ქრისტინე იმედაძე - "ლამაზი ქალაქების ხილვისას სუნთქვა მეკვრის"

ქრისტინე იმედაძე - "ლამაზი ქალაქების ხილვისას სუნთქვა მეკვრის"

ცნობილი მომღერალი და ტელეწამყვანი ქრისტინე იმედაძე თითქმის მთელი წელი უკრაინაში ცხოვრობდა. ცოტა ხნის წინ ის სამშობლოში დაბრუნდა და როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, არსად აღარ აპირებს გამგზავრებას. საერთოდ, ქრისტინე ჟურნალისტებს დიდად არ სწყალობს, რადგან პირად ცხოვრებაზე ლაპარაკს გაურბის, მაგრამ ამჯერად მასთან ინტერვიუს ჩაწერა მაინც მოვახერხეთ...

- ქრისტინე, უკვე დაისვენე?

- დასასვენებლად ერთი კვირით ქობულეთში წასვლა მოვახერხე, მერე კი ბათუმში "ცეკვავენ ვარსკვლავების" ღონისძიება გაიმართა, სადაც პირველი ორი სეზონის მონაწილეები მიგვიწვიეს...

- მთაში დასვენებას ამჯობინებ, თუ - ზღვაზე?

- საერთოდ, დასვენება და გარემოს შეცვლა ძალიან მიყვარს. მთაშიც და ზღვაზეც სიამოვნებით ვისვენებ, მთავარია, კომფორტი მქონდეს - ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ზაფხულში ზღვაზე დასვენება - წყალი, ცურვა, მზე ძალიან მიყვარს, ზამთარში კი მთაში მივდივარ. ახალი წლის დღესასწაული, თოვლი, თხილამურებით სრიალი დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

- ალბათ საზღვარგარეთ დასასვენებლად ბევრჯერ ყოფილხარ. ასეა?

- საბედნიეროდ, საზღვარგარეთ დასვენება მართლაც, არაერთხელ მომიხდა. ძალიან მიყვარს მოგზაურობა. ნებისმიერ უცხო ქვეყანაში ვიზიტი საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის. ბუნებით ესთეტი ვარ და ლამაზი ქალაქების ხილვისას, სადაც საინტერესო სახლები და ქუჩებია, სუნთქვა მეკვრის.

- განსაკუთრებით, რომელი ქალაქით მოიხიბლე?

- ამწუთას ბევრი მახსენდება, მაგრამ ჩემი საოცნებო ქალაქი მონაკოა, სადაც პრინცესა გრეისის საბალეტო სკოლაში ვსწავლობდი. სულ მინდა, უკან დავბრუნდე და იმ ულამაზეს, პატარა სახელმწიფოში დავსახლდე.

- დასასვენებლად გამგზავრების წინ ალბათ, შოპინგსაც იწყობ, არა?

- დასვენების წინ საყიდლებს ნაკლებ დროს ვუთმობ. თუ ზღვაზე მივდივარ და საცურაო კოსტიუმი არ მაქვს, რა თქმა უნდა, ვიყიდი, მაგრამ გარდერობის განახლებაზე ზრუნვას არ დავიწყებ. საზღვარგარეთ თუ მივდივარ და ამის საშუალება მაქვს, მირჩევნია, იქ ვიშოპინგო. მიყვარს ლამაზ და კარგ მაღაზიებში სიარული, მაგრამ დიდხანს ბოდიალიც არ შემიძლია... საერთოდ, თვალი უფრო ხშირად ფეხსაცმლისა და ჩანთებისკენ გამირბის. ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, რომელიმე ცნობილი ბრენდის არის თუ არა. მთავარია, მომეწონოს და ხარისხიანი იყოს...

- დასასვენებლად მარტო მიდიხარ თუ ტაისიაც თან დაგყავს?

- მე და ტაისია თითქმის ყოველთვის ერთად ვისვენებთ. მოგზაურობისას ძალიან კომფორტული და დამჯერი ბავშვია, არაჩვეულებრივ კომპანიონობას მიწევს. სხვათა შორის, ტაისიასგან რჩევებსაც ვიღებ. ძალიან ჭკვიანი გოგოა და მისი აზრი ჩემთვის საინტერესო, მნიშვნელოვანია.

- საკურორტო რომანი არასდროს გქონია?

- რომანი არა, მაგრამ საკურორტო ფლირტი, როგორც ყველას, მეც მქონია. ისე დიდი ხნით არსად დამისვენია, რომ ეს ფლირტი რომანში გადაზრდილიყო... ჯერ ყველაფერი წინ მაქვს.

- თითქმის მთელი წელი უკრაინაში ცხოვრობდი და არ გვიმხელდი, იქ რას საქმიანობდი...

- სამომავლო გეგმებს არ გიმხელდით, თორემ საქმიანობა არ დამიმალავს. ერთ, ძალიან კარგ სტუდიაში რამდენიმე უცხოენოვანი სიმღერა ჩავწერე. ერთ-ერთი მათგანი უნიჭიერეს მუსიკოსს - დიმკა თეიმურაზოვს ეკუთვნის. მგონია, მისი სიმღერა ყველას ძალიან მოეწონება. ასევე, გეგმაში მაქვს, კიევში ერთი კლიპის გადაღებაც. ვნახოთ, თუ გამომივა... კიევში შემოქმედებით საქმიანობასთან ერთად, გართობასაც ვახერხებდი. მოგეხსენებათ, ჩემი მეგობარი ბიჭოლა იქ ცხოვრობს და მუშაობს. იქ ის ძალიან უყვართ და პატივსაც სცემენ. მასთან ერთად ვესწრებოდი არაჩვეულებრივ კონცერტებს, "ფეშენ ვიკებს" და სხვა საინტერესო ღონისძიებებს. კიევი ძალიან შემიყვარდა, თავისი თბილი და კარგი ხალხით.

- უკრაინაში შვილთან ერთად იყავი?

- რასაკვირველია, ტაისია ძირითადად, ჩემთან ერთად იყო. არაჩვეულებრივად შეეწყო იქაურ გარემოს, მით უმეტეს, რომ რუსულ ენას თავისუფლად ფლობს... ძალიან მოეწონა კიევი, რადგან კარგად ერთობოდა. ხან ის დამყვებოდა ჩემს საქმეებზე, ხან მე მივყვებოდი იქ, სადაც მას უნდოდა და სადაც კარგად გაერთობოდა. საბოლოოდ, უკრაინაში გატარებული დროით ორივე კმაყოფილები ვართ.

- პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ გიყვარს. იქნებ ის მაინც გაგვიმხილო, ამჟამად რაიმე მნიშვნელოვანი თუ ხდება შენს ცხოვრებაში?

- არაფერი ახალი და საინტერესო არ ხდება, მაგრამ რომც მოხდეს, ალბათ მაინც არ გაგიმხელდით. პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ლაპარაკი საჭიროდ არ მიმაჩნია.

- ახალი სიმღერების ჩაწერა კარგია, მაგრამ ამჟამად შოუბიზნესი ცუდ დღეშია. თანაც, პროფესიით ჟურნალისტი ხარ და სატელევიზიო ეთერში მუშაობის გამოცდილებაც გაქვს. კვლავ ხომ არ აპირებ, შენი პროფესიით მუშაობას?

- ბოლოს "რუსთავი 2"-ში ვმუშაობდი - გადაცემა "შუა დღის" ერთ-ერთ წამყვანი გახლდით. იმდენად არაჩვეულებრივი კოლეგები, პროდიუსერები და შემოქმედებითი ჯგუფი მყავდა, რომ ჩემთვის იქ მუშაობა სიამოვნება იყო. უზომოდ მიყვარს თითოეული მათგანი და იქ გატარებული დღეები ფანტასტიკურად მახსენდება. გამგზავრებას არსად აღარ ვგეგმავ, ძირითადად, თბილისში ვიქნები და თუ ვინმეს დავჭირდები, საინტერესო შემოთავაზებას აუცილებლად მივიღებ...

- თუ ასეთი კარგი კოლექტივი გყავდა და ტელევიზიაში თავს კარგად გრძნობდი, "რუსთავი 2"-დან რატომ წახვედი?

- იმიტომ, რომ სწორედ იმ დროს კიევში მომიხდა წასვლა. თანაც, მაშინ "რუსთავი 2"-ზე სეზონი დაიხურა, შემდეგ კი გადაცემის ფორმატი შეიცვალა - ძირითად წამყვანებს თანაწამყვანები გამოეთიშნენ.

- სექტემბრიდან "ცეკვავენ ვარსკვლავების" მესამე სეზონი იწყება. ბათუმში პირველი ორი სეზონის მონაწილეები შეიკრიბეთ. რა მოგცა ამ პროექტში მონაწილეობამ?

- ხალხის დიდი სიყვარული. ამდენი თბილი და ტკბილი წერილი ერთად არასოდეს მიმიღია. ეს იგრძნობოდა როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე ქუჩაშიც: ყველა მეფერებოდა და თბილად მხვდებოდა. Uუზომოდ ბედნიერი ვიყავი, რომ ეს ჯილდო, რასაც ხალხის სითბო და სიყვარული ჰქვია, მეც მოვიგე.

- მეორე სეზონს თუ უყურე? ვის გულშემატკივრობდი?

- მეორე სეზონი რომ დაიწყო, საქართველოში არ ვიყავი. მასში მონაწილე "ვარსკვლავებიდან" თითქმის ყველა ჩემი მეგობარი იყო, ამიტომ მართლა ყველას ვგულშემატკივრობდი. რუსკას გამარჯვება კი ძალიან გამიხარდა.

- ახალ სეზონშიც შენი მეგობრები მიიღებენ მონაწილეობას?

- ამ გადაცემას პროფესიონალთა გუნდი აკეთებს, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ახალი სეზონი ძალზე საინტერესო იქნება. მონაწილეების ვინაობის კი ნელ-ნელა გავიგებთ. ისე, დაზუსტებით არც თავად ვიცი, ვინ იცეკვებს ახალ სეზონზე.

- პირველი სეზონის მონაწილეებს განსაკუთრებული მეგობრობა გქონდათ...

- (მაწყვეტინებს) მათი უმრავლესობა პროექტამდეც ჩემი მეგობარი იყო. მიუხედავად გადატვირთული დღის რეჟიმისა (რეპეტიციებზე მართლა მაგრად ვიღლებოდით), ის პერიოდი მაინც არაჩვეულებრივად მახსენდება. გამარჯვებულიც დამსახურებულად ღირსეული გვყავდა. სამორი უნიჭიერესი და ძალიან კარგი ადამიანია.

- როგორც ვიცი, უკრაინიდან თბილისში დაბრუნებისთანავე ახალი სიმღერები ჩაწერე...

- ჩემს მეგობარ დათო კენჭიაშვილთან ერთად ჩავწერე "ჯეირანის" ჩვენეული ვერსია, რომელიც მართლა საინტერესო მოსასმენია. მერე ცოტა გავერთეთ, ჩვენს დუეტს დათოს და ჩემი საერთო მეგობარი, თათია შემოემატა და "კეკელა და მაროს" რიმეიკი გავაკეთეთ...

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება