ავტომაგისტრალები, "წართმეული" მიწების კომპენსაციები და "ბრძოლა" 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის

ავტომაგისტრალები, "წართმეული" მიწების კომპენსაციები და "ბრძოლა" 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრომ ცოტა ხნის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმდინარე წლის ანგარიში გააცნო და როგორც აღნიშნავენ, მისი მუშაობა დადებითად შეფასდა. იქ წარმოდგენილი ინფორმაციით გაცილებით ადრე დავინტერესდით, მაგრამ სამწუხაროდ, მინისტრთან შეხვედრა მხოლოდ ახლა მოვახერხეთ. დავით ნარმანიამ იმ მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე გვიამბო, რომლის განხორციელებაც მისმა უწყებამ ივალდებულა. აღსანიშნავია, რომ წელს სამინისტროს ბიუჯეტი გაიზარდა და 901 მლნ ლარს შეადგენს.

ავტომაგისტრალები - სამინისტროს პრიორიტეტი

მიმდინარე პროექტებიდან ყველაზე გამორჩეული ისევ და ისევ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაა. ამ ეტაპზე სამუშაოები პარალელურ რეჟიმში, 3 მონაკვეთზე მიმდინარეობს, ესენია: ქუთაისის შემოვლითი გზა - სამტრედიის მონაკვეთი, ქობულეთის შემოვლითი გზა და აგარა-რუისის მონაკვეთი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, წელსვე დაიწყება თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალისა და სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობა.

დავით ნარმანია:

- პროექტების რიცხვი, რომელსაც ამჟამად ჩვენი სამინისტრო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით ახორციელებს, ორასზე მეტია. უშუალოდ სამინისტროს ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების გარდა, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ადმინისტრირებას ვახდენთ, თვითმმართველობებთან ერთად კი - სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ადმინისტრირებას. ჩვენი სამინისტროს პროექტებიდან, ფინანსური თვალსაზრისით, ყველაზე მსხვილი პროექტები - ავტომაგისტრალების მშენებლობაა. გარდა ამისა, გზების რეაბილიტაციისა და მშენებლობის კუთხით, ასზე მეტი სხვადასხვა მონაკვეთია, სადაც სამუშაოები მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს.

მუდმივი წყალმომარაგება - XXI საუკუნეში ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემა

ქვეყანაში, სადაც არაერთი წყალუხვი თუ პატარა მდინარეა, ბევრი ქალაქია (სოფლებსა და დაბებზე აღარაფერს ვამბობ), რომელსაც სასმელი წყლის დეფიციტი დღემდე აწუხებს და წყალი მხოლოდ გარკვეულ საათებში, გრაფიკით მიეწოდება. მართალია, უკანასკნელ წლებში წყლის მიწოდების სიხშირე შედარებით გაზრდილია (მაგალითად, ქუთაისში, თუ უბნების უმეტეს ნაწილს წყალი 2-3 დღეში ერთხელ მიეწოდებოდა, ახლა - ყოველ საღამოს აქვს), მაგრამ პრობლემის საბოლოოდ აღმოფხვრამდე კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. როგორც დავით ნარმანიამ დაგვაიმედა, სამინისტრო ამ საკითხზე აქტიურად ზრუნავს და 24-საათიანი წყალმომარაგება ეტაპობრივად, ყველა მსხვილ ქალაქს მოიცავს.

- წელს 25 ახალი მუნიციპალიტეტის მშენებლობა უნდა დავიწყოთ, რაც ევროპის საინვესტიციო ბანკის კრედიტის ფარგლებში განხორციელდება. დაპროექტების პროცესი დასრულებულია და ტენდერების ჩატარების შემდგომ, მშენებლობა დაიწყება. ყველაზე მსხვილი პროექტებიდან, რაც წყალმომარაგების გაუმჯობესებას ეხება, გამოვყოფდი ფოთს, ქუთაისსა და ანაკლიას, რაზეც ტენდერი უკვე ჩატარდა და გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. იმ 25 მუნიციპალიტეტში, სადაც ახალი პროექტები განხორციელდება, წყალმომარაგება 24-საათიანი იქნება. რამდენიმე მუნიციპალიტეტში წყალი ისევ გრაფიკით მიეწოდებათ, რადგან სათავე ნაგებობები და ბევრი სხვა რამ მოსაწესრიგებელია. ასეთია, მაგალითად, ზუგდიდი. იქ, სადაც გადაუდებელი სამუშაოებია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სამუშაოს მისი შემოსავლების (რასაც ტარიფიდან იღებს) ფარგლებში ახორციელებს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში

- მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით ცალკეულ მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ეს მსოფლიო ბანკის პროგრამაა, მთლიანად მის მიერ ფინანსდება და წელს პრიორიტეტად იმერეთის რეგიონია არჩეული. მიმდინარეობს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები. მაგალითად, წყალტუბოში პარკის, ტბის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ხდება; რამდენიმე ობიექტის მშენებლობაც დაიწყება. გარდა ამისა, იმერეთში ცალკეული ტურისტული და ისტორიული ადგილების საჯარო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იგეგმება. ქალაქების კეთილმოწყობა უშუალოდ ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივაა. ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ის არის, რომ მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში, ცალკეულ ადგილობრივ თვითმმართველობებს ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურის - ტროტუარების, ქუჩების, სკვერებისა და ა.შ. მოწესრიგებაში დავეხმაროთ.

სამინისტროს ახალი ფუნქცია - ნაგავსაყრელების რისკების შეფასება და მართვა

ახალი წესების თანახმად, ამ საკითხზე ზრუნვა ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაეკისრა. ნაგავსაყრელებსა და მათ მავნე ზემოქმედებაზე მუდმივად საუბრობენ, ამიტომ სამინისტრო, გერმანული ბანკის დაფინანსებით, ევროპული სტანდარტების მქონე ნაგავსაყრელების აშენებას იწყებს და დასაწყისისთვის პრიორიტეტად ამ საკითხშიც იმერეთის რეგიონია არჩეული.

- ახალი მიმართულება, რაც პირველი იანვრიდან სერიოზულად ავამუშავეთ, რეგიონული ნაგავსაყრელების მართვაა. პირველ ეტაპზე, რეგიონებში არსებული ნაგავსაყრელების რეგისტრაცია მოხდა. ახლა მიმდინარეობს მათი შემოღობვა, მიწის შეტანა, მეთვალყურეობის დაწესება და ა.შ. გერმანული განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი  გვეხმარება იმაში, რომ ჩატარდეს კვლევა, რომელიც ახლა თითქმის საბოლოო ფაზაშია, და მთლიანად ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეფასება ხდება, რასაც უნდა მოჰყვეს გადაწყვეტის მექანიზმების შემუშავება, მათ შორის, რისკებთან - ეპიდემიების გავრცელებასთან, მოსახლეობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების.

ქუთაისი - ინდუსტრიისა და პარლამენტის შემდეგ, რეგიონული

ნაგავსაყრელის "მშენებელი" ქალაქი

- ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური - ქუთაისის ნაგავსაყრელია, ამიტომაც იგი ნომერ პირველ პრიორიტეტად მივიჩნიეთ. დონორ ორგანიზაციასთან - KFW-სთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ ახალი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მქონე რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობაზე, რომელიც მოემსახურება როგორც იმერეთის, ასევე რაჭის რეგიონს ერთდროულად. ამას დაახლოებით 2 წელი დასჭირდება. რაც შეეხება ძველ ნაგავსაყრელს, მისი კონსერვაცია და ისეთნაირად მართვა მოხდება, რომ უვნებელი გახდეს, ანუ - ავაშენებთ სპეციალურ დამბას იმისათვის, რომ ნარჩენები მდინარემ არ ჩაიტანოს, ამასთანავე, წვისა და აალების შესამცირებლად მიწას შევიტანთ, ასევე, შემოიღობება და დაწესდება მეთვალყურეობა, რომ ცხოველები და ადამიანები არ შევიდნენ. ყველაფერი ეტაპობრივად მოწესრიგდება.

შავიზღვისპირა ზოლი და საშემოდგომო პროექტი

სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაფინანსება გამოიყო და პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა. საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, გარკვეული თანხა აჭარის მთავრობას ჩაერიცხა იმისათვის, რომ ზაფხულის სეზონზე ბათუმის ბულვარი და მისი მიმდებარე ტერიტორია სრულად მოწესრიგდეს.

- შემოდგომაზე ჩვენი სამინისტრო აჭარაში დიდი პროექტის განხორციელებას შეუდგება - ეს იქნება ნაპირდაცვითი სამუშაოები 7-კილომეტრიან ზოლში, ადლიიდან დაწყებული, ბათუმის პორტით დამთავრებული. ნაპირდამცავი მოწყობილობა თანამედროვე სტანდარტებით გაკეთდება და დამატებით მოწესრიგდება პლაჟი იმისათვის, რომ მოიხსნას ის საფრთხეები, რაც ქარიშხალთან, ზღვის ღელვასა და ნაპირის ჩამორეცხასთანაა დაკავშირებული.

"ნაციონალური" მემკვიდრეობა - წინა მთავრობის ინფრასტრუქტურული შეცდომები

აქტიური და სწრაფი მშენებლობის მიმდევარი "ნაციონალი" წინამორბედისგან სამინისტროს ბევრი დადებითი და უარყოფითი რამ დახვდა. ნარმანია მას ძალიანაც არ აკრიტიკებს და მთავარ მინუსად სისწრაფეს მიიჩნევს. თუმცა იმ დარღვევებზეც საუბრობს, რომლებსაც მშენებლობისას სჩადიოდნენ.

- წინა მთავრობის დროს დადებითი ის იყო, რომ ამ სამინისტროს დიდი ბიუჯეტი ჰქონდა, ბევრი პროექტი ხორციელდებოდა და ბევრი რამ წესრიგდებოდა. ოღონდ ეს ყველაფერი დაჩქარებული წესით ხდებოდა, სიჩქარე კი ხარისხზე აისახებოდა და დაგებული გზები თუ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა მალე ფუჭდებოდა. ამის კლასიკური მაგალითი - თელავის რეაბილიტაციის პროექტია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ცალკეულ მშენებლობებზე არ არსებობდა პროექტები, ნებართვები და როცა სამუშაოები იწყებოდა, პროექტები და ხელშეკრულებები მერე იდებოდა. ისეთი მაგალითებიც გვაქვს, როცა სამუშაოები მხოლოდ იმ ზეპირი მითითებების საფუძველზეა შესრულებული, რომელსაც სამინისტრო კომპანიებს აძლევდა და დღეს ისინი მათ მიერ დახარჯული თანხების ანაზღაურებას გვთხოვენ. ამიტომაც შევქმენით პრობლემური ინფრასტრუქტურული პროექტების შემსწავლელი სახელმწიფო კომისია, სადაც არა მხოლოდ ჩვენი სამინისტროს სისტემაში არსებული ხარვეზიანი პროექტები განიხილება, არამედ - სხვა სამინისტროებისაც. რასაც გადაცდომად მივიჩნევდით (რომ დარღვეული იყო წესები, კანონმდებლობა და ა.შ.), ამის ამსახველი მასალები საგამოძიებო ორგანოებს გადავუგზავნეთ. ამიტომ პირველი რამდენიმე თვე, ფაქტობრივად, სამ რეჟიმში ვმუშაობდით: პირველი - პროექტების გადმობარების შემდგომ არსებული ხარვეზების გამოსწორება ან საგამოძიებო ორგანოებში გადაგზავნა, მეორე - ყოველდღიური, საჯარო სამსახურისთვის დამახასიათებელი რუტინა და, მესამე - განვითარების საკითხებსა და გეგმებზე მუშაობა. ამიტომ შევიმუშავეთ 2013 წლის სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად გვაქვს გაწერილი, თუ რას ვაკეთებთ წლის განმავლობაში და ძირითადი ნაწილი თქვენც მოგახსენეთ.

სამინისტროს ხარვეზები

კობი-გუდაურის მონაკვეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაზიანებული უნიკალური ტრავერტინების ამბავს საზოგადოების ნაწილის მხრიდან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და ოპონენტებმა ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გამოიყენეს სამინისტროს წინააღმდეგ შავი პიარის ასაგორებლად, - თუმცა ფაქტია, მიზეზი ჰქონდათ...

- ტრავერტინის დაზიანება არ არის უზარმაზარი ხარვეზი... რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, კონტრაქტორი კომპანია ამ ამბავს მეტი სიფრთხილით მოჰკიდებოდა და ეს არ მომხდარიყო, მაგრამ როდესაც პროექტს ჩავუღრმავდით, აღმოჩნდა, რომ ეს საკითხი თავიდანვე გათვალისწინებული იყო. გარდა ამისა, ტრავერტინი დაცული ტერიტორიების ნუსხაში შეტანილი არ იყო. ამიტომ ამ საკითხში მხოლოდ ჩვენი ბრალეულობა არ გახლავთ. მოხსნილი ნაწილის ქვემოთ ჩვეულებრივი მიწაა, მისი ფორმირება გვირაბის ბოლო რეაბილიტაციის შემდეგ მოხდა, ამას ასწლეულები ნამდვილად არ დასჭირვებია. იქ თანამედროვე კერამიკული ნიმუშები იპოვეს, ცელოფანის პარკები და ა.შ. გარწმუნებთ, რომ მას შემდეგ, რაც გვირაბი გაკეთდება, დროთა განმავლობაში ეს ტერიტორია ჩვეულ სახეს მიიღებს, დაჟანგვის პროცესი ისევ ისე გაგრძელდება.

გზისთვის გაყიდული მიწა

ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დროს, მიწების გამოსყიდვასთან დაკავშირებით, გარკვეული პრობლემები თავიდანვე არსებობდა, რასაც მოსახლეობის მხრიდან მეტი ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა მოჰყვა. როგორც ნარმანია აღნიშნავს, ბოლო დროს ეს მხოლოდ ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას შეეხო, ამიტომ მსგავსი საკითხების გადასაწყვეტად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას სპეციალური კომისიის შექმნა დაევალა.

- ეს საკითხი ხელახლა შევისწავლეთ, გაკეთდა აზომვები და დამატებითი კომპენსაციების გაცემის საკითხი წყდება. ეს იმიტომ, რომ მოსახლეობა უკმაყოფილო იყო, პერიოდულად გამოდიოდა და გზას კეტავდა. დონორი ორგანიზაცია მზადაა, ფულადი კომპენსაცია გადაიხადოს, რაც მიწის გამოსყიდვასთან დაკავშირებით, აზიის განვითარების ბანკის პროცედურებითაა გათვალისწინებული. ავტომაგისტრალის მშენებლობაზე სხვა ხარვეზები არ არის. ეს სამუშაოები ყველაზე ინტენსიურად მიმდინარეობს როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, ისე - დასავლეთში.

80 მლნ დევნილებს

მთავრობის მიერ დევნილებისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილით, სამინისტროს სამშენებლო სამუშაოების ჩატარება ევალება.

- ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა ორი მიმართულებით იხარჯება: ერთი გახლავთ ყველაზე მსხვილი ნაწილი - გერმანული რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, რაზეც ტენდერი ჩატარდა და გამარჯვება ქართულ კომპანიას ერგო. საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემდეგ ის მშენებლობას დაიწყებს. მეორე ნაწილია უკვე არსებულ ჩასახლებებში კომუნალური ინფრასტრუქტურის (წყალი, შიდა გზები) მოწესრიგება, აგრეთვე, ძველი კორპუსების რეაბილიტაცია, მაგალითად, ფოთში - სასტუმრო "აიეტის" შენობა და ა.შ. პოლიტიკას, ამ თვალსაზრისით, დევნილთა სამინისტრო განსაზღვრავს, ჩვენ კი უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებს ვახორციელებთ.

50 მლნ - სოფელს

- ჩვენ მხოლოდ სოფლის ინფრასტრუქტურულ პროგრამას ვმართავთ ანუ - 50-მილიონიან პროგრამას და არ მგონია, აქ ვინმე უკმაყოფილო იყოს, რადგან მონიტორინგი ყველგან განვახორციელეთ. ამ პროგრამის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით ჯერ სპეციალური წესი დავამტკიცეთ, შემდგომ სოფლის კრებები ჩატარდა, სადაც სოფლის პრიორიტეტები გამოვლინდა, ეს მასალები ჩვენთან ჩამოვიდა, რეგიონული განვითარების სახელმწიფო კომისიაზე გაანალიზდა, მთავრობის მიერ დამტკიცდა და ადგილობრივ თვითმმართველობებს დაფინანსება გამოეყოთ. თუ რაიმე პრობლემები გაჩნდება, ოპერატიულად მათ გადაწყვეტაშიც ვეხმარებით.

გაზი ყველა სოფელს

- მოგეხსენებათ, ეს ენერგეტიკის სამინისტროს პროექტია. მასთან მუდმივი კავშირი გვაქვს, ყველაზე აუცილებელ, პრიორიტეტულ უბნებსა და მიმართულებებს ვაწვდით და ამ პროცესს ისინი ჩვეულებრივად განახორციელებენ. ამ საკითხზე საუბარი მთავრობის სხდომაზეც გვქონდა და პროექტი ენერგეტიკის სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ გაგრძელდება.

"უდანაშაულო დამნაშავე"

სამეგრელოში აღმოჩენილ ფარულ სამალავებთან დაკავშირებით, ერთ-ერთი დაკავებული პიროვნება დავით ნარმანიას ბიძაშვილი გახლავთ. ბუნებრივია, საუბრის ბოლოს, ამ საკითხსაც შევეხეთ.

- მას ძალიან კარგად ვიცნობ, ჩემი ბიძაშვილია - დედაჩემის ძმისშვილი და ერთად ვიზრდებოდით. თავდაცვის სამინისტროს სისტემაში 10 წელზე მეტხანს მუშაობდა და უშუალოდ ენგურისპირა ადმინისტრაციულ საზღვარს იცავდა. ის ბოლოს თავდაცვის სამინისტროში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო, წოდებით პოლკოვნიკია და ყველაფერს თავისით მიაღწია, ეს გზა ნაბიჯ-ნაბიჯ გაიარა. ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული. როგორც ამბობს, არც სამალავებთან, არც ვიდეომასალებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ყოფილი თანამშრომელი ჩემს ბიძაშვილს ადებს ხელს - თითქოსდა ის რაღაცნაირად, დაკავშირებული იყო ამ საქმესთან, - თუმცა ეს არ დასტურდება. ჯერჯერობით დაკითხულიც არ არის, ისე მისცეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა. ვნახოთ. იმედია, გამოძიება ყველაფერს ობიექტურად დაადგენს.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ