერი ვართ ბიძინა ივანიშვილის, რადგან მან სააკაშვილის გუნდის სახით ქვეყანას კიბო მოაშორა, მაგრამ... მხოლოდ კიბოს ამოკვეთა არ არის საკმარისი, ერს მკურნალობა სჭირდება...

- კონკრეტულად რით ხართ უკმაყოფილო?

- იმით, რომ დასაქმების საკითხი ჯერ კიდევ არ გვარდება, ბანკები უზარმაზარი პროცენტებით ხალხს სულს ხდიან. დღეს ქვეყანაში ყოველი მეორე ოჯახი ბანკის ვალში იხრჩობა. დარწმუნებული ვარ, ბატონ ბიძინას შეუძლია გამოსავლის პოვნა, თუ არა და... აღარ გვინდა ლიტონი სიტყვების მოსმენა. თუ ძველებურად დაუსაქმებლები და ღატაკნი ვიქნებით, რა მნიშვნელობა აქვს, ვის ხელში დაგვემართება ნევროზი, ვის ხელში დაიწყებენ ახალგაზრდები 50-თეთრიანი არყის სმას ან "კრაკადილის" კეთებას?! დღეს ქართველი კაცი საშველია. მთელი ერი დანევროზებულია. მკურნალობის ერთადერთი საშუალება - დასაქმებაა, სხვა არაფერი გვიშველის. კი გვეუბნებიან, მოითმინეთო, მაგრამ როდემდე?! კი, ბატონო, კიდევ მოვითმენთ, დავამტკიცებთ, რომ ქართველები ღირსეულნი ვართ მოთმინებაში, სიყვარულში, თავგანწირვაში, მაგრამ ამ მოთმინებასაც აქვს საზღვარი. კიდევ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი: როცა ხალხს სული კბილით უჭირავს, ძნელია, კოაბიტაციაზე ელაპარაკო. აღარ გვინდა ხელისუფლებაში იმ ადამიანების ხილვა, ვინც მიწასთან გაგვასწორა... ბოდიში მაინც მოიხადონ!.. მსოფლიო ომის შემდეგ საფრანგეთში გერმანელების მომხრეებს თმას ხოტრავდნენ... ჩვენ არც თმის გადახოტვრას ვითხოვთ და არც ფეხების მომტვრევას, სამართლიანობის აღდგენას ვითხოვთ... ჯერ კიდევ ვუყურებთ, ვაკვირდებით პროკურატურას, ქალბატონ თეა წულუკიანს, ირაკლი ღარიბაშვილს. ვნახოთ, მერე რა იქნება, მათ ქმედებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული...

- თუ თქვენი ნდობა არ გამართლდა, რას იზამთ? ისევ ქუჩაში გამოხვალთ?

- გამოვალთ. დამიჯერეთ, ქუჩაში კიდევ უფრო მეტი ხალხი გამოვა, ვიდრე 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერ აქციებზე გამოვიდა...

- რა იყო იმის მიზეზი, რომ ივანიშვილის მხარდასაჭერად გამართულ აქციებში ისე არ აქტიურობდით, როგორც "სახალხო კრების" მიერ ორგანიზებულ მიტინგებზე?

- როგორ არ ვაქტიურობდი?! ძალიანაც ვიაქტიურე, მაგრამ... იცი, შეიძლება, ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მწვრთნელს არ მოსწონდე... რა ვქნა, ვინმესთვის თავის მოწონების მიზნით, ტანის რხევას ვერ დავიწყებდი, სხვა ყველაფერი გავაკეთე. იმედია, "მწვრთნელი" ადრე თუ გვიან, დაინახავს, ვინ რისი მაქნისია და საბოლოოდ, საქართველოს "ნაკრებიც" ჩამოყალიბდება.

- იქნებ "მწვრთნელს" "საკნების აქციის" დროს ტელევიზიით გავრცელებული კადრების გამო არ მოეწონეთ, სადაც ჩანდა, რომ მოქალაქეს საფულე გამოართვით, იქიდან ფული ამოიღეთ და ჯიბეში ჩაიდეთ?..

- არაფერიც. ძალიან კარგმა ადამიანმა, ნანა ლეჟავამ თავის გადაცემაში ყველაფერი გაშიფრა: იმ ტელევიზიამ მონტაჟი გააკეთა: საფულიდან ფული კი არა, ვეტერანის მოწმობა ამოვიღე. შევინახე, რადგან მაინტერესებდა, ვეტერანის საბუთის მფლობელი სინამდვილეში რას წარმოადგენდა: ალბათ გახსოვთ, რომ მაშინ ხელისუფლება ძალიან ბევრ პროვოკატორს გვიგზავნიდა. "სახალხო რაზმი" სწორედ ამ პროვოკაციების თავიდან ასარიდებლად შევქმენით. სხვათა შორის, ამ ადამიანებს შემდეგ შევხვდი და ყველაფერი გავარკვიე. საბედნიეროდ, ხელისუფლებამ ბრმა იარაღად მათი გამოყენება ვერ შეძლო...

- ამბობთ, რომ თუ ახალი ხელისუფლება დანაპირებს არ შეასრულებს, ქუჩაში ისევ გამოხვალთ. სულ ცოტა ხნის წინ ლგბტ საზოგადოების მიერ მოწყობილი ღონისძიების საწინააღმდეგოდ დაგეგმილ აქციაზეც ძალიან ბევრნი გამოხვედით, რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის 300 მეტრით გადმოწევა კი, რამდენიმე ათეული ადამიანის გარდა, არავინ გააპროტესტა. რას უნდა ნიშნავდეს ეს?

- საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და სხვა მსგავსი საკითხები ხელისუფლების დასარეგულირებელია. თუ მთავრობა იტყვის, რომ ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, გამოვალთ კიდეც. რაც შეეხება ლგბტ საზოგადოების საწინააღმდეგო აქციას... ეს საეკლესიო პირებმა ითავეს. ხალხს ლიდერი, თავმოყრა სჭირდება. დღეს ძალიან რთული სიტუაციაა: ხალხი პანიკაშია, ვეღარ იგებს, პროტესტის გამოხატვით ვის წისქვილზე შეიძლება დაასხას წყალი. პირადად მეც ხშირად მიფიქრია, - რაღაც ნაბიჯი რომ გადავდგა, ვაითუ, ისევ მიშას წაადგეს სასიკეთოდ-მეთქი?! სხვათა შორის, დღეს ძალიან ბევრი ადამიანი მხოლოდ იმიტომ არის გაჩერებული, რომ ეშინია, მიშას წისქვილზე არ დაასხას წყალი...

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია