რატომ არ ისვენებს ეკა ჩხეიძე ქმართან ერთად

რატომ არ ისვენებს ეკა ჩხეიძე ქმართან ერთად

ეკა ჩხეიძეს წელიწადის ცხელი სეზონი არ უყვარს, მისთვის კარგი დასვენება გასტროლებზე ყოფნაა, სადაც მუშაობას გართობასაც უთავსებს, უცხო ქვეყნის დათვალიერებასაც და დასვენებასაც. ვერ წარმოუდგენია, ზაფხული კურორტზე უსაქმურად ყოფნითა და გაზის ქურასთან დგომით როგორ უნდა გაატაროს. დასვენების თვალსაზრისით მის ოჯახში სრული დემოკრატიაა, უფროსი შვილი მეგობრებთან ერთად დადის დასასვენებლად, ეკას მეუღლეს მთაში სიარული მოსწონს და მთამსვლელ ბიძინა გუჯაბიძესთან ერთად ჰიმალაის მთათა სისტემის მწვერვალ ამადაბლანზეც კი გაატარა ერთი თვე, ახლა უმცროს შვილს - დათას წაიყვანს სადმე მთიან რეგიონში დასასვენებლად, ეკაც, როგორც თავად ამბობს, ზღვაზე წავა მეგობრებთან ერთად, თუ გამოიდარებს და ზაფხული ზაფხულს დაემსგავსება.

- ჯერჯერობით ტელევიზიაში გახმოვანებაზე ვმუშაობ, თავისუფალი არ ვარ, მაგრამ სიმართლე გითხრა, არსად წასვლის ინტერესი არ მაქვს. ისე, ჩემთვის ეს წელიწადი ძალიან ნაყოფიერი იყო. თუმანიშვილს თეატრში ვითამაშე სპექტაკლში ''სუფთა სახლი'' , მარჯანიშვილს თეატრში კი ორ სპექტაკლში გახლდით დაკავებული. ეს გახლდათ ''ჰამლეტი'', რომელშიც გერტრუდა განვასახიერე, მეორე კი - ''გრონჰოლმის მეთოდი'' , რომელიც თემურ ჩხეიძემ დადგა. მინდა აღვნიშნო, რომ სპექტაკლი მეტად წარმატებული აღმოჩნდა, სულ ოთხჯერ თუ ხუთჯერ წარვუდგინეთ მაყურებელს, რადგან სეზონი იხურებოდა, მაგრამ დარბაზი ხალხს ვერ იტევდა. ახალი სეზონიდან ლევან წულაძე ახალ სარდაფში გეგმავს პრემიერას, რეპეტიციები ივლისში გვქონდა, მაგრამ ზაფხულის გამო დავიშალეთ, ლევანმა გვითხრა, დაისვენეთო, ყველა ჩემნაირი გიჟი ხომ არაა, იძახოს, არა, არა, ვიმუშაოთო. სექტემბერში მუშაობა განახლდება და თუ მოესწრო, ალბათ, ოქტომბერში იქნება პრემიერა.

- არსად წასვლის ინტერესი არ მაქვსო, აღნიშნეთ...

- საერთოდ, არ მიყვარს ზაფხული, რადგან არ მიყვარს უსაქმური დასვენება, როცა შენთვის სულერთია, რა დღეა და რომელი საათია. ჩემთვის ყველაზე კარგი დასვენება და გართობა გასტროლებზე ყოფნაა. გარდა იმისა, რომ მოგზაურობ ახალ ქვეყანაში, იცვლი ატმოსფეროს, იმუხტები დადებითად, იმავდროულად მუშაობ და თავს გრძნობ საჭიროდ შენი პროფესიიდან გამომდინარე, რაც ძალიან მაგარი შეგრძნებაა. ამ დროს დასვენებას, გართობასა და მუშაობას ერთმანეთს უთავსებ და ეს ყველაზე კარგია. შარშან სამი კვირა გადაღებაზე ვიყავი პრაღაში, ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული, გადაღებები ძალიან მალე მთავრდებოდა, შესაბამისად, გვეძლეოდა ქალაქის დათვალიერების საშუალება, ფეხით მოვიარეთ მუზეუმები, ქუჩები, კაფეები და გადასარევად დავისვენე.

მოკლედ, ჩემთვის საქმესთან შეფარდებული დასვენება არის ყველაზე სასიამოვნო, თორემ სადმე აგარაკზე რომ გამიშვან ბავშვებთან ერთად და თან სადილები მქონდეს გასაკეთებელი, შეიძლება, თავი მოვიკლა, ეს ჩემთვის დასვენება არაა. ბოდიში ყველასთან, მაგრამ ამ სიტუაციაში რომ აღმოვჩნდე, შეიძლება გავგიჟდე. ჩემი შვილები უკვე დიდები არიან, უფროსი მეგობრებთან ერთად დადის დასასვენებლად, ბიჭი მამამისს დაჰყავს აქეთ-იქით, მეც მოვაბამ თავს რამეს და დავისვენებ. ყველა დღე რომ ერთმანეთს ჰგავს, მაშინ მე ვგავარ გიჟს. გასტროლებზე ყოფნისას, სპექტაკლის შემდეგ მთელი ღამე გვისეირნია, კარგად მოგვილხენია, მაგრამ უძილობითა და ხმაურით არ შევწუხებულვარ, რადგან ამ უძილობასაც თავისი ხიბლი აქვს, ყველაფერი ეს სიამოვნებას მანიჭებს და სასიამოვნოდ ვიღლები. როდესაც რეპეტიციები მღლის, ფეხზე ვერ ვდგავარ და ისიც კი არ მახსოვს, დღეს ვჭამე რამე თუ არა, მაშინ ვარ კარგად, რადგან ჩემთვის სასიამოვნო საქმით ვარ დაღლილი და არა სადილის კეთებით. ბაზარში რომ წავიდე, კერძები რომ ვაკეთო, ამან შეიძლება ისე დამღალოს, რომ გავგიჟდე. დასვენებაც მსიამოვნებს, თუ ვგრძნობ, რომ ვარ საჭირო. მილიონჯერ ვყოფილვარ ამა თუ იმ ქვეყანაში, მაგრამ როდესაც გასტროლებით მივდივარ საზღვარგარეთ, სულ სხვა დატვირთვა და განწყობა მაქვს. აგვისტოში არ მაქვს არანაირი გასტროლი, არანაირი გადაღება, აგარაკზე წასვლა კი არ მინდა, თუ გამოიდარა და ზაფხულს ზაფხული დაერქვა, შეიძლება, რამდენიმე დღით მეგობრებთან ერთად ზღვაზე წავიდე და ვიცი, ესეც მალე მომბეზრდება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება