ვის ტოვებს ივანიშვილი პრემიერად?

ვის ტოვებს ივანიშვილი პრემიერად?

ვინ სარგებლობს ბიძინა ივანიშვილის დიდი ნდობით და ვინ იქნება შემოდგომაზე პრემიერ-მინისტრის პოსტზე?! - მიუხედავად იმისა, რომ პოლიტოლოგებისა და თავად საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, პრემიერი თანამდებობიდან არ უნდა წავიდეს, სავარაუდო შემცვლელზე კულუარული საუბრები მაინც დაიწყო.

ირაკლი ღარიბაშვილი, თეა წულუკიანი, დავით უსუფაშვილი თუ ლევან ვასაძე - თითქმის ყველა ექსპერტი ამ ოთხ პიროვნებას განიხილავს, მათგან ყველაზე მეტად კი შს მინისტრის, ღარიბაშვილისა და იუსტიციის მინისტრის, წულუკიანის გვარებს ასახელებენ.

ახლა უკვე ესტონურ გამოცემასთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი ღიად აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ ის პრემიერობიდან მიდის და აქვს იდეა იმასთან დაკავშირებით, ვინ შეიძლება მისი ადგილი დაიკავოს. წასვლის თაობაზე ოფიციალურ განცხადებას და შემცვლელის ვინაობას კი, სავარაუდოდ, ოქტომბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებიდან რამდენიმე დღეში დაასახელებს.

"ვაპირებ, მალე დავტოვო პოლიტიკა. როგორც კი სააკაშვილი წავა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში დავრჩები. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს, ჩვენგან ძალიან საინტერესო პრეზიდენტს აირჩევენ, პარლამენტს ძალიან კარგი სპიკერი ჰყავს და მე მაქვს მოსაზრება იმის თაობაზე, თუ ვინ შეძლებდა, ჩემი ადგილი დაიკავოს. არ მსურს, ფსონი მუდმივად ერთ ადამიანზე კეთდებოდეს, ეს ცუდი იქნება საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს სამი პოსტია და მჯერა, რომ ყველა მათგანი ღირსეულ ადამიანებს, დემოკრატებს ერგება. აუცილებელია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა (ამჟამინდელი მოსამართლეები სააკაშვილის მიერ არიან დანიშნული) და თავისუფალი მედია. ახალი სისხლია საჭირო", - ვკითხულობთ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში, რომელიც ესტონეთის გამოცემა "პოსტიმეეს"-მა გამოაქვეყნა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ივანიშვილის პრემიერობიდან წასვლა ქვეყნისთვისაც და თავად ივანიშვილის იმიჯისთვისაც ცუდი იქნება. თუმცა, სავარაუდო კანდიდატებად ირაკლი ღარიბაშვილს, თეა წულუკიანს და მცირე ალბათობით, ლევან ვასაძესაც განიხილავს.

რამაზ საყვარელიძე: "დავუშვათ, უმრავლესობა დაჰყვა პრემიერის ნებას და პრემიერად აირჩიეს ის, ვინც მას უნდა. ვინ იქნება პრემიერი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან პოლიტიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვლება. მოსახლეობამ ნდობა ივანიშვილს, როგორც პიროვნებას, გამოუცხადა და ხმა მას მისცა, ამიტომ ნებისმიერი შენაცვლებით მეეჭვება, ისეთივე სიტუაცია შენარჩუნდეს, რაც დღეს არის.

ვინ იქნება? ჩვეულებრივ, პრემიერ-მინისტრის პორტფელი ერგება ფინანსთა მინისტრს, როგორც ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ფიგურას, მაგრამ თუ საფრანგეთის მაგალითს გავიხსენებთ, შესაძლებელია, ქვეყნის რეალური პირველი პირი შს მინისტრი გახდეს. ჩვენ შემთხვევაში შს მინისტრისაკენ უფრო იხრება სასწორი, რამდენადაც ღარიბაშვილი ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ თეა წულუკიანის შემართებას და კოალიციაში მის ადგილს, მის გაპრემიერებასაც არ გამოვრიცხავ. ასევე საინტერესოა ბიზნესმენ ლევან ვასაძის კანდიდატურაც. თან, მარგველაშვილის გვერდით გამოჩნდა ამ ბოლო დღეებში".

როგორც საყვარელიძე ამბობს, შესაძლოა, არსებობდეს ჩანაფიქრი, რომ ივანიშვილმა თანამდებობის გარეშე მართოს საკუთარი კოალიცია და ასეთი განაცხადი ხშირად გაკეთებულა, მაგრამ მეეჭვება, თანამდებობის გარეშე საქართველოში სახელმწიფოს მართვა მოხერხდეს.

"ჩინეთის გარდა, თანამდებობის გარეშე ქვეყნის მართვის ანალოგიური შემთხვევა არ მახსენდება. რაც უნდა დიდი სოციალური ავტორიტეტი ჰქონდეს ადამიანს, ჩვენთან არ არის ის მენტალიტეტი, რომ თანამდებობის გარეშე დაუჯერონ. მიდის იმიტომ, რომ მისთვის პოლიტიკა რთული სფეროა და ეს არაერთხელ უთქვამს, მაგრამ როგორ უნდა გაძლოს და მთელი ცხოვრება როგორ უნდა გაჰყვეს განცდა, რომ ის ქართულმა პოლიტიკამ დაამარცხა?!

თუკი გათვლაა, რომ ოთხი წლის მერე არჩევნებზე ისევ გამოჩნდეს, ხმას ვეღარ მიიღებს, ხალხისთვის ის იქნება პიროვნება, რომელმაც შუა გზაში მიატოვა. თან, მომავალ არჩევნებში ხმას ვერც მისი გუნდი მიიღებს და შეიძლება მომავალში გამარჯვებული "ნაციონალური მოძრაობაც" კი ვიხილოთ.

ამიტომ ვამბობ, რომ სიტუაცია და მისდამი დამოკიდებულება შეიცვლება. ილია ჭავჭავაძეზე აიცრუა ხალხმა გული... ამიტომ ივანიშვილის გადადგომა მისი სახელისთვისაც და საქართველოსთვისაც საზიანო იქნება", - დასძენს საყვარელიძე.

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ ყველაზე მეტად სავარაუდო მომავალი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილია. ის ივანიშვილთან ყველაზე დაახლოებულია, მოდის "ქართუ" ფონდიდან და დღესაც ჩანს, რომ ივანიშვილის გარეშე, მინისტრობის რანგშიც კი, ერთ ნაბიჯს არ დგამს.

რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, ლევან ვასაძის კანდიდატურას კი კატეგორიულად გამორიცხავს.

"მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენი ლევან ვასაძე გამოჩნდა მარგველაშვილის წინასაპრეზიდენტო კამპანიაში და შესაძლოა, რაღაც ვარაუდებიც გააჩინა, მის კანდიდატურას გამოვრიცხავ. რუსეთთან დაკავშირებით ვასაძის განცხადებები ყველას ახსოვს, ამიტომ მისი გაპრემიერება უკვე საგარეო პოლიტიკის ცვლილებად შეფასდება და არ მგონია, ასეთი რისკი ივანიშვილმა დაუშვას.

ძალიან რთულია ვარაუდების მიხედვით მსჯელობა, მაგრამ ფაქტია, რომ პრემიერი იქნება ივანიშვილის თანამოაზრე და აუცილებელი არ იქნება, მაინცდამაინც მისი დღევანდელი გუნდიდან აარჩიოს.

დავით უსუფაშვილი შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის სპიკერია, მას ბოლო ხანებში ძალიან დიდი მოწონება აქვს საზოგადოებაში. თუმცა, ჩვენ არ ვიცით, მას როგორი ურთიერთობა აქვს თავად ივანიშვილთან, გაპრემიერებისათვის კი ნდობა მნიშვნელოვანია. ამდენად, ღარიბაშვილი ყველაზე მეტად სავარაუდოა. მას ყველაზე მაღალი ნდობა აქვს, თან, პარტია "ქართული ოცნების" წევრია და დღესაც, შს მინისტრის პოსტზეც კი, ჩანს, რომ ივანიშვილის გარეშე ნაბიჯს არ დგამს", - ამბობს კორნელი კაკაჩია.

დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძეც ივანიშვილის შემცვლელად პირველ რიგში ღარიბაშვილს განიხილავს. თუმცა ამბობს იმასაც, რომ არჩევნებამდე დიდი დროა და შესაძლოა, პრემიერმა გადადგომაზე აზრი შეიცვალოს.

სოსო ცინცაძე: "დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ ჩანს გამორჩეული ლიდერი, მით უმეტეს, კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი არ არის ძლიერი პიროვნება, პოლიტიკაში აბსოლუტურად ნეოფიტია და თუ ივანიშვილი მართლა აპირებს პოლიტიკიდან წასვლას, ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე, ღარიბაშვილზე შეაჩერებს არჩევანს.

მან სერიოზული პლუსი და ქულა ჩაიწერა თავის პოლიტიკურ ყულაბაში, უკანასკნელ სამალავებთან და ფირების განადგურება-არგანადგურების საკითხში, ასევე გახსნილობით. შს სამინისტრო აღარ არის წინანდელივით ჩაკეტილი უწყება და ეს ღარიბაშვილის აქტივია.

არც თეა წულუკიანს გამოვრიცხავ, რომელიც კოალიციაში დანარჩენ მინისტრებთან შედარებით მთელი თავით მაღლა დგას. თანაც, ივანიშვილის მხრიდან არასოდეს გვსმენია წულუკიანის კრიტიკა. გვახსოვს, ივანიშვილსა და ირაკლი ალასანიას შორის გაუგებრობისას წულუკიანმა საკუთარი პარტიის ლიდერის მხარე არ დაიჭირა, სწორი პოზიცია დაიკავა და თქვა, რომ პრემიერს უფლება აქვს, ნებისმიერ მინისტრს შენიშვნა მისცესო.

წულუკიანი, სამართლიანადაც, თავის უფროსად ალასანიას აღარ განიხილავს. თუმცა, პარლამენტში ალასანიას პარტიის სხვა წევრები უფრო ღია პროალასანიურები იყვნენ.

წულუკიანი ჩემი სტუდენტი იყო, ვიცნობ და სტუდენტობის დროსაც კი გამოირჩეოდა თავისი დამოუკიდებელი ხასიათით. ეს დამოუკიდებლობა რამდენად აძლევს ხელს ივანიშვილს, რთული სათქმელია. წულუკიანის პრემიერობის შემთხვევაში ბევრი რამ შეიცვლება, თუ გნებავთ, ივანიშვილის ძალიან ახლო, არაფორმალური თუ ნახევრად ფორმალური გარემოცვიდან ბევრი ვეღარ დარჩება. წულუკიანი ასეთ მემკვიდრეობაზე უარს იტყვის და ამაში ეჭვი არ მეპარება.

დავით უსუფაშვილიც შეიძლება - ძალიან კარგი სპიკერია და შეიძლებოდა მისი კანდიდატურის განხილვაც, მაგრამ საზოგადოებაში "რესპუბლიკელებს" კარგი რეპუტაცია არ აქვთ. თანაც, "რესპუბლიკური პარტიის" უზომო გაძლიერებას ხელისუფლებაში შეიძლება პრობლემები მოჰყვეს, კოალიციის სხვა წევრებმა შეიძლება ზომაზე მეტად ინერვიულონ და იეჭვიანონ. ამას პლუს ისიც, რომ პარლამენტიდანაც, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" ძლიერადაა წარმოდგენილი, არ მგონია, იქიდან უსუფაშვილი მოაშორონ".

ცინცაძე შიშობს, რომ ივანიშვილი თავისი წასვლით ძალიან მძიმე მემკვიდრეობას დატოვებს: "ივანიშვილის წასვლა ნაადრევია. არჩევნების შემდეგ 6 თვე მაინც უნდა დარჩეს. ივანიშვილის წასვლით უცებ გაქრება ის სამაგრეები, რომელიც ამ კოალიციას ამაგრებს. კოალიციაში არიან პარტიები, პიროვნებები, რომლებსაც ამბიციები სახურავზე მაღალი აქვთ, ამიტომ საქმე მარტივად არ არის".

ეკა ბასილაია

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა