ილია ჭავჭავაძე - მაჰმადიანთ გაქრისტიანება

ილია ჭავჭავაძე - მაჰმადიანთ გაქრისტიანება

შემოგვიერთდნენ თუ არა ბათომის მაზრის მაჰმადიან ქართველები, ზოგიერთებმა იმთავითვე ქადაგება და დამტკიცება დაიწყეს, რომ ყველაზე პირველად ჩვენ ის მაჰმადიანი ქართველები უნდა მოვნათლოთ, გავაქრისტიანოთო; მხოლოთ როცა მოინათლებიან, მაშინ შეიქნებიან ისინი ნამდვილ ჩვენ მოძმეებად, მხოლოთ მაშინ ქრისტიანობას შეუძლიან ამათი დამშვიდება და ჩვენთან მოთავსებაო.

ამ დღეებში მივიღეთ ჩვენ ახლად ქართულს ენაზე გამოცემული წიგნი მღვდლის სიმეონ ბეგიევისა, სახელად "პოლემიკური საუბარი მღვდლისა ინგილოთ ეფენდისთან". მთელი ამ წიგნის აზრი არის, დაამტკიცოს, რომ ქრისტიანობას უპირატესობა აქვს მაჰმადიანობაზედაო, ჩვენი სახარება სჯობიან თქვენს ყორანსაო, ერთის სიტყვით, ვისაც სააქაოს კეთილი ცხოვრება ჰსურს და საიქაოს ცხონება, უნდა ქრისტიანი იყოსო და ამიტომ ჩვენებურ მაჰმადიანებს ურჩევს, გაქრისტიანდითო. ავტორი პირდაპირ ასახელებს ინგილოებსა და ბათომის მხარის მაჰმადიან ქართველებს, - ამათთვის დავწერე ეს წიგნიო.

მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი უმაღლესი მთავრობა ამ აზრის არ არის. იმას კარგათ ესმის, ქადაგება, ლაპარაკი და ცდა, რომ მაჰმადიანი ქართველები გააქრისტიანონ, ვნების მეტს, არაფერ სიკეთეს არ მოიტანს.

ახლადდაპყრობილ საქართველოს ნაწილში უიმისოთაც გავრცელებულია ცრუ ხმა, რომ რუსები ძალათ გაქრისტიანებას გვიპირებენო, და ახლა რომ მართლა ჩვენ იქ ქრისტიანობის ქადაგება დავიწყოთ, ხელში სახარება მივაჩეჩოთ და ამ "პოლემიკურ საუბრის" მსგავსი წიგნები, ისინი, უეჭველია, დარწმუნდებიან, რომ რასაც ამბობდნენ, მართალი ყოფილაო, მართლა გაქრისტიანება ნდომებიათ ჩვენიო. და რა მოქმედება ექმნება ამგვარ ხმის გავარდნას მაჰმადიან ქართველებში, ამის გამოცნობას ბევრი ჭკუა და მახვილგონიერება არ ეჭირება; ჩვენ დარწმუნებული ვართ, პირველი შედეგი ამისი ის იქნება, რომ ვინც დარჩენილან ჯერ კიდევ თავის ქვეყანაში, ისინიც ოსმალეთისაკენ გარდაიხვეწებიან.

იხილეთ ვრცლად

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს