"ჩემი პოლიტიკური აქტიურობის გამო, ჩემი 16 წლის ვაჟი ვიღაცების სამიზნე გახდა"

"ჩემი პოლიტიკური აქტიურობის გამო, ჩემი 16 წლის ვაჟი ვიღაცების სამიზნე გახდა"

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის - ეკა ბესელიას გოგონა, 9 წლის ლიზი გუბელაძე ბულგარეთში ჩატარებული Best Child model of the world-ის კონკურსიდან ორი პრიზით დაბრუნდა: "მის ევრაზია" და "მის ტალანტი" გახდა, - ანუ ლიზიმ ჟიურის მოხიბვლა არა მარტო გარეგნობით, არამედ არაჩვეულებრივი ხმის ტემბრითაც შეძლო. სამოდელო სააგენტო "კატრინის" დამფუძნებლის - ეკატერინე მგალობლიშვილის განცხადებით, კონკურსი ბულგარეთში, "ოქროს ქვიშაზე" გაიმართა. მასში 80-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა და სილამაზის კონკურსების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც "მის ევრაზია" ქართველი გახდა. ლიზისთან ერთად, კიდევ სამმა პატარა ქართველმა გოგონამ გვასახელა: მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი და "კონკურსის სახე" ნანუკა აბრამიძე გახდა, საუკეთესო ფოტომოდელად მარიკა ვაჩეიშვილი დაასახელეს, ხოლო ტოპმოდელის ტიტული სოციალურად დაუცველ ოჯახში გაზრდილ ფოთელ გოგონას, ნინი სართანიას ერგო...

ეკა ბესელია შვილის წარმატებით გახარებულია. შეგახსენებთ, მას ლიზის გარდა, უფროსი ვაჟიც ჰყავს: რატი მილორავა 20 წლის გახლავთ. და-ძმას შორის ასაკობრივი სხვაობა 11 წელია და უფროსი ძმა პატარა ლიზის ხშირად ანებივრებს.

ეკა:

- "მის ტალანტი" რომ გახდებოდა, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა, იმდენად ნიჭიერია. სიმღერა, რომელიც ბულგარეთში შეასრულა, დამოუკიდებლად მოამზადა და ალბათ, ჟიურიმ ამასაც მიაქცია ყურადღება. ლიზი საოცრად სპორტულია და ვეხვეწები, ტანვარჯიშზე იაროს, მაგრამ უარზეა. ცეკვაზე დადიოდა, მაგრამ ახლა ესეც არ უნდა. ურჩევნია, შინ იჯდეს და კომპიუტერის დახმარებით რაღაცები დამოუკიდებლად ისწავლოს. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ "მის ევრაზიად" დაასახელეს - სახასიათო ქართული სახე აქვს და ეტყობა, ამიტომაც მოეწონათ. მისი გამარჯვებით ბედნიერი ვარ.

ლიზი:

- 9 წლის ვარ და კლასიკურ გიმნაზიაში ვსწავლობ, პარალელურად კი სამოდელო სააგენტო "კატრინში" დავდივარ. აქ პირველად ბებომ მომიყვანა. ეს რომ ჩემმა მშობლებმა გაიგეს, არ მოეწონათ და მითხრეს, - სწავლაში ხელი შეგეშლებაო. ჰოდა, მე და ბებია სააგენტოში თითქმის მთელი თვე, მალულად დავდიოდით. სახლში დივანზე ყველანი ერთად რომ ჩამოვსხდებოდით, ბებოს ვეკითხებოდი, - როდის წავალთ-მეთქი? ის კი მანიშნებდა ხოლმე, - ჩუმად იყავიო. ერთხელაც, სააგენტომ გადაწყვიტა გაემართა კონკურსი - "ვაჩუქოთ პატარებს სიხარული", რომელშიც მეც ვმონაწილეობდი. ბებიამ დედას უთხრა: კონკურსზე ხართ დაპატიჟებული, სადაც თქვენი ქალიშვილიც მონაწილეობსო. დედას ჩემი გამოსვლა მოეწონა და მას მერე სააგენტოში მალულად სიარული აღარ გვიწევს (იღიმის). 2012 წელს "მის საქართველო" გავხდი, ახლა კი ბულგარეთშიც მივაღწიე წარმატებას. იქ იმდენად ლამაზი ბავშვები მონაწილეობდნენ და ისეთი ლამაზი კაბები ეცვათ, ცოტა არ იყოს, შემეშინდა, მაგრამ სცენაზე გასვლის წინ ეს შიში როგორღაც დავძლიე. ჰოდა, "მის ევრაზიად" რომ დამასახელეს, სიხარულისგან ვიტირე.

- სამომავლოდ მოდელობას აპირებ?

- მოდელობა ძალიან მომწონს, მაგრამ პარალელურად, სხვა პროფესიასაც უნდა დავეუფლო. თუ ჩემი ეკა მასწავლებელივით ლამაზი ვიქნები, მერე შეიძლება, სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი გავხდე. გაკვეთილებსაც კარგად ვსწავლობ. "მის ევრაზია" რომ გავხდი, კლასელებმა საჩუქარი გამიკეთეს - ყველგან ნახატები ეკიდა და ეწერა: "ლიზი, გილოცავ!" სათითაოდ მომილოცეს წარმატება მასწავლებლებმა და დირექტორმაც. ახლა სკოლის საიტზე ჩემზე სტატია უნდა გამოქვეყნდეს.

- სიმღერისთვისაც გერგო პრიზი და "მის ტალანტი" გახდი...

- თვითნასწავლი ვარ. თუმცა, პატარაობისას "ბასტი-ბუბუში" დავდიოდი. 3 წლისამ დავიწყე სიმღერა და მას მერე დამოუკიდებლად ვცდილობ მეცადინეობას, ოღონდ - კომპიუტერის დახმარებით: ჯერ სიტყვებს ვიზეპირებ, მერე მელოდიას ვიმეორებ...

- გამარჯვების ამბავი პირველად დედას ახარე?

- დედას ეკა მასწავლებელმა დაურეკა, მაგრამ სხდომაზე იყო, ამიტომ პირველად მამამ გაიგო ეს ამბავი. დედა სულ დაკავებულია და ამას უკვე მივეჩვიე. ის მხოლოდ შაბათ-კვირას ჩამოდის თბილისში, სხვა დროს ქუთაისშია, მაგრამ უქმე დღეებშიც არ სცალია ხოლმე, გამუდმებით შეხვედრებზე დადის. როცა დედა თბილისშია, ვცდილობ, შინიდან არ გავიდე და ველოდები, როდის მოვა. სხვათა შორის, როცა ახალ მეგობრებს ვიძენ, მათ არ ვეუბნები, ეკა ბესელიას შვილი რომ ვარ. ვამბობ ხოლმე: როცა მე გავხდები ცნობილი, ამას მაშინ გაიგებენ-მეთქი, მაგრამ არ გამომდის, მათ დედაჩემის ვინაობას ვიღაც ეუბნება.

- მამიკო ახერხებს შენთან ყოფნას?

- მამაც დედასავით, დაკავებულია. ის თბილისის პროკურორის მოადგილეა, მაგრამ ეკასგან განსხვავებით, ჩემთვის იცლის ხოლმე. ბულგარეთში რომ მივდიოდი, აეროპორტში დედა და მამა გამომყვნენ, მაგრამ უკან რომ დავბრუნდი, მხოლოდ მამა დამხვდა. დედა სახლში იყო, სიცხე ჰქონდა. რომ მივედი, გავაღვიძე... იცით, მე ყველაზე კარგი მამა მყავს მთელ მსოფლიოში. ის ყველა სურვილს მისრულებს და ერთად დავდივართ ზოოპარკში, ხანდახან - "მაკდონალდსში".

- როცა დედას სცალია, არ გასეირნებს ხოლმე?

- დედას ადრე მიტინგებზე დავყავდი და შეიძლება ითქვას, რომ არც ერთი მიტინგი არ გამომიტოვებია. მეც მომწონდა იქ სიარული. შედარებით პატარა რომ ვიყავი, მინდოდა, პრეზიდენტი გამოვსულიყავი, მერე ჩემი მშობლების პროფესია - იურისტობა მომწონდა, მაგრამ ახლა არც ეს მინდა, რადგან ვხედავ, რომ დედა ძალიან იტანჯება. არ მინდა, პარლამენტის შენობაში ვიჯდე; იქ ისეთი სიცხეა, რომ ალბათ, გავიგუდები... ძირითადად, ბებოსთან ვარ და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ბებომ რომ არ მომხედოს, არ ვიცი, რა მომივა. ის დედობასაც მიწევს ხოლმე. ძალიან თბილი ბებო მყავს და ყველა სურვილს მისრულებს, ყველგან დამყვება და ჩემი წარმატება უხარია.

- დედიკო საჩუქრებით განებივრებს?

- საზღვარგარეთ ხშირად ისე მიდის, მის ნახვასაც ვერ ვასწრებ და ეს ბევრჯერ გამიპროტესტებია. ძალიან მიყვარს ბლოკნოტებში წერა და ხატვა. ჰოდა, დედას საჩუქრად სწორედ დიდი ზომის ბლოკნოტები ჩამოაქვს ხოლმე.

- შენ და შენი ძმა ხშირად ჩხუბობთ?

- რატი ძალიან მიყვარს, მაგრამ ხანდახან, კომპიუტერის გამო ვჩხუბობთ. სახლში ყველაფერს ბებო აკეთებს და მეც მასწავლის კერძების მომზადებას. ჯერ ტორტს და ხაჭაპურს ვერ ვაცხობ, მაგრამ გემრიელი პიცა გამომდის; ვიცი კვერცხის შეწვა და ყავის, ჩაის მოდუღება. ისიც ვიცი, რომ დედას ჩემი მომზადებული რაღაცების მირთმევა გაუხარდება და ვცდილობ, როცა შინ მოდის, გავანებივრო. ერთ დღეს ხილი ლამაზად დავჭერი, გვერდით ჩემი გამომცხვარი ორცხობილა მივუწყვე, ჩაი მოვუდუღე, თეფშზე შოკოლადიც დავდე და მივართვი...

ეკა ბესელია:

- სულ ვოცნებობდი, ლიზისნაირი გოგონა მყოლოდა; ის ჩემი ახდენილი ოცნებაა. ძალიან საინტერესო ადამიანია, ნიჭიერი, ჭკვიანი. მგავს დამოუკიდებლობაში, კომუნიკაციაში, მიზანსწრაფულობაში. აქვს მამის ბევრი კარგი თვისება: არტისტულია, ხელოვნება უყვარს, ძალიან მოწესრიგებული და ორგანიზებულია; წერს სიმღერებს, დგამს სპექტაკლებს, აკეთებს კლიპებს და მერე კომპიუტერში ტვირთავს. ვცდილობ, წიგნის კითხვას მივაჩვიო... ლიზი პრაქტიკულად, მიტინგებსა და აქციებზე გაიზარდა. 4 წლიდან მიტინგებზე დამყავდა და მსვლელობებში დიდი ინტერესით მონაწილეობდა, პოლიტიკური ტერმინებით ლაპარაკობდა. დამოუკიდებლობას პატარაობიდანვე ვაჩვევდი. მიმაჩნია, რომ ბავშვი რაც უფრო მეტად დამოუკიდებლად გაიზრდება, უფრო ძლიერი თვისებები და ხასიათი უყალიბდება. ხშირად დამყავდა პოლიტიკურ შეხვედრებზეც, კულტურულ ღონისძიებებზე, თეატრში, სპექტაკლზე...

- ლიზის გული სწყდება, რომ მისთვის დრო არ გრჩება.

- შვილი დედასთან უნდა იზრდებოდეს, მაგრამ მე თავისუფალი დრო ყოველთვის ძალიან ცოტა მქონდა და მუდამ იმას ვცდილობდი, ჩემთან ახლოს ყოფილიყო. ახლა საქმემ მოითხოვა და ქუთაისში მიწევს ყოფნა. დღეს ლიზი ბებიისა და მამის ძალიან დიდი ყურადღების ქვეშაა. მამას უფრო ხშირად ურეკავს, ვიდრე - მე. როცა ლიზი რაიმეს დახატავს ან გააფერადებს, იქვე მიაწერს ხოლმე: "დედა, ძალიან მომენატრე, ძალიან მინდა აქ იყო; ძალიან მიყვარხარ". ასეთ წარწერებს რომ ვხედავ, ამას განვიცდი. როცა თავისუფალი დრო მაქვს, ისეთ ადგილებში მიმყავს, სადაც ყველაზე მეტად უყვარს ყოფნა. დიდი ახირებები არ აქვს და მის სურვილებს იოლად ვასრულებ. სხვათა შორის, ტკბილეული უყვარს, დედასავით გიჟდება შოკოლადზე.

- უფროს ვაჟთან შენს ურთიერთობაზეც გვითხარი რაიმე...

- 19 წლის ვიყავი, რატი რომ გაჩნდა. ის მე მგავს, ლიზი კი - მამას. რატი 2 თვის იყო, საცხოვრებლად თბილისში რომ ჩამოვედი და წვალებით გავზარდე - მაშინ ხომ სამოქალაქო ომი იყო... შემდეგ, ჩემი პოლიტიკური აქტიურობის გამო, ჩემი 16 წლის ვაჟი ვიღაცების სამიზნე გახდა და ამიტომაც, მის წინაშე უფრო მეტი ვალდებულება მაკისრია. მან ჩემ გამო მძიმე ორი წელი გადაიტანა, ერთი წელი იმალებოდა და სკოლაც დაგვიანებით დაამთავრა. მინდა, რატი ბევრად უკეთესი იყოს, ვიდრე არის. შვილების მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ კეთილშობილი ბიჭია და ცუდს არასდროს გააკეთებს. ასე მგონია, დროს არ უფრთხილდება და ამის გამო ვაკრიტიკებ ხოლმე. ახლა 20 წლის არის და მეამაყება, ამხელა შვილი რომ მყავს. წელს აბარებს უნივერსიტეტში, შარშან კი ერთი ქულა დააკლდა. რატი მამის გარეშე გაიზარდა და ვცდილობ, ეს სიცარიელე ამოვუვსო, ზოგჯერ კი ვებუტები და ხმას არ ვცემ.

- მაგალითად, რის გამო ებუტები?

- ვებუტები მაშინ, როცა შინ გვიან ბრუნდება ან იმის გაკეთება დაავიწყდება, რასაც დავავალებ. სხვათა შორის, ჩემს შვილებს საოცარი დაძმობა აქვთ. რატი ლიზიკოს მიმართ ძალიან თბილია.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია