დიმიტრი მედვედევი - ლტოლვილების დაბრუნების საკითხი რუსეთის პრობლემა არ არის

დიმიტრი მედვედევი - ლტოლვილების დაბრუნების საკითხი რუსეთის პრობლემა არ არის

უნდა მოიკრიბოთ ვაჟკაცობა და დაიწყოთ პირდაპირი კონსულტაციები - ლტოლვილების ბედზეც, ძალის გამოუყენებლობის რეჟიმზეც - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.

დიმიტრი მედვედევის თქმით, ლტოლვილების დაბრუნების საკითხი რუსეთის პრობლემა არ არის და ეს საკითხი საქართველომ და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა თავად უნდა მოაგვარონ.

"ეს, რა თქმა უნდა, რუსეთის პრობლემა არაა. ეს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის შიდა ურთიერთობის პრობლემაა. ეს ადამიანებს შორის ურთიერთობის პრობლემაა. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ არსებობენ ლტოლვილები. ეს ნამდვილად დიდი პრობლემაა თქვენი ქვეყნისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც დაკარგა სახლი. მაგრამ მიაქციეთ ყურადღება, რომ მანამდე სხვა პრობლემაც იყო, სანამ დაიწყებოდა ეს სამხედრო კონფლიქტი საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის; იყვნენ ადამიანები, რომლებიც ტოვებდნენ საკუთარ სახლს, ამ შემთხვევაში უკვე ოსებს ვგულისხმობ. ანუ ამ პრობლემას, სამწუხაროდ, ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. ჩვენ გვსურს, რომ ის მოგვარდეს. სწორედ ამიტომ მე ვთვლი, რომ აუცილებელია პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოება, სხვაგვარად ამის მიღწევა შეუძლებელია. შეუძლებელია მუდამ დიდ ქვეყნებზე აპელირება - ამერიკის შეერთებული შტატები იქნება თუ რუსეთის ფედერაცია - რათა გადაწყდეს ეს კონფლიქტი. შეხედეთ, როგორ ხდება სხვა, ძალიან რთული კონფლიქტების გადაჭრა. ისინი არასოდეს არ წყდება არც ვაშინგტონში, არც მოსკოვში, ისინი ყოველთვის ადგილზე წყდება. ამიტომ უნდა მოიკრიბოთ ვაჟკაცობა და დაიწყოთ პირდაპირი კონსულტაციები - ლტოლვილების ბედზეც, ძალის გამოუყენებლობის რეჟიმზეც, რასაც, სამწუხაროდ, ქართული მხარე თავს არიდებს. ასევე სხვა საკითხებზე, მითუმეტეს, რომ მთელი რიგი ეკონომიკური პრობლემების მხრივ საერთო ჯამში სიტუაცია გაუმჯობესდა. მე მგონი, ესეც ბოლო რამდენიმე წლის მნიშვნელოვანი შედეგია", -განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.

მედვედევის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მან ხელი მოაწერა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების დოკუმენტს, ის რუსეთის მხრიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლის არსებობას არ აღიარებს. რუსეთის პრემიერის მტკიცებით, რუსეთი ოკუპაციას არ ახორციელებს და აღნიშნულ ტერიტორიებზე მხოლოდ თავდაცვით ამოცანებს ასრულებს.

"თქვენ გინდათ, რომ მე ვაღიარო ეფექტური კონტროლი ამ ტერიტორიაზე? მე არ შემიძლია ეს ვაღიარო, იმის მიუხედავად, რომ მე მოვაწერე ხელი ბრძანებულებას საერთაშორისო სამართლის ორი სუბიექტის აღიარების შესახებ. მე ვთვლი, რომ ამ სიტუაციაში ეს იყო ერთადერთი შანსი ხალხის გადარჩენის, რადგან, სამწუხაროდ, რომ არ ყოფილიყო აღიარება, გულახდილად ვთქვათ, ამ ტერიტორიის (აფხაზეთისაც) ძალით მიტაცების მცდელობა, დიდი ალბათობით, გაგრძელდებოდა - მე ამაში ეჭვი არ მეპარება.

თქვენ იცით, რომ თქვენი ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი 2003 წლიდან 2008 წლამდე პრაქტიკულად 50-ჯერ გაიზარდა? ეს ხომ ისე უბრალოდ არ ხდებოდა, არამედ სწორედ იმიტომ, რომ ძალით აპირებდნენ წესრიგის დამყარებას. თუმცა ახლა ამაზეც კი არ ვლაპარაკობ.

მე არ შემიძლია ვაღიარო ტერიტორიების ეფექტური კონტროლის არსებობა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. და ამას ავხსნი ერთი მარტივი მიზეზით: ჩვენ არ ვართ დაკავებული არანაირი საოკუპაციო საკითხებით. ჩვენ არ გვაქვს ისეთივე სიტუაცია, როგორიც იყო, მაგალითად, გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ან სხვა რომელიმე ქვეყანაში. დიახ, ჩვენ გვყავს სამხედრო კონტინგენტი, რომელთაც შესაბამისი ქვეყნის თხოვნით ჩვენ იქ ვაყენებთ. ის არაფერში არ ერევა, ის უბრალოდ უზრუნველყოფს იმ სტატუს-კვოს შენარჩუნებას, რომელიც იქ შეიქმნა. და ასევე იმას, რომ ხალხი არ განადგურდეს. რაც შეეხება სიტუაციის ეფექტურ კონტროლს, ამას ახორციელებენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სახელისუფლო ორგანოები.

და, იცით, შეიძლება ეს დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ მე ასე გეტყვით. ჩვენთვის სულაც არაა ყოველთვის მარტივი მათთან სხვადასხვა საკითხებზე მოლაპარაკებების წარმოება, რადგან ისინი გვპასუხობენ: ნუ ერევით, ეს ჩვენი საქმეა, ეს ჩვენი ტერიტორიაა, ეს ჩვენი ქვეყანაა. ანუ, ამ თვალსაზრისით ჩვენ მხოლოდ თავდაცვით ამოცანებს ვასრულებთ და მეტს არაფერს",-აცხადებს მედვედევი.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?