სოსო პავლიაშვილი - "მიშას ადგილზე ტყვიას დავიხლიდი შუბლში ან ბერად წავიდოდი!"

სოსო პავლიაშვილი - "მიშას ადგილზე ტყვიას დავიხლიდი შუბლში ან ბერად წავიდოდი!"

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დროებით თუ სამუდამოდ, ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ ბინა მეზობელ რუსეთში დაიდო. "კვირის პალიტრამ" გადაწყვიტა ჩვენებურებს შეხმიანებოდა და მათი ცხოვრების ამსახველი ერთი დღის რეპორტაჟი შეეთავაზებინა მკითხველისთვის.

მაშ ასე, რუბრიკის პირველი სტუმარია ყველასთვის კარგად ცნობილი მომღერალი სოსო პავლიაშვილი. იგი წლებია, მოსკოვში მოღვაწეობს და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. როგორც აქაური ქართველები ამბობენ, სოსო ნამდვილ "გრუზინად" დარჩა. არიან ისეთებიც, პავლიაშვილს დიდად რომ არ სწყალობენ. ალბათ, ესეც გენეტიკურია - ქართველებს ხომ წარმატებული ქართველი რატომღაც არ გვიყვარს!

მკითხველს იმასაც შევახსენებ, რომ ცოტა ხნის წინ პავლიაშვილი სკანდალში გაეხვა - თავისი მეგობრის, ავთო ადუაშვილის მკვლელობის შემკვეთად დასახელდა, რომელიც 2012 წლის 23 ნოემბერს ზაზიაშვილის ქუჩაზე საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიებამ პავლიაშვილის დის ქმარი, ვახო ჩხაპალია დააკავა, რომელიც დღესაც პატიმარია.

მოგვიანებით მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა პავლიაშვილის ყველა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ამ საქმესთან მომღერალს კავშირი არა აქვს. პასუხად კი სოსომ კბილაშვილს მოსკოვის ერთ-ერთი საკონცერტო დარბაზის სცენიდან საჯაროდ გადაუხადა მადლობა. რა მოხდა სინამდვილეში და რას უკავშირებს პავლიაშვილი მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს, ამ და სხვა საინტერესო თემაზე სოსო თავად გვიამბობს.

შეთანხმებისამებრ, პავლიაშვილს დღის 3 საათზე, სახლთან ახლოს, თავის რესტორან "შაბადაში" ვეწვიეთ. "შაბადა" უზბეკურ ენაზე "ნიავს" ნიშნავს. ეზოში შესულებს უზბეკური ნიავისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ლამაზი სანახაობა ნამდვილად დაგვხვდა. მორაკრაკე ჩანჩქერი, მწვანე მოლი, გემოვნებით მოწყობილი ინტერიერი და ფარდებს მიღმა განლაგებული სავარძლები, რომელიც კომფორტული დასვენების გარანტიას იძლევა.

აქაურობას თითქოს ქართული ელფერიც დაჰკრავს. როგორც მასპინძელმა გვითხრა, რესტორნის დიზაინსა და მოწყობაზე მის მეუღლეს, ირინა პავლიაშვილს უზრუნია.

- როგორ ხართ?

- ძალიან კარგად (იღიმის).

- პატარა საქართველო მოიწყვეთ?

- კი, თავი უბანში მგონია.

- როგორია სოსო პავლიაშვილის ერთი დღე?

- ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობ. დილაობით ერთი საათი ვსეირნობ ველოსიპედით, შემდეგ ცოტას წავიხემსებ და სტუდიაში გავრბივარ. მოგვიანებით აუზზე ვინაცვლებ და საღამოს რესტორანში მოვდივარ... ივნისში 35 კონცერტი მაქვს დაგეგმილი და ვცდილობ, ფორმაში ვიყო. ბოლოს და ბოლოს, სამ შვილს პატრონობა ხომ უნდა?

- რამხელები არიან?

- ლევანი 26 წლის ხდება, ახლა ერთ-ერთ სოლიდურ სამშენებლო კომპანიაში დაიწყო მუშაობა, შუათანა გოგონა - ლიზა 8 წლისაა, დღეს ჩამოდის, ჩემი მეუღლის მშობლებთან ერთად ნორვეგიაში ისვენებდა, სანდრა კი 5 წლის გახდა.

- ქართული იციან?

- ცდილობენ (იღიმის).

- მეოთხე შვილსაც ხომ არ გეგმავთ?

- კი, ვაპირებთ...

- მეუღლეზე გვიამბეთ, სად გაიცანით?

- სადაც ჩამწერი სტუდია მქონდა, იქ დადიოდა ერთ-ერთ სტუდიაში, სპექტაკლებს დგამდნენ, მღეროდნენ... მას კი ჩემი სიმღერა მოეწონა - "ია სტაბოი" და... "ანა სამნოი"...

- ცნობილი დონ ჟუანი უცებ მოათვინიერეს?

- ნამდვილად, თუმცა, მიუხედავად ჩემი დონჟუანობისა, ქალისთვის გული არ მიტკენია.

- როგორც ქართველს, მოსკოვში დამკვიდრება ხომ არ გაგიჭირდათ?

- არა, იყო რაღაცები, მაგრამ საერთო ჯამში არ მქონია პრობლემა.

- როგორია მოსკოვიდან დანახული საქართველო?

- ქართული ტელეარხები საერთოდ არა მაქვს... საქართველოს სჭირდება რუსეთი, თორემ რუსებს ნაკლებად ვჭირდებით. ჯერ ერთი, საქართველოს რუსეთის ბაზარი სჭირდება. მეორეც, ერთმორწმუნე ერები ვართ და ამ ორ ქვეყანას შორის შუღლი მიუღებელია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რუსეთიდან ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ფულადი გზავნილია. ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, დაიღუპებოდა საქართველო! ამ დაძაბული ურთიერთობით რა მოვიგეთ, საჯდომში გათხრილი ცოცხები? ისევ ქართველები დავერიეთ ერთმანეთს. ჯერ კიდევ 10 წლის წინ ვამბობდი, ცოცხებით მოგვხვეტენ-მეთქი და სამწუხაროდ, კიდეც ახდა... წლებია გავიძახი, ნუ აგინებთ რუსებს, გავა წლები და მოკუნტულებს მოგვიწევს მოსვლა ბოდიშის მოსახდელად-მეთქი და... როცა ამას ვამბობდი, ეგ მოღალატე რუსეთშია და ჭკუას ნუ გვასწავლისო... კი ბატონო, ხმასაც აღარ ვიღებდი...

- თქვენი კონფლიქტი ყოფილ ხელისუფლებასთან საიდან დაიწყო?

- რუსეთში ყოფნით... 2008 წლის პირველ აგვისტოს მიშამ ღირსების ორდენიც კი მომანიჭა, რაც ძალიან მოულოდნელი იყო. "იურმალაზე" გამარჯვებულ ჯგუფ "ჯორჯიასთვის" პრიზის გადაცემის პატივი მერგო, რაც ძალიან გამიხარდა. ჰოდა, ჩამოვედი, პრიზი გადავეცი და მოულოდნელად ორდენიც გადმომცეს...

- ამბობენ, რომ ზურაბ ჟვანიას ახლო მეგობარი იყავით და სწორედ მისი გარდაცვალების გამო (კითხვას აღარ მამთავრებინებს. - თ. ღ.).

- დიახ, ზურა ჩემი მეგობარი იყო. თუმცა სააკაშვილთან არანაირი კონფლიქტი არ მქონია. უკეთესს გეტყვით, სააკაშვილი მოსკოვში ერთ-ერთ სუფრაზე გავიცანი, სადაც რუსეთის სადღეგრძელოს ფეხზე ამდგარი სვამდა. უთანხმოება მხოლოდ მის იდეოლოგიურ გარემოცვასთან მქონდა.

- ვინ არიან სააკაშვილის იდეოლოგები ან რა უთანხმოებაზე ლაპარაკობთ?

- არ მინდა ახლა ამაზე ლაპარაკი... ზოგი იეღოველი იყო, ზოგიც კიდევ... რაც იყო, იყო. ყველაფერი ცუდი გააკეთეს-მეთქი, ვერ ვიტყვით, მაგრამ როგორც გავიგე, საქართველოს 12 მილიარდი ვალი ჰქონია... და ეს სიტუაცია როგორ უნდა გამოსწორდეს, წარმოდგენაც არა მაქვს. ერთი, რასაც ვამბობდი და ახლაც ვიტყვი ის არის, რომ საქართველომ სათავისოდ უნდა გამოიყენოს ყველა შანსი, პირველ რიგში რუსეთთან და თუ უნდა, ამერიკასთანაც.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია