რატომ გააბრაზეს ანი გიუნტერი ბარსელონის აეროპორტში

რატომ გააბრაზეს ანი გიუნტერი ბარსელონის აეროპორტში

კაფე-ბარი, რესტორანი, მაღაზია, ესთეტიკის ცენტრი - ამ თუ სხვა დაწესებულებაში არასრულფასოვანი და უხეშად მომსახურების მაგალითებს არცთუ იშვიათად შეხვდებით. უკმაყოფილო და სახემოღუშული პერსონალის აგრესიის ან უბრალოდ, გულგრილი დამოკიდებულების "მსხვერპლი"შესაძლოა, სრულიად უნებლიეთ, ნებისმიერ დროს აღმოჩნდეთ, მაგრამ ხშირად, ე.წ. კლიენტებიც სცოდავენ ხოლმე. ეს თემა მით უფრო აქტუალური ხდება, როცა ტურისტული სეზონი იწყება და ბევრი უცხოელი სწორედ ამ უარყოფით მხარეებზე მიგვითითებს. ჩვენ საზოგადოებისთვის ცნობილ რამდენიმე ადამიანს დავუკავშირდით და დავუსვით კითხვა, რამდენად კარგად ემსახურებიან ამა თუ იმ დაწესებულებაში?

ანი გიუნტერი, ტელეწამყვანი:

- ხშირად ისმის მიმტანებისა თუ ოპერატორების მისამართით უკმაყოფილება, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ უცხოეთთან შედარებით, აქ კატასტროფული მდგომარეობაა. მერწმუნეთ, ამ მხრივ უსიამოვნო ფაქტებს პარიზსა თუ ბარსელონაშიც შევსწრებივარ. ევროპაშიც, რესტორანში შესულს ხშირად შეკვეთილი კერძის ან კუთვნილი ანგარიშისთვის ლოდინი დიდხანს დამჭირვებია. ბოლოს, ბარსელონის აეროპორტში ისე საშინლად მომემსახურა ბანკის თანამშრომელი, რომ სურვილი გამიჩნდა, საქართველოში დაბრუნებული, ბანკში წავსულიყავი და ყველა იმ ოპერატორისთვის მეკოცნა, რომლებმაც თავის დროზე სწრაფად და ხარისხიანად შეასრულეს თავიანთი სამუშაო (იცინის). ამიტომ, ხაზგასმით ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში საშინელი სერვისია. ბევრი ადგილია, სადაც მომსახურებას ნელ-ნელა სწავლობენ, ტრენინგები უტარდებათ. ზოგჯერ მომხმარებელი არაადეკვატურადაც იქცევა, მაგრამ ერთი რამ მინდა შეგახსენოთ: კლიენტი თავს უხერხულად არ უნდა გრძნობდეს იმის გამო, რომ მაგალითად, საღამოს ათ საათზე ერთი ჭიქა ყავა, წვენი ან უბრალოდ, ნაყინი მოუნდა. გოგონები ვხუმრობთ ხოლმე: მგონი, იმიტომ ვერ ვიკლებთ წონაში, რომ სამსახურის მერე, ღამით, იძულებული ვართ, სხვადასხვა კალორიული კერძი შევუკვეთოთო. გამაღიზიანებელია ის მომენტი, როდესაც მიმტანი იმის ნაცვლად, რომ იკითხოს: "სხვა ხომ არაფერი გნებავთ?"გეკითხება: - "მეტს არაფერს მიირთმევთ?"

რატი დურგლიშვილი, მომღერალი:

- რამდენიმე ადგილია, სადაც ხშირად დავდივარ, რადგანაც პერსონალის მომსახურება მომწონს. ვიცი ისეთი დაწესებულებებიც, სადაც ყურადღებას საერთოდ არ გაქცევენ ან უფრო მეტიც - შესაძლოა, ჭუჭყიან მაგიდასთან დაგსვან. ცხადია, ასეთ დაწესებულებაში მეორედ მისვლის სურვილი აღარ გაგიჩნდება. სიმართლე გითხრათ, პირადად მე, იმდენად თბილად ვეპყრობი ადამიანებს, რომ მომსახურე პერსონალისგან აგრესია თითქმის არასდროს მიგრძნია. ვფიქრობ, ზოგიერთ ქვეყანასთან შედარებით, საქართველოში კლიენტის მომსახურების მხრივ ბევრად უკეთესი მდგომარეობაა. მაგალითად, იურმალაში ყოფნისას, რამდენიმე დაწესებულების მომსახურებით მაინცდამაინც კმაყოფილი არ დავრჩი. ჩემი აზრით, როგორც მომღერალს სჭირდება სულ ფორმაში ყოფნა და ვოკალში მეცადინეობა, ასევე სჭირდება ტრენინგი მომსახურე პერსონალს - ეს აუცილებელია.

იუნა შაფათავა, მსახიობი, ტელეწამყვანი:

- მე თუ მკითხავთ, მომსახურების სფერო ჩვენთან კარგ დონეზეა. ხომ იცით, სამსახურის შოვნა იმდენად რთულია, რომ ყველა ცდილობს, სტუმარს კარგად მოემსახუროს და ხელმძღვანელის თვალში ქულები დაიწეროს, რითაც ზოგიერთი კომპანიის შეფები ცუდად სარგებლობენ. რას ვგულისხმობ? - იმის გამო, რომ პროფკავშირები მოწოდების სიმაღლეზე არ დგას, სამსახურებში თანამშრომელთა უფლებები ხშირად ირღვევა: ბოსები მათ არასამუშაო საათებშიც ამუშავებენ, "ოვერთაიმებს"არ უხდიან (ანაზღაურება დამატებითი საათებისთვის) და ა.შ. ზოგი კომპანია, იმის ნაცვლად, რომ ძველი, გამოცდილი კადრი შეინარჩუნოს, "ახალ სისხლს"ეძებს და თანამშრომელს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ათავისუფლებს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი დასარეგულირებელია, ტრენინგების გავლაა საჭირო. ძალიან კარგი მომსახურებაა, მაგალითად, ავიაკომპანიებში. რესტორნებსა და ბარებშიც, გამონაკლისების გარდა, ნორმალური სიტუაციაა. თუ მუდმივი კლიენტი ხარ, თან გყვებიან, თუ არა და, შეიძლება, ყურადღებაც არ მოგაქციონ. ზოგჯერ კლიენტებიც სცოდავენ - ზოგიერთ მათგანს თავი ელისაბედ მეორე ჰგონია და ისეთი გონორით შედის, რომ პერსონალიც ღიზიანდება. მოკლედ, ყველაფერი ურთიერთპატივისცემაზეა დამოკიდებული და ეს უნდა შევიგნოთ. გაუნათლებლობა და დილეტანტიზმი ცოტა არ იყოს, მომძლავრდა და უხეშობასაც ამიტომ ვაწყდებით ხოლმე.

ანრი ჯოხაძე, მომღერალი:

- ახალ კლიპს ვიღებ და ძალიან დაკავებული ვარ, ამ თემაზე კი მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი: - ქვეყანა ვერ არის ხარისხიანი და მომსახურების დონე როგორ იქნება ხარისხიანი? რა ქვეყანაცაა, მომსახურებაც ისეთი გვაქვს. აი, ეს არის ჩემი კომენტარი.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება