"ძიძა" მამები

"ძიძა" მამები

"ძიძა" მამა ქართულ ხასიათს არ შეესაბამება. ქართველი მამაკაცების უმეტესობას მიაჩნია, რომ შვილის მოვლა მხოლოდ დედის პრეროგატივაა და გამოუვალ მდგომარეობაშიც კი, ბავშვისთვის საფენის გამოცვლა ან მისი გამოკვება მამისთვის დამამცირებელია. საბედნიეროდ, ყველა ასე არ ფიქრობს. ქართულ რეალობაშიც არსებობენ ისეთი მზრუნველი მამები, რომლებსაც საკუთარ შვილებზე, დედაზე მეტი ამაგი მიუძღვით. მართალია, ეს ხან ნებაყოფლობითია და ხანაც - იძულებითი, მაგრამ შვილებს მაინც კარგად პატრონობენ.

ჩემი რესპონდენტების ქართული ხასიათი კი იმაში გამოვლინდა, რომ ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ახლობელმა იცის მათი ოჯახური მდგომარეობა, მაინც - რას იტყვის ხალხიო?!

რეზო:

- როცა დავქორწინდით, 21 წლის გახლდით, ჩემი მეუღლე კი - 15-ის. შეუღლებამდე სულ რამდენჯერმე ვნახეთ ერთმანეთი. ლიკა საკმაოდ ლამაზი და ეფექტური გოგო იყო. პირველი ნახვისთანავე მომეწონა. სკოლის მოსწავლის გათხოვებაზე დათანხმებას რა უნდოდა?! ორ კვირაში დავარწმუნე, რომ ჩემი ცოლი უნდა გამხდარიყო და გავიპარეთ. დათუნა ზუსტად 9 თვეში შეგვეძინა და ერთი კი არა, ორი ბავშვი მყავდა მოსავლელი, რადგან ლიკას შვილის მოვლა თოჯინებით თამაში ეგონა. ჩემი მშობლები რაიონში ცხოვრობდნენ, ლიკას მშობლებს კი ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდათ და ჩვენს დასახმარებლად არავის ეცალა.

- ცოლ-შვილს თუ "ზრდიდით", თქვენს გამოკვებაზე ვინ ზრუნავდა?

- უმაღლესი განათლება მეც არ მქონდა. გაუთხოვარმა მამიდამ თბილისში ბინა დამიტოვა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ აქ ცხოვრება უფრო გამიადვილდებოდა და მეც რაიონიდან ჩამოვბარგდი. ხელობა მეხერხებოდა. ერთ ახლობელს შევუამხანაგდი და ბინების რემონტს ვაკეთებდით. დათუნა რომ გაჩნდა, ცოტა ხანს მუშაობა შევწყვიტე, რათა შინ ვყოფილიყავი. ჩემი მშობლები რაიონიდან პროდუქტს გვიგზავნიდნენ, ლიკას მშობლებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ ჩვენს დახმარებას და მშივრები არ ვყოფილვართ. ბავშვი სამი თვის რომ გახდა, სამუშაოს კვლავ დავუბრუნდი, თუმცა ბავშვზე ისე ვნერვიულობდი, საათში ერთხელ ვურეკავდი ლიკას და ვამოწმებდი, თავის დროზე თუ დააძინა, თუ აჭამა ან გამოუცვალა. იმ დროისთვის ლიკას პამპერსის გამოცვლა უკვე ნასწავლი ჰქონდა. თუმცა, მაინც სულ მეშინოდა, ყურადღება არ გაჰფანტოდა და ბავშვს არაფერი დამართოდა. მერე ცხოვრება აირია. რემონტის კი არა, საჭმლის ფული აღარავის ჰქონდა. ამიტომ ძირითადად, სახლში მიხდებოდა ყოფნა. რა უნდა გვექნა? ლიკამ დაიწყო სამსახურის ძებნა და სურსათის მაღაზიაში გამყიდველად მოეწყო. მართალია, მცირე ხელფასი ჰქონდა, მაგრამ პურის ფულად მაინც გვყოფნიდა. მე დათუნასთან ვიყავი და ვუვლიდი. წიგნებს ვუკითხავდი, ლაპარაკს ვასწავლიდი. მისი პირველი ნაბიჯების მომსწრეც მე ვიყავი და პირველი სიტყვებისაც.

დედამისი ორივე შემთხვევაში სამსახურში იყო და ეს მნიშვნელოვანი მოვლენები არ უნახავს. მოგვიანებით ლიკამ ტანსაცმლის მაღაზიაში იშოვა სამსახური და უკეთესი შემოსავალი ჰქონდა. ამ დროს მეც გამომიჩნდა სამუშაო: ერთ-ერთ პატარა ფირმაში კურიერობას მთავაზობდნენ. ხელფასი დიდი არ იყო, მაგრამ შემოსავალი ხომ მაინც ერქვა?! ბევრი ვიმსჯელეთ მე და ლიკამ, თუ ვინ მოუვლიდა ბავშვს. ჩემთან ყოფნას ისე იყო შეჩვეული, საბავშვო ბაღში არაფრით გაჩერდა. ერთი კვირა ვატარეთ და ყოველ საღამოს ტირილისგან თვალებდასივებული მოგვყავდა იქიდან. ლიკამ კატეგორიული უარი თქვა შინ დაჯდომაზე, - ჩემი მოწოდება მუშაობააო, გამოაცხადა. ისედაც, ბავშვს ჩემთან ყოფნა უფრო მოსწონდა. ამიტომ მასთან ისევ მე დავრჩი. დათუნა რომ წამოიზარდა, უკვე ისე ვიყავით ამ მდგომარეობას მიჩვეულები, სამსახური აღარც მიძებნია. ბავშვი სკოლაშიც მე წავიყვანე, ვამეცადინებდი, ვასეირნებდი... მოკლედ, ჩვეულებრივი "დედა" ვიყავი, ოღონდ მამის "ტყავში". დათუნა რომ 9 წლის იყო, ლიკუნამ გადაწყვიტა, - საზღვარგარეთ თუ წავალ, იქიდან უკეთესად შეგინახავთო. წინააღმდეგობა არ გამიწევია და იტალიაში გაემგზავრა. ახლაც იქ არის. საბუთები ვერ გააკეთა და აქამდე ვერ ჩამოვიდა. 5 წელია, დათუნას დედა არ უნახავს. სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ მგონი, აღარც ენატრება. შეეჩვია მის გარეშე ცხოვრებას და დედას მხოლოდ მაშინ ახსენებს, თუ რაიმე ნივთის ყიდვა სურს.

- მაპატიეთ, მაგრამ თქვენს ლიკუნას შვილი უყვარს?

- რასაკვირველია! თვითონ გააჩინა და როგორ შეიძლება, შვილი არ უყვარდეს?! პატარა იყო და როგორც და-ძმა, ისე გაიზარდნენ, თორემ რადგან არ უვლიდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უყვარს. ალბათ იშვიათია მამა, რომელიც შვილზე ჩემსავით ზრუნავს. ვინც ბავშვს პამპერსს არ უცვლის, იმ მამას შვილი არ უყვარს? ასევეა, ლიკუნას შემთხვევაშიც...

შემდეგი "ძიძა" მამა ინტერვიუზე საერთოდ არ დამთანხმდა, სამაგიეროდ, ჩემთან საუბარზე უარი არ უთქვამს მის დას... კაკისთვის ბავშვის მოვლა არავის დაუვალებია, მაგრამ თავად საჭიროდ მიიჩნევს, რომ შვილზე იზრუნოს...

ირა:

- ჩემი ძმა, კაკი 3 წელია, რაც დაქორწინდა. მანამდე, ერთ-ერთ ოჯახში მძღოლად მუშაობდა. მისი ცოლი შეძლებული ოჯახიდანაა. ქორწილიც ცოლის მშობლებმა გადაუხადეს და საქორწინო მოგზაურობაშიც მათ გაუშვეს პარიზში. არ იფიქროთ, თითქოს კაკიმ ეკა ფულის გამო მოიყვანა ცოლად, მათ მართლა უყვარდათ ერთმანეთი. უბრალოდ, შეუღლების შემდეგ ჩემი რძლის ოჯახმა კაკის მძღოლობა იუკადრისა და სამსახურისთვის თავი დაანებებინეს. ეს არც ჩემს ძმას გაუპროტესტებია, რადგან ცოლის ძვირად ღირებულ მანქანაზე დაჯდა, საცხოვრებლადაც მის სამოთახიან ბინაში გადაბარგდა და თავს ბედნიერად გრძნობდა. მის მოვალეობაში დილით ეკას სამსახურში მიყვანა და მერე ბაზარში გავლა შედიოდა. მართალია, სადილს დამხმარე ქალი აკეთებდა, მაგრამ "დიასახლისი" ფაქტობრივად, კაკი გახდა. ოჯახს ფინანსურად ეკა და მისი მშობლები უზრუნველყოფდნენ. ჩემი რძალი მალე დაორსულდა, მაგრამ სამწუხაროდ, მუცელი მოეშალა, რის შემდეგაც ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა. მერე კვლავ დაორსულდა, მაგრამ ისეთი მძიმე ფეხმძიმობა ჰქონდა, მთელი 9 თვე იწვა. ალბათ კაკისნაირი ქმარი ყველამ უნდა ინატროს, რადგან ისე უვლიდა მწოლიარე ცოლს, ექთანის აყვანა არც დასჭირვებიათ. არადა, ამის საშუალება ჰქონდათ. სიმართლე გითხრათ, მე ეს ამბავი ძალიან მაღიზიანებდა. ცოლი კარგია, მაგრამ ჩემი აზრით, კაცმა ოჯახში ქალის ფუნქციები არ უნდა შეითავსოს. საჭმელი ეკასთვის ლოგინში მიჰქონდა, თავისი ხელით აჭმევდა და საპირფარეშოშიც გაჰყავდა. ამის გამო, კაკის ხშირად ვსაყვედურობდი, ზოგჯერ დავცინოდი კიდეც, მაგრამ საერთოდ არ მისმენდა.

მერე პატარა ელენე შეეძინათ. მართლაც, ულამაზესი ძმისშვილი მყავს, ძალიან საყვარელია, მაგრამ გავოცდი, როცა შევიტყვე, რომ ბავშვის მოვლა საკუთარ თავზე კაკიმ აიღო. ვიდრე ეკას დეკრეტული შვებულება ჰქონდა, შინ იყო, მაგრამ ამბობდა, ახალნამშობიარები ქალი თავს უნდა გაუფრთხილდესო და ბავშვის მოვლით თავს არ იწუხებდა. ელენეს დაბადების შემდეგ, ეკას დედა საცხოვრებლად ცოტა ხნით მათთან კი გადავიდა, მაგრამ რამდენჯერაც ბავშვის სანახავად მივედი, მას სულ მამამისის მუცელზე ეძინა. ვერც დედა და ვერც ბებია ვერ აძინებენ, მხოლოდ ჩემთან იძინებსო, - უხარია კაკის. ელენეს ისე დაჰფოფინებს, აფთიაქში უამრავი ბაქილი და პირბადე შეუძენია და სტუმარს შინ ისე არ შეუშვებს, თუ ამ ატრიბუტებით არ შემოსავს. ბავშვი პატარაა და რა ვიცი, რომელ ვირუსს მოუტანთო?! - ამბობს ხოლმე. ამაზეც შენიშვნა მივეცი, - ბავშვს აქ დედაც ჰყავს და ბებიაც, რა საჭიროა, შენ რომ დედასავით უვლი, რომელი მამა იქცევა ასე-მეთქი?! არაფრის გაგონება არ უნდა: შენ რომ გეყოლება შვილი, შენს ქმარს ახლოს ნუ მიაკარებ, ჩემს შვილს კი მე მოვუვლიო!

- ეკას ბავშვის აღზრდაში მონაწილეობა არ სურს?

- არა მგონია. ვერ ვიტყვი, - ბავშვი არ უყვარს-მეთქი. ელენე ისეთი ლამაზი და საყვარელია, შეუძლებელია, ვინმეს არ უყვარდეს, მაგრამ თუ გამოსაცვლელი აქვს ან ჭამა უწევს, ეკა დედამისს ეძახის, მაგრამ კაკი მასზე წინ გარბის და ბავშვზე ზრუნვას იწყებს. ამის გამო, სიდედრთან შეკამათებაც კი მოუვიდა. რასაკვირველია, მათაც არ მოსწონთ, რომ ჩემს ძმაში დედური ინსტინქტი უფრო მეტად არის განვითარებული, ვიდრე - კაცური. იმის ნაცვლად, რომ სამსახური მოძებნოს, დეკრეტული შვებულების დამთავრების შემდეგ ეკა კვლავ სამსახურში გაუშვა (ბანკში მუშაობს), სიდედრსაც დელიკატურად სთხოვა, - შენს ოჯახს დაუბრუნდი, ბავშვს მე მივხედავო და გადასარევ ძიძად გადაიქცა.

- ახლა ბავშვს მარტო უვლის?

- არა. ეკამ ძიძა დაიქირავა, რომელიც მხოლოდ საოჯახო საქმეებს აკეთებს, რადგან ბავშვზე ზრუნვის საშუალებას კაკი არ აძლევს. სხვათა შორის, 3 მარტს, დედის დღეს მათთან დავრეკე. ყურმილი ჩემმა რძალმა აიღო. ვუთხარი: ჩემს ძმას დაუძახე, დედის დღე უნდა მივულოცო-მეთქი. გაიცინა და დაუძახა. მეც მივულოცე. კაკიმ ეს იუმორით მიიღო და მადლობაც გადამიხადა. არ ვიცი, მომავალში როგორ გაგრძელდება მათი ოჯახური იდილია. იმედია, ელენე რომ წამოიზრდება და ბაღში წავა, კაკიც შეიცვლის ცხოვრების წესს...

ალბათ არ შეიძლება, სუბიექტური ვიყო, მაგრამ მესამე "ძიძა" მამა პირველი ორისგან რადიკალურად განსხვავდება. ინტერვიუზე მანაც კატეგორიული უარი თქვა, თუმცა მის მეუღლეს სულაც არ ერიდება აღიაროს, რომ კარგი ქმარი ჰყავს, რომელიც არაჩვეულებრივი ძიძაც აღმოჩნდა...

მაია:

- მე და ლაშას ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ ყველა ახლობელი ჩვენი ქორწინების წინააღმდეგი იყო, რადგან ლაშა არ მუშაობდა. გარდა ამისა, ტოტალიზატორში თამაშობდა. ბინა, რომელშიც ის და მამამისი ცხოვრობდნენ, გაყიდეს, რათა გაფართოებულიყვნენ და სხვა უბანში გადასულიყვნენ. ვიდრე რამეს მოძებნიდნენ, ლაშამ იმ ფულის ნახევარი ტოტალიზატორში წააგო, მეორე ნახევრით კი ბინა დაიგირავეს და დღემდე იმ ბინაში ვცხოვრობთ.

- როგორ დაქორწინდით?

- ჩემი მშობლების წინააღმდეგობის გამო, გავიპარეთ, თუმცა ჩემები მალევე შემირიგდნენ და მატერიალურ დახმარებასაც გვიწევდნენ. ლაშას მამა მუშაობდა, მაგრამ მისი შემოსავალი ჩვენს ოჯახს არ ჰყოფნიდა. თან, სტუდენტი ვიყავი და სწავლის საფასურიც გადასახდელი იყო! ვერ ვიტყვი, რომ ლაშა ჩვენს მდგომარეობას არ განიცდიდა. რამდენჯერმე მამამისთან, მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა, მაგრამ სამწუხაროდ, ფიზიკურ დატვირთვას მისმა ორგანიზმმა ვერ გაუძლო: რასაც ხელფასის სახით აიღებდა, მისსავე მკურნალობას ხმარდებოდა. ამიტომ სამსახურს თავი დაანება. გათხოვებიდან ცოტა ხანში დავორსულდი. თან ვსწავლობდი, თან ოჯახს ვუვლიდი. ლაშას ჩვენი მდგომარეობის გამო დეპრესია რომ შემოაწვებოდა, ჩემი ოქროს სამკაული ლომბარდში მიჰქონდა და აღებულ ფულს ტოტალიზატორში ფლანგავდა. ამის გამო, ხშირად ვჩხუბობდით. მერე მარიამიც გაჩნდა. მართალია, ლაშა ბავშვის მოვლაში ისე მეხმარებოდა, რომ სხვა არანაირი დამხმარე არ მჭირდებოდა, მაგრამ რამდენჯერმე კომუნალური გადასახადების ფული ძლივს, ვალით რომ შეგვიკოწიწებია, ვითომ გადასახდელად წასული ამ ფულსაც ტოტალიზატორში დებდა. ის პერიოდი მართლაც მძიმე იყო ჩვენს ცხოვრებაში.

- როგორ გამოხვედით ამ მძიმე მდგომარეობიდან?

- მოგეხსენებათ, საქართველოში მამაკაცისთვის უფრო რთულია სამსახურის შოვნა, ვიდრე - ქალისთვის. ლაშას მამამაც დაკარგა სამსახური და საცხოვრებლად სოფელში გადაბარგდა. ყველა ახლობელსა თუ მეგობარს ვთხოვდი: იქნებ სადმე დამასაქმოთ-მეთქი. ბევრი დაპირებაც მივიღე, მაგრამ საკმაოდ გვიან დავიწყე მუშაობა. მაშინ მარიამი უკვე ერთ წელზე მეტი ხნის იყო. ერთ-ერთ მაღაზიაში კონსულტანტად მოვეწყვე. ვერ ვიტყვი, რომ მაღალი ხელფასი მაქვს, მაგრამ რა შედარებაა - ჩვენს ოჯახს ეს თანხაც ძალიან წაადგა. ის მაინც არ მქონდა სანერვიულო, რომ ბავშვი მშიერი მეყოლებოდა... არჩევანი არ გვქონდა: ჩემი მშობლები დასავლეთში ცხოვრობენ, ლაშას დედა არ ჰყავს, ამიტომ, თუ მე სამსახურში ვივლიდი, ბავშვისთვის ლაშას უნდა მოევლო. უპრობლემოდ დამთანხმდა. სხვათა შორის, ერთი წუთითაც არ მინერვიულია, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ბავშვს საკუთარ თავზე კარგად მიხედავდა. ასეც მოხდა. ყოველ საღამოს, შინ დაბრუნებული, ბედნიერ მარიამს ვხედავდი. ძალიან მოსწონდა მამასთან ერთად გატარებული დღეები. ახლაც, გამორიცხულია, რომ მარიამმა ჩემთან დაიძინოს. აუცილებლად მამიკომ უნდა დააძინოს. ჩემზე მეტად მამა უყვარს.

- ლაშა აზარტულ თამაშებს შეეშვა?

- სხვა რა გზა ჰქონდა?! ისეთი დაუფიქრებელი ნამდვილად არ ყოფილა, რომ ტოტალიზატორში შვილთან ერთად ევლო. იძულებული იყო, შინ ბავშვთან მჯდარიყო. გამოსავალი მოძებნა და ინტერნეტში, "პოკერის" ჩემპიონატებში მონაწილეობდა. ამას სისტემატური ხასიათი ჰქონდა და შესაბამისად, ამ თამაშში ბავშვიც გაერკვა. ერთხელაც (მაშინ მარიამი 2 წლის იყო), ლაშა ჩვეულებისამებრ, "პოკერის" ტურნირს თამაშობდა. ბავშვმა წყალი სთხოვა. ლაშა სამზარეულოში გავიდა, ამ დროს კარტი დარიგდა. დრომ წიკწიკი რომ დაიწყო, მარიამმა დაუძახა, - მამა, ჩქარა მოდი, ხუთიანი მოგივიდა და წააგეო. ამ ამბავს დღემდე დიდი ხალისით ვიხსენებთ.

- ახლა რა მდგომარეობაა თქვენს ოჯახში?

- ახლა უკეთესად ვართ. ახლობლის დახმარებით, ლაშამ პატარა ბიზნესი წამოიწყო. მე კვლავ იმ მაღაზიაში ვმუშაობ. მარიამი უკვე 3 წლის არის და საბავშვო ბაღში დადის. ახლა, ზაფხულის პერიოდში სოფელში, ჩემს მშობლებთანაა და მე და მამამისს სულ გვენატრება. ისიც განიცდის უჩვენოდ ყოფნას, მაგრამ რა ვქნათ, სხვა გამოსავალი არ არის. ნამდვილად, ძალიან გამიმართლა, რომ ლაშა ჩემი მეუღლეა. საოჯახო საქმეშიც ყოველთვის მეხმარებოდა. საჭმელიც არაერთხელ მოუმზადებია ჩემთვის და გამოუვალ მდგომარეობაში, ჭურჭელიც დაურეცხავს. მართალია, უნაკლო არ არის, მაგრამ მართლა კარგი "ძიძა" და მეოჯახე ქმარი აღმოჩნდა. მარიამი მას ყველაფერს უჯერებს, მისი ხათრი აქვს და თან, აკონტროლებს კიდეც: როგორც კი ლაშას ხელში ლუდის ბოთლს შენიშნავს, მაშინვე მივა და ეტყვის, - მამა, შენთვის ლუდი არ შეიძლება, ცუდად გახდებიო...

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"პასუხს აგებენ სასამართლოს წინაშე" - რას პასუხობს ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თბილისის საკრებულოს დეპუტატს

როგორი იქნება ლაგოდეხში ხის კენწეროების ბილიკი? - მსგავსი რამ მხოლოდ წამყვან პარკებშია(+ფოტო)

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერები საოკუპაციო ხაზისკენ ავტომობილებითა და მოტოციკლებით მიემართებიან