ვიქტორინაში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები სწავლას უკრაინაში გააგრძელებენ

ვიქტორინაში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები სწავლას უკრაინაში გააგრძელებენ

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების უფროსკლასელები უკრაინაში სწავლის გაგრძელებას შეძლებენ. როგორც "ამბები.გე"-ს უკრაინაში არსებული ქართველთა ასოციაცია "იბერიელის" პრეზიდენტმა ბესო შამუგიამ აცნობა, უკრაინაში სწავლის გასაგრძელებლად ქართველი მოზარდები ტელევიქტორინაში გამარჯვების საშუალებით მოახერხებენ.

- რა მიზანს ისახავს პროექტი?

- საქართველოს სკოლების უფროსკლასელებისთვის საინტერესო იქნება ამ შოუში მონაწილეობა. ეს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტია სახელწოდებით - "განათლება უკრაინაში". პროექტის ძირითადი მიზანია უფროსკლასელთა და მათ მშობელთა ყურადღების გამახვილება უკრაინაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობაზე. გარდა ამისა, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს უკრაინასა და საქართველოს შორის კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობას.

- მსგავსი პროექტი თუ განხორციელებულა საქართველოში?

- პროექტი "განათლება უკრაინაში" საქართველოში პირველად ტარდება. 2012 წელს პროექტის მონაწილე ქვეყნები იყვნენ აზერბაიჯანი და ყაზახეთი. წელს პროექტმა გააფართოვა თავისი გეოგრაფია, ქართველ მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ შესაძლებლობები გამოავლინონ. პროექტი ორ ეტაპად ჩაივლის: ქართულ სკოლებში უკრაინული უმაღლესი განათლების პრეზენტაციებით და ინტელექტუალური ტელეშოუს "მისია - სტუდენტი. ვის უნდა სწავლა უკრაინაში?" ჩვენებით.

- უფრო კონკრეტულად რომ განმარტოთ ამ ტელე-თამაშის შესახებ...

- "მისია სტუდენტი" უნიკალური პროექტია, რომელიც უმაღლესი განათლებისა და კულტურული ფასეულობების პოპულარიზებას ისახავს მიზნად. საქართველოს რჩეული უფროსკლასელები ერთმანეთს შეეჯიბრებიან მთავარი ჯილდოსათვის, გრანტისთვის განათლების მისაღებად უკრაინის ერთ-ერთ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში. ინტელექტუალური ტელეშოუ "მისია სტუდენტი" გამოავლენს და უჩვენებს მაყურებელს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გამორჩეულები არიან მაღალი ინტელექტით.  ინტელექტუალების გამოვლენა ტელესტუდიაში მოხდება.

- რომელი კლასის მოსწავლეებს შეეძლებათ პროექტში მონაწილეობა?

- ტელეშოუს გადაღებებში მიიღებენ მონაწილეობას 11-12 კლასის მოსწავლეები, რომლებიც გაივლიან საინტერესო და უჩვეულო კასტინგს. ტელეპროექტის გუნდი მნიშვნელობას ანიჭებს როგორც მონაწილეთა ინტელექტს, ასევე მათ პირად თვისებებსაც - მიზანდასახულობას, თვითმყოფადობას, კადრში თავის დაჭერის უნარს. კასტინგგავლილი 40 მოსწავლე ოქტომბრის დასაწყისში უკრაინაში გაემგზავრება გადაღებებზე. უფროსკლასელთა უაღრესად საინტერესო ინტელექტუალური შეჯიბრების თვალყურის დევნება უკვე ნოემბერში იქნება შესაძლებელი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

- ვინ ახორციელებს ამ პროექტს?

- პროექტი "განათლება უკრაინაში" უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო საწარმო "საინფორმაციო-საიმიჯო ცენტრის" დაკვეთით ხორციელდება, საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ბილიკის", საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა "დავითიანნის", შპს "კინგსის", განათლებისა და მართვის გუნდისა და უკრაინაში ქართველთა ასოციაცია "იბერიელის" მხარდაჭერით.

უმაღლესი განათლების ტელევიქტორინის საშუალებით წარმოჩენის იდეა კომპანია Euromedia-ს ეკუთვნის, ეს კომპანია საგანმანათლებლო-გასართობი შოუს ორიგინალური ფორმატის ავტორიც არის.

გიორგი ბერიძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია