კაცი - "ვერტალიოტი", კაცი - ოტელო, კაცი - ფიდელ კასტრო

კაცი - "ვერტალიოტი", კაცი - ოტელო, კაცი - ფიდელ კასტრო

დაბა ბაკურიანში, ცენტრალური პარკიდან დაახლოებით 300 მეტრში კიდევ ერთი არაჩვეულებრივი დასასვენებელი ადგილი არსებობს, რომელსაც დამსვენებლებიცა და ადგილობრივებიც "ამირანის პარკს" ეძახიან. იქ საოცარი სიმშვიდეა, ისმის ჩიტების ჟღურტული, ფიჭვის ხეებზე ციყვები ბინადრობენ, თუმცა, ხალხისგან ისე შეშინებულები არიან, გაგიმართლებთ, თუ რომელიმე მათგანს თვალს მოჰკრავთ. დამსვენებლებში ეს ადგილი ყველაზე დიდი მოწონებით სარგებლობს. დილიდან მოდიან აქ ოჯახებით და მთელი დღის განმავლობაში ფიჭვის სურნელს ისუნთქავენ. ბევრმა მათგანმა არც იცის, რატომ ჰქვია პარკს "ამირანი". ბატონი ამირანი პარკის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობს, თუმცა, შინ მხოლოდ დასაძინებლად თუ მიდის, რადგან მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ხელით გაშენებულ ტყეს დარაჯობს, დამსვენებლებს უმეგობრდება. მეც დანარჩენებივით გამომელაპარაკა და ჩემი შვილების ასაკით დაინტერესდა. ისეთი საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა, მასთან ინტერვიუს ჩაწერა გადავწყვიტე...

- ბატონო ამირან, პირველ რიგში ის მაინტერესებს, პარკის ტერიტორია თქვენს საკუთრებაშია?

- არა. ეს სახელმწიფოს საკუთრებაა. ჩემი აზრით, აქ ძალიან კარგი კლიმატია, თანაც, ჩემი ბაბუა სწორედ ამ ტყეში დაიბადა, რომელმაც ანდერძად დამიტოვა, რომ აქ პარკი უნდა გამეშენებინა. ამიტომ 45 წლის წინ, ეროვნული პარკი გავაკეთე. მას მერე ბუნების სადარაჯოზე ვარ. გნებავთ, ბუნების "ნარკომანი" მიწოდეთ, გინდათ - ბუნების ქომაგი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პარკი ერთმა კაცმა გავაშენე და ზამთარსა თუ ზაფხულში ხალხს ვასვენებ. რასაც აქ უყურებთ: ღობეს, ნაძვებს, დასასვენებელ ადგილებს, ყველაფერი ერთი კაცის - ამირანის "დაქარგულია"...

- აქ ციყვები მართლა ბინადრობენ?

- კი, ადგილობრივი ციყვები თავიდანვე ბინადრობდნენ. ერთხელ, ესენტუკში ვისვენებდი და იქ ვნახე დამსვენებლებთან დამეგობრებული ციყვები. თუ საკვებს მისცემდი, თამამად მოდიოდნენ შენთან. 12 ცალი ციყვი წამოვიყვანე იქიდან. აქ გამრავლდნენ, კარგად ცხოვრობდნენ. ხეებზე მანქანის საბურავები დავუკიდე, რომ დამსვენებლებთან ერთად, ისინიც გამერთო, მაგრამ მერე ეს უწყინარი ცხოველები ისევ დამსვენებლებმა დამიფრთხეს. მოდიოდნენ აქ და მათზე თოფებით ნადირობდნენ...

- ციყვებს ხოცავდნენ?

- აბა, რა! იცით, რამხელა "რევოლუცია" მაქვს გამოვლილი? გაზაფხულზე აქ ფრინველები იბუდებენ, კრუხად სხედან. დამსვენებლები მოდიან და პარკში შემოშვებას მთხოვენ, ბავშვებს ნაძვის მტვერი უნდა ვასუნთქოთო, მეუბნებიან. ყველას ვუშვებ, მაგრამ ვთხოვ, რომ არ იხმაურონ, რათა ფრინველები გამრავლდნენ. ვინ მისმენს? საახალწლო ასაფეთქებლები რომ არის, იმას აფეთქებენ ხეებზე და ფრინველს ასე აფრთხობენ. ვეხვეწები, - ეს პატარა კუნძულია, ნაკრძალი, რომელსაც წამების კუნძული, ამირანი ჰქვია. წადი რა, სხვაგან ინადირე-მეთქი, მაგრამ ვინ მისმენს? აქეთ მაყენებენ შეურაცხყოფას. ერთმა ისიც კი მითხრა, შენ იცი, მე ვისი ბოზი ვარო? აბა, ამისთანას რა უნდა ველაპარაკო?

- პარკის მოვლაში მეზობლები არ გეხმარებიან?

- პირიქით, ხელს მიშლიან. ღამე მოდიოდნენ და გაკეთებულ ღობეს მინგრევდნენ. მეჩხუბებოდნენ, - აქ რომ შემოღობე, ჩვენ საქონელი სადღა გავრეკოთო? მეზობლები კი არა, დედმამიშვილებიც წინააღმდეგობას მიწევდნენ, - დაანებე თავი ამ პარკს, მეზობლებს ნუ გადაგვკიდეო. მე მაინც არ ვიშლიდი ჩემსას, ვმუშაობდი. ახლა ყველაფერი რომ გავაკეთე, დედმამიშვილებიც კმაყოფილები არიან, მეზობლებიც და დამსვენებლებიც...

- მაგრამ როგორც გატყობთ, უკმაყოფილო ხართ...

- ნამდვილად ასეა. ამდენი წელია ვმუშაობ, სამშობლოსა და მომავალი თაობის წინაშე ვალი პირნათლად მოვიხადე, გავაკეთე პატარა, გამაჯანსაღებელი "კუნძული - ამირანი". დამსვენებლები კი ნაგავს ყრიან და ყველაფერს ანადგურებენ...

- ამ პარკს "ამირანი" თავად დაარქვით?

- არა. სურვილი მქონდა, რომ "გამარჯვების პარკი" დამერქმია, მაგრამ დამსვენებლები თავიდანვე "ამირანის პარკს" ეძახდნენ და ასე შემორჩა ეს სახელი დღემდე.

- პარკის მოვლაში სახელმწიფოსგან ანაზღაურებას იღებთ?

- არანაირ ანაზღაურებას არ ვიღებ. 14 კაცის სამუშაოს ვასრულებ: დარაჯიც ვარ, დეკორატორიც, აგრონომიც, მეხანძრეც, ცნობათა ბიუროც, დირექტორიც და ა.შ. პარკის დაარსების დღიდან დღემდე მის მოვლაში თეთრიც არ ამიღია. ყველაფერს უანგაროდ ვაკეთებ. ანაზღაურებას ვინ ჩივის, მთავარია, პარკი არავინ გაძარცვოს. შეურაცხყოფის მეტი არაფერი მინახავს. ძველი თბილისი რომ დაინგრა, იქიდან არაერთი სათამაშო მოვიტანე და პარკში დავდგი, მაგრამ ყველაფერი ნელ-ნელა მომპარეს. თქვენ წარმოიდგინეთ, ნაგვის ურნებიც კი წაიღეს, რომლებიც გარკვეული დროის შემდეგ, მახარაძეში, სტუმრად ყოფნისას აღმოვაჩინე.

- თქვენი ურნა როგორ იცანით?

- ჩემი შეღებილი იყო და როგორ ვერ ვიცნობდი? ვიკითხე კიდეც, - ეს ურნები საიდან მოიტანეთ-მეთქი და, ქუთაისში შევიძინეთო, მიპასუხეს. რა თქმა უნდა, ეს არ დავიჯერე, მაგრამ რაღას ვიზამდი?

- მთელ პარკში უამრავი საინტერესო წარწერა გაქვთ...

- თვითონ ვერ ხვდებიან, როგორ უნდა მოიქცნენ, ამიტომ ყველგან გაფრთხილებები მაქვს ჩამოკიდებული. იქით არის წარწერა: "ღობეზე ნუ გადახვალთ, ქალბატონებო". წარმოგიდგენიათ? ამხელა ჭიშკარი მაქვს და ქალბატონები მაინც ღობეზე გადადიან. მერე ის ღობე ხომ ფუჭდება? ნახე, როგორ მაქვს გაკეთებული ბილიკები, ფოთლოვანი ტერასები. ვაჟა-ფშაველას კუთხე მქონდა მოწყობილი, ქვებით არწივები გავაკეთე, ხისგან ცნობილი მულტფილმის, "აბა დამაცადეს" გმირები - მგელი და კურდღელი, ასევე, 9 ძმა ხერხეულიძე გამოვთალე. უამრავი რაღაც მქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, დამსვენებლები აქ მხოლოდ დასასვენებლად კი არა, ყველაფრის დასანგრევად მოდიან. აქ ისეთი გარემოა, მკვდარს მოუნდება სეირნობა. ქართველ ხალხს კი მხოლოდ ის აინტერესებს, რა ჩაიცვან და რა ჭამონ. სულ დაშალეს ეს ყველაფერი. ამიტომ პირადად მე ამ პარკს "წამების კუნძულს" ვეძახი, ამდენი წელია ვეწამები და იმიტომ.

- რატომ? სეირნობაც უნდათ და ამიტომაც არის აქ ამდენი ხალხი.

- არა, ძირითადად, რაღაცის გაფუჭებით არიან დაკავებულები და არა - სეირნობით. ამ გაზაფხულზე 15 ცალი პატარა ფიჭვი დავრგე. თხუთმეტივე ამოუღიათ. წეღან მეზობელსაც კი დავუძახე და ვაჩვენე ამოგლეჯილი ფიჭვები. ამიტომ მტკივა გული. ვისაც შენიშვნას ვაძლევ, არავინ მისმენს...

- ერთ-ერთ ხეზე წარწერა გაქვთ გაკეთებული: "სექსი - პატრონთან ერთად". ეს რატომ დაწერეთ?

- იმიტომ, რომ მინახავს იმ ხის ძირში სექსით დაკავებული ახალგაზრდები. მივედი და ვუთხარი, - გაამოთ, ჰაერზე კარგია-მეთქი. ეტყობა, სახლში მოჰბეზრდათ და ამ ჰაერზე, მადაზე მოვიდნენ. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, ეს ბუნების კანონია. "სვოჩიკი" ხომ არ დაუწერთ, იწიხლაონ და იყვნენ...

- მაგრამ იქ წერია, პატრონს დაუძახეო...

- ტაში ხომ უნდა დაუკრას ვინმემ? ერთმა ახალგაზრდამ მითხრა, - ტელეფონის ნომრის მიწერა დაგავიწყდა, ბატონო ამირან, როგორ დაგიძახოთ ხოლმეო? პრობლემა არ არის, ვისაც სექსი უნდა ჩემს პარკში, ნომერს ყველას ჩავაწერინებ და დამიძახონ... ამას წინათ, ერთი ბაკურიანელი, გაუთხოვარი პედაგოგი იყო აქ, რომელსაც კარგი შეხორცება აქვს...

- კარგი შეხორცება რას ნიშნავს?

- ხორცსავსე და კუნთიანი ქალია. ვკითხე - რატომ არ გათხოვდი-მეთქი? - დისშვილებს ვუვლიო, - მიპასუხა. - რომ დაჭკნები და დაბერდები, ეგენი მოგივლიან-მეთქი? - არა, ყველა თავის თავს მიხედავსო. - ჰოდა, გაგიხმეს ეგ ორკუბმეტრიანი უკანალი, გაგეჩინა შვილები-მეთქი... ჩემგან მაინც გაეჩინა, ისეთი სიმპათიური და "ვერტალიოტივით" კაცი ვიყავი ახალგაზრდობაში...

- ამბობენ, ბატონი ამირანი ფიდელ კასტროს ჰგავდაო...

- მართალია. მოსკოვში, ქუჩაში მოვდიოდი, სადაც კუბელების დელეგაცია სეირნობდა. ერთი ქალბატონი მათ ჯგუფს გამოეყო და თავიანთ ენაზე დამიწყო ლაპარაკი. მერე მეგობარმა მითარგმნა, რომ თურმე ფიდელ კასტროს ძალიან ვგავდი და ის ქალი ამიტომ გამომელაპარაკა. სიარულიც კარგი ვიცოდი და ფიზიკურადაც გამოვირჩეოდი...

- ქალების გულთამპყრობელი ყოფილხართ...

- ქალს არასოდეს ვაგრძნობინებდი, რომ მისი დაპყრობა მინდოდა. თავს ვიფასებდი. კარგი საჯიშე კაცი ვიყავი...

- მაგრამ მაინც დაოჯახდით, ხომ? რამდენი შვილი გყავთ?

- დავოჯახდი. ჩემი ცოლი, ნაზიკო გელაშვილი ქუჩიდან მოვიყვანე. ვუთხარი, ღარიბი ვარ, ტილიანი, წამომყვები ცოლად-მეთქი? დამთანხმდა... სამი შვილი მყავს. სამი გარდამეცვალა. ცხონებული შევარდნაძე რომ იყო, ცეკას მდივანი...

- შევარდნაძე ცხონებული რატომ არის?

- ის ჩემთვის დიდი ხნის მკვდარია... მან სამშობიარო ბაკურიანიდან ხაშურში გადაიტანა. წარმოიდგინე, ქალს მშობიარობა რომ დაეწყებოდა, ხაშურამდე მოითმენდა და ბავშვს არ გააჩენდა? ჩემი სამივე შვილი მანქანის საბარგულში დაიბადა. დანარჩენმა სამმა ვერ გაუძლო და დაბადებისთანავე გარდაიცვალნენ...

- თქვენი ოჯახის წევრებიც არ გეხმარებიან პარკის მოვლაში?

- როგორ არა, ჩემი მეუღლე სულ მხარში მიდგას. ორსულად იყო, მაგრამ მაინც გვერდში მედგა და საქმეს აკეთებდა.

- რამდენჯერაც მოვედი, სულ პარკში დამხვდით. ოჯახს როგორ ინახავთ?

- მესაქონლეობით. ადრე ქალებს დავდევდი, ახლა ძროხებს დავდევ და ა.შ.

- თქვენს წარსულზეც ვისაუბროთ. როგორც ვიცი, არშემდგარი მსახიობი ხართ...

- მართალია. 1954 წელს რუსებმა ამ პარკში გადაიღეს ფილმი - "სახიფათო ბილიკები", სადაც ერთ-ერთი როლი მეც შევასრულე.

- თეატრალური ინსტიტუტი არ დაგიმთავრებიათ?

- არა. ბუნებრივად თეატრალური ვარ. თქვენი "შუა ქალაქში" და "კაცების შოუ" რა არის? - ჯართები. თავიანთ ნათქვამზე თვითონვე იცინიან. საკუთარ თავს დასცინიან. მათგან განსხვავებით, მსახიობობა ნამდვილად შემიძლია. ის რუსული ფილმი სერგეი ბონდარჩუკმა გადაიღო, რომელმაც მერე მოსკოვშიც მიმიწვია. რასაკვირველია, გავემგზავრე მოსკოვში, სადაც ფილმში - "ომი და მშვიდობა" - ეპიზოდური როლი შევასრულე. მერე ბონდარჩუკი მეუბნებოდა, - არ წახვიდე სამშობლოში, აქ დარჩი, იქ სათანადოდ მაინც ვერ დაგაფასებენო, მაგრამ სამწუხაროდ, არ დავუჯერე.

- პირად საუბარში მითხარით, ოტელოს როლიც კი შემისრულებიაო...

- რაღაც სპექტაკლის სინჯზე ვიყავი და ვახტანგ ჭაბუკიანისა და აკაკი ხორავას წინაშე შევასრულე "ოტელო" ქართულ, სომხურ და რუსულ ენებზე...

- რა თქვეს დიდმა მსახიობებმა?

- არაფერი. შურიანი ქართველი კაცის ამბავი ხომ იცი? გადავხედავთ ხოლმე უცხო ქვეყნის ტალანტებს, ჩვენი ნიჭიერი ხალხი კი მსოფლიოშია მიმოფანტული. რომ მოკვდებიან, მხოლოდ მაშინ ჩამოვასვენებთ სამშობლოში და მთაწმინდაზე დავასაფლავებთ. ტალანტებისჭამიება ვართ. სამშობლოც ხომ გავყიდეთ...

- ბატონო ამირან, მართალია, რომ რეჟისორ გიორგი შენგელაიასთანაც გქონდათ მეგობრული ურთიერთობა?

- რა თქმა უნდა. გიორგისთანაც ვმეგობრობდი და სოფიკო ჭიაურელთანაც. ყოველ ზამთარს ბაკურიანში ჩამოდიოდნენ დასასვენებლად. პირველად რომ გიორგი ვნახე, ახლაც კი მახსოვს, როგორი ტანსაცმელი ეცვა. რომ ვუთხრა, არც დამიჯერებს. თხილამურებზე დგომას მე ვასწავლიდი. სხვათა შორის, ლანა ღოღობერიძეც ჩვენი ხშირი სტუმარი იყო. მასაც მე ვასწავლე თხილამურებზე სრიალი. მისი მეუღლე, ლადო მესხიშვილი აქ გაიცნო. ინტერვიუს დროს ჟურნალისტებს არაერთხელ უკითხავთ, - მეუღლე სად გაიცანიო და ყოველთვის ამბობს, ბაკურიანშიო, მაგრამ იმას არ ამბობს, რომ მათი მაჭანკალი მე ვიყავი. მაშინ ლანა პატარა გოგო იყო. ლადო რომ მკითხავდა, - ლანა სად არისო? მივასწავლიდი და ვეტყოდი, რომ ელოდებოდა... ძალიან მინდა ლანას ნახვა, რადგან მალე ჩემი დის, ლიანა გოგოლაძის, 70 წლის იუბილე იქნება, რომელიც მოთხილამურე, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახლდათ. ლანას დახმარებით მინდა, რომ კინოსტუდიის არქივიდან ჩემს დაზე გადაღებული ფილმიდან - "ერთი სოფლის სპორტსმენები" - ეპიზოდები ამოვიღოთ.

- ვიცი, რომ თხილამურებსაც კარგად ფლობთ...

- სომხეთის სამგზის და ამიერკავკასიის ჩემპიონი ვიყავი. ეს ყველაფერი სულ წყალდიდობას გავატანე. სხვათა შორის, ჯულიეტა ვაშაყმაძესაც ჩვენ ვასწავლეთ თხილამურებზე დგომა. ფილმში - "ყვავილი თოვლზე", მასთან ერთად, ჩემი დაც თამაშობს...

- თუ საიდუმლო არ არის, რამდენი წლის ბრძანდებით?

- მრავალწლიანი ვარ. ღმერთმა იცის, რამდენი წლისაც ვარ. ღმერთმა და ჩემმა ოჯახმა. ყველა ამბობს, რომ ოჯახი აქვს კარგი, მე მაქვს ოჯახი - ზოოპარკი...

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია