ადვოკატი - ასლან აბაშიძეს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში დააპატიმრებენ

ადვოკატი - ასლან აბაშიძეს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში დააპატიმრებენ

ასლან აბაშიძეს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში დააპატიმრებენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ასლან აბაძის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა. მისი თქმით, აბაშიძეს ერთ საქმესთან დაკავშირებით პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს, ხოლო მეორე საქმესთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს, სასამართლო განხილვა გრძელდება.

"მის მიმართ საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია. რამდენიმე ბრალდების ეპიზოდია. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბრალდებები არის სრულიად უსაფუძვლო და ეს დამტკიცდა ათეულობით მოწმის დაკითხვისას. ანუ, ბრალდებას იმ ეპიზოდებში, სადაც ვიცავ ასლან აბაშიძეს, არანაირი მტკიცებულებები, მოწმის ჩვენებები, რომლებიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობაზე საუბრობენ, არ არსებობს. რაც შეეხება სხვა ეპიზოდებს, მე სანამ მის დაცვას დავიწყებდი, იქამდე მის მიმართ გამოტანილი არის გამამტყუნებელი განაჩენი. როგორც ვიცი, იმ ბრალდებებშიც ძალიან სერიოზული დაუსაბუთებლობის ვარიანტებია. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ეს საქმე ევროპულ სასამართლოშია გაგზავნილი. შესაბამისად, მას საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში დააკავებენ", - განაცხადა სამუშიამ.

მისივე თქმით, საქმე, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლო იხილავს, მოიცავს მათ შორის ქაქუთისა და ჩოლოქის ხიდების აფეთქებისა და უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის ეპიზოდებს.

15 წლით თავისუფლების აღკვეთა კი აბაშიძეს თანამდებობის ბოროტად გამოყენების, სახელმწიფო ქონების გაფლანგვის და საზოგადოებრივი ქონების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გატაცება-გაფლანგვის ბრალდებით მიესაჯა. მასვე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების სასარგებლოდ 98 229 530 ლარის გადახდა დაეკისრა.

გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ასლან აბაშიძის შვილი, გიორგი აბაშიძე აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადებიან.

"ჯერ მე მოვდივარ, მოგვიანებით მამაც ჩამოვა, - აღნიშნა გიორგი აბაშიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა